Tuesday, January 6, 2026

გამგონის გასაგონად, ანუ რაც მართალია ვენესუელისთვის, ის მართალია საქართველოსთვისაც

პაატა შეშელიძე


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ბოლო 6 იანვრის სატელევიზიო განცხადებები, სადაც ხაზგასმულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია: „აშშ არ დაუშვებს, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ნარკომოვაჭრეების, ირანის მიერ მართული დაჯგუფებებისა თუ იმ მტრული რეჟიმების თავშესაფრად იქცეს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მდივანმა რუბიომ მკაფიოდ აღნიშნა, რომ „სისუსტის ხანა დასრულდა“ და ამერიკა გამოიყენებს ყველა ბერკეტს რეგიონული საფრთხეების აღმოსაფხვრელად“.
აღსანიშნავია, რომ რუბიომ ლავროვი 3 იანვარს ნიშნისმოგებით "მოიკითხა", მადუროს დაკავების "სპეციალური ოპერაციის" კომენტირებისას.
ამას ემატება ვაშინგტონის კატეგორიული მოთხოვნა ვენესუელის მიმართ: „ქვეყანამ უნდა განდევნოს ჩინეთი, რუსეთი, ირანი და კუბა და სრულად გაწყვიტოს მათთან ეკონომიკური კავშირები“. (იხ. https://abcnews.go.com/.../trump-demands.../story...)
პარალელურად, პარიზში გაიმართა „კეთილი ნების კოალიციის“ (Coalition of the Willing) მნიშვნელოვანი შეხვედრა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთთან მომლაპარაკებელი ამერიკელი წარმომადგენლები: სტივენ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი. მხარეებმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების კონკრეტულ მექანიზმებზე იმსჯელეს.
სტივენ ვიტკოფის განცხადებით, უსაფრთხოების მყარი პროტოკოლების შემუშავება დასასრულს უახლოვდება: „უკრაინაში მყარი მშვიდობისთვის აუცილებელია უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები და კეთილდღეობისკენ მიმართული მტკიცე ვალდებულებები. მოკავშირეებმა ძირითადად დაასრულეს მუშაობა უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რათა უკრაინელმა ხალხმა იცოდეს: როდესაც ეს ომი დასრულდება, ის დასრულდება სამუდამოდ“.
ჯარედ კუშნერმა კი დასძინა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ აუცილებელია ქმედითი მექანიზმების — „დამცავი ბარიერების“ (backstops) არსებობა, რათა ომი აღარასოდეს განმეორდეს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება 90%-ით მზად არის, ხოლო დარჩენილი 10% განსაზღვრავს „მშვიდობის ბედს, უკრაინისა და მთელი ევროპის მომავალს“.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა (5 იანვარს) დონალდ ტრამპის განცხადება: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით... ის ძალიან ბევრ ადამიანს ხოცავს — ზედმეტად ბევრს ორივე მხარეს. ის ანადგურებს ქვეყანას და ეს უნდა შეწყდეს“.
7 იანვარს, ამერიკელებმა რუსეთი დროშით მცურავი ვენესუელური ნავთობით დატვირთული 2 ტანკერი "უბოდიშოდ" დააკავეს ატლანტიკის ოკეანეში.
ამ პროცესებმა ბევრს გაუჩინა განცდა, რომ ამერიკის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მკაცრდება. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ ამ განცხადებების გავრცელება შესაძლოა მინიშნება ყოფილიყო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, რომლის ლეგიტიმაციაც, ვენესუელის დე ფაქტო მმართველების მსგავსად, სადავოა.
თუმცა, გადიდკაცებულმა, ვინმე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული ციტატების ადრესატად „ქართული ოცნება“ არ იგულისხმებოდა. მისი თქმით, ევროპიდან დაფინანსებული მედიასაშუალებები აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ ინსინუაციებს ავრცელებენ: „ეს არის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე, როდესაც ავრცელებთ ინსინუაციებს, თითქოს საელჩო საქართველოს გულისხმობდეს იქ, სადაც ჩვენი ქვეყანა საერთოდ არ იგულისხმება. კონტექსტის გასაგებად წერა-კითხვის მინიმალური უნარებიც საკმარისია. ნიშანდობლივია, რომ ბრიუსელიდან დაფინანსებული მედია თავს ესხმის საელჩოს, რათა მას ცილი დასწამოს და ქართველი ხალხი აშშ-ის წინააღმდეგ განაწყოს. ეს არის ბოროტი განზრახვის მქონე კამპანია“.
თუმცა, საქართველოს მოქმედი მთავრობის მიერ გაჟღერებული პოზიციების გათვალისწინებით — რომელიც მოიცავს ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობების გაღრმავებას, ვენესუელის სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რუსეთის მიმართ ლოიალურ პოზიციონირებას (რეალურად კი სრულ მორჩილებას), და ამავდროულად, ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების (ე.წ. „დიფ სტეითის”) კრიტიკას და რაღაც „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ მუდმივ რიტორიკას — ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის აქცენტი აღქმული უნდა იყოს, როგორც არაპირდაპირი გაფრთხილება (პრინციპით: „მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო“). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიანიშნებდა, რომ დადგა მკაფიო არჩევანის გაკეთების დრო.
ცხადია, კობახიძე, პაპუაშვილი, მდინარაძე და მითუმეტეს ის ყ. ვერ გამოდგებიან ამერიკასთან „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობის დასაწყებად, ისინი თავიდან ბოლომდე რუსეთის “ტოტზე” სხედან, სისულელეს, სისულელეზე აბრეხვებენ, არავიტარი ავტორიტეტი არა აქვთ და მათთან ცალკე სალაპარაკო არაფერია. ამავდროულად, ე.წ. ოპოზიციის ვერცერთი “ფრთა” ან “ბუმბული” ვერ გამოდგება მისი ძველი საფეხურებიდან გასაგრძელებლად, რადგან კარგა ხანია “ჰაერში” არიან და რეალობასთან შეხება არა აქვს. ამიტომ კომპრომისული ვარიანტი იქნება დიალოგის წამოწყება მმართველი დაჯგუფების ისეთ წევრებთან, რომლებსაც დიდი ბიუროკრატიული და პარტოკრატიული გამოცდილება აქვთ, ივანიშვილთან ახლოს არიან (ანუ რუსეთის კარზე ამბის მიმტანებად გამოდგებიან) და, ამავდროულად, ადგილობრივ ფინანსურ ელიტასთან ჯერ კიდევ თვალის მოჭუთვით შეუძლიათ საუბარი და მათთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა პოსტ რუსულ გარემოში. ცხადია, მომდევნო, არც თუ ისე შორეული ეტაპი არჩევნები და პლურალიზმი გარდაუვალი მოთხოვან იქნება, ამიტომ მომლაპარაკებელი “რეალური ხალხიდანაც” გახდება საჭირო. ასეთი კი იქნება ის, ვისაც ამერიკის ესმის…

https://ge.usembassy.gov/rubio-this-is-our-hemisphere-and-president-trump-will-not-allow-our-security-to-be-threatened/

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...