Friday, February 13, 2026

გამორჩენის ანატომია: ფსიქოტიპიური პორტრეტი


პაატა შეშელიძე

რა არის „გამორჩენა“?

მარტივად რომ ვთქვათ, გამორჩენა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ყველაფერში – ურთიერთობებში, სამსახურში თუ პოლიტიკაში – ეძებს მხოლოდ პირად, მატერიალურ სარგებელს. ეს არ არის უბრალოდ „კუთვნილის მიღება“; ეს არის მცდელობა, რომ სიტუაციიდან იმაზე მეტი გამოწუროს, ვიდრე რეალურად ეკუთვნის ან ვიდრე იმსახურებს.

მისი იდეალია, რომ თვითონ კი არ შექმნას რაიმე ღირებული, არამედ მხოლოდ სხვისი (სახელმწიფოსი თუ კერძო სექტორის) რესურსი მოიხმაროს საკუთარი კეთილდღეობისთვის.

აი, რისგან შედგება „გამორჩენის“ ფილოსოფია:

  • პირადი სარგებელი საერთო ინტერესის ხარჯზე: აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანი საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, არამედ ის უსინდისო და მახინჯი ხეირი, რომელსაც ის სხვების ხარჯზე ეძებს. გამორჩენაზე ორიენტირებულ ტიპაჟს საერთოდ არ ადარდებს, ქვეყანას რა ეშველება ან კომპანია როგორ განვითარდება — მისი ერთადერთი ფიქრია: „აქედან მე რა დამრჩება?“.

  • უსამართლო უპირატესობა: ეს ხშირად ნიშნავს სხვისი შრომის მითვისებას ან „ჩაწყობით“, ნაცნობობით და „ხლართებით“ რაღაცის მიღებას.

  • მოკლევადიანი ხეირი: გამორჩენა ხშირად დღევანდელი კვერცხის არჩევაა ხვალინდელ ქათამზე. მთავარია დღეს ჩაიჯიბოს, დღეს მოიწყოს თბილი ადგილი, ხვალ რა იქნება – არ ადარდებს, რადგან ფიქრობს, რომ ყველაფერს მოერგება.

  • ნივთებით გაზომილი წარმატება: მანქანა, ძვირიანი საათი, აგარაკი — მისთვის ეს ნივთები იმის დასტურია, რომ „მაგარი ტიპია“ და ცხოვრებაში „გაიჩალიჩა“.

აკადემიურ ენაზე ამას „ამორალური ოპორტუნიზმი“ ჰქვია – საკუთარი ჯიბის გასქელება ყველაფრის ფასად, ყოველგვარი პრინციპების ღალატის ხარჯზე. აი, ეს მექანიზმი ხუთ ძირითად პუნქტად:

1. სახელმწიფო როგორც „წველილი ძროხა“

მისთვის ქვეყანა და ბიუჯეტი არის ხერხი, რომ რამე ჩაიჯიბოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მსხვილი ტენდერი, სსიპ-ში გაფორმებული უსაქმური ნათესავი თუ უბრალოდ „პატრონის“ მფარველობა. მისი ერთგულება ყოველთვის ნაყიდია — სანამ სისტემა რამეს აძლევს, ის ერთგულია. როგორც კი „ონკანი“ დაიკეტება, მისი სიყვარულიც ქრება.

2. საითაც ქარი ქრის

ამ ადამიანს არ აქვს იდეოლოგია ან პრინციპი. დღეს თუ „ერთისკენაა“, იმიტომაა, რომ ასე აწყობს. ხვალ რომ "მეორე" მოვიდეს და მეტი სარგებელი შესთავაზოს, პირველი ის გადაირბენს იქით და დაიწყებს ძველების ლანძღვას. მთავარი ნიჭი ისაა, რომ ყოველთვის იცოდეს, ვისთან „დალაგდეს“.

3. „ჩემიანი“ და ნათესავ-მეგობრობა

მისი სამყარო დაყოფილია ორად: „ჩვენიანები“ და „მტრები“. თუ მისიანია, მკვლელიც რომ იყოს, მაინც გაამართლებს. ნეპოტიზმი მისთვის პრობლემა კი არა, ცხოვრების წესია. „აბა, სხვას ხომ არ გავახარებ, ჩემს ახლობელს მივეხმარები“ – ეს არის მისი ლოგიკა. კვალიფიკაციას და ნიჭს მისთვის ფასი არ აქვს, მთავარია იყოს „ერთგული ძმაკაცი“.

4. „ინსტიტუციური შიში“

ამ ფსიქოტიპს ყველაზე მეტად ეშინია კანონის უზენაესობის და გამჭვირვალე სისტემის. რატომ? იმიტომ, რომ სამართლიან გარემოში ის ვერაფერს „გაჩარხავს“. მისი არსებობის პირობა ბუნდოვანი გარემო და კულუარული შეთანხმებებია. ამიტომ, ის ყოველთვის დაიცავს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას „ხლართების“ საშუალებას აძლევს.

5. „ყველა მასე არ შვრება?!“

ეს არის მისი მთავარი თავის მოსატყუებელი ფრაზა. როცა სინდისი შეაწუხებს (თუ შეაწუხებს), ეგრევე იტყვის: „რა მოხდა მერე? სხვები უკეთესები არიან? ისინიც ჭამდნენ და ესენიც ჭამენ“. ამით საკუთარ სიგლახეს ამართლებს და მშვიდად იძინებს.

შეჯამება:

მშვიდობასა და სტაბილურობაზე ეს ტიპაჟი იმიტომ ლაპარაკობს, რომ პანიკურად ეშინია — ნებისმიერი ცვლილება საფრთხეს უქმნის მის „თბილ ადგილსა“ და წლების განმავლობაში ნაგებ „გამორჩენის სქემებს“. მისი სტაბილურობა არა ქვეყნის განვითარება, არამედ ჭაობის უძრაობაა, სადაც ის თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. მას არ გააჩნია რაციონალური ფასეულობების სისტემა და არც მომავლის ხედვა; მისი მთელი ინტელექტი მომართულია მხოლოდ „აქ და ამჟამად“ მაქსიმალური ხეირის მოხვეჭაზე.

ეს ფსიქოტიპი არის ანტი-ატლანტი. ის არათუ არ აწევს ცას საკუთარ მხრებზე, პირიქით — ის პარაზიტივითაა ჩამოკიდებული მათზე, ვინც რეალურ დოვლათს ქმნის, და ამავდროულად მათ ჯიბეებშიც ხელფათურობს. მისთვის სტაბილურობა არის მხოლოდ ის ხელსაყრელი სიმშვიდე, რომელიც სჭირდება პარაზიტს, რათა მასპინძელმა დროულად ვერ შეამჩნიოს მისი არსებობა და მისი მოცილება ვერ მოასწროს. მისი ერთადერთი „პრინციპი“ საკუთარი მუცლის ამოვსებაა, ხოლო „იდეოლოგია“ — იმ ხელით კვება, რომელიც მას ამ მომენტში ყველაზე მეტს სთავაზობს.

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...