Monday, February 16, 2026

მმართველობითი ლოგიკის კომპლექსური დეკონსტრუქცია (2026 წლის თებერვლის მდგომარეობით)

 პაატა შეშელიძე




წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს პოლიტიკური მმართველობის დეკონსტრუქციას. ანალიზი ფოკუსირებულია იმ თანმიმდევრულ და შეგნებულ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანას საგარეო იზოლაციის, ეკონომიკური რეგრესის, ინსტიტუციური ნგრევის, ეკონომიკური და საგანმანათლებლო სფეროს ცენტრალიზებული კონტროლისკენ მიჰყავს. ეს არ არის მმართველობის შემთხვევითი ხარვეზები, არამედ თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სისტემური არჩევანი, რომელიც მიზნად ისახავს სპონტანური წესრიგის ჩანაცვლებას იძულებითი, ბიუროკრატიული დესპოტიით.

I. საგარეო პოლიტიკური იზოლაცია და ეპისტემოლოგიური აგრესია

საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავიდა ფუნქციურად პრორუსულ და ანტიდასავლურ ორბიტაზე. ეს პროცესი ემსახურება სახელმწიფო აპარატის — „ლევიათანის“ — გაძლიერებას მოქალაქეთა თავისუფლების ხარჯზე, რადგან საერთაშორისო ვალდებულებებისგან დისტანცირება მმართველ ელიტას ქვეყნის შიგნით დაუსჯელობის გარანტიას აძლევს.

ხელისუფლების მიზანმიმართული ნაბიჯები:

  1. კონსპიროლოგიის ინსტიტუციონალიზაცია: „გლობალური ომის პარტიის“ და „დიფ სთეითის“ ნარატივის დამკვიდრება წარმოადგენს ეპისტემოლოგიურ ომს ობიექტური რეალობის წინააღმდეგ. დასავლური ინსტიტუტების აგენტურულ ქსელებად გამოცხადება მიზნად ისახავს იდეების თავისუფალი ბაზრის ჩახშობას. ამ ნარატივში ინტეგრირებულია „მდიდარი ოჯახების“ მმართველობისა და „მასონური“ თემების შესახებ არსებული მითები, რაც საზოგადოებაში ბნელი ინსტინქტების გაღვიძებას ემსახურება.

  2. იზოლაციის პოლიტიკური მონეტიზაცია: საერთაშორისო კრიტიკის ინტერპრეტირება „ერზე თავდასხმად“ ემსახურება შიდაპოლიტიკურ კონსოლიდაციას შიშის საფუძველზე. პარტნიორების მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები პროპაგანდისტულად გასაღდება როგორც „ეროვნული თავდადების“ მტკიცებულება, რაც ამცირებს საერთაშორისო სამართლის, როგორც შემაკავებელი ფაქტორის, ეფექტურობას.

  3. უკრაინის ფაქტორი და სოლიდარობის ღალატი: „ნულოვანი სოლიდარობის“ პოლიტიკა (2022-2024) და მუდმივი შანტაჟი „მეორე ფრონტით“ ქვეყანას ართმევს რეგიონული უსაფრთხოების თავისუფალ პრინციპებს. მოკავშირეებთან მტრობა და მორალური ინტერესების ხელყოფა გამოიყენება ადგილობრივი ავტორიტარიზმის ლეგიტიმაციისთვის.

  4. ავტორიტარული ალიანსებთან ინტეგრაცია: დემონსტრაციული დაახლოება ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან არის არჩევანი არა პარტნიორობაზე, არამედ ავტორიტარულ გარანტიებზე, სადაც ინდივიდის უფლებები არაფერს ნიშნავს. ეს პროცესი მოიცავს ავტორიტარული ქყვეყნებთან მჭირდო ეკონომიკური ინტეგრაციის აქტიურ ლობირებას დასავლური ალიანსების საპირწონედ.

  5. ევროინტეგრაციის საბოტაჟი (2024-2026): პროცესის შეჩერება დასავლური ბიუროკრატიის „დეგრადაციის“ საბაბით სინამდვილეში ემსახურება ადგილობრივი დესპოტიის დაცვას საერთაშორისო კონტროლისგან. ევროპული ფასეულობების იდენტიფიცირება „ფსევდო-ლიბერალურ იდეოლოგიასთან“ მიზნად ისახავს საზოგადოების მორალურ დისტანცირებას ცივილიზებული სამყაროსგან.

  6. დიპლომატიური კორპუსის წმენდა: საგარეო უწყების მიზანმიმართული გასუფთავება პროდასავლური და კვალიფიციური კადრებისგან. დიპლომატიური სამსახურის გადაქცევა ვიწრო პარტიულ დანაყოფად, რაც გამორიცხავს დამოუკიდებელ პროფესიულ მსჯელობას საგარეო საფრთხეებზე.

  7. სუვერენიტეტის ფასადური რედეფინიცია: „სუვერენიტეტის“ ცნების გამოყენება როგორც ფარი საერთაშორისო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების წინააღმდეგ. ეს პრაქტიკულად ნიშნავს მმართველი ელიტის სრულ თავისუფლებას პასუხისმგებლობისგან საკუთარი მოქალაქეების წინაშე.

ობიექტური საერთაშორისო შედეგები:

  • აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაყინვა (2024 წლის ნოემბერი): ქვეყნის ამოვარდნა უსაფრთხოების დასავლური არქიტექტურიდან და თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის შეწყვეტა.

  • სანქციების „მაგნიტად“ ქცევა: პერსონალური სანქციები 200-ზე მეტი ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო სტატუსს, ზღუდავს მაღალჩინოსნების გადაადგილებას და ქვეყანას ეკონომიკურად სარისკო ზონად აქცევს.

  • ევროკავშირის ფინანსური და სამხედრო დახმარების ბლოკირება (2024-2025): ასობით მილიონი ევროს გრანტების შეჩერება და ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) სამხედრო მხარდაჭერის გაუქმება.

  • ევროინტეგრაციის ფორმალური შეჩერება: ევროკომისიის „გაფართოების პაკეტის“ (2025) ნეგატიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც საქართველო „კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელით“ და მასთან გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო დასრულებულია.

  • დიპლომატიური იზოლაცია: მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაუქმება დასავლეთის მხრიდან და პარტნიორების მხრიდან „ცარიელი სკამის“ პოლიტიკა ოფიციალურ საერთაშორისო ფორუმებზე, ხოლო არაფორმალ ფორუმებზე (დავოსი, მიუნხენი და ა.შ.) მხოლოდ ტექნიკური წარმომადგენლობის დაშვება საჯარო სიტყვით გამოსვლის გარეშე.

  • რეგიონული მარგინალიზაცია და „ჩიხური“ სტატუსი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესის ფონზე, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური არქიტექტურა ფუნდამენტურად იცვლება. საერთაშორისო ფინანსური ინვესტიციების ძირითადი ნაკადი და ახალი სატრანზიტო მაგისტრალების პერსპექტივა სწორედ ამ ორი ქვეყნისკენ ინაცვლებს. საქართველო, თავისი იზოლაციონისტური პოლიტიკისა და დასავლეთთან დაპირისპირების გამო, კარგავს რეგიონული ჰაბის უალტერნატივო სტატუსს და რჩება გლობალური ეკონომიკური პროცესების მიღმა, რაც ქვეყანას გეოპოლიტიკურ ჩიხად აქცევს.

II. ეკონომიკური რეგრესი და საკუთრების უფლების ნგრევა

ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება საკუთრების უფლების შეირყევას, თავისუფალი ბაზრის ინტერვენციულ შეზღუდვას და რესურსების ოლიგარქიულ გადანაწილებას.

  1. მეწარმის დემონიზაცია და ბიუროკრატიული პრივილეგიები: მმართველობის ლოგიკა კერძო სექტორს პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით ფილტრავს. როგორც სისტემის იდეოლოგი, იგი ებრძვის დოვლათის შემქმნელს: მეწარმეებს სიმდიდრეს აყვედრის, ხოლო პარაზიტულ ბიუროკრატიულ აპარატს საბიუჯეტო პრივილეგიებით კვებავს. ეს არის „შემქმნელის“ დასჯა ლოიალური აპარატჩიკების წახალისების ხარჯზე, რაც კლავს ინოვაციასა და თავისუფალ ბაზარს.

  2. ეკონომიკური ვოლუნტარიზმი: საჯარო რიტორიკა სავსეა ანტი-საბაზრო აბსურდით: მაღალი ფასების დაბრალება „მაღაზიების სიმრავლისთვის“, ფასების ხელოვნური კონტროლის იდეა და ავტომანქანების იმპორტზე ასაკობრივი ცენზის (6 წელი) შემოღება (2026 წლის 1 აპრილი). ეს უკანასკნელი პირდაპირი დარტყმაა საშუალო ფენაზე და ათიათასობით დასაქმებულზე, რაც ანგრევს ქვეყნის რეექსპორტის ჰაბის სტატუსს და ემსახურება მხოლოდ მსხვილი კლანური ინტერესების მომსახურებას.

  3. ინსტიტუციური ტყვეობა და ეროვნული ბანკი: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი გაუქმებით მან ფინანსური ინსტიტუტი რეჟიმის სალაროდ და სანქციებისგან თავის არიდების მექანიზმად აქცია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბანკის გამოყენება ფარცხალაძის ფულის „გასაპარებლად“ და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა, რითაც ქვეყნის საბანკო სისტემა გლობალური იზოლაციის საფრთხის წინაშე დადგა.

  4. იუანის რეზერვები: რეზერვების ნაწილის ჩინურ იუანში გადატანა (2025) ნიშნავს სანქციების შიშს და ქვეყნის დასავლური ფინანსური სისტემისგან შეგნებულ დაშორებას. არაკონვერტირებად ვალუტაზე დამოკიდებულება ზრდის ფინანსურ რისკებს და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა დანაზოგებს.

  5. „ოფშორების კანონი“ (2024): გაუმჭვირვალე კაპიტალის შემოტანის წახალისება ყოველგვარი შემოწმების გარეშე არის კორუფციული გარიგებებისა და სანქცირებული აქტივების ლეგალიზაციის მცდელობა. ეს ქმედება ქვეყანას საერთაშორისო ფინანსური მონიტორინგის (FATF) „შავ ზონაში“ მოხვედრის რისკს უქმნის.

  6. რესურსების ჩრდილოვანი გასხვისება და საკუთრების ეროზია: სახელმწიფო აქტივების გასხვისება გაუმჭვირვალე პირობებით — გონიოს ზღვისპირა მიწების დიდი ფართობების გადაცემა არაბული კომპანიებისთვის და სტრატეგიული ობიექტების (ანაკლია, ყულევი) ავტორიტარული კაპიტალისთვის გახსნა — მიუთითებს იმაზე, რომ საკუთრება ქვეყანაში პირობითია და დამოკიდებულია პოლიტიკურ მორჩილებაზე.

III. ინსტიტუციური ნგრევა და სამართლებრივი ტერორი

სახელმწიფო ინსტიტუტები გადაქცეულია დასჯისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, სადაც იურიდიული ფორმალიზმი სამართლის სულისკვეთების წინააღმდეგ არის გამოყენებული.

  1. კონსტიტუცია, როგორც დიქტატურის ჩარჩო: კონსტიტუციური ცვლილებებისა და სამართლებრივი აქრობატიკის მეშვეობით მოხდა ძალაუფლების სრული კონცენტრაცია ერთ ვერტიკალში. კანონი აქ სამართლიანობის კი არა, ძალაუფლების ლეგალიზაციისა და ოპონენტების დევნის მექანიზმია.

  2. შიშის ლეგალიზაცია (GEOFARA): 2025–2026 წლებში მიღებული რეპრესიული პაკეტი (უცხოური გავლენის რეგისტრაციის აქტი, გრანტების შეზღუდვა) კრიმინალიზაციას უკეთებს ნებისმიერ დამოუკიდებელ დაფინანსებას. რეგისტრაციის თავიდან აცილებისთვის ან „ლეგიტიმურობის არაღიარებისთვის“ დაწესებული 5-დან 12 წლამდე პატიმრობა არის სამოქალაქო სივრცის სრული კრიმინალიზაციის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება ECHR-ის სტანდარტებს.

  3. აზრის კრიმინალიზაცია (2026 წლის იანვარი): ხელისუფლების „კონსტიტუციური“ წყობის არაღიარებისთვის 3-წლიანი პატიმრობის მუქარა ნიშნავს აზრის კრიმინალიზაციის საბჭოთა პრაქტიკის დაბრუნებას. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არცერთი დამოუკიდებელი კერა.

  4. მართლმსაჯულება, როგორც ბრძანება: სასამართლო „კლანის“ მეშვეობით სამართალი (Law) ჩანაცვლებულია მმართველი კლასის კანონმდებლობით (Legislation). 2025 წლის ბოლოს პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა (150-ზე მეტი) არის ამ რეპრესიული აპარატის მუშაობის ობიექტური შედეგი.

  5. საპარლამენტო ზედამხედველობის ანექსია: საკანონმდებლო ორგანოს ტრანსფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების ტექნიკურ სამდივნოდ („სანოტარო კანტორად“). საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების სრული გაუქმება ნიშნავს ხალხის წარმომადგენლობითი ფუნქციის სიკვდილს.

  6. თვითმმართველობის ნგრევა: ცენტრალური ბიუროკრატიის მიერ რეგიონული და მუნიციპალური ავტონომიის ფაქტობრივი შთანთქმა. ადგილობრივი თვითმმართველობა გადაქცეულია პარტიული დირექტივების უსიტყვო შემსრულებლად.

  7. ძალადობის ლეგალიზაცია დაუსჯელობით: არაფორმალური რეპრესიული ჯგუფების („ზონდერების“) სისტემური იმუნიტეტი. კანონი იცავს მოძალადეს და სჯის მსხვერპლს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს სრულ ჩანაცვლებას ნიშნავს სახელმწიფოებრივი ტერორით.

  8. კანონის „იარაღად ქცევა“ (Weaponization of Law): ნებისმიერი რეპრესიული ნაბიჯი ფუთდება როგორც „დასავლური ანალოგი“. ეს არის ცინიკური მეთოდი დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაციისთვის მათივე ფორმალური ნიშნების გამოყენებით.

  9. მართლმსაჯულების შერჩევითობა და „ორმაგი სტანდარტი“: სისტემა ამკვიდრებს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას „თავისიანებისა“ და „მოწინააღმდეგეების“ მიმართ. კანონი გამოიყენება როგორც რეპრესიული იარაღი ოპონენტების დევნისა და განეიტრალებისთვის, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები სრული დაუსჯელობით სარგებლობს. ეს შერჩევითობა ანგრევს სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპს და მართლმსაჯულებას კლანური ინტერესების დაცვის მექანიზმად აქცევს.

IV. აკადემიური ინკვიზიცია და განათლების „რესტავრაცია“

განათლების სისტემის „ოპტიმიზაცია“ სინამდვილეში საბჭოთა ვერტიკალური კონტროლის აღდგენასა და თავისუფალი ინტელექტუალების განადგურებას ემსახურება. ეს არის განათლების სფეროში ცენტრალური დაგეგმვის (GOSPLAN) დაბრუნების მცდელობა.

  1. აკადემიური ინკვიზიცია და ფინანსური პარალიზება: ილიას უნივერსიტეტის ფინანსური პარალიზება და აკადემიური ავტონომიის სრული ლიკვიდაცია ამ პოლიტიკის ნათელი მაგალითია. მიზანია უნივერსიტეტების, როგორც კრიტიკული აზრის კერების, განადგურება და მათი მორჩილი ბიუროკრატების გამომშვებ კონვეიერებად გარდაქმნა.

  2. „ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი“: ეს აბსურდული მოდელი ანგრევს კონკურენციას უნივერსიტეტებს შორის, ხელოვნურად ამცირებს პროგრამების მრავალფეროვნებას და ზღუდავს სტუდენტის არჩევანის თავისუფლებას. საბჭოთა ყაიდის ცენტრალიზაციის ეს მეთოდი მომავალ თაობებს გლობალურ კონკურენტუნარიანობას ართმევს.

  3. ბოლონიის პროცესის საბოტაჟი: ევროპული უმაღლესი განათლების ერთიანი სივრცის სტანდარტების უგულებელყოფა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მექანიზმების ჩანაცვლება ადგილობრივი ბიუროკრატიული ფილტრით. ეს საფრთხეს უქმნის ქართული დიპლომების საერთაშორისო კონვერტირებადობას.

  4. „3+1“ მოდელი და საბჭოური რედივივი: განათლების ხანგრძლივობისა და შინაარსის ხელოვნური რეგულირება, რაც წარმოადგენს საბჭოთა საგანმანათლებლო ვერტიკალის რესტავრაციას. ეს არის „შემქმნელის“ დასჯა ლოიალური აპარატჩიკების გამოზრდის სასარგებლოდ.

  5. კერძო უნივერსიტეტების დისკრიმინაცია (2026): სახელმწიფო გრანტების გაუქმება კერძო სასწავლებლებისთვის არის თავისუფალი ბაზრის მიზანმიმართული მკვლელობა. სახელმწიფო ცდილობს მოახდინოს მონოპოლია განათლებაზე მხოლოდ საჯარო უნივერსიტეტების პრივილეგირებით, რათა სრულად გააკონტროლოს მომავალი თაობის ცნობიერება.

  6. აკადემიური პერსონალის წმენდა: კრიტიკული პროფესურის „წმენდა“ და მათი ჩანაცვლება ლოიალური, არაკომპეტენტური კადრებით (უარყოფითი სელექცია). აკადემიური ხარისხების მინიჭება ხდება არა მერიტოკრატიით, არამედ იდეოლოგიური მორჩილებით.

  7. უნივერსიტეტების საპოლიციო მართვა: სტუდენტური სივრცეების ტოტალური კონტროლი სპეცსამსახურების მიერ. პროტესტის ნებისმიერი გამოვლინება ისჯება არა მხოლოდ აკადემიური სტატუსის შეჩერებით, არამედ სამართლებრივი რეპრესიებით, რაც სტუდენტობას ეგზისტენციალური შიშის ქვეშ აყენებს.

  8. საქართველოს უნივერსიტეტის (UG) მიზანმიმართული დევნა: კერძო საგანმანათლებლო სექტორზე თავდასხმის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია. მმართველი ელიტა იყენებს სახელმწიფო ბერკეტებს სასწავლებლის ქონების პრივატიზების კანონიერების ეჭვქვეშ დასაყენებლად. ეს არის შერჩევითი სამართლის კლასიკური ნიმუში, სადაც ათწლეულების წინანდელი ეკონომიკური პროცესების რევიზია გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად დამფუძნებლების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ათასობით სტუდენტის განათლების უწყვეტობას.

  9. გადაწყვეტილების მიღების კულუარული პროცესი და საჯაროობის დეფიციტი: განათლების სფეროში მიმდინარე ყველა რეფორმა ხორციელდება ფარული, კულუარული გადაწყვეტილებების საფუძველზე, დარგის სპეციალისტებთან ყოველგვარი კონსულტაციებისა და საჯარო განხილვების გარეშე. საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მათ შესახებ მიღებული გადამწყვეტი ცვლილებების თაობაზე ხშირად მედიის საშუალებით იგებენ. თავად ეს გადაწყვეტილებები კი პერმანენტულად ექვემდებარება კორექტირებას მათი თავდაპირველი ჩიხური და არაპრაგმატული მიდგომების გამო, რაც სისტემას მუდმივი არაპროგნოზირებადობისა და ინსტიტუციური ქაოსის რეჟიმში ამყოფებს.

  10. ნეგატიური სელექცია და ლოიალური „ფსევდო-აკადემიური“ კერების წახალისება: რეფორმების შედეგი არა მხოლოდ დამოუკიდებელი და „არასასურველი“ უნივერსიტეტების დასჯაა, არამედ იმ სასწავლებლების ხელოვნური პრივილეგირება და წახალისება, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი აკადემიური წარსული, ტრადიცია ან ხარისხის მინიმალური სტანდარტი. მათი ერთადერთი „ღირსება“ რეჟიმისადმი უპირობო მორჩილებაა. ეს არის განათლების ბაზრის იძულებითი გადანაწილება, სადაც ხარისხი ჩანაცვლებულია იდეოლოგიური ვაჭრობით, ხოლო აკადემიური სივრცე ივსება შინაარსისგან დაცლილი, მაგრამ ლოიალური ინსტიტუტებით.

V. ეთიკური კოლაფსი და აპათიის ინჟინერია

სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების სრულ დემორალიზაციას, ობიექტური სიმართლის კატეგორიის გაუქმებას და ძალადობის, როგორც მართვის ლეგიტიმური ინსტრუმენტის, ნორმალიზაციას.

  1. ეპისტემოლოგიური ტერორი და სისტემური სიცრუე: ფაქტების შეგნებული უარყოფა, მონაცემების გაყალბება და სისტემატური ტყუილი, როგორც მმართველობის ყოველდღიური ინსტრუმენტი. ეს მიზნად ისახავს მოქალაქეს წაართვას ობიექტური რეალობის აღქმის უნარი და ის მუდმივი დეზინფორმაციის ტყვეობაში მოაქციოს.

  2. საინფორმაციო ოკუპაცია: ალტერნატიული რეალობის მშენებლობა სახელმწიფო პროპაგანდის საშუალებით, სადაც მეგობარი მტერია, ხოლო ოკუპანტი — პარტნიორი. ეს არის „ზომბირების“ არქიტექტურა, რომელიც რაციონალურ მსჯელობას შიშზე დაფუძნებული რეფლექსებით ანაცვლებს.

  3. ეთიკური ნიჰილიზმი და აპათიის თესვა: სისტემა მიზანმიმართულად ამკვიდრებს აზრს, რომ „ყველა ერთნაირია“ და „სიმართლე არ არსებობს“. მორალური რელატივიზმის დანერგვით ხდება სიმართლისა და ტყუილის გამმიჯნავი ზღვრის მოშლა, რაც წინააღმდეგობის ყოველგვარ მორალურ საფუძველს აბათილებს.

  4. ომი მომავლის წინააღმდეგ: ახალგაზრდობის ეგზისტენციალურ საფრთხედ გამოცხადება და მათ წინააღმდეგ წარმოებული შავი პროპაგანდა. რეჟიმი მომავალ თაობას აღიქვამს არა პოტენციალად, არამედ ძალაუფლებისთვის საფრთხედ, რაც ეთიკური კოლაფსის უმძიმესი გამოხატულებაა.

  5. მსხვერპლთა დისკრედიტაცია: სტიქიური უბედურებებისა თუ სხვა ტრაგედიების დროს დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახების წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიები. სისტემა იყენებს პროპაგანდას მსხვერპლთა „გასაშავებლად“, რათა გადაფაროს საკუთარი არაკომპეტენტურობა და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.

  6. ფსევდო-ტრადიციონალიზმი და რელიგიური ფარისევლობა: ტრადიციული ღირებულებებისა და რელიგიის პოლიტიკურ ფარად გამოყენება ავტორიტარული ზომების გასამართლებლად, მაშინ როცა რეალური ქმედებები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ჰუმანურ ეთიკას.

  7. სიძულვილის ენის პოლიტიზება: მოწყვლადი ჯგუფების დემონიზაცია საზოგადოების პოლარიზაციისა და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად. ეს არის „დაყავი და იბატონეს“ კლასიკური ავტორიტარული მოდელი.

VI. დემოგრაფიული კატასტროფა და კაპიტალის მასობრივი გადინება

მმართველობის ლოგიკამ ქვეყანა მიიყვანა უმძიმეს დემოგრაფიულ კრიზისამდე, რაც თავისუფლების დეფიციტისა და ორკესტრირებული სისტემური რეგრესის პირდაპირი შედეგია.

  1. ემიგრაცია, როგორც პოლიტიკური „უსაფრთხოების სარქველი“: სისტემა შეგნებულად უწყობს ხელს ყველაზე აქტიური, განათლებული და პროტესტული მუხტის მქონე მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებას. რაც მეტი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, მით უფრო მცირდება შიდა პროტესტის რესურსი და მით უფრო იზრდება დარჩენილი, სოციალურად დაუცველი ფენების დამოკიდებულება სახელმწიფო შემწეობებსა და ადმინისტრაციულ რესურსზე.

  2. შემმოქმედებითი კლასის ექსოდუსი (Creative Class Exodus): ქვეყნიდან მასობრივად გაედინება ყველაზე პროდუქტიული და კვალიფიციური კადრები. მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ არა მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირის, არამედ უპერსპექტივობის, აკადემიური ინკვიზიციისა და პერსონალური უსაფრთხოების განცდის არარსებობის გამო.

  3. ადამიანური კაპიტალის დეგრადაცია: განათლების მონოპოლიზაცია და პროფესიონალიზმის ჩანაცვლება პოლიტიკური ლოიალობით იწვევს სახელმწიფო მართვის ყველა რგოლის დეგრადაციას. „უარყოფითი სელექცია“ კლავს მერიტოკრატიას და ქვეყანას ართმევს გრძელვადიან განვითარების პოტენციალს.

  4. ფინანსური კაპიტალის გაქრობა: გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის, ეროვნული ბანკის პოლიტიზებისა და იზოლაციონიზმის გამო, ქვეყნიდან გაედინება როგორც ადგილობრივი, ისე დასავლური კაპიტალი. კაპიტალის მასობრივი გადინება სპონტანურ ეკონომიკურ ზრდას შეუძლებელს ხდის და ქვეყანას ჩიხურ ეკონომიკურ ზონად აქცევს.

VII. ტოტალური თვალთვალი და კომპრომატების მართვა

სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატი გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად, რომლის მიზანია არა საფრთხეების პრევენცია, არამედ საზოგადოების ტოტალური კონტროლი და მორჩილების უზრუნველყოფა.

  1. უკანონო მოსმენების ინსტიტუციონალიზაცია: ტოტალური თვალთვალი და მიყურადება ყველა იმ პირზე, ვინც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ეს არის სისტემა, სადაც პირადი სივრცე გაუქმებულია სახელმწიფო „ლევიათანის“ სასარგებლოდ, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სპონტანური პოლიტიკური აქტივობა.

  2. კომპრომატების არქივი და სისტემური შანტაჟი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ინფორმაციის შეგროვება, როგორც მმართველობის სტრატეგიული იარაღი. კომპრომატების გამოყენება მიზნად ისახავს ელიტებისა და ოპონენტების მორჩილებაში ყოლას და ნებისმიერი ალტერნატიული ლიდერობის მცდელობის ჩანასახშივე განადგურებას მორალური ტერორის გზით.

  3. შიშის კულტურა და თვითცენზურა: „მოსმენის“ მუდმივი განცდის დანერგვა საზოგადოების ყველა ფენაში. ეს კლავს თავისუფალ დებატებს, კრიტიკულ აზროვნებას და ნებისმიერ სპონტანურ სოციალურ აქტივობას. შიში ხდება სისტემის სტაბილურობის მთავარი გარანტი, რაც მოქალაქეს აიძულებს თვითცენზურასა და პოლიტიკურ აპათიას.

VIII. ენერგეტიკული და რესურსული დამოკიდებულება

ეკონომიკური სუვერენიტეტის ფასადური რიტორიკის მიღმა ხდება ქვეყნის კრიტიკული რესურსების ჩრდილოვანი გასხვისება და ავტორიტარულ რეჟიმებზე გეოპოლიტიკური დამოკიდებულების გაზრდა.

  1. ენერგეტიკული ანექსია და სუვერენიტეტის ეროზია: სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა რუსული და ჩინური სახელმწიფო კომპანიებისთვის გაუმჭვირვალე გარიგებების საფუძველზე. ეს არ არის მხოლოდ კომერციული პროცესი; ეს არის ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაუქმება და საქართველოს გადაქცევა გეოპოლიტიკური ვაჭრობის ობიექტად, სადაც ენერგორესურსები პოლიტიკური შანტაჟის იარაღია.

  2. რესურსების ოლიგარქიული მონეპოლიზაცია: წყლის, მიწისა და წიაღისეულის კონტროლის კონცენტრაცია ვიწრო ოლიგარქიული ჯგუფების ხელში. ეს პროცესი ანგრევს საკუთრების უფლების ფუნდამენტს და ქვეყანას აქცევს „რესურსულ წყევლაზე“ დამოკიდებულ ჩაკეტილ ზონად, სადაც ბუნებრივი სიმდიდრე ხმარდება არა საზოგადოებრივ განვითარებას, არამედ რეჟიმის ფინანსურ სიმყარეს.

  3. ანაკლიის პორტი და გეოპოლიტიკური მძევლობა: პორტის მშენებლობის უფლების გადაცემა ჩინური სახელმწიფო კონსორციუმისთვის წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს დასავლური უსაფრთხოების სტანდარტებიდან დისტანცირებისკენ. ქვეყნის მთავარი სტრატეგიული გამოსავალი ზღვაზე ხდება ავტორიტარული კაპიტალის მძევალი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს აქცევს ანტიდასავლური ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილად.

  4. ინფრასტრუქტურული ჩიხი და დამოკიდებულების ციკლი: სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მიბმა ავტორიტარულ სახელმწიფო კაპიტალზე ქმნის დამოკიდებულების ციკლს, სადაც ქვეყანა კარგავს მანევრირების უნარს. ნებისმიერი მცდელობა ევროპულ ორბიტაზე დაბრუნებისა ხდება ფინანსურად და ენერგეტიკულად „დასჯადი“ იმ აქტორების მიერ, რომლებმაც ქვეყნის რესურსებზე კონტროლი მოიპოვეს.

IX. პოლიტიკური პლურალიზმის ლიკვიდაცია და საზოგადოებრივი სივრცის ანექსია

მმართველობის საბოლოო ეტაპი მოიცავს ნებისმიერი ალტერნატიული პოლიტიკური ველის განადგურებას და მოქალაქის ფიზიკურ განდევნას საჯარო სივრცეებიდან.

  1. ოპოზიციური ველის „გასუფთავება“: პოლიტიკური პარტიების დე-ფაქტო აკრძალვა და მათი საქმიანობის კრიმინალიზაცია „ეროვნული ღალატის“ ან „უცხოური აგენტობის“ საბაბით. პოლიტიკური პლურალიზმის ჩანაცვლება ერთპარტიული ჰეგემონიით, სადაც ოპოზიციური აზრი აღქმულია როგორც ეგზისტენციალური საფრთხე სისტემისთვის.

  2. პროტესტის კრიმინალიზაცია და ადმინისტრაციული ტერორი: მშვიდობიანი შეკრების უფლების ფაქტობრივი გაუქმება. აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებული ასტრონომიული ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება მათ ფინანსურ გაკოტრებას და პროტესტის მუხტის ჩახშობას ეკონომიკური რეპრესიების გზით.

  3. საჯარო სივრცეების ფიზიკური ოკუპაცია: სახელმწიფო ინსტიტუტების (პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის) ირგვლივ რკინის ბარიერებისა და საპოლიციო კორდონების მუდმივი განლაგება. საჯარო მოედნების გადაქცევა „აკრძალულ ზონებად“ მიზნად ისახავს მოქალაქის ფიზიკურ დისტანცირებას ძალაუფლების ცენტრებისგან, რათა პროტესტი იყოს უხილავი და უშედეგო.

  4. სამოქალაქო საზოგადოების დემონტაჟი: დამოუკიდებელი ორგანიზაციების იძულებითი დახურვა და მათი რესურსების კონფისკაცია. საზოგადოებრივი აქტივობის ჩანაცვლება სახელმწიფოზე დამოკიდებული „ფსევდო-სამოქალაქო“ ჯგუფებით (GONGOs), რომლებიც რეჟიმის დეკორაციის როლს ასრულებენ.

  5. მედიის უზურპაცია და განსხვავებული აზრის დევნა: კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ წარმოებული სისტემური სამართლებრივი და ფინანსური რეპრესიები. მედიასივრცის მონოპოლიზაცია სახელმწიფო პროპაგანდის მიერ და განსხვავებული აზრის მატარებელი ჟურნალისტების პერსონალური დევნა მიზნად ისახავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროების სრულ ლიკვიდაციას.

X. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მარგინალიზაცია და „ეროვნული ამნეზია“

მმართველობის ლოგიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოხატულებაა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის შეგნებული ამოღება სახელმწიფო პრიორიტეტებიდან და მისი ფაქტობრივი „დავიწყება“ ოკუპანტთან ურთიერთობის „დათბობის“ სანაცვლოდ.

  1. საკითხის ამოღება საერთაშორისო დღის წესრიგიდან: „ნაბიჯ-ნაბიჯ“ პოლიტიკა, რომელიც სინამდვილეში ემსახურება ოკუპაციის თემის საერთაშორისო ტრიბუნებიდან გაქრობას. მოკავშირეების მხრიდან ზეწოლის შესუსტება ოკუპანტზე ხდება საქართველოს ხელისუფლების შეგნებული საბოტაჟით, რათა არ მოხდეს კრემლის „გაღიზიანება“.

  2. „ომის პარტიის“ ნარატივი, როგორც დე-ოკუპაციის ბლოკატორი: ნებისმიერი საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიაზე ან საერთაშორისო სამართლებრივ ბრძოლაზე პროპაგანდისტულად გასაღდება როგორც „ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა“. ამით ხდება ოკუპაციასთან შეგუების ფსიქოლოგიური ნორმალიზაცია.

  3. დევნილთა უფლებების იგნორირება და ინსტიტუციური მარგინალიზაცია: ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკითხის პოლიტიკური განზომილებიდან მხოლოდ სოციალურ პრობლემამდე დაყვანა. ამ პროცესის ნაწილია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ლეგიტიმური საბჭოსა და მთავრობის ფაქტობრივი ნომინალიზაცია — მათ აღარ გააჩნიათ არანაირი პოლიტიკური წონა ან რეალური გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. პარალელურად, საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოჰყვა მიზანმიმართულ „შეკვეცაში“, რაც ასუსტებს დევნილი საზოგადოების ინტელექტუალურ კერებს. სისტემა ცდილობს წაართვას დევნილებს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, ხმა, რათა მათი დაბრუნების მოთხოვნა აღარ ჟღერდეს სახელმწიფოებრივ მოთხოვნად.

  4. ისტორიული მეხსიერების წაშლა და პასუხისმგებლობის დეფუზია: სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს დანაშაულის თანაბრად გადანაწილებას (ე.წ. „ორივე მხარის ბრალეულობა“), რითაც ხდება ოკუპანტის ცალსახა პასუხისმგებლობის ბუნდოვანება. ეს არის „ეროვნული ამნეზიის“ ინჟინერია, რომელიც მომავალ თაობებს ართმევს სამართლიანობის აღდგენის მორალურ საფუძველს.

დასკვნა

წინამდებარე ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს არა მმართველობის ცალკეულ ხარვეზებთან, არამედ ორკესტრირებულ სისტემურ პოლიტიკასთან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ისედაც სუსტი დემოკრატიული საფუძვლების ფუნდამენტურ მოშლას. ეს პროცესი იმართება პროფესიონალი პოლიტ-ტექნოლოგების მიერ, რომლებიც საინფორმაციო ნაკადებსა და რეპრესიულ კამპანიებს სოციალური ანალიტიკის საფუძველზე, „მათემატიკური“ სიზუსტით გეგმავენ. ძალაუფლების უვადოდ შენარჩუნების მცდელობა ეყრდნობა რუსეთის, ირანის და ჩინეთის ავტორიტარულ მოდელებს, რაც ქვეყანას ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციაში აქცევს.

სისტემის იერარქია მკაფიო და ცინიკურია: ადგილობრივმა ოლიგარქიულმა ბირთვმა გააკეთა პრაგმატული და ეგზისტენციალური არჩევანი — დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა ავტორიტარული რეჟიმებისგან, განსაკუთრებით კრემლისგან, ხელშეუხებლობის გარანტიების სანაცვლოდ. მათთვის ეს არის ერთადერთი გზა, რათა შეინარჩუნონ საეჭვო წარმოშობის სიმდირე, სტრატეგიული „დერეფნების“, „პორტების“ და „მილსადენების“ უზურპირებული კონტროლი და პერსონალური დაუსჯელობის და ხელშეუხებლობის სისტემა. ოლიგარქიას ასე აწყობს, რადგან ის ეკონომიკას აღიქვამს როგორც „ნულოვანი ჯამის თამაშს“ (Zero-sum game): მათთვის „ეროვნული ღვეზელის“ ზომა სტატიკურია, ამიტომ მთელი ძალისხმევა მიმართულია ამ ფიქსირებულ მოცულობაში საკუთარი წილის მაქსიმალურ გაზრდაზე. სწორედ ეს ხსნის მათ სწრაფვას ავტორიტარული სისტემისკენ, სადაც რესურსების განაწილებაზე მონოპოლია მხოლოდ ძალაუფლების ტოტალურ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული.

სტრატეგიული დაგეგმვა კონცენტრირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე და უაღრესად ეფექტურია ამ მიზნის განხორციელებაში, თუმცა მისი ყოველი დეტალი პირდაპირ ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერთა ინტერესებს. ამ გეგმის შესრულება დაკისრებული აქვს საჯარო ფიგურებსა და ბიუროკრატიულ კადრებს, მედიას და ექსპერტულ წრეებს. ეს შემსრულებლები თავად არ ქმნიან პოლიტიკას, არამედ მხოლოდ ახმოვანებენ და ტექნიკურად ახორციელებენ წინასწარ განსაზღვრულ დირექტივებს, რომელთაც შესაბამისი მრჩევლები ავტორიტარულ ნარატივებში ფუთავენ. მათი ქცევა წარმოადგენს გათვლილი მართვის მეთოდს, სადაც განსხვავებული აზრი დაუყოვნებლივ იკვეთება. ხოლო შემსრულებლების სიხისტე, არაკომპეტენტურობა თუ მიამიტობა არის არა სელექციური შეცდომა, არამედ ინსტრუმენტი. შემსრულებელი კადრების შერჩევა ეფუძნება არა პროფესიონალიზმს, არამედ მორჩილებას, შემგუებლობას, გამორჩენასა და ემოციურ ლოიალობას, რაც განაპირობებს ადმინისტრაციულ დეგრადაციას. ამ პროცესში ნებისმიერი „კადრი“ მხოლოდ დროებითი საშუალებაა სისტემის თვითგადარჩენისთვის და მათ არავითარი ინდივიდუალური ფასეულობა არ გააჩნიათ.

პროპაგანდის მანქანა ყოველდღიურად ცდილობს აბსურდის ლოგიკურ ჩარჩოდ წარმოჩენას. თუმცა, როდესაც საქმე ეხება რეალურ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ შედეგებს, მკაფიოდ იკვეთება ქაოსი, ნორმების ნგრევა და პასუხისმგებლობის პერსონიფიცირების გაქრობა. მოდელი, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს რესურსებით მდიდარ ავტოკრატიებში, ვერ იმუშავებს ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარე ძალებზე და რუსეთის მილევად პოლიტიკურ ნებაზე. ობიექტური ფაქტები — იზოლაცია, ეკონომიკური რეგრესი და პოლიტიკური რეპრესიები — აღარ ექვემდებარება რიტორიკულ მანიპულაციას.

სინამდვილეში კი, „ეროვნული ღვეზელის“ ზომა პირდაპირდამოკიდებულია ადამიანების თავისუფლებასა და სამართლიან ინსტიტუციურ წესრიგზე. სწორედ თავისუფლებაა ის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა დოვლათი უსასრულოდ გაიზარდოს და ყველას მეტი შეხვდეს — ეს არის ალტერნატივა, რომელიც ოლიგარქიამ საკუთარი მოკლევადიანი ხეირის გამო უარყო. მაგრამ არანაირ პროპაგანდას არ შეუძლია შეცვალოს ობიექტური რეალობა: კოლაფსი არის კოლაფსი, იზოლაცია არის იზოლაცია, ხოლო A არის A!

No comments:

Post a Comment

მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...