მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
2026 წლის 14 თებერვლი, მიუნხენი, გერმანია
ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, როგორც ისტორიული ალიანსის მონაწილეები – ალიანსისა, რომელმაც გადაარჩინა და შეცვალა მსოფლიო. 1963 წელს, როდესაც ეს კონფერენცია პირველად ჩატარდა, ის ტარდებოდა ქვეყანაში – უფრო მეტიც, კონტინენტზე – რომელიც საკუთარ თავთან იყო დაპირისპირებული და ორად გაყოფილი. ხაზი კომუნიზმსა და თავისუფლებას შორის პირდაპირ გერმანიის გულზე გადიოდა. ბერლინის კედლის პირველი მავთულხლართები სულ რაღაც ორი წლით ადრე იყო აღმართული.
ხოლო იმ პირველ კონფერენციამდე რამდენიმე თვით ადრე, სანამ ჩვენი წინამორბედები პირველად შეხვდებოდნენ აქ, მიუნხენში, კარიბის კრიზისმა მსოფლიო ბირთვული განადგურების ზღვარზე დააყენა. იმ დროს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როგორც ამერიკელების, ისე ევროპელების მეხსიერებაში, ჩვენ აღმოვჩნდით ახალი გლობალური კატასტროფის საფრთხის წინაშე – ისეთი კატასტროფის, რომელსაც აპოკალიფსური მასშტაბის შეუქცევადი ნგრევა მოჰყვებოდა, რაც კაცობრიობას მანამდე არ უნახავს.
იმ პირველი შეხვედრის დროს საბჭოთა კომუნიზმი წინ მიიწევდა. ათასწლოვანი დასავლური ცივილიზაცია ბეწვზე ეკიდა. მაშინ გამარჯვება სულაც არ იყო გარანტირებული. მაგრამ ჩვენ საერთო მიზანი გვამოძრავებდა. ჩვენ ერთიანი ვიყავით არა მხოლოდ იმაში, თუ რის წინააღმდეგ ვიბრძოდით, არამედ იმაშიც, თუ რისთვის ვიბრძოდით. და ერთად ევროპამ და ამერიკამ გაიმარჯვეს. კონტინენტი აღდგა, ჩვენმა ხალხებმა კი კეთილდღეობას მიაღწიეს. დროთა განმავლობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ ბლოკები გაერთიანდნენ; ცივილიზაცია კვლავ გამთლიანდა. ის სამარცხვინო კედელი და ყველაფერი, რაც ამ ერს შუაზე ყოფდა, დაინგრა, მასთან ერთად კი დაეცა „ბოროტების იმპერია“ – აღმოსავლეთი და დასავლეთი კვლავ ერთ მთლიანობად იქცა.
თუმცა, ამ გამარჯვების ეიფორიამ მიგვიყვანა სახიფათო ილუზიამდე – ფიქრამდე, რომ ჩვენ შევედით, ციტირებას ვახდენ, „ისტორიის დასასრულში“; რომ ამიერიდან ყველა ქვეყანა ლიბერალურ დემოკრატიად იქცეოდა; რომ ვაჭრობითა და კომერციით შექმნილი კავშირები ჩაანაცვლებდა ეროვნულობას; რომ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი – ეს უკვე გაცვეთილი ტერმინია – გამოდევნიდა ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ კი ვიცხოვრებდით უსაზღვრო სამყაროში, სადაც ყველა „მსოფლიო მოქალაქე“ გახდებოდა.
ეს იყო სულელური იდეა, რომელიც უგულებელყოფდა ადამიანის ბუნებას და კაცობრიობის ხუთი ათას წელზე მეტი ხნის დოკუმენტირებულ ისტორიას. და ეს ჩვენ ძვირი დაგვიჯდა. ამ ბოდვაში ყოფნისას, ჩვენ მივიღეთ თავისუფალი და შეუზღუდავი ვაჭრობის დოგმატური ხედვა მაშინაც კი, როდესაც სხვა ქვეყნები იცავდნენ თავიანთ ეკონომიკას, ასუბსიდირებდნენ საკუთარ კომპანიებს და სისტემატურად უთხრიდნენ ძირს ჩვენსას – ხურავდნენ ჩვენს ქარხნებს, რაც იწვევდა ჩვენი საზოგადოებების დიდი ნაწილის დეინდუსტრიალიზაციას, მილიონობით საშუალო კლასის სამუშაო ადგილის საზღვარგარეთ გატანას და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიწოდების ჯაჭვების კონტროლის გადაცემას მოწინააღმდეგეებისა და მეტოქეებისთვის.
ჩვენ სულ უფრო ხშირად გადავცემდით საკუთარ სუვერენიტეტს საერთაშორისო ინსტიტუტებს, მაშინ როცა ბევრი ქვეყანა ინვესტირებას ახდენდა სოციალური უზრუნველყოფის უზარმაზარ სისტემებში საკუთარი თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნების ხარჯზე. ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც სხვა სახელმწიფოები ახორციელებდნენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფ სამხედრო გაძლიერებას და არ ყოყმანობდნენ „ხისტი ძალის“ გამოყენებაზე საკუთარი ინტერესების წინ წასაწევად.
„კლიმატური კულტის“ დასამშვიდებლად, ჩვენ თავს მოვიხვიეთ ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც აღარიბებს ჩვენს ხალხებს, მაშინ როდესაც ჩვენი კონკურენტები იყენებენ ნავთობს, ნახშირს, ბუნებრივ აირს და ყველაფერ სხვას – არა მხოლოდ თავიანთი ეკონომიკების გასაძლიერებლად, არამედ ჩვენზე ზეწოლის ბერკეტადაც.
უსაზღვრო სამყაროსკენ სწრაფვაში ჩვენ კარი გავუღეთ მასობრივი მიგრაციის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოებების ერთიანობას, ჩვენი კულტურის უწყვეტობას და ჩვენი ხალხების მომავალს. ჩვენ ეს შეცდომები ერთად დავუშვით. ახლა კი ვალდებულნი ვართ, ერთად ვაღიაროთ ეს ფაქტები და წინ წავიდეთ – აღდგენისკენ.
პრეზიდენტ ტრამპის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ იტვირთებს განახლებისა და აღორძინების ამოცანას, რაც ნაკარნახევია ისეთივე ამაყი, სუვერენული და სიცოცხლისუნარიანი მომავლის ხედვით, როგორიც ჩვენი ცივილიზაციის წარსული იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ეს მარტო გავაკეთოთ, ჩვენი პრიორიტეტი და იმედია, რომ ამას თქვენთან – ჩვენს მეგობრებთან ერთად გავაკეთებთ აქ, ევროპაში.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ერთმანეთს ვეკუთვნით. ამერიკა 250 წლის წინ დაარსდა, მაგრამ მისი ფესვები გაცილებით ადრე, ამ კონტინენტის ისტორიაში დაიწყო. ადამიანებმა, რომლებმაც დაასახლეს და ააშენეს ჩემი დაბადების ქვეყანა, ჩვენს ნაპირებამდე მოიტანეს თავიანთი წინაპრების მეხსიერება, ტრადიციები და ქრისტიანული რწმენა, როგორც წმინდა მემკვიდრეობა – განუყოფელი კავშირი ძველ და ახალ სამყაროს შორის.
ჩვენ ერთი ცივილიზაციის – დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაერთიანებს ყველაზე ღრმა კავშირები, რაც კი შეიძლება ერებს შორის არსებობდეს: საერთო ისტორიის საუკუნეები, ქრისტიანული რწმენა, კულტურა, მემკვიდრეობა, ენა, წინაპრები და ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ერთად გაიღო საერთო ცივილიზაციისთვის, რომლის მემკვიდრეებიც ჩვენ გავხდით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, ამერიკელები, ხანდახან ცოტა პირდაპირები და დაჟინებულები ვჩანართ ჩვენს რჩევებში. სწორედ ამიტომ ითხოვს პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულობას და ურთიერთგაგებას (რეციპროკულობას) ჩვენი მეგობრებისგან აქ, ევროპაში. მიზეზი, ჩემო მეგობრებო, ისაა, რომ ჩვენთვის ეს სულერთი არ არის. ჩვენთვის სულერთი არ არის თქვენი და ჩვენი საერთო მომავალი. და თუ ხანდახან აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, ეს გამომდინარეობს ჩვენი ღრმა წუხილიდან ევროპაზე, რომელთანაც მხოლოდ ეკონომიკური და სამხედრო კავშირები კი არ გვაერთიანებს, არამედ სულიერი და კულტურული ერთობა. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა იყოს ძლიერი. ჩვენ გვწამს, რომ ევროპამ უნდა გაძლოს, რადგან გასული საუკუნის ორი დიდი ომი ისტორიის მუდმივი შეხსენებაა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ბედი ყოველთვის იყო და იქნება თქვენთან გადაჯაჭვული. ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ბედი ჩვენთვის არასოდეს იქნება უმნიშვნელო.
ეროვნული უსაფრთხოება – რასაც დიდწილად ეძღვნება ეს კონფერენცია – არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხების ერთობლიობა. რამდენს ვხარჯავთ თავდაცვაზე და სად თუ როგორ განვათავსებთ მას – ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. მაგრამ ეს არ არის უმთავრესი. ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც პირველ რიგში უნდა ვუპასუხოთ, შემდეგია: რას ვიცავთ ჩვენ სინამდვილეში? რადგან არმიები არ იბრძვიან აბსტრაქციებისთვის. არმიები იბრძვიან ხალხისთვის; არმიები იბრძვიან ერისთვის. არმიები იბრძვიან ცხოვრების წესისთვის. და სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ – დიდ ცივილიზაციას, რომელსაც აქვს ყველა საფუძველი, ამაყობდეს თავისი წარსულით, იყოს დარწმუნებული თავის მომავალში და ესწრაფოდეს, რომ მუდამ დარჩეს საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ბედის პატრონი.
სწორედ აქ, ევროპაში დაიბადა იდეები, რომლებმაც დათესეს თავისუფლების თესლი და შეცვალეს მსოფლიო. სწორედ ევროპამ აჩუქა მსოფლიოს კანონის უზენაესობა, უნივერსიტეტები და სამეცნიერო რევოლუცია. სწორედ ამ კონტინენტმა შვა მოცარტისა და ბეთჰოვენის, დანტესა და შექსპირის, მიქელანჯელოსა და და ვინჩის, „ბითლზისა“ და „როლინგ სტოუნზის“ გენიალურობა. აქ, სიქსტეს კაპელის თაღოვანი ჭერი და კელნის ტაძრის ცაში აზიდული შპილები მოწმობენ არა მხოლოდ ჩვენი წარსულის სიდიადეს ან რწმენას, რომელმაც შთააგონა ეს საოცრებები, არამედ ისინი წინასწარმეტყველებენ იმ საოცრებებს, რომლებიც მომავალში გველოდება. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყოველგვარი ბოდიშის გარეშე მივიღებთ ჩვენს მემკვიდრეობას და ვიამაყებთ ამ საერთო მონაპოვრით. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ერთად შევუდგეთ მუშაობას ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური მომავლის გააზრებასა და ფორმირებაზე.
დეინდუსტრიალიზაცია არ ყოფილა გარდაუვალი. ეს იყო გაცნობიერებული პოლიტიკური არჩევანი – მრავალწლიანი ეკონომიკური კურსი, რომელმაც ჩვენს ქვეყნებს წაართვა სიმდიდრე, საწარმოო პოტენციალი და დამოუკიდებლობა. ხოლო სუვერენიტეტის დაკარგვა მიწოდების ჯაჭვებზე არ ყოფილა ჯანსაღი გლობალური ვაჭრობის შედეგი; ეს იყო უგუნური, თუმცა ნებაყოფლობითი ტრანსფორმაცია, რამაც სხვებზე დამოკიდებული გაგვხადა და სახიფათოდ მოწყვლადი დაგვტოვა კრიზისების წინაშე.
მასობრივი მიგრაცია არ ყოფილა და არ არის რაიმე მარგინალური თემა. ეს იყო და რჩება კრიზისად, რომელიც დესტაბილიზაციას უკეთებს საზოგადოებებს მთელ დასავლეთში. ერთად ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკების რეინდუსტრიალიზაცია და აღვადგინოთ ჩვენი ხალხის დაცვის უნარი. თუმცა, ამ ახალი ალიანსის მუშაობა მხოლოდ სამხედრო სფეროზე ან წარსულის ინდუსტრიების დაბრუნებაზე არ უნდა იყოს ფოკუსირებული. ის უნდა მიემართებოდეს ჩვენი საერთო ინტერესების წინ წაწევას ახალ ფრონტებზე – კომერციული კოსმოსური მოგზაურობა, უახლესი ხელოვნური ინტელექტი, ინდუსტრიული ავტომატიზაცია, კრიტიკული მინერალების დასავლური მიწოდების ჯაჭვის შექმნა და კონკურენცია გლობალური სამხრეთის ბაზრებისთვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ კეთილდღეობა იმ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრავენ 21-ე საუკუნეს.
მაგრამ ჩვენ ასევე უნდა დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე. კონტროლი იმაზე, თუ ვინ და რამდენი ადამიანი შემოდის ჩვენს ქვეყნებში, არ არის ქსენოფობია ან სიძულვილი. ეს არის ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტი. და ამის შეუსრულებლობა არის არა მხოლოდ უარის თქმა ჩვენი ხალხის წინაშე არსებულ საბაზისო ვალდებულებაზე, არამედ საფრთხე ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენისთვის.
და ბოლოს, ჩვენ აღარ შეგვიძლია ე.წ. „გლობალური წესრიგი“ დავაყენოთ ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოების სასიცოცხლო ინტერესებზე მაღლა. ჩვენ არ გვჭირდება უარის თქმა საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემაზე ან იმ ინსტიტუტების დემონტაჟი, რომლებიც ერთად ავაშენეთ, მაგრამ ისინი უნდა რეფორმირდნენ და გადაეწყონ.
მაგალითად, გაეროს კვლავ აქვს პოტენციალი, იყოს სიკეთის ინსტრუმენტი, მაგრამ დღეს ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მას პასუხები არ გააჩნია. მან ვერ შეძლო ღაზის ომის მოწესრიგება – ეს გააკეთა ამერიკულმა ლიდერობამ, როდესაც გაათავისუფლა მძევლები და მიაღწია მყიფე ზავს. მან ვერ გადაჭრა კონფლიქტი უკრაინაში – საჭირო გახდა აშშ-ის პარტნიორობა ბევრ აქ მყოფ ქვეყანასთან, რათა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვათ. ის უძლური აღმოჩნდა თეირანის ბირთვული პროგრამის შესაკავებლად – ამისთვის საჭირო გახდა ამერიკული B-2 ბომბდამშენების ზუსტი დარტყმები. მან ვერ შეძლო ვენესუელაში ნარკოტერორისტი დიქტატორის შეჩერება – ამის ნაცვლად ამერიკულმა სპეცდანიშნულების ძალებმა წარადგინეს ეს გაქცეული მართლმსაჯულების წინაშე.
იდეალურ სამყაროში ეს პრობლემები დიპლომატების მიერ მკაცრი რეზოლუციებით გადაწყდებოდა. მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში. და ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ უფლება მათ, ვინც ღიად ემუქრება ჩვენს მოქალაქეებს, დაიმალონ საერთაშორისო სამართლის აბსტრაქტული ცნებების მიღმა, რომლებსაც თავადვე რეგულარულად არღვევენ.
ეს არის გზა, რომელსაც დაადგნენ პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის გზა, რომელზეც მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ თქვენ აქ, ევროპაში. ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ წარსულში და კვლავ ერთად გავივლით. ხუთი საუკუნის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, დასავლეთი ფართოვდებოდა. მისი მისიონერები, ჯარისკაცები და მკვლევრები ითვისებდნენ ახალ კონტინენტებს და აშენებდნენ უზარმაზარ იმპერიებს. მაგრამ 1945 წელს – კოლუმბის დროიდან მოყოლებული პირველად – მან შეკუმშვა დაიწყო. ევროპა ნანგრევებში იწვა, მისი ნახევარი კი რკინის ფარდის მიღმა აღმოჩნდა. დიდი დასავლური იმპერიები შევიდნენ საბოლოო დაცემის ფაზაში, რაც დააჩქარა უღმერთო კომუნისტურმა რევოლუციებმა.
ამ ფონზე ბევრს სჯეროდა, რომ დასავლეთის ბატონობის ეპოქა დასრულდა. მაგრამ ჩვენმა წინამორბედებმა გააცნობიერეს: დაცემა – ეს არჩევანია. და მათ ამ არჩევანზე უარი თქვეს. სწორედ ეს გავაკეთეთ ჩვენ ერთად ადრე – და სწორედ ამის გაკეთება სურთ კვლავ პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა, თქვენთან ერთად.
აი, რატომ არ გვინდა, რომ ჩვენი მოკავშირეები იყვნენ სუსტები – იმიტომ, რომ ეს ჩვენც გვასუსტებს. ჩვენ გვინდა მოკავშირეები, რომლებიც ამაყობენ თავიანთი კულტურით და მემკვიდრეობით, რომლებსაც ესმით, რომ ჩვენ ერთი კეთილშობილური ცივილიზაციის მემკვიდრეები ვართ და მზად არიან დაიცვან იგი.
ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი ვიყოთ დასავლეთის მართვადი დაცემის ზრდილობიანი მაყურებლები. ჩვენ მივისწრაფვით ძველი მეგობრობის გამოცოცხლებისა და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ცივილიზაციის განახლებისკენ. ჩვენ გვსურს ალიანსი, რომელიც არ არის პარალიზებული შიშით – კლიმატის ცვლილების, ომის თუ ტექოლოგიების შიშით – არამედ თამამად მიისწრაფვის მომავლისკენ. და ერთადერთი შიში, რომელიც ჩვენ გვაქვს – ეს არის შიში იმისა, რომ ჩვენს შვილებს არ დავუტოვებთ უფრო ამაყი, ძლიერი და მდიდარი ქვეყნებს.
ჩვენ გვსურს ალიანსი, რომელიც იცავს მოქმედების თავისუფლებას და საშუალებას გვაძლევს თავად ჩამოვაყალიბოთ საკუთარი ბედი. ალიანსი, რომელიც არ არის დამოკიდებული სხვებზე კრიტიკულ საჭიროებებში და რომელიც არ ითხოვს ნებართვას მოქმედების წინ. ამგვარად ერთობლივი მოქმედებით, ჩვენ არა მხოლოდ აღვადგენთ გონივრულ საგარეო პოლიტიკას – ჩვენ დავიბრუნებთ საკუთარი თავის ნათელ გაგებას და უკუვაგდებთ ცივილიზაციური წაშლის ძალებს, რომლებიც დღეს ამერიკასა და ევროპას ემუქრებიან. ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, სახლი შეიძლება დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ სამუდამოდ დავრჩებით ევროპის შვილებად. (აპლოდისმენტები.)
ჩვენი ისტორია დაიწყო იტალიელი ზღვაოსნით, რომელმაც ქრისტიანობა მოიტანა ამერიკაში. ჩვენი პირველი კოლონიები დაარსდა ინგლისელი მოსახლეების მიერ. ჩვენს საზღვრებს ითვისებდნენ შოტლანდიელ-ირლანდიელები – ოლსტერის ბორცვებიდან წამოსული ის ხალხი, რომელმაც გვაჩუქა დეივი კროკეტი, თეოდორ რუზველტი და ნილ არმსტრონგი. ამერიკული შუა დასავლეთი აშენდა გერმანელი ფერმერების მიერ, რომლებმაც, სხვათა შორის, საგრძნობლად აამაღლეს ამერიკული ლუდის ხარისხი. (სიცილი.) ჩვენი წინსვლა კონტინენტის სიღრმეში მიჰყვებოდა ფრანგი მკვლევრების კვალს. კოვბოური ხატი კი წარმოშობით ესპანეთიდანაა. ხოლო ჩვენს ყველაზე ცნობილ ქალაქს ერქვა „ახალი ამსტერდამი“ მანამ, სანამ ნიუ-იორკი გახდებოდა.
ჩემი საკუთარი ისტორიაც ამას მახსენებს: ჩემი ქვეყნის დაარსების წელს ჩემი წინაპრები პიემონტსა და სევილიაში ცხოვრობდნენ. მათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ 250 წლის შემდეგ მათი შთამომავალი აქ, ამ კონტინენტზე, ამერიკის მთავარი დიპლომატის როლში დაბრუნდებოდა. და მაინც, აი მე აქ ვარ – და ჩემი საკუთარი ისტორია მახსენებს, რომ ჩვენი ისტორიებიც და ჩვენი ბედი ყოველთვის იქნება დაკავშირებული.
ერთად ჩვენ აღვადგინეთ დანაწევრებული და დანგრეული კონტინენტი ორი გამანადგურებელი მსოფლიო ომის შემდეგ. როდესაც კვლავ აღმოვჩნდით გაყოფილნი რკინის ფარდით, თავისუფალი დასავლეთი მხარში ედგა მამაც დისიდენტებს, რომლებიც იბრძოდნენ ტირანიის წინააღმდეგ აღმოსავლეთში, რათა დაემარცხებინათ საბჭოთა კომუნიზმი. ჩვენ ვომობდით ერთმანეთის წინააღმდეგ, შემდეგ ვრიგდებოდით, შემდეგ კვლავ ვომობდით – და კვლავ ვრიგდებოდით. და ჩვენ ვღვრიდით სისხლს და ვკვდებოდით გვერდიგვერდ ბრძოლის ველებზე – კაპხენიდან ყანდაღარამდე.
დღეს მე აქ ვარ, რათა ნათლად განვაცხადო: ამერიკა გზას უკაფავს კეთილდღეობის ახალ საუკუნეს – და ჩვენ კვლავ გვსურს ეს გზა თქვენთან ერთად გავიაროთ, ჩვენს ძვირფას მოკავლირეებთან და ჩვენს ყველაზე ძველ მეგობრებთან ერთად. ჩვენ გვსურს ეს გავაკეთოთ თქვენთან ერთად – ევროპასთან ერთად, რომელიც ამაყობს თავისი მემკვიდრეობითა და თავისი ისტორიით; ევროპასთან ერთად, რომელშიც ცოცხალია შემოქმედებისა და თავისუფლების სული, რომელიც გზავნიდა გემებს შეუცნობელ ზღვებში და რომელმაც შვა ჩვენი ცივილიზაცია; ევროპასთან ერთად, რომელსაც აქვს საკუთარი თავის დაცვის საშუალებები და გადარჩენის ნება. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ ერთად გასულ საუკუნეში. მაგრამ ახლა უნდა მივიღოთ ახალი საუკუნის შესაძლებლობები – რადგან გუშინდელი დღე უკვე წარსულია, მომავალი კი გარდაუვალია და ჩვენი საერთო ბედი გველოდება. გმადლობთ. (აპლოდისმენტები.)
კითხვა-პასუხი
კითხვა: ბატონო მდივანო, არ ვარ დარწმუნებული, გაიგონეთ თუ არა შვების ამოსუნთქვა ამ დარბაზში, როდესაც ვუსმენდით იმას, რასაც მე ინტერპრეტირებას გავუკეთებდი, როგორც დამშვიდების, პარტნიორობის გზავნილს. თქვენ ისაუბრეთ გადაჯაჭვულ ურთიერთობებზე ამერიკასა და ევროპას შორის – ეს მაგონებს განცხადებებს, რომლებიც ათწლეულების წინ გაკეთდა თქვენი წინამორბედების მიერ, როდესაც დისკუსია იყო: არის თუ არა ამერიკა ევროპული ძალა? არის თუ არა ამერიკა ძალა ევროპაში? გმადლობთ ამ დამამშვიდებელი გზავნილისთვის ჩვენი პარტნიორობის შესახებ.
მარკო რუბიო პირველად არ იმყოფება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე – აქ ადრეც ყოფილხართ რამდენჯერმე, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოდიხართ როგორც სახელმწიფო მდივანი. ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ რამდენიმე წუთი კითხვებისთვის.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი აქ გუშინ და დღეს არის, რა თქმა უნდა, კითხვა უკრაინის ომთან დაკავშირებით. ბევრმა ჩვენგანმა ბოლო 24 საათის დისკუსიებში გამოხატა შთაბეჭდილება, რომ რუსები – ნება მიბოძეთ კოლოკვიალურად ვთქვა – დროს წელავენ და სინამდვილეში არ არიან დაინტერესებულნი მნიშვნელოვანი მოგვარებით. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ისინი მზად არიან კომპრომისზე წავიდნენ თავიანთ მაქსიმალისტურ მიზნებზე. შემოგვთავაზეთ თქვენი შეფასება, სად ვართ და სად ფიქრობთ, რომ შეგვიძლია წავიდეთ.
მდივანი რუბიო: ვფიქრობ, სადაც ვართ ამ ეტაპზე არის ის, რომ საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას – აი კარგი ამბავი. კარგი ამბავი ის არის, რომ საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას ამ ომის დასასრულებლად, დავიწროვდა. ეს არის კარგი ამბავი. ცუდი ამბავი ის არის, რომ ისინი დავიწროვდა ყველაზე რთულ კითხვებამდე, რომლებზეც პასუხი უნდა გაიცეს, და სამუშაო კიდევ რჩება ამ ფრონტზე. მე მესმის თქვენი მოსაზრება – პასუხი არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, არიან თუ არა რუსები სერიოზულად განწყობილნი ომის დასასრულებლად; ისინი ამბობენ, რომ არიან – და რა პირობებით არიან მზად ამის გასაკეთებლად და შეგვიძლია თუ არა ვიპოვოთ პირობები, რომლებიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და რომლებსაც რუსეთიც დაეთანხმება. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ამის გამოცდა.
მანამდე კი არაფერი შეჩერებულა: აშშ-მა დამატებითი სანქციები დააწესა რუსულ ნავთობზე. ინდოეთთან საუბრებში მივიღეთ მათი პირობა, რომ აღარ იყიდიან მას. „Pearl Program“ გრძელდება, რომლითაც შეიარაღების მიწოდება ხდება უკრაინისთვის. ასე რომ, აქ დროის გაყვანა არ ხდება. ის, რაზეც პასუხი არ გვაქვს, არის ის, არსებობს თუ არა შედეგი, რომლითაც უკრაინა შეძლებს იცხოვროს და რომელსაც რუსეთი მიიღებს. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს იმ გაგებით, რომ პირველად, ყოველ შემთხვევაში ტექნიკურ დონეზე, იყვნენ სამხედრო პირები ორივე მხრიდან, რომლებიც გასულ კვირას შეხვდნენ ერთმანეთს, და იქნება შეხვედრები კვლავ სამშაბათს. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ვითამაშოთ ეს როლი ამ ომის დასასრულებლად. ჩვენ ვეძებთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას.
კითხვა: დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, მეტი დრო რომ გვქონდეს, ბევრი კითხვა იქნებოდა უკრაინაზე. მაგრამ ნება მომეცით დავასრულო კითხვით სრულიად განსხვავებულ საკითხზე. შემდეგი მომხსენებელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. როდესაც თქვენ სენატში მსახურობდით, ხალხი მიგიჩნევდათ ჩინეთის მიმართ ერთგვარ „ქორად“. დაახლოებით ორ თვეში გაიმართება სამიტის შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის. გაგვიზიარეთ თქვენი მოლოდინი. ხართ ოპტიმისტურად განწყობილი? შეიძლება თუ არა ჩინეთთან „გარიგების“ დადება?
მდივანი რუბიო: ვიტყოდი ასე. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას, პლანეტის ორ დიდ ძალას, ჩვენ გვაქვს ვალდებულება მათთან კომუნიკაციისა და საუბრის. გეოპოლიტიკური დაუდევრობა იქნებოდა ჩინეთთან საუბარი რომ არ გვქონოდა. რადგან ჩვენ ვართ ორი დიდი ქვეყანა უზარმაზარი გლობალური ინტერესებით, ჩვენი ეროვნული ინტერესები ხშირად არ იქნება თანხვედრაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ მსოფლიოს წინაშე, რომ ვეცადოთ მათი მართვა საუკეთესოდ, ცხადია კონფლიქტის თავიდან აცილებით.
იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ მსოფლიოზე პოზიტიური ზეგავლენის მოსახდენად. მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ჩინეთთან, ყოველთვის იმის გაგებით, რომ არაფერი, რაზეც შევთანხმდებით, არ შეიძლება მოხდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩინეთი იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ველოდებით ყოველი სახელმწიფოსგან. დიპლომატიის მიზანია ამ კონფლიქტების მშვიდობიანად მართვა. თუმცა, არავინ არის ილუზიების ქვეშ – ჩვენს ქვეყნებს შორის და დასავლეთსა და ჩინეთს შორის არსებობს ფუნდამენტური გამოწვევები, რომლებიც გაგრძელდება უახლოეს მომავალში.
კითხვა: დიდი მადლობა, ბატონო მდივანო.

No comments:
Post a Comment
მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435