პაატა შეშელიძე
რა მოხდებოდა, საცალო ვაჭრობა სკოლებივით რომ იმართებოდეს?
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც არ არსებობს უფლება, ადამიანმა თავად აირჩიოს მაღაზია. მომხმარებელი მიდის არა იქ, სადაც უკეთესი პროდუქტია, არამედ იქ, სადაც რეგისტრაციის მისამართზეა მიწერილი. მაღაზიაში დახლები ნახევრად ცარიელია, რადგან „ზემოდან“ არის გადაწყვეტილი, რა არის კონკრეტული უბნისთვის საკმარისი, თუმცა გათვალისწინებული არ არის თითოეული ადამიანის განსხვავებული მოთხოვნილებები და შესაძლებლობები. პროდუქციის ხარისხს კი არა მომხმარებლის კმაყოფილება, არამედ ბიუროკრატიული სტანდარტები განსაზღვრავს.
აბსურდულია, არა? ნებაყოფილობით არავინ არასდროს დათანხმდებოდა ასეთ სისტემას კვების სფეროში, თუმცა სწორედ ამ მოდელით იმართება ყველაზე ძვირფასი - მომავალი თაობების ბედი.
განათლება, როგორც სახელმწიფო მონოპოლია
დღეს განათლების სისტემა სულ უფრო მეტად უბრუნდება გეგმიურ ეკონომიკას, განათლების ზონირებას და შორდება თანამედროვე სერვისს. სახელმწიფო თავადვეა ამ მომსახურების უდიდესი ნაწილის „მომწოდებელიც“ და 100%-ის „მარეგულირებელიც“. შედეგად იქმნება სისტემა, რომელიც მოკლებულია მთავარ მამოძრავებელ ძალას - კონკურენციას, მრავალფეროვნებას, ინდივიდუალიზაციას, სიახლეების მყისიერად დანერგვას და რაც მთავარია - საუკეთესო კადრების მიზიდვის შესაძლებლობას.
როდესაც სუპერმარკეტს არ ჰყავს კონკურენტი, ის წყვეტს განვითარებას. როდესაც სკოლას გარანტირებული ჰყავს „კლიენტები“ (მოსწავლეები, რომლებიც კანონით არიან მასზე მიმაგრებულნი), მას აღარ აქვს მოტივაცია, იყოს ინოვაციური, შესთავაზოს უკეთესი გარემო ან მოერგოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებას. სახელმწიფო მონოპოლია ასევე კლავს სპეციალიზაციას - იგი გვთავაზობს „ერთი ზომის“ პროგრამას ყველასთვის, მაშინ როცა თავისუფალი ბაზარი გააჩენდა მრავალფეროვან სკოლებს: STEM-ზე ორიენტირებულს, სახელოვნებოს, სპორტულს, სამეწარმეოს, მათემატიკურ, აგრარულს თუ კლასიკურ-აკადემიურს.
ბიუროკრატიის ხაფანგში და ტექნოლოგიური სტაგნაცია
საჯარო განათლების სისტემაში მასწავლებლები ხშირად არა შემოქმედი პედაგოგები, არამედ ინსტრუქციების შემსრულებლები არიან. ისინი მოქცეულნი არიან სტანდარტიზებული ტესტებისა და ბიუროკრატიული ჩარჩოების მარწუხებში. კონკურენციის არარსებობა იწვევს ტექნოლოგიურ ჩამორჩენასაც - სკოლებს არ აქვთ სტიმული, დანერგონ სწავლების თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები თუ ხელოვნური ინტელექტი, რადგან მათი ბიუჯეტი არ არის დამოკიდებული ეფექტიანობაზე.
აქ იკარგება მთავარი - ანგარიშვალდებულება. სახელმწიფო სისტემაში სკოლა ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და ჩინოვნიკების წინაშე, ხოლო თავისუფალ ბაზარზე იგი ანგარიშვალდებული იქნებოდა მშობლის და მისი კომპეტენტური და ნდობით აღჭურვილი სპეციალისტების წინაშე. სწორედ მშობლის არჩევანი და კმაყოფილება იქნებოდა ხარისხის მთავარი გარანტი.
„უხილავი“ დანაკარგები და „ჩრდილოვანი განათლება“
ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ სახელმწიფო სისტემა ყველაზე მეტად სწორედ დაბალშემოსავლიან ფენებს აზარალებს. შეძლებულ მშობელს ყოველთვის აქვს ალტერნატივა - კერძო სკოლა ან დამატებითი რეპეტიტორი. სწორედ მასობრივი რეპეტიტორობის ინსტიტუტია იმის აღიარება, რომ საჯარო სისტემა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახი კი განწირულია იმ ერთადერთი სკოლისთვის, რომელიც მის უბანშია, მიუხედავად სწავლების დაბალი დონისა.
ეს არის სისტემური უსამართლობა: ადამიანებს ერთმევათ არჩევანის უფლება და ისინი იძულებულნი ხდებიან, მიიღონ მომსახურება, რომელიც მათ არ აურჩევიათ. გარდა ამისა, ცენტრალიზებული სისტემა შთანთქავს უზარმაზარ გადასახადებს, რომელთა დიდი ნაწილი ბიუროკრატიულ აპარატს ხმარდება და არა უშუალოდ მოსწავლის განათლებას.
გამოსავალი: არჩევანის თავისუფლება
თუ განათლების ხარისხის გაზრდა პრიორიტეტულია, სისტემა უნდა დაუბრუნდეს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ადარდებს - მშობლებსა და ბავშვებს, მათ ნდობით აღჭურვილ პროფესიონალებს, რომლებსაც ისინი ნებაყოფილობით აუნაზღაურებენ შრომას.
ფული უნდა მიჰყვებოდეს მოსწავლეს, რათა არსებობდეს სასწავლებლის თავისუფალი არჩევანი:
იდეალურ შემთხვევაში - განათლება მშობლის პირდაპირი გადასახდელია;
კომპრომისულ შემთხვევაში - ნებაყოფლობითი დონორების;
უკიდურეს, გარდამავალ შემთხვევაში (რომელიც ხშირად სამუდამო ხდება ხოლმე) - საყოველთაო ვაუჩერული სისტემის, რომელიც თვითმმართველობის და რეგიონის მხრიდან ფინანსდება.
კონკურენცია ხარისხისთვის და ნიჭიერი კადრების დაფასება: როდესაც სკოლები დაიწყებენ ბრძოლას თითოეული მოსწავლისთვის, ისინი იძულებულნი გახდებიან, გააუმჯობესონ სწავლების მეთოდები. თავისუფალ ბაზარზე მასწავლებლის ხელფასი დამოკიდებული იქნება მის პროფესიონალიზმსა და რეპუტაციაზე და არა სტაჟსა თუ ბიუროკრატიულ „საფეხურებზე“. ეს სისტემას საშუალებას მისცემს, მოიზიდოს და შეინარჩუნოს საუკეთესო გონება.
შესაბამისობა რეალობასთან: თავისუფალი ბაზარი აიძულებს სასწავლებლებს, მუდმივად განაახლონ კურიკულუმი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. სკოლა, რომელიც ვერ მოამზადებს მოსწავლეს რეალური ცხოვრებისთვის, უბრალოდ ვერ გადარჩება კონკურენციაში.
საბოლოო ჯამში, არ არსებობს ობიექტური მიზეზი, თუ რატომ უნდა არსებობდეს ათობით სახეობის პური, ყავა, ღვინო თუ სიგარეტი ან სარეცხი საშუალებების არჩევანი მაღაზიაში და მხოლოდ ერთი, თავსმოხვეული მოდელი განათლებაში. თავისუფლება და კონკურენცია ერთადერთი გზაა ხარისხისკენ - იქნება ეს პროდუქტის შეძენა თუ ცოდნის მიღება.ღება.