Sunday, February 1, 2026

ჯეფრი ეპშტეინი – უსული ჰიბრიდული ომის იარაღი?

პაატა შეშელიძე


ჯეფრი ეპშტეინის საქმე, რომელიც 2019 წელს გაურკვეველ ვითარებაში მისი სიკვდილით დასრულდა, კვლავ რჩება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და ამოუხსნელ გამოცანად. თუმცა, დღეს ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: იყო თუ არა ეპშტეინის მიერ შექმნილი გავლენიანი პირების ქსელი და მისი დანაშაულებრივი საქმიანობა რუსული სპეცსამსახურების ჰიბრიდული ომის ნაწილი? ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეპშტეინის „იმპერია“ შესაძლოა წარმოადგენდა არა მხოლოდ კერძო კრიმინალურ სქემას, არამედ მოსკოვის მიერ მართულ ოპერაციას დასავლური ელიტის კომპრომეტირებისა და დესტაბილიზაციისთვის.

ამ ქსელის ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა მისი პარტნიორი, გისლეინ მაქსველი, რომელიც ეპშტეინის „მარჯვენა ხელი“ და გოგონების გადაბირების რთული სქემის მთავარი ორგანიზატორი იყო. „გადაბირება“ აქ გულისხმობდა ფსიქოლოგიურ მანიპულაციასა და მოტყუებას: მაქსველი თავად უმეგობრდებოდა არასრულწლოვან გოგონებს და სთავაზობდა მათ „ელიტარულ სამუშაოს“, რაც მოგვიანებით სექსუალური ექსპლუატაციით იცვლებოდა. მსხვერპლთა იძულება ხდებოდა შანტაჟითა და პასპორტების ჩამორთმევით, ხოლო მრავალწლიანი დუმილი განპირობებული იყო ეპშტეინის სტუმრების უზარმაზარი ძალაუფლებით – გოგონებს ეშინოდათ, რომ პოლიცია გავლენიან მილიარდერებს დაუჯერებდა.

ბოლო პერიოდის გამოძიებები – კერძოდ, Dossier Center-ის (2024 წ.), ფრანგი ისტორიკოსის, ფრანსუა ტომის (2025 წ. ივლისი) ანალიზი და FBI-ის გასაჯაროებული დოკუმენტები – მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქსელი სცილდებოდა ჩვეულებრივ კრიმინალს. ეს იყო გლობალური გავლენის მექანიზმი, რომელშიც რუსეთის სპეცსამსახურებისა და ეკონომიკური ელიტის კვალი სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ეპშტეინის ე.წ. „თაფლის ხაფანგები“ კრემლის ჰიბრიდული სტრატეგიის ინსტრუმენტი იყო.

როგორ იქმნებოდა ეპშტეინის იმერია: გადაბირება და ნდობის მოპოვების მექანიზმი

გამოძიების მასალების, სასამართლო ჩვენებებისა და დოკუმენტების მიხედვით, ქალების და გოგონების რეკრუტირება ხშირად იწყებოდა ერთი შეხედვით უდანაშაულო და მიმზიდველი შეთავაზებებით. მაქსველი (ან სხვა ასოცირებული პირები) ეცნობოდნენ ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს – ხშირად 14–18 წლის ასაკში, თუმცა ზოგჯერ 18 წელს გადაცილებულებსაც – სხვადასხვა სივრცეში: სკოლებში, მასაჟის სალონებში (მაგალითად, Mar-a-Lago-ში), ხელოვნების ბანაკებში, უნივერსიტეტებში ან უბრალოდ ქუჩაში და სოციალურ წრეებში.

მათ სთავაზობდნენ „კარგად ანაზღაურებად სამუშაოს“ – როგორც წესი, მასაჟისტად ეპშტეინის სახლში – და აძლევდნენ გარანტიას ფულზე, ტანსაცმელზე, განათლების დაფინანსებაზე ან სხვა მატერიალურ სარგებელზე.

მაგალითები:

·         ერთ-ერთი მსხვერპლი, ფსევდონიმით „ჯეინი“, 14 წლის ასაკში შეხვდა ეპშტეინსა და მაქსველს ხელოვნების საზაფხულო ბანაკში 1994 წელს. მაქსველი მას უმეგობრდებოდა, ესაუბრებოდა პირად ცხოვრებაზე, ჩუქნიდა საჩუქრებს და თანდათან ნორმალიზებას ახდენდა სექსუალურ თემებზე საუბრის, რათა შემდგომი ქმედებები ბუნებრივად აღქმულიყო.

·         „კეიტი“ (Kate) მაქსველს 17 წლის ასაკში შეხვდა ლონდონში და მოგვიანებით მონაწილეობდა სექსუალურ შეხვედრებში ეპშტეინთან.

·         „კეროლინი“ (Carolyn) 14 წლის იყო, როდესაც ვირჯინია ჯუფრემ – ეპშტეინის ერთ-ერთმა მსხვერპლმა – იგი ეპშტეინის სახლში მიიყვანა.

·         ენი ფარმერი (Annie Farmer) 16 წლის იყო, როდესაც მაქსველმა მას ნიუ-მექსიკოს რანჩოზე შიშველი მასაჟი გაუკეთა.

გრუმინგის სტანდარტული ეტაპები

ექსპერტების შეფასებით, ეს პროცესი წარმოადგენს კლასიკურ გრუმინგს და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • მსხვერპლის შერჩევა – უმეტესად სოციალურად მოწყვლადი ახალგაზრდები: არასტაბილური ოჯახებიდან, ფინანსური პრობლემებით ან უკვე არსებული ფსიქოლოგიური ტრავმებით.
  • ნდობის მოპოვება – მეგობრობა, საჩუქრები, დახმარებისა და კარიერული მხარდაჭერის დაპირება.
  • სექსუალური საზღვრების თანდათან გადაკვეთა – შიშველი მასაჟიდან სექსუალურ აქტებამდე.
  • დამოკიდებულების შენარჩუნება – ფულით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, შანტაჟით ან იზოლაციით.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის ძირითადი ფოკუსი არასრულწლოვან გოგონებზე (14–17 წლის) იყო, გამოძიებებმა აჩვენა, რომ ქსელში აქტიურად იყვნენ ჩართულნი 18 წელს გადაცილებული ქალებიც, რომლებიც იგივე მეთოდებით იზიდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით თავად ხდებოდა რეკრუტერი.

პირამიდის სქემადა რეკრუტირების ჯაჭვი

პროკურორებმა მაქსველის 2021 წლის სასამართლო პროცესზე ეს სისტემა „აბუზის პირამიდის სქემად“ აღწერეს. ეპშტეინი და მაქსველი მსხვერპლებს უხდიდნენ ფულს (ჩვეულებრივ 200–300 დოლარს ერთი „მასაჟისთვის“), თუ ისინი მოიყვანდნენ ახალ გოგონებს ან ქალებს.

ეს ქმნიდა თვითგანმტკიცებად სისტემას: ერთი მსხვერპლი ხდებოდა რეკრუტერი მეტი ფულის მისაღებად, ხოლო ახალები იმავე მექანიზმით ერთვებოდნენ ქსელში. Palm Beach-ის პოლიციის დეტექტივმა ჯოზეფ რეკარიმ (2005–2008 წლების გამოძიება) აღნიშნა, რომ ეპშტეინის სახლში რეგულარულად მიდიოდა 30-ზე მეტი გოგონა, რომელთა უმრავლესობა 18 წლამდე იყო, და თითქმის ყველას სთხოვდნენ მეგობრების მოყვანას დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ.

რატომ დუმდნენ მსხვერპლები წლების განმავლობაში?

მოგვიანებით 100-ზე მეტი ქალი და გოგონა გამოვიდა საჯაროდ, თუმცა მრავალი მათგანი წლების განმავლობაში დუმდა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • შიში, რომ საზოგადოება და სამართალდამცავი ორგანოები გავლენიან მილიარდერებსა და მათ კავშირებს დაუჯერებდნენ და არა მათ;
  • ფსიქოლოგიური ზეწოლა: პასპორტების ჩამორთმევა, იზოლაცია კუნძულზე ან რეზიდენციებში, შანტაჟი ფოტო- და ვიდეომასალებით;
  • რეკრუტირების ჯაჭვი, რომელიც მსხვერპლებს ნაწილობრივ თანამონაწილეებად აქცევდა და დანაშაულის განცდას უძლიერებდა.

გარდამტეხი აღმოჩნდა 2018–2019 წლებში Miami Herald-ის ჟურნალისტის, ჯული კ. ბრაუნის გამოძიება და ვირჯინია ჯუფრესა და სხვა მსხვერპლთა ჩვენებები, რომლებმაც ეპშტეინის იმპერია ფაქტობრივად დაანგრიეს. სწორედ ამ მასალებმა შექმნა საფუძველი მაქსველის გასამართლებისთვის.

ეპშტეინი, როგორც გლობალური გავლენის მექანიზმი

2024–2025 წლებში გამოქვეყნებულმა მასალებმა – მათ შორის Dossier Center-ის გამოძიებამ (2024), ფრანგი ისტორიკოსის ფრანსუა ტომის ანალიზმა (2025 წლის ივლისი) და FBI-ის გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა – აჩვენა, რომ ეპშტეინის ქსელი მჭიდრო კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებსა და ეკონომიკურ ელიტასთან.

Dossier Center-ის გამოძიება: პირდაპირი კავშირი კრემლთან

2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში “Jeffrey Epstein’s Russian Connection” Dossier Center-მა პირველად წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები ეპშტეინის მჭიდრო კონტაქტების შესახებ რუს მაღალჩინოსნებთან.

გამოძიების ცენტრალური ფიგურაა სერგეი ბელიაკოვი – რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე 2012–2016 წლებში და შემდგომ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF) ხელმძღვანელი. ბელიაკოვი, რომელიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) აკადემიის კურსდამთავრებულია, ეპშტეინთან მინიმუმ 2014 წლიდან იყო დაკავშირებული.

საკვანძო ეპიზოდები:

  • სანქციების გვერდის ავლით: 2014 წლის ივლისში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, როდესაც დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებდა, ბელიაკოვმა პირადად დაეხმარა ეპშტეინს რუსეთის ვიზის მიღებაში.
  • წვდომა ელიტასთან: ბელიაკოვი ეპშტეინს სთავაზობდა შეხვედრებს ისეთ ფიგურებთან, როგორებიც იყვნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე სერგეი სტორჩაკი და ცენტრალური ბანკის მოადგილე ალექსეი სიმანოვსკი.
  • გუზელ განიევას საქმე: 2015 წელს ეპშტეინმა ბელიაკოვს დახმარება სთხოვა რუსი მოდელის, გუზელ განიევას წინააღმდეგ, რომელიც მას შანტაჟში ადანაშაულებდა. ბელიაკოვმა გამოიყენა თავისი გავლენა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში, რათა განიევაზე ზეწოლა მოეხდინათ. კერძოდ, Dossier Center-ის მიხედვით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება განიევას წინააღმდეგთაღლითობისმუხლით, რაც მიზნად ისახავდა მის დაშინებას და აიძულებდა მას, უარი ეთქვა ეპშტეინისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ ჩვენებებზე (მათ შორის „Apollo Global Management“-ის ხელმძღვანელის, ლეონ ბლეკის წინააღმდეგ, რომელსაც განიევა გაუპატიურებასა და სექსუალურ ტრეფიკინგში სდებდა ბრალს). ეს იყო კლასიკურიშეკვეთილისაქმე, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებდა რუსული სახელმწიფო აპარატი ეპშტეინის პირადი უსაფრთხოების დასაცავად.

Dossier Center-ის შეფასებით, ეს ურთიერთობა ორმხრივ სარგებელს იძლეოდა: ეპშტეინს – ფინანსურ და ოპერაციულ შესაძლებლობებს რუსეთში, ხოლო კრემლს – წვდომას ამერიკულ ელიტასა და ფინანსურ სისტემებზე.

რუსი ქალების ტრაფიკი და კუნძულისარქივი

გამოძიებებითა და სასამართლო ჩვენებებით დოკუმენტურად დასტურდება, რომ ეპშტეინის კერძო კუნძულზე (Little Saint James) სისტემატურად იმყოფებოდა რუსი ქალების მნიშვნელოვანი ჯგუფი. მათი ტრანსპორტირება და ვიზების ორგანიზება ხშირად რუსული კავშირების დახმარებით ხდებოდა.

რეკრუტირების ქსელი განსაკუთრებით აქტიური იყო რუსეთის რეგიონებში, მათ შორის ციმბირის მსხვილ ქალაქებში. როგორიცაა ომსკი, ნოვოსიბირსკი და კრასნოიარსკი, რომლებიც ფიგურირებს როგორც გოგონების შერჩევის ძირითადი ადგილები. იქ მოქმედი სამოდელო სააგენტოები ხშირად ასრულებდნენ ფასადის როლს, სადაც ხდებოდა ახალგაზრდა ქალების „გაფილტვრა“ და შემდგომი გადაყვანა დასავლეთში ან ეპშტეინის კერძო ობიექტებზე.

გარდა გუზელ განიევასი, რომელიც წლების განმავლობაში ეპშტეინის „გარემოცვის“ წევრი იყო, სასამართლო მასალებში ფიგურირებს ანა კუხარევა, რომელიც ეპშტეინის ერთ-ერთი „ფავორიტი“ იყო და მასთან ერთად ხშირად მოგზაურობდა. ასევე ცნობილია ოლგა კოზლოვა, რომლის სახელიც ეპშტეინის ფრენების ჟურნალებში ფიგურირებს.

Dossier Center-ის მონაცემებით, ამ ქალების ჩაყვანა აშშ-ში და მათი ყოფნა კუნძულზე პირდაპირ კოორდინირებული იყო იმ რუსულ ქსელებთან, რომლებთანაც ეპშტეინი ბიზნესკონტაქტებს ამყარებდა. არსებობს ეჭვი, რომ რუსი ქალების ეს „ნაკადი“ არა მხოლოდ პირადი მიზნებისთვის, არამედ კომპრომატების შეგროვების მექანიზმის ნაწილიც იყო.

ფრანსუა ტომის ანალიზი: „კომპრომატი“, როგორც ჰიბრიდული იარაღი

საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ისტორიის სპეციალისტი ფრანსუა ტომი თავის 2025 წლის ივლისის სტატიაში Dossier Center-ის მასალებს უფრო ფართო, ისტორიულ კონტექსტში განიხილავს. მისი ჰიპოთეზით, ეპშტეინის მიერ შეგროვებული მასალები შესაძლოა გამოყენებულიყო დასავლური პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წინააღმდეგ, როგორც შანტაჟის, ზეწოლისა და გრძელვადიანი გავლენის ინსტრუმენტი.

ტომი აკავშირებს ეპშტეინს რობერტ მაქსველთან (გისლეინ მაქსველის მამა), რომელიც 1991 წლამდე თანამშრომლობდა საბჭოთა/რუსულ ელიტასთან, მათ შორის „კგბ“-ს უფროს ვლადიმერ კრიუჩკოვთან და კრიმინალურ ავტორიტეტ სემიონ მოგილევიჩთან. მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს პრაქტიკა თაობიდან თაობას გადაეცა.

ტომის ჰიპოთეზით, რუსეთის სპეცსამსახურები („ფსბ“) ეპშტეინის ქსელს კომპრომატის (შანტაჟის მასალის) შესაგროვებლად იყენებდნენ ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ჰიპოთეზაა, რომ ე.წ. „ეპშტეინის სია“ (კლიენტების სია) შესაძლოა თავიდანვე „ფსბ“-ს ხელში იყოს, რაც რუსეთს დასავლეთის ელიტაზე უზარმაზარ ბერკეტს ანიჭებს.

დამატებითი ფიგურები და კონტექსტური კავშირები

  • ლეონ ბლეკი (Leon Black): ეპშტეინის ერთ-ერთი უახლოესი ბიზნესპარტნიორი, მილიარდერი, რომელიც წლების განმავლობაში დაკავშირებული იყო რუსულ ინვესტიციებთან. 2021 წელს გაირკვა, რომ ეპშტეინი მას გადასახადების ოპტიმიზაციაში ეხმარებოდა.
  • ბორის ნიკოლიჩი (Boris Nikolic): ბილ გეითსის ყოლის მრჩეველი, რომელიც ეპშტეინმა სიკვდილამდე 2 დღით ადრე თავისი ანდერძის ერთ-ერთ შემსრულებლად დანიშნა. მისი ინტერესები ბიოტექნოლოგიებში კრემლისთვის სტრატეგიულად საინტერესო სფეროა.
  • პეტრ ტერელი (Petr Tereley): 2014 წელს, როდესაც ეპშტეინი რუსეთში ჩავიდა, მას მასპინძლობდნენ პირები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ სახელმწიფო ენერგეტიკულ სექტორთან.

სხვა წყაროები

  • ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის მიერ 2026 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ეყრდნობა ე.წ. „ეპშტეინის ფაილების“ ახალ ანალიზს,მიუთითებს რომ "ფაილებში ვლადიმერ პუტინი ნახსენებია 1,000-ზე მეტჯერ, ხოლო მოსკოვი ნახსენებია თითქმის 10,000-ჯერ. ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ვექტორი ეპშტეინის მიმოწერასა და დაგეგმარებაში შემთხვევითი არ იყო.
  • ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, კრეიგ ანგერი ნაშრომში "ამერიკული ჭუჭყი", ატკიცებს, რომ ეპშტეინი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რუს სუტენიორებთან, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ორგანიზებულ დანაშაულთან და სპეცსამსახურებთან. მისი თქმით, ეპშტეინი იყო „აქტივი“, რომელიც რუსეთს დასავლური ელიტის დესტაბილიზაციაში ეხმარებოდა.
  • ვიტნი უები მისი ორტომიანი ნაშრომი "One Nation Under Blackmail" დეტალურად განიხილავს ეპშტეინის კავშირებს არა მხოლოდ ამერიკულ (CIA) და ისრაელის (Mossad) დაზვერვასთან, არამედ მის კავშირებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან, რომლებსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ პოსტსაბჭოთა ოლიგარქებთან.
  • 2023 წელს WSJ-მა გამოაქვეყნა ვრცელი გამოძიება ეპშტეინის პირადი განრიგის შესახებ, სადაც გამოჩნდა მისი შეხვედრები რუსულ კომპანიებთან და ფიგურებთან. დეტალი: ნახსენები იყო მისი კავშირები ვიტალი ჩურკინთან (რუსეთის ყოფილი ელჩი გაეროში) და სხვა მაღალჩინოსნებთან, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეპშტეინი რუსული დიპლომატიური წრეებისთვის ხელმისაწვდომი პირი იყო.
  • ედუარდ ჯეი ეპშტეინი - ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც იკვლევდა ჯეფრი ეპშტეინის სიმდიდრის წარმომავლობას. ის სვამდა კითხვას: როგორ მოახერხა ადამიანმა, რომელსაც არ ჰქონდა რეალური ჰეჯ-ფონდი, დაეგროვებინა ასეთი ქონება? მისი ვერსიით, ფული შესაძლოა მოდიოდა უცხოური წყაროებიდან გავლენის მოსაპოვებლად.
  • კრისტოფერ სტილი, ბრიტანეთის დაზვერვის (MI6) ყოფილი ოფიცერი, თავის ინტერვიუებში ხშირად მიუთითებდა, რომ რუსული "თაფლის ხაფანგები" (Honeytraps) დასავლეთში ბევრად უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, ვიდრე საზოგადოებას ჰგონია.

ეპშტეინი და დემოკრატიული ელიტა: კავშირები და კომპრომეტირების სქემები

ეპშტეინის გავლენის ქსელი განსაკუთრებით მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან და მის ლიდერებთან. ეს კავშირები სცილდებოდა უბრალო ფინანსურ დონაციებს და მოიცავდა პირად მეგობრობას, ერთობლივ ფრენებს და „ინტელექტუალურ“ შეხვედრებს, რაც იდეალურ გარემოს ქმნიდა კომპრომატების მოსაპოვებლად.

  • კლინტონების ფაქტორი: ბილ კლინტონისა და ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. ფრენების ჟურნალების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი მინიმუმ 26-ჯერ იმყოფებოდა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავზე, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიების საფარქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ კლინტონი უარყოფს კავშირს ეპშტეინის დანაშაულებრივ საქმიანობასთან, მოწმეების ჩვენებები (მაგალითად, ვირჯინია ჯუფრესი) მიუთითებს მის ყოფნაზე ეპშტეინის კუნძულზე.
  • კომპრომეტირების მეთოდები - „თაფლის ხაფანგი“ (Honey Trap): ეპშტეინი იყენებდა კლასიკურ სპეცსამსახურებრივ მეთოდებს გავლენიანი პირების დასაშანტაჟებლად. მისი რეზიდენციები ნიუ-ორკში, ფლორიდასა და კუნძულზე აღჭურვილი იყო ფარული კამერებით. კომპრომეტირება ხდებოდა შემდეგი სქემით:
    • წვდომა აკრძალულზე: სტუმრებს სთავაზობდნენ მასაჟს ან სექსუალურ მომსახურებას არასრულწლოვნებისგან, რაც წინასწარ იწერებოდა.
    • ინტელექტუალური შანტაჟი: ეპშტეინი თავს წარმოაჩენდა მეცნიერების მფარველად, რითაც იზიდავდა ისეთ ლიდერებს, როგორებიცაა ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი ლოურენს სამერსი ან სხვა მაღალჩინოსნები. მათთან სიახლოვე ეპშტეინს აძლევდა „ლეგიტიმაციას“, რომელსაც მოგვიანებით სხვების დასარწმუნებლად იყენებდა.
    • ფინანსური ბერკეტები: ეპშტეინი მართავდა მილიარდერების ფულს (მაგალითად, ვიქტორია სიკრეტის მფლობელ ლესლი ვექსნერის), რაც მას აძლევდა საშუალებას, დაეფინანსებინა დემოკრატიული პარტიის კამპანიები და ამით ეყიდა პოლიტიკური იმუნიტეტი.

საერთაშორისო ლიდერები და ელიტა: კომპრომეტირების შემთხვევები

ეპშტეინის ქსელში ფიგურირებდნენ საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკური ფიგურები, რომელთა კომპრომეტირება ეპშტეინს (და სავარაუდოდ მის კურატორებს მოსკოვში) აძლევდა საშუალებას, ზემოქმედება მოეხდინათ გლობალურ პოლიტიკაზე.

  • ·  პრინცი ენდრიუ და სამეფო ოჯახისგან გარიყვა: იორკის ჰერცოგი ეპშტეინის სკანდალის გამო ფაქტობრივად „გარიყული“ აღმოჩნდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან. მას ჩამოერთვა სამხედრო წოდებები, სამეფო პატრონაჟი და აეკრძალა „მისი სამეფო უდიდებულესობის“ (HRH) ტიტულის ოფიციალურად გამოყენება. ეს იყო სამეფო ოჯახის მკაცრი პასუხი მის კავშირზე ეპშტეინთან და ვირჯინია ჯუფრესის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე. დღეისათვის პრინცი ენდრიუ მოკლებულია ყოველგვარ ოფიციალურ პოლიტიკურ და წარმომადგენლობით სტატუსს და სამეფო ოჯახში მას „დაქვეითებული“ და იზოლირებული პოზიცია აქვს.
  • ·  ეჰუდ ბარაკის დაშანტაჟების მცდელობა: ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი ეპშტეინის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი იყო. მისი კომპრომეტირების მეთოდი კლასიკური „Honey Trap“ სქემის ნაწილი იყო – ფარული ჩანაწერები ეპშტეინის ნიუ-ორკის აპარტამენტებში. ცნობილია კადრები, სადაც ბარაკი სახეზე აფარებული შარფით შედიოდა ეპშტეინის რეზიდენციაში. ვარაუდობენ, რომ ბარაკი დააშანტაჟეს ამ ჩანაწერების გამოყენებით, რათა მას გავლენა მოეხდინა ისრაელის უსაფრთხოებისა და მაღალტექნოლოგიურ სექტორზე, რაც რუსეთისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდა.

გადატვირთვისპოლიტიკა: სტრატეგიული ინიციატივა თუ რუსული სპეცოპერაცია?

ჰილარი კლინტონის მიერ 2009 წელს ინიცირებული რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ (Reset) და ჯეფრი ეპშტეინის ქსელი ხშირად განიხილება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოვლენებად, თუმცა არსებული ფაქტები აჩენს საფუძვლიან ეჭვს: ხომ არ იყო თავადგადატვირთვარუსული სპეცსამსახურების სტრატეგიული ინიციატივა, რომელიც ეპშტეინის არხების მეშვეობით იქნა ლობირებული?

ამ ჰიპოთეზას რამდენიმე სერიოზული კონტექსტური თანხვედრა ამყარებს:

  • სკოლკოვოს პროექტი და ტექნოლოგიური კავშირები: „გადატვირთვის“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო რუსული „სილიკონის ველის“ – სკოლკოვოს შექმნა. ამ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკელი ტექნოლოგიური გიგანტები და ინვესტორები. ეპშტეინი, რომელიც თავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მფარველად ასაღებდა და მჭიდროდ თანამშრომლობდა ისეთ ფიგურებთან, როგორიცაა ლეონ ბლეკი (რომელსაც რუსული ინვესტიციების დიდი ისტორია აქვს), ამ ტექნოლოგიური „ხიდის“ აშენების პროცესში კულისებს მიღმა ფიგურირებდა.
  • რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტები: სწორედ „გადატვირთვის“ პერიოდში და მის შემდეგ (2012-2014 წლებში) გახდა უფრო მარტივი რუსი ეკონომიკური ელიტისთვის აშშ-ში გადაადგილება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეპშტეინმა სწორედ ამ პერიოდში დაამყარა კავშირი სერგეი ბელიაკოვთან. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „გადატვირთვამ“ შექმნა ის პოლიტიკური გარემო (Relaxed environment), სადაც ეპშტეინის მსგავს შუამავლებს შეეძლოთ რუსული კაპიტალისა და ამერიკული პოლიტიკური გავლენის დაკავშირება.
  • კლინტონის ფონდი და ფინანსური ინტერესები: ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობის პერიოდში, კლინტონის ფონდმა (Clinton Foundation) მიიღო დონაციები პირებისგან, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ რუსულ ენერგეტიკულ სექტორთან (მაგალითად, Uranium One-ის საქმე). ეპშტეინი, როგორც კლინტონების ოჯახის ძველი ნაცნობი, შესაძლოა ყოილიყო ის არაოფიციალური არხი, რომელიც „ამუშავებდა“ ამ კავშირებს. კლინტონების პირადი კეთილდღეობის ზრდა და მათი ფონდის ანგარიშების შევსება „გადატვირთვის“ პერიოდში, რაც მოგვიანებით ჰილარის საპრეზიდენტო კამპანიის ფინანსურ საყრდენად იქცა, აძლიერებს ვარაუდს, რომ რუსული მხარე პოლიტიკურ დათბობას ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერის გარანტიებით აზღვევდა.
  • კომპრომეტირების საფრთხე: ფრანსუა ტომი ვარაუდობს, რომ თუ ეპშტეინი მუშაობდა კომპრომატების შეგროვებაზე, „გადატვირთვის“ პერიოდში ამერიკელი მაღალჩინოსნების რუსეთთან გააქტიურებული კონტაქტები საუკეთესო შანსი იყო „ფსბ“-სთვის, რათა ეპშტეინის ქსელის მეშვეობით მოეპოვებინათ ბერკეტები ამერიკელ პოლიტიკოსებზე.

პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „გადატვირთვა“ თავიდანვე ეპშტეინისა და მისი კურატორების მიერ იყო ინსპირირებული, კვლავ ძიების საგანია. თუმცა, რუსულმა მხარემ ოსტატურად გამოიყენა ეს გეოპოლიტიკური ფონი, რათა ეპშტეინის ქსელი ექცია რუსული სტრატეგიის „ოპერაციულ ფრთად“, რომელმაც პოლიტიკური დათბობის პერიოდი ამერიკულ ელიტაში შეღწევისა და გრძელვადიანი ბერკეტების მოპოვებისთვის გამოიყენა.

კავშირები კონსერვატორებთან და რესპუბლიკურ ელიტასთან

ეპშტეინის კავშირი კონსერვატორებთან ხშირად იურიდიული და ბიზნეს ინტერესების კვეთაზე გადიოდა:

  • ალექსანდრე აკოსტა (Alexander Acosta): ტრამპის ადმინისტრაციის შრომის მდივანი, რომელიც 2008 წელს ფლორიდის პროკურორი იყო. სწორედ აკოსტამ გაუფორმა ეპშტეინს ე.წ. „Sweetheart Deal“ (საიდუმლო შეთანხმება), რამაც მილიარდერს საშუალება მისცა თავი დაეღწია ფედერალური პატიმრობისთვის და მხოლოდ მცირე სასჯელით შემოფარგლულიყო.
  • ალან დერშოვიცი (Alan Dershowitz): ცნობილი კონსერვატორი იურისტი და ტრამპის დამცველი იმპიჩმენტის დროს. დერშოვიცი ეპშტეინის ახლო მეგობარი და ადვოკატი იყო. მას ბრალი დასდეს სექსუალურ კავშირში ეპშტეინის ერთ-ერთ მსხვერპლთან (ვირჯინია ჯუფრე), რასაც იგი კატეგორიულად უარყოფს.
  • ბიზნეს ინტერესები: ეპშტეინი მჭიდროდ თანამშრომლობდა რესპუბლიკური პარტიის დონორებთან და მილიარდერებთან, როგორიცაა ლესლი ვექსნერი (Leslie Wexner). ვექსნერმა მას ფაქტობრივად სრული კონტროლი გადასცა თავის ქონებაზე, რაც ეპშტეინს საშუალებას აძლევდა კონსერვატორულ ელიტაში „შესასვლელი ბილეთი“ ჰქონოდა.

აფინანსებდა თუ არა ეპშტეინი რესპუბლიკელებს?

ეპშტეინის პოლიტიკური დონაციები ორმხრივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი ოფიციალური შემოწირულობების უმრავლესობა დემოკრატებისკენ მიდიოდა, იგი იყენებდა „რბილ ძალას“:

  • სამეცნიერო ფონდები: აფინანსებდა კვლევებს, რომლებიც პოპულარული იყო მემარჯვენე წრეებში.
  • პირადი დახმარება: იგი აფინანსებდა კონკრეტული პოლიტიკოსების ცხოვრების სტილს, სთავაზობდა მათ თავის თვითმფრინავს და რეზიდენციებს, რაც უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პირდაპირი პარტიული დონაცია.

სამეცნიერო ფონდები

ეპშტეინი აფინანსებდა კვლევებს, რომლებიც ეხმიანებოდა პოპულარულ იდეებს (ბიოლოგიური იერარქიები, ტრანსჰუმანიზმი, ევოლუციური ფსიქოლოგია):

  • Edge Foundation (ჯონ ბროკმანის ფონდი): ეს იყო ეპშტეინის მთავარი ინტელექტუალური პლატფორმა. იგი აერთიანებდა მეცნიერებს, რომლებიც უარყოფდნენ სოციალურ კონსტრუქტივიზმს და მხარს უჭერდნენ ევოლუციურ მიდგომებს ადამიანის ქცევის მიმართ.
  • Santa Fe Institute (სანტა-ფეს ინსტიტუტი): ეპშტეინი აფინანსებდა ამ ინსტიტუტს, რომელიც სპეციალიზებულია რთული სისტემების კვლევაზე.
  • ტრანსჰუმანიზმი და ევგენიკა: ეპშტეინი დაინტერესებული იყო ადამიანის გენომის გაუმჯობესებით და უკვდავების მიღწევით ტექნოლოგიების გაუმჯობესების ხარჯზე. ასევე, აფინანსებდა მოსაზრებებს, რომ  ტექნოლოგიამ უნდა ჩაანაცვლოს სახელმწიფო რეგულაციები და თავად შეცვალოს ადამიანის ბუნება.
  • Jeffrey Epstein VI Foundation: ამ ფონდის მეშვეობით იგი აფინანსებდა ისეთ ფიგურებს, როგორიცაა სტივენ პინკერი (ევოლუციური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ლიდერი) და მარვინ მინსკი (ხელოვნური ინტელექტის პიონერი).

გავლენა მედიაზე: რეპუტაციის მართვა

ეპშტეინი იყო „რეპუტაციის მართვის“ ოსტატი. მისი გავლენა მედიაზე რამდენიმე ფრონტზე ვრცელდებოდა:

  • ქველმოქმედება, როგორც ფარი: იგი აფინანსებდა მეცნიერებსა და უნივერსიტეტებს (MIT, ჰარვარდი), რათა პრესაში მისი სახელი ყოველთვის „ფილანთროპთან“ ყოფილიყო ასოცირებული.
  • ჟურნალისტების მოქრთამვა/დამეგობრება: იგი მართავდა სადილებს წამყვან ჟურნალისტებთან (მაგალითად, ნიუ-იორკ თაიმსის და სხვა გამოცემების რედაქტორებთან), რათა მათში სიმპათია გაეჩინა.
  • სასამართლო დაშინება: ნებისმიერი მცდელობა, გამოექვეყნებინათ კრიტიკული მასალა, ხვდებოდა ძვირადღირებული ადვოკატების წინააღმდეგობას. მაგალითად, 2003 წელს მან შეძლო Vanity Fair-ის სტატიიდან ამოეღო ყველაზე მწვავე ბრალდებები ტრეფიკინგზე.

სიმართლე დონალდ ტრამპთან დაკავშირებით

ტრამპისა და ეპშტეინის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მანიპულირებული თემაა. ფაქტები შემდეგია:

  • მეგობრობის პერიოდი (90-იანები): ტრამპი და ეპშტეინი ნამდვილად იყვნენ მეგობრები 90-იან წლებში. ტრამპის ცნობილი ციტატა 2002 წლიდან: „ჯეფრი შესანიშნავი ბიჭია... ამბობენ, რომ მას ლამაზი ქალები ისევე უყვარს, როგორც მე, და ბევრი მათგანი საკმაოდ ახალგაზრდაა“.
  • კონფლიქტი და გაწყვეტა: 2004 წელს მათ შორის მოხდა უთანხმოება უძრავი ქონების გამო (Mar-a-Lago-ს მიმდებარედ სახლის ყიდვა). ტრამპმა ეპშტეინი თავისი კლუბიდან (Mar-a-Lago) გააძევა მას შემდეგ, რაც ეპშტეინმა კლუბის თანამშრომელზე სექსუალური ზეწოლა სცადა.
  • სასამართლო მასალები: ეპშტეინის „ფრენების ჟურნალებში“ ტრამპის სახელი რამდენჯერმე ფიგურირებს, თუმცა, კლინტონისგან განსხვავებით, ტრამპი არასდროს ყოფილა ეპშტეინის კუნძულზე (Little Saint James) მისი თვითმფრინავით. ის მხოლოდ ნიუ-იორკიდან ფლორიდაში გადაფრინდა რამდენჯერმე.
  • ვირჯინია ჯუფრეს ჩვენება: ეპშტეინის მთავარმა მსხვერპლმა, ვირჯინია ჯუფრემ, განაცხადა, რომ მას არასდროს ჰქონია სექსუალური კავშირი ტრამპთან და არც უნახავს ის ეპშტეინის კერძო ობიექტებზე დანაშაულის ჩადენის დროს.

ტრამპი და ეპშტეინი იყვნენ „მეზობლები“ და სოციალური პარტნიორები პალმ-ბიჩის ელიტაში, თუმცა ტრამპი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მასთან ურთიერთობა გაწყვიტა (ჯერ კიდევ 2004 წელს) და FBI-ს გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა.

დამატებითი წყაროები: FBI-ის ფაილები და ჟურნალისტური გამოძიებები

Dossier Center-ის მიღმა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკვეთება FBI-ის მიერ გასაჯაროებული „Epstein Files“-ის იმ ნაწილებიდან, რომლებიც მის საერთაშორისო მოგზაურობებსა და საბანკო ტრანზაქციებს ეხება. ასევე, The Wall Street Journal-ის 2023-2024 წლების გამოძიებები ადასტურებს, რომ ეპშტეინი რეგულარულად მართავდა შეხვედრებს რუსულ „ოლიგარქიულ“ წრეებთან, რათა ეშუამავლა მათსა და დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. FBI-ის ჩანაწერების მიხედვით, ეპშტეინის კავშირები მოსკოვთან ხშირად კვეთდა კომერციული ინტერესების ზღვარს და გადადიოდა სტრატეგიული ინფორმაციის მიმოცვლის სფეროში, რაც მას „მაღალი დონის ინტერესის ობიექტად“ აქცევდა ამერიკული კონტრდაზვერვისთვის.

დღევანდელობა: კომპრომატი, როგორც იარაღი 2024-2026 წლებში

დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები „ცივი ომის“ პიკზეა, ეპშტეინის ფაილების გამოყენება რამდენიმე მიზანს ემსახურება:

  • ამერიკული ელიტის დისკრედიტაცია: კრემლის პროპაგანდა (სიმონიანი, სოლოვიოვი) ხშირად იყენებს ეპშტეინის სახელს იმის საჩვენებლად, რომ დასავლური ლიბერალური ელიტა „დეგენერირებული“ და „კრიმინალურია“.
  • მედიამანიპულაცია და პრორუსული აქტივობა: ეპშტეინის თემა სულ უფრო ხშირად ხდება რუსული გავლენის აგენტების იარაღი აშშ-ში. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ყველაზე პრორუსი სპიკერები – ტაკერ კარლსონი და ალექს ჯონსი – სინქრონულად და აქტიურად წევენ ამ თემას წინ. ეს არის რუსული საცეცების მცდელობა ამერიკაში, რათა მედიის მეშვეობით მოახდინონ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და დააზიანონ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების რეპუტაცია.
  • წინასაარჩევნო მანიპულაციები: აშშ-ის არჩევნების ციკლებში სავარაუდო „სიების“ გამოქვეყნება ხშირად ემთხვევა პოლიტიკურად მგრძნობიარე მომენტებს. რუსული ბოტების ქსელები აქტიურად ავრცელებენ დაუმუშავებელ, ხშირად გაყალბებულ დოკუმენტებს რეპუტაციის დასაზიანებლად.

ინფორმაციის ვალიდურობა: სიმართლე თუ მოსკოვის ფაბრიკაცია?

არსებობს დიდი ალბათობა, რომ საქმე გვაქვს აქტიური ღონისძიებების“ (Active Measures) კლასიკურ მაგალითთან, სადაც სიმართლე და ტყუილი ერთმანეთშია არეული:

  • სიმართლის მარცვალი: ეპშტეინს ნამდვილად ჰქონდა კავშირები რუსებთან (ბელიაკოვი, ვიზა 2014-ში). ეს ფაქტები დოკუმენტირებულია FBI-სა და საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ.
  • დეზინფორმაციის დაშენება: რუსული სპეცსამსახურების მეთოდია, აიღონ რეალური ფაქტი (მაგალითად, პოლიტიკოსის ვიზიტი ეპშტეინთან) და მასზე დააშენონ ყალბი მტკიცებულებები მძიმე დანაშაულებების შესახებ.
  • Deepfakes and AI: AI ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ყალბი ფოტო/ვიდეომასალების შექმნა, რომელთა უარყოფასაც წლები დასჭირდება.

დასკვნა

Dossier Center-ის ფაქტობრივი გამოძიება, FBI-ის ჩანაწერები და ფრანსუა ტომის ანალიტიკური შეფასება ერთობლივად მიუთითებს, რომ ეპშტეინის რუსული კავშირები გაცილებით ღრმა და სისტემური იყო, ვიდრე ეს წლების განმავლობაში ჩანდა. 2014 წლის ვიზის ისტორია მხოლოდ ერთ-ერთი დადასტურებული ეპიზოდია.

ეს მასალები აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად იყენებდა რუსეთი მსგავს მექანიზმებს გლობალური გავლენისთვის. დღეს ეპშტეინის საქმე აღარ არის მხოლოდ სექსუალური დანაშაულებისა და კორუფციის ისტორია. ის წარმოადგენს გლობალური საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მაგალითს, სადაც კრიმინალი, დაზვერვა, პოლიტიკა და დეზინფორმაცია ერთმანეთშია გადახლართული.


მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...