პაატა შეშელიძე
ფაშიზმი არ არის მხოლოდ ისტორიული რელიქვია; ეს არის ჯერ კიდევ ცოცხალი პოლიტიკური და სოციალური ორგანიზების ფორმა, მართვისა და აზროვნების სისტემა, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოს ხელისუფლების აბსოლუტურ უზენაესობას ინდივიდზე. იგი ფუნდამენტურად უარყოფს პიროვნების ავტონომიურ ღირებულებას და ნებისმიერი ჰორიზონტალური, გადანაწილებული კავშირის გაჩენას საფრთხედ აღიქვამს. ისტორიული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იგი ფორმალურად უშვებს კერძო ინიციატივას მეწარმოებაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში და ა.შ. მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი სრულად ემსახურება „ოლიმპოს“ ნებას; ეს არის ტოტალური კონტროლის მექანიზმი, რომელიც ძალადობასა და იძულებას „წესრიგის“ დამყარების ლეგიტიმურ და ერთადერთ გზად აცხადებს.
თქვენ ცხოვრობთ ძალადობრივი ცენტრალიზმის „ოლიმპოს“ ჩრდილქვეშ – ძალაუფლების იმ წერტილის, რომელიც მოითხოვს ფაშიზმს არა როგორც წარსულის მოგონებას, არამედ როგორც მართვის თანამედროვე, ბრუტალურ მეთოდს. ამ სისტემის უმთავრესი მიზანია ადამიანის, როგორც სუვერენული სუბიექტის, განადურება. ის მიზანმიმართულად კლავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და თითოეულ თქვენგანს უძლურ ჭანჭიკად გხდით სახელმწიფო მანქანაში.
დააკვირდით ბრძოლას: თქვენ წინაშეა იერარქიული პირამიდა, სადაც მმართველიც და მისი „ოპონენტებიც“ სინამდვილეში ერთი და იმავე მწვერვალისკენ მიილტვიან. ყველას სურს რეგულირება, კონტროლი, თქვენი ცხოვრების განკარგვა. მათ შორის განსხვავება მხოლოდ რიტორიკაშია, მიზანი კი უცვლელია – „ოლიმპოს“ ფლობა და სხვისი ნების დათრგუნვა. სანამ თქვენ ამ პირამიდის შიგნით იბრძვით „უკეთესი ღმერთ-კაცისთვის“, თქვენ თავად ხართ ამ ავტორიტარული წესრიგის არქიტექტორები.
ნამდვილი თავისუფლება იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ პირამიდას უარყოფთ და ძალაუფლებას გადაანაწილებთ. ეს არ არის წარსულში დაბრუნება, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ასეთი მდგომარეობა არასოდეს ყოფილა – ეს არის თითოეული პიროვნების ფუნდამენტურად ახალი, თვითმყოფადი და სუვერენული როლის დაბადება. ეს არის წესრიგი, სადაც პიროვნება აღარ არის კოლექტივის საკურთხეველზე მისატანი მსხვერპლი, არამედ საკუთარი სამყაროს ცენტრი. აქ ძალაუფლება აღარ არის კონცენტრირებული ერთ წერტილში, არამედ გადანაწილებულია თითოეულ ადამიანზე; წინსვლა კი აღარ არის „ღმერთ-კაცის“ მოწყალება, არამედ იმ დამოუკიდებელი შემოქმედების, რაციონალური იდეებისა და აღმოჩენების ნაყოფია, რომელთაც ხორცს ასხამენ ადამიანები, ვინც მზად არიან გარისკონ საკუთარი ხედვისთვის და თავიანთი ენერგიით გააუმჯობესონ საზოგადო ყოფა. შექმნან ის, რაც სხვებს სჭირდებათ და რასაც ნებაყოფლობით მიიღებენ. ესენი არიან ბუნებრივი წინამძღოლები – მაძიებლები და შემქმნელები, რომლებიც საკუთარ ხედვას ბრბოს ნებას არასდროს უმორჩილებენ.
თავად „ოლიმპოს“ იდეა – რწმენა ცენტრალიზებული მმართველობის გარდაუვალობის, მისი „ღვთიურობისა“ თუ „მადლიანობის“ შესახებ – არის უპირველესი მახე. იგი იტყუებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. ეს ილუზია, თითქოს ცენტრალიზებული ძალაუფლება სიკეთის იარაღად შეიძლება იქცეს, არის სწორედ ის საწვავი, რაც ამრავლებს ძალაუფლების მაძიებლებს, ერთმანეთს აპირისპირებს მათ მომხრეებს და, საბოლოო ჯამში, კვებავს ყველაზე ბნელ ტირანიას.
სინამდვილეში, „ოლიმპოსისთვის“ ბრძოლა წარმოშობს გარდაუვალ შედეგებს, რომლებიც ადვილად დაკვირვებადია, სურვილის შემთხვევაში.
ფაშიზმის 20 ნიშანი თქვენს ირგვლივ: მიმოიხედეთ და სარკეშიც ჩაიხედეთ
I. ინსტიტუტებისა და ნორმების ნგრევა
ნორმების ნგრევა: ზრდილობის, ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებრივი ქცევის წესების მიზანმიმართული განადურება. ყველა ფერის ავტორიტარული/ტოტალიტარული/რეპრესიული ცენტრალიზმის მომხრეებმა იციან, რომ თავისუფალი საზოგადოების ღირებულებები (გონიერება, მოთმინება) მათ ხელს უშლის. ამიტომ, ისინი შლიან ყოველგვარ ეთიკურ ზღვარს, რათა გზა გაუხსნან „ბნელ ვნებებს“ – შიშს, შურისძიების წყურვილსა და სხვებზე ბატონობის სურვილს. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც დისკუსია გადააქვს იმ სფეროში, სადაც გონიერებაზე ორიენტირებული ადამიანი უბრალოდ ვერ შედის და ვერ ეჯიბრება.
სამართლის პოლიტიზება: მართლმსაჯულების სისტემის გადაქცევა პირადი შურისძიების იარაღად იმათ ხელში, ვინც პირამიდის უფრო მაღალ საფეხურებზე იმყოფება. ეს არის სამართლის შერჩევითი მოქმედება: რიგით საკითხებში ნორმები თითქოს არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სახელმწიფო გადადის „განსაკუთრებულ რეჟიმში“, სადაც კანონი თაროზე იდება და მას გაღმერთკაცებული ხელისუფლის პირადი ნება ან შურისძიება ანაცვლებს. სამართალი აქ აღარ არის ობიექტური წესი, არამედ რეპრესიული იარაღი: მეგობრებისთვის – ყველაფერი, მტრებისთვის – ხისტი კანონი (ან მისი არარსებობა).
პოლიციური სახელმწიფო და ტაქტიკა: სამართალდამცავი უწყებების გადაქცევა გასამხედროებულ ორგანიზაციებად, რომლებიც მოქმედებენ „აბსოლუტური იმუნიტეტით“, ნიღბების მიღმა და ხშირად ყოველგვარი სამართლებრივი წესის გვერდის ავლით. ეს არის პროვოკაციული და ბრუტალური ქცევა, რომლის მიზანიც შიშის დანერგვა და ძალაუფლების დემონსტრირებაა.
არჩევნების ნიველირება: საარჩევნო პროცესის ისეთი მანიპულირება, რომ ცენტრმა ძალაუფლება არასდროს დაჰკარგოს. ეს მოიცავს შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას, გაყალბების მუდმივ ნარატივს და მზადყოფნას, რომ ძალაუფლება მშვიდობიანად არ გადაეცეს სხვას, რადგან მათთვის „წაგება გამორიცხულია“.
თავდასხმა მედიაზე: საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზების მცდელობა. თავისუფალი პრესის გამოცხადება „ხალხის მტრად“, ჟურნალისტების დევნა, ლიცენზიებით მანიპულირება, მედიასაშუალებების ფინანსური ბლოკადა და „ილუზორული პლურალიზმის“ შექმნა.
II. ძალადობის ესთეტიკა და ცენტრის აგრესია
ძალადობის განდიდება: ლიბერალური სახელმწიფო ძალას იყენებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ავტორიტარული ცენტრალიზმი კი მას აიდეალებს. ეს გამოიხატება მოძალადე ჯგუფების ქებაში, წამების მხარდაჭერასა და სამხედრო სტილის რეიდების რომანტიზაციაში – სამშობლო და სუვერენიტეტის დაცვის საფარქვეშ. ძალადობა აქ არა ინსტრუმენტი, არამედ სიძლიერის დემონსტრირებაა.
„ძალა აღმართს ხნავს“: პრინციპი, რომ სამყარო იმართება მხოლოდ ძალით – ძლიერი აკეთებს იმას, რაც სურს, ხოლო სუსტი უნდა დაიტანჯოს, რომ მორჩილი იყოს.
კრიმინალური სამყარო, ქუჩური გარჩევები და ბრბო: არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფებების, კრიმინალური სამყაროსა და მილიციების გამოყენება ოპონენტების ფიზიკური დაშინებისა და თავისუფლების შეზღვუდვისთვის. ეს არის კლასიკური სტრატეგია, სადაც სახელმწიფო ძალადობას ემატება „ქუჩის“ აგრესია და კრიმინალური მართვა, რომელიც ღმერთ-კაცის კურთხევით მოქმედებს თავისუფლების ნებისერი გამოვლინების წინააღმდეგ.
რეგიონების უუფლებობა და ცენტრის დომინაცია: რესურსებისა და გადაწყვეტილებების სრული კონცენტრაცია დედაქალაქში. რეგიონები აღქმულია არა როგორც თვითმმართველი ერთეულები, არამედ როგორც ცენტრის დეკორატიული დანამატები. ნებისმიერი ადგილობრივი ინიციატივა ძირშივე იხშობა, რათა არ შეირყეს „ოლიმპოს“ მონოლითურობა.
III. იდენტობა და დეჰუმანიზაცია
დეჰუმანიზაცია: ოპონენტების სისტემური დამცირება და მათი მოხსენიება ისეთი ზიზღნარევი იარლიყებით, როგორიცაა „უსამშობლოები“, „აგენტები“, „ეკლესიის მტრები“ ან „ერის მოღალატეები“. ენა აქ გამოიყენება როგორც ქირურგიული იარაღი საზოგადოების გასათიშად: იგი ამტკიცებს, რომ სხვაგვარად მოაზროვნე ჯგუფები ქვეყნისთვის საშიში უცხო სხეულები არიან. ამ პროცესის საბოლოო მიზანია ნებისმიერი რეპრესიის მორალურად გამართლებას – როდესაც ადამიანს ართმევ ადამიანურობას, მის წინააღმდეგ ძალადობა აღარ აღიქმება დანაშაულად, არამედ „ჰიგიენურ“ აუცილებლობად.
„იზოლაციონისტური სუვერენიტეტი“ და ექსკლუზიური ალღო: ქვეყნის აღქმა არა როგორც თავისუფალ ინდივიდთა ნებაყოფლობითი ერთობის, არამედ როგორც ჩაკეტილი ერთეულის, რომელსაც „ვერავინ ვერაფერს ასწავლის და მიუთითებს“. ეს არის მცდელობა, ძალაუფლება გაამართლონ მმართველთა განსაკუთრებული, „მისტიკური“ ალღოთი და შორსმხედველობით, რომელსაც თითქოს „ხალხი ხედავს და აფასებს“. ცენტრალიზმი ამ ნარატივს იყენებს როგორც ბარიერს, რათა ინდივიდი ჩაკეტოს კოლექტიური უპირატესობის ილუზიაში და მოსთხოვოს მას მორჩილება „უნიკალური გზის“ საბაბით, რაც სინამდვილეში ნებისმიერი გონივრული კრიტიკის ჩახშობას ემსახურება.
თეოკრატია და ცივილიზაციური მესიანიზმი: რელიგიური ინსტიტუტებისა და წმინდა იდენტობის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის. ქვეყანა წარმოჩენილია როგორც უკანასკნელი ცივილიზაციური ციხესიმაგრე, რომელიც „გარყვნილი სხვებისგან“ უნდა დაიცვან. ეს არ არის რწმენა; ეს არის რელიგიის გამოყენება „ოლიმპოს“ ირგვლივ წმინდა აურის შესაქმნელად, სადაც ნებისმიერი კრიტიკა აღიქმება არა როგორც პოლიტიკური აზრი, არამედ როგორც მკრეხეობა.
პოლიტიკა როგორც ომი: ფუნდამენტური პრინციპი, სადაც პოლიტიკა აღარ არის მოლაპარაკება, კომპრომისი ან დებატები, არამედ იქცევა ეგზისტენციალურ ბრძოლად „მტრებს“ შორის. აქ ოპონენტი აღარ არის კონკურენტი, ის არის მტერი, რომელიც უნდა განადურდეს. ეს ნარატივი სპობს მშვიდობიანი თანაარსებობის ყოველგვარ შანსს და საზოგადოებას მუდმივი მობილიზაციის რეჟიმში ამყოფებს.
IV. ღმერთ-კაცის კულტი და „ოლიმპო“
საჯარო და პირადის აღრევა (პატრიმონიალიზმი): სახელმწიფოსა და მისი რესურსების მართვა როგორც „ღმერთ-კაცის“ პირადი ბიზნესის. სახელმწიფო სტრუქტურები, ბიუჯეტი და ბუნებრივი სიმდიდრე ხდება მისი ოჯახისა და ლოიალური კლანის გაგრძელება. აქ აღარ არსებობს ზღვარი საჯარო სამსახურსა და კერძო სარგებელს შორის – სახელმწიფო არის მტაცებელი ორგანიზმი, რომელიც კვებავს პირამიდის წვერს.
ღმერთ-კაცის და პიროვნების კულტი: აგრესიული მესიანიზმი, სადაც ღმერთ-კაცი აცხადებს: „მხოლოდ მე შემიძლია ამის გამოსწორება“. მისი პერსონა ხდება ერის განსახიერება, ხოლო მისი სუბიექტური გონება და მორალი – კანონის ერთადერთი წყარო და ლიმიტი. ეს კულტი მოითხოვს არა მხოლოდ მორჩილებას, არამედ ემოციურ თაყვანისცემასა და რწმენას მისი უცდომელობისა.
ალტერნატიული ფაქტები და რეალობის ეროზია: რეალობის დამახინჯების ხელოვნური ველის შექმნა. წარსულის გაყალბება, ფაქტების მანიპულირება, მასობრივი დეზინფორმაცია მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული ტყუილის გავრცელებისკენ, არამედ ობიექტური სიმართლის ცნების სრული გაუფასურებისკენ. მიზანია მოქალაქეების ისეთი დაბნევა და დემორალიზება, რომ მათ დაკარგონ რეალობის აღქმის უნარი და ერთადერთ საყრდენად „ღმერთ-კაცის“ მიერ მოწოდებული ვერსია მიიჩნიონ.
ტრანსნაციონალური ავტორიტარიზმი: ღია სოლიდარობა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან და ზიზღი დემოკრატიული მოკავშირეებისადმი. „ოლიმპოზე“ მყოფნი ეძებენ მსგავსი ტიპის დიქტატორებს, რათა შექმნან საერთაშორისო ალიანსი თავისუფლების წინააღმდეგ. მსოფლიო აღიქმება როგორც ავტორიტარული პოპულისტების ასპარეზი, სადაც ერთადერთი ღირებულება ძალაუფლების შენარჩუნებაა.
V. ეკონომიკური და ინტელექტუალური ტერორი (ახალი პუნქტები)
ეკონომიკური რეგულაცია როგორც მორალური ტერორი: ბაზარზე უხეში ჩარევა „ხალხზე ზრუნვის“, „ფასების ხელმისაწვდომობის“, „გამჭვირვალობის“ თუ „უსაფრთხოების“ ყალბი საბაბით. რეგულაცია აქ აღარ არის ეკონომიკური ეფექტიანობის ინსტრუმენტი; ის იქცევა მეწარმეების, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) დასამორჩილებელ იარაღად. ცენტრალური ძალაუფლება თითოეულ სექტორს ინდივიდუალურად „არგებს“ რეპრესიულ რეგულაციებს – იქნება ეს „აგენტების რეესტრი“ სამოქალაქო სექტორისთვის თუ საბანკო ანგარიშების დაყადაღება და შერჩევითი აუდიტი ბიზნესისთვის. ეს არის პოლიტიკური ერთგულების იძულების მექანიზმი: ვინც არ აღიარებს „ოლიმპოს“ უზენაესობას, მათ ბიუროკრატიული ბარიერებითა და საერთაშორისო დაფინანსების აკრძალვით ახრჩობენ. ტერორი სრულდება მაშინ, როცა ნებისმიერი სუბიექტის გადარჩენა დამოკიდებულია არა მის პროფესიონალიზმზე ან მომხმარებლის ნდობაზე, არამედ რეჟიმისადმი მორჩილებაზე. ყველაფერი, რაც ცენტრის კონტროლს მიღმაა, ცხადდება „უცხოურ გავლენად“ და ექვემდებარება განადურებას.
ინტელექტუალური კარტელიზაცია: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების ცენტრალიზებული კონტროლი. იდეების ფილტრაცია ისე, რომ გამოირიცხოს დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება, რომელიც იერარქიას საფრთხეს უქმნის. ეს არის „ერთი სიმართლის“ დიქტატი.
ღმერთ-კაცის მოლოდინის კულტი: საზოგადოებრივი სენი, სადაც მოქალაქეები პასიურად ელიან მხსნელს, რომელიც წინ გაძვრება და „ზემოდან“ მართავს. ეს არის მენტალური მონობა, რომელიც კლავს ინდივიდუალურ ინიციატივას და ამყარებს ცენტრალისტურ პირამიდას.
ოლიმპოს საგზაო რუკა
მახასიათებელი | მმართველი (ოლიმპოზეა) | ოპონენტი (რომელიც ოლიმპოზე ადგილს ეცილება) | ემანსიპაცია (გადანაწილებული წესრიგი) |
|---|---|---|---|
მორალური საფუძველი | კოლექტიური მსხვერპლშეწირვა „საერთო სიკეთისთვის“. | ჯგუფური ეგოიზმი და „ჩვენი“ ინტერესების უზენაესობა. | რაციონალური ინდივიდუალიზმი; თვითკუთვნილება. |
ეკონომიკა | მართავს რეგულაციებით კლანისთვის. | ითხოვს რეგულაციებს „სამართლიანობისთვის“. | სრული დერეგულაცია; ბაზრის ავტონომია. |
სამართალი | იყენებს როგორც ხელკეტს მტრებისთვის. | სურს გამოიყენოს „მოღალატეების“ დასასჯელად. | პოლიცენტრული სამართალი; კერძო არბიტრაჟი. |
ფული და დაზოგვა | მონეტარული მონოპოლია; ინფლაციური ძარცვა. | ფულის გადანაწილება „ხალხის“ სახელით. | დეცენტრალიზებული ფული (ოქრო, კრიპტო); კაპიტალიზაცია. |
ბიუჯეტი | მისი პირადი ყულაბაა. | მისი ამომრჩევლის მოსასყიდი რესურსია. | ბიუჯეტის რადიკალური კლება; ფული ხალხს. |
უსაფრთხოება | პოლიციური მონოპოლია და ტერორი. | ალტერნატიული „ხელკეტი“ და ძალადობის შიში. | ინდივიდუალური თავდაცვა; კერძო დაცვა. |
ინდივიდი | მორჩილი რესურსია. | მასობრივი სცენის პარსონაჟია | სუვერენული, მოქმედი სუბიექტი. |
ინფორმაცია | ავრცელებს პროპაგანდას და დოგმებს. | ებრძვის თავისი კონტრ-პროპაგანდით. | ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა; სიმართლე. |
განათლება | იდეოლოგიური წვრთნა და მორჩილება. | სურს „სწორი“ („მწვანე“, „წითელი“, „ვარდისფერი“, „შავი“ და ა.შ.), იდეოლოგიით ჩანაცვლება. | განათლების თავისუფალი ბაზარი; თვითგანვითარება. |
საკუთრება | პირობითი პრივილეგიაა (მადლით გაცემული). | სურს „სწორად“ გადანაწილება (წართმევა). | კერძო საკუთრების აბსოლუტური ხელშეუხებლობა. |
სოციალური წესრიგი | იერარქიული პირამიდა (ტირანია). | იერარქიული (ოღონდ თავად სურს წვერზე). | განაწილებული ქსელი (Distributed/P2P). |
კონფლიქტის გადაწყვეტა | აგრესია და იძულებითი დამორჩილება. | რევანში და სხვისი ნების დათრგუნვა. | არააგრესიის პრინციპი (NAP); ნებაყოფლობითობა. |
პასუხისმგებლობა | კოლექტიური (ყველა ვინც არ გვეთანხმება დამნაშავეა). | ჯგუფური (მტრის ბანაკი დამნაშავეა). | პიროვნული პასუხისმგებლობა ქმედებებზე. |
საბოლოო მიზანი | ტოტალური კონტროლი. | „ჩემი“ ტოტალური კონტროლი ჯობია. | სახელმწიფოს მონოპოლიის აღმოფხვრა. |
მათთვის, ვინც ეძებს გამოსავალს: მენტალური ემანსიპაცია
თუ თქვენ ეძებთ რეალურ გამოსავალს და არა მორიგ ილუზიას, უნდა გააცნობიეროთ: ნამდვილი ცვლილება არ მოხდება მანამ, სანამ თქვენ მხოლოდ ღმერთ-კაცების ცვლით ხართ დაკავებულნი. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ოლიმპოსკენ ყურება. ეს გზა თქვენთვის უკეთესია, რადგან იგი ეფუძნება არა სხვის მოწყალებას, არამედ თქვენს საკუთარ სუვერენიტეტს; იგი ხელსაყრელია, რადგან გამორიცხავს რესურსების სისტემურ ძარცვას; გონივრულია, რადგან ენდობა ლოგიკას და არა „მისტიკურ ალღოს“; და გამართლებულია, რადგან პიროვნული თავისუფლება ადამიანის არსებობის ერთადერთი ღირსეული პირობაა. მენტალური ემანსიპაცია არ არის რევოლუცია ქუჩაში – ეს არის რევოლუცია თქვენს აზროვნებაში, მენტალური ემანსიპაცია, რომელიც თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და აი, როგორ:
I. მორალური საფუძველი და ინტელექტუალური სუვერენიტეტი
არააგრესიის პრინციპი (NAP) – ეთიკური საზღვარი: ყველა ურთიერთობა და ინსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ერთ წესს: არავის აქვს უფლება წამოიწყოს აგრესია (ძალადობა, თაღლითობა, იძულება) სხვა პიროვნების ან სხვისი საკუთრების მიმართ. თავდაცვა ლეგიტიმურია, მაგრამ აგრესია – არა. ეს პრინციპი ფუნდამენტურად გამორიცხავს ფაშიზმს, რომელიც ძალადობას აიდეალებს, და ცენტრალიზმს, რომელიც იძულებით რეგულირებას იყენებს. ყველა თქვენმა ქმედება უნდა გაიაროს ამ ტესტზე: „ეს აგრესიაა თუ თავდაცვა? ნებაყოფლობითია თუ არა თანამშრომლობა?“
მენტალური ემანსიპაცია: გათავისუფლდით იმ ილუზიისგან, რომ თქვენს ცხოვრებას ვინმე „ზემოდან“ უნდა მართავდეს. ნუ ეძებთ პატრონს. აღიარეთ საკუთარი თავი, როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი თქვენივე წუთისოფელში. გააცნობიერეთ, რომ სისტემა ხშირად მართავს ადამიანებს შიშისა და გაბრაზების მეშვეობით. მენტალური დეპროგრამირება ნიშნავს ემოციურ დისტანცირებას სახელმწიფო პროპაგანდისგან, რათა თქვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის ეფუძნებოდეს რაციონალურ ზღვრულ ანალიზს და არა იმპულსურ რეაქციებს.
ინფორმაციული სუვერენიტეტი: ნუ ენდობით ცენტრალიზებულ და პოლიტიზებულ საინფორმაციო არხებს. განავითარე კრიტიკული აზროვნება და ეძებე ინფორმაციის მრავალმხრივი წყაროები. შექმენი თავნი საინფორმაციო წყაროები - თანამედროვე ტექნოლოგია ამის უამრავ საშუალებას იძლევა. სიმართლის დაცვა თქვენი პირადი მოვალეობაა.
II. კონტრეკონომიკა და ფინანსური ავტონომია
კონტრეკონომიკა და პარალელური ინსტიტუტები: გამოიყენეთ კონტრეკონომიკის სტრატეგია (აგორიზმი) – ნებაყოფლობითი ეკონომიკური აქტივობები, რომლებიც გვერდს უვლიან სახელმწიფო რეგულაციებს (თუნდაც ბარტერი, უშუალო გარიგებები, ლოკალური კვების ჯაჭვები, ენერგო-დამოუკიდებლობა, თვითმომსახურება, “უჩინმაჩინის” ტექნოლოგიური ქუდი). ააშენეთ პარალელური ინსტიტუტები: ალტერნატიული ჯანდაცვა, სადაზღვევო სისტემები და უსაფრთხოების სერვისები, რომლებიც თანდათან ჩაანაცვლებენ ცენტრალურ სისტემას. ეკონომიკური გადაწყვეტილების ზღვრული ანალიზი გიკარნახებთ, რომ თავისუფალ ბაზარზე მიღებული ყოველი დამატებითი სარგებელი მეტია იმ არასასურველ შედეგებზე, რასაც სახელმწიფო რეგულაციების მორჩილება გიქადით. მთავარია, რაც შეიძლება ნაკლები გადაუხადოთ ხელისუფლებას, რომელსაც თქვენი დამორჩილება უნდა.
ფინანსური სუვერენიტეტი და კრიპტო: ცენტრალიზებული ფიატ-ვალუტები ხელოვნურად გაიძულებთ დღევანდელი მოხმარება ამჯობინოთ ხვალისთვის დაგროვებას. გამოიყენეთ დეცენტრალიზებული ფინანსური ინსტრუმენტები სახელმწიფოს მონეტარული კონტროლისგან თავის დასაღწევად. ოქრო, ვერცხლი, კრიპტოგრაფიული აქტივების ათვისება საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ კონტროლი საკუთარ მომავალზე და დაგეგმოთ გრძელვადიანი კაპიტალიზაცია, შექმათ საკუთარი საბანკო სივრცე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შრომის ნაყოფი დაცულია ინფლაციური ძარცვისა და პოლიტიკური ბლოკირებისგან.
III. პოლიცენტრული სამართალი და ტექნოლოგიური დეცენტრალიზაცია
პოლიცენტრული სამართლის მოდელი: უარყავით მითი, რომ მართლმსაჯულება სახელმწიფოს ბუნებრივი მონოპოლიაა. სამართალი არ არის ზემოდან დაშვებული დირექტივა, ის არის სერვისი, რომელიც კონკურენციასა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას ექვემდებარება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს გადასვლას კერძო არბიტრაჟზე, სადაც დავებს წყვეტენ არა დანიშნული ჩინოვნიკები, არამედ დამოუკიდებელი, რეპუტაციის მქონე მოსამართლეები, რომელთაც მხარეები თავად ირჩევენ. პოლიცენტრული სამართალი საშუალებას გაძლევთ თავად აირჩიოთ ის სამართლებრივი სისტემა და წესები, რომლებითაც გსურთ ურთიერთობა. თავდაცვა და დავების გადაწყვეტა ხდება ბაზრის ნაწილი: თქვენ ირჩევთ სადაზღვევო და დაცვის კომპანიებს, რომლებიც არა მხოლოდ გიცავენ, არამედ მოტივირებულნი არიან დავები მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ, რადგან ფიზიკური კონფლიქტი მათთვის უზარმაზარი ფინანსური ზარალია. პოლიცენტრული სამართალი აქცენტს აკეთებს რესტიტუციაზე (მსხვერპლისთვის ზარალის ანაზღაურებაზე) და არა სახელმწიფო სასჯელზე, რაც რადიკალურად ამცირებს ძალადობას და ამკვიდრებს ნებაყოფლობით ხელშეკრულებებზე დაფუძნებულ წესრიგს.
ტექნოლოგიური ემანსიპაცია: დღეს ცენტრალიზმი იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს შიშის გასავრცელებლად და თქვენს ყოველ ნაბიჯზე კონტროლის დასაწესებლად. დაიწყეთ (commence) დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების (ბლოკჩეინ-კრიპტოგრაფია, VPN, P2P, B2B ქსელები) აქტიური ათვისება (utilize), რაც საშუალებას გაძლევთ, იმოქმედოთ კონტროლის გვერდის ავლით. გააცნობიერეთ, რომ ციფრული სამყარო არის ახალი საბრძოლო ველი, სადაც თქვენი კონფიდენციალურობა თქვენი სუვერენიტეტის ფარია. ნუ ანდობთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას „ღრუბლოვან“ სერვისებს (Google, iCloud), რომლებიც პირველივე მოთხოვნისთანავე გადასცემენ მონაცემებს სახელმწიფოს. გამოიყენეთ პირადი ჰოსტინგი (Self-hosting), პერსონალური სერვერები და დაშიფრული კომუნიკაციის არხები. სახელმწიფო ცენტრალიზმი განწირულია მარცხისთვის, რადგან არცერთ ბიუროკრატიას არ შეუძლია ფლობდეს ადგილობრივი გარემოებების იმ სპეციფიკურ ცოდნას, რომლის მოპოვება მხოლოდ ინდივიდებს ძალუძთ. ზღვრული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ცენტრალიზებული მართვა ყოველთვის იწვევს რესურსების არაეფექტურ განაწილებას და არასასურველ შედეგებს. ნუ დაელოდებით ცენტრალურ დირექტივებს, რომლებიც ყოველთვის მოკლებულია ეკონომიკურ რაციონალურობას — თქვენი თავისუფლება თქვენს ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობაშია.
IV. ფიზიკური სუვერენიტეტი და რეალისტური სტრატეგია
ფიზიკური სიჯანსარე და თავდაცვის უნარები: უპირველეს ყოვლისა, გააცნობიერეთ, რომ საზოგადოება არ არის აბსტრაქტული ერთეული — არსებობენ მხოლოდ მოქმედი ინდივიდები. თქვენი მენტალური ემანსიპაცია სწორედ მეთოდოლოგიურ ინდივიდუალიზმზე დაყრდნობას ნიშნავს. გააცნობიერეთ, რომ სუვერენული ინდივიდი ფიზიკურადაც მზად უნდა იყოს საკუთარი ინტერესების დასაცავად. სპორტულობა, ბრძოლისუნარიანობა და თავდაცვის უნარების დაუფლება არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში – ეს არის დამოუკიდებლობის გარანტი. თავდაცვის მიზნით იარაღის ფლობის, ტარებისა და გამოყენების თავისუფლების იდეა პიროვნული ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის საფუძველია, ხოლო აგრესიის ინიცირება ყველაზე დიდი ღალატია თავისუფლების იდეის მიმართ.
განათლების თავისუფლება და დეპროგრამირება: გამოიყვანეთ საკუთარი გონება (ოჯახის წევრები, შვილები, ახლობლები) სახელმწიფოს მორჩილების ინტელექტუალური კარტელიდან. დამოუკიდებელი ალტერნატიული სწავლება და თვითგანათლება სპობს ფაშისტურ პროპაგანდას. ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნდობის ქსელების შექმნა: ჩამოაყალიბეთ მცირე, მაღალი რეპუტაციის მქონე ჯგუფები, სადაც წევრები ერთმანეთს ენდობიან ინფორმაციის გადამოწმებაში, რესურსების გაცვლასა და კრიზისულ სიტუაციებში მხარდაჭერაში. ინტელექტუალური სუვერენიტეტი უფრო მყარია, როდესაც მას სანდო სოციალური კაპიტალი ამაგრებს.
რეალური გამოწვევები და სტრატეგია: გააცნობიერეთ, რომ თავისუფლებისკენ მიმავალი გზა გრძელია და სავსეა რეპრესიების რისკით. გამოიყენეთ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მახვილგონივრული სტრატეგია – ისე იმოქმედეთ, რომ თქვენი გატეხვა რეჟიმისთვის ზედმეტად დიდ ძალისხმევასა და ხარჯებს მოითხოვდეს. ნაბიჯ-ნაბიჯ ააშენეთ საკუთარი “ავტონომია” ისე, რომ ცენტრალურ სისტემას თქვენი დამორჩილება უფრო ძვირი უჯდებოდეს, ვიდრე თავის დანებება. რაც უფრო მეტი ინდივიდი ხდება თავდაცვისუნარიანი, ავტონომიური და ეკონომიკურად დამოუკიდებელი, მით უფრო არაეფექტური ხდება მათი იძულებითი დამორჩილება. რეპრესია ხდება თვითდესტრუქციული.
რატომ არის ეს რეალური?
ეს გზა რეალურია, რადგან ის არ საჭიროებს ვინმეს ნებართვას და ეფუძნება ადამიანის მოქმედების აქსიომას – როდესაც ინდივიდი წყვეტს ილუზიების მორჩილებას და იწყებს რაციონალურ ეკონომიკურ გათვლას, მისი სისტემური ძარცვა ხდება ფიზიკურად შეუძლებელი.
გადანაწილებული სისტემები ბუნებით უფრო ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, ვიდრე პირამიდების მწვრვალები. ყოველი ინდივიდუალური არჩევანი – გამოიყენო დამოუკიდებელი ფული, მოაგვარო დავა კერძო არბიტრაჟით, დაიცვა საკუთარი თავი და შენი გონება – არის აგური იმ ახალ წესრიგში, სადაც ფაშიზმი ტექნიკურად შეუძლებელი გახდება. თავისუფლებას ვერავინ მოგიტანთ; თავისუფლება არ არის საჩუქარი, ეს არის რაციონალური არჩევანი და მიზანმიმართული ქმედება! ის თქვენს ყოველდღიურ ქმედებებში უნდა განხორციელდეს.