პაატა შეშელიძე
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკამ მსოფლიოში ისეთი მშვიდობა დაამყარა, როგორიც აქ არასოდეს ყოფილა: მან ფეხზე დააყენა გუშინდელი მტრები – გერმანია, იტალია და იაპონია, დაამხო საბჭოთა დიქტატურა, გაათავისუფლა აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია, ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ გიგანტებად აქცია სამხრეთ კორეა და ისრაელი, ასევე, მხარი დაუჭირა თურქეთის სამხედრო ძლიერებას, რითაც ის ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის უმნიშვნელოვანეს საყრდენად ჩამოაყალიბა. პარალელურად, ამერიკა უზრუნველყოფდა არაბული ქვეყნების უსაფრთხოებას, რითაც გლობალური ეკონომიკისთვის ნავთობის სტაბილურ მიწოდებას აკონტროლებდა. ის ეხმარებოდა კომუნისტურ ჩინეთსა და ოლიგარქიულ რუსეთსაც კი, რათა ისინი ცივილიზებულ სამყაროს მორგებოდნენ.
ამ სტრატეგიული ხედვის ფარგლებში, საქართველოში უზარმაზარი ფინანსური რესურსი ჩაიდო, რათა მას რეგიონული ლიდერის ფუნქცია შეესრულებინა. თბილისი უნდა გამხდარიყო მთავარი „გასაღები“, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას რუსული და ჩინური გავლენისგან გაათავისუფლებდა და დასავლეთისთვის ენერგეტიკულ დერეფანს უზრუნველყოფდა.
მთელი ეს პერიოდი მსოფლიო ამერიკისგან „მსოფლიო პოლიციელობას“ ითხოვდა და მისი იმედით „ახლა მსოფლიო წესრიგზე“ საუბრობდა, თუმცა ამ მომსახურების საფასურის გადახდაში ყველა თავისებურად „ცუღლუტობდა“ და ღიად ღალატობდა კიდეც "იდეასაც" და ამერიკასაც, და ამერიკის დიდსულოვნების გამო, ეს გასდიოდათ კიდეც. ახლა კი, როდესაც ამერიკამ მსოფლიო პოლიციელის როლის შესრულებისთვის სამართლიანი გასამრჯელო მოითხოვა და პირობები დაასახელა, უფასო სერვისით გათამამებული მოკავშირეები და მათი “მსოფლიო ექსპერტები” აჭყვიტინდნენ, რადგან ფასის გადახდა არ ემეტებათ და საკუთარი მნიშვნელობის გაუფასურების აღიარებაც არ უნდათ.
საქართველო კი, იმის ნაცვლად, რომ სტრატეგიული მოკავშირის ფუნქცია პირნათლად შეესრულებინა, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ საეჭვო ლოიალობა გამოიჩინა, რამაც, საკუთარი ხალხის მიმართ გამოვლენილ პოლიტიკურ ზეწოლასთან და ქიმიური საშუალებებით დარბევასთან ერთად, ეჭვქვეშ დააყენა მისი, როგორც რეგიონული „გასაღების“, სანდოობა.
ამერიკული ქველმოქმედება პრაგმატული გარიგებების სისტემამ შეცვალა, რადგან თავს ნუ მოიტყუებთ - უფასო არაფერია და არც ამერიკილი "საფულეა" უძირო. თუ პოლიციელის "შავი" საქმე მაინც გასაკეთებელია და ამას ამერიკის გარდა ვერავინ აკეთებს, ის თავის "მომსახურებაში" სამართლიან ფასს მოითხოვს და ამას "პირდაღებული" არ უნდა შეხვდე!
