Wednesday, February 11, 2026

ალიკაპი მათთვის, ვინც ისედაც საბელზეა

 

პაატა შეშელიძე 


სახელმწიფო ინიციატივა „ერთი მარკეტი — ერთი უბანი“ ისეთივე აბსურდია, როგორც პატრონიანი ძაღლისთვის ალიკაპის მოთხოვნა მაშინ, როცა ქუჩა აგრესიული, მიუსაფარი ძაღლების ხროვებითაა სავსე. აქცენტი კეთდება არა პრობლემის მოგვარებაზე, არამედ იმაზე, ვისი დაჯარიმებაც (და ბიუროკრატიული მანქანის გამოკვება) ტექნიკურად უფრო მარტივია.

პარალელები რეალობასთან:

  • ქუჩის ვაჭრობა: მოწესრიგებულ მარკეტს „სულს ხდიან“ რეგულაციებით, ჩეკითა და სტანდარტებით. ამ დროს იქვე, ტროტუარზე, პირდაპირ მიწიდან და ყუთებიდან იყიდება უაქციზო პროდუქტი და საეჭვო წარმოშობის ხორცი. კანონი იქ არ ჭრის, სადაც ქაოსია — ის მხოლოდ იქ „მუშაობს“, სადაც მეწარმე რეგისტრირებული და კანონმორჩილია.

  • ბარები და კაფეები: სანამ რეგისტრირებული ობიექტი ყოველ დეციბელზე ჯარიმდება და მკაცრ სამუშაო საათებს ემორჩილება, „უბნის ბირჟაზე“ ღრიანცელი და დაუპატიჟებელი „კონცერტები“ დილამდე ხელშეუხებელია. სახელმწიფო „აკაჩავებს“ მას, ვისაც იურიდიული მისამართი აქვს, და თვალს ხუჭავს მათზე, ვისაც ვითომ ვერ ხედავს.

  • მშენებლობა და უსაფრთხოება: სანამ ახალ მშენებლობაზე ინსპექცია ყოველ ჩაფხუტსა და ბადეზე მრავალათასიან ჯარიმებს წერს, იქვე, მეზობელ ქუჩაზე, ავარიული აივნებიდან ბათქაში პირდაპირ თავზე ეცემა გამვლელებს. სახელმწიფო „უსაფრთხოებას“ სთხოვს მას, ვინც ისედაც სტანდარტებით აშენებს, და უძლურია იქ, სადაც რეალური საფრთხეა.

  • საგადასახადო წნეხი და „შავი“ ბაზარი: სანამ მცირე მეწარმეს საბანკო ანგარიშებს უყინავენ ერთი დაგვიანებული დეკლარაციის ან მცირე ცდომილების გამო, იქვე, ქუჩაში, ასობით ათასი ლარი „შავად“, ყოველგვარი საბანკო გადარიცხვისა და გადასახადის გარეშე ბრუნავს. სახელმწიფო ატერორებს მას, ვინც „თეთრად“ მუშაობს და ვერ ამჩნევს მას, ვინც სისტემის მიღმაა.

  • გარე რეკლამა და ესთეტიკა: სანამ ოფიციალური ბიზნესი ათასგვარ ნებართვას ათანხმებს აბრის ზომასა თუ დიზაინზე, იქვე, ელექტროგადამცემ ბოძებსა და ისტორიულ ფასადებზე ათასობით „კუსტარული“ განცხადება და „შავი“ რეკლამაა აკრული. სახელმწიფო ჩაკირკიტებს ცივილურ აბრას და ვერ ამჩნევს ვიზუალურ ნაგავს.

დასკვნა: ეს არის მცდელობა, აკონტროლო ის, ვინც ისედაც ჩანს და კანონს ემორჩილება. რეალურ პრობლემას (იქნება ეს ქუჩის ძაღლები, ქუჩის ვაჭრობა თუ ავარიული შენობები) კი იმიტომ არ ეკარებიან, რომ ეგ „კბენს“, შრომატევადია და პოლიტიკურად არახელსაყრელი. ალიკაპს ისევ მას უკეთებენ, ვინც ისედაც საბელზეა.

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...