პაატა შეშელიძე
დღევანდელ საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების იდეა ფუნდამენტური საფრთხის წინაშე დგას. ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ბაზრის სპონტანურ წესრიგს ადმინისტრაციული დიქტატით ანაცვლებს. „ოცნების პარტკომის“ მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს სახიფათო შემობრუნებაზე ცენტრალიზებული დაგეგმარებისკენ, სადაც სახელმწიფო საკუთარ თავს ეკონომიკური მორალის უზენაეს არბიტრად აცხადებს. რაც თავისთავად ღრმა არაკომპეტენტურობის და არაკეთილსინდისიერების ნიშანია.
ნებისმიერი მცდელობა, რომ ბიუროკრატიამ ჩაანაცვლოს მომხმარებლისა და მეწარმის თავისუფალი არჩევანი, გარდაუვლად იწვევს რესურსების არასწორ ალოკაციას. როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები ინტერესდებიან საცალო ფასებით, ქმნიან კომისიებს ბიზნესის „მოსათვინიერებლად“ და იყენებენ რეპრესიულ ორგანოებს, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), ისინი რეალურად ანგრევენ იმ ინფორმაციულ შუქურებს (ფასებს), რომლებზეც დგას ჯანსაღი ეკონომიკა.
ინფლაციური რეალობა და ფასების დინამიკა (2025-2026)
სტატისტიკური მონაცემები ააშკარავებს, რომ ფასების ზრდა არა საბაზრო ანომალია, არამედ მონეტარული ექსპანსიისა და რეგულაციური წნეხის შედეგია. მიმოქცევაში არსებული ფულის მასის (M3) ზრდა 2022 წლის 37.6 მილიარდი ლარიდან 2025 წლის ბოლოსთვის 54.2 მილიარდ ლარამდე (44.1%-იანი მატება) არის ინფლაციის პირველწყარო. მონაცემები აჩვენებს 0.9-იან კორელაციას ფულის მასის ზრდასა და ლარის გაუფასურებას შორის.
ინფლაციის მაჩვენებლები (2026 წლის იანვარი 2025 წლის იანვართან შედარებით):
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები +10.6%
ჯანმრთელობის დაცვა +8.3%
სასტუმროები და რესტორნები +8.1%
ტრანსპორტი +4.3%
ფასების საერთო დონის ზრდა 4.8%
ფასების ზრდა განსაკუთრებით მწვავეა რიგითი ადამიანისთვის, რადგან მათი რეალური შემოსავალი და დანაზოგი იკლებს.
ფრიდრიხ ჰაიეკი (1975) აფრთხილებდა: „ადამიანები შეეცდებიან ინფლაციას ფასების კონტროლით ებრძოლონ, რაც საბაზრო სისტემის დასასრული იქნება“. სწორედ ამას ვხედავთ დღეს, როდესაც ობიექტურ მონეტარულ პრობლემას სახელმწიფო ბიზნესის დემონიზაციით პასუხობს.
ფასწარმოქმნის ანატომია: სახელმწიფოს 35% ბიზნესის 4%-ის წინააღმდეგ
რიტორიკა 86%-იანი ფასნამატის შესახებ მალავს იმ ფაქტს, რომ ფასის უდიდეს ნაწილს თავად სახელმწიფო აგენერირებს. განვიხილოთ იმპორტირებული პროდუქტის ფასწარმოქმნის მოდელი :
სასაზღვრო გადასახადები: 10 ლარის ღირებულების პროდუქტს ემატება 12\%-იანი ბაჟი (1.2 ლარი) და 18\%-იანი დღგ, რომელიც ბაჟზეც იანგარიშება (2.016 ლარი). ჯამში მხოლოდ ეს ორი გადასახადი საწყისი ფასის 32.16\%-ია.
ირიბი ტვირთი: აქციზის, ქონების გადასახადის (1\%) და რეგულაციებთან შესაბამისობის ხარჯების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ჯამური წილი 35\%-ს აჭარბებს.
ბიზნესის მარჟა: საპირისპიროდ, რითეილ სექტორის წმინდა მოგების მარჟა 2025 წლის ბოლოსთვის 3.8-4\%-მდე შემცირდა.
ლუდვიგ ფონ მიზესი (1951) განმარტავდა: „მოგება არის ინდიკატორი იმისა, რომ მეწარმე რესურსებს საზოგადოებისთვის სასარგებლოდ იყენებს“. მოგების დემონიზაცია რეალურად მომხმარებლის დასჯაა, რადგან მცირდება ინვესტიციები ხელმისაწვდომობაში.
რეგულაციური ნიაღვარი: ფასების ზრდის რეალური მექანიზმები
1. შრომის ბაზრის პარალიზება
2026 წლის 1 მარტიდან ძალაში შესული „სპეციალური შრომითი ნებართვა“ უცხოელებისთვის, რომელიც დისტანციურად მომუშავეებსა და ფრილანსერებზეც ვრცელდება, ანგრევს შრომის ბაზრის მოქნილობას. კვალიფიციური კადრების დეფიციტმა ბიზნესს უკვე 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი მოუტანა. არარეზიდენტების დასაქმების შეზღუდვა ხელოვნურად ზრდის დანახარჯებს შრომაზე, რაც პირდაპირ აისახება პროდუქტის ფასში.
2. ავტო-იმპორტის ცენზი და „მწვანე“ ინტერვენციონიზმი
2026 წლის 1 აპრილიდან 6 წელზე უფროსი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ხელოვნურად ამცირებს მიწოდებას. ვინაიდან საქართველოში ავტოპარკის 80%-ზე მეტი 10 წელზე უფროსია, ეს რეგულაცია აძვირებს მობილობას, რაც წარმოადგენს დამატებით „გადასახადს“ ყველა იმ სფეროსთვის, რომელიც ტრანსპორტირებას მოითხოვს.
3. პლასტმასის აკრძალვა და საოპერაციო ხარჯები
2026 წლის 1 იანვრიდან ერთჯერადი პლასტმასის ნივთების სრული აკრძალვა ბიზნესს აიძულებს გადავიდეს ალტერნატივებზე, რაც კვების ობიექტების ხარჯებს საშუალოდ 5-10\%-ით ზრდის.
4. ევრორეგულაციები და ენერგეტიკული წნეხი
ევროდირექტივების (მაგ. Directive 2004/67/EC) საფუძველზე შემოღებული „N-1 ფორმულა“ ბიზნესს აკისრებს კოლოსალურ ხარჯებს ინფრასტრუქტურის რეზერვირებისთვის. ტარიფების ხელოვნური შეკავება 2026 წლის 31 მარტამდე მხოლოდ აყოვნებს ფასების მკვეთრ ნახტომს.
5. განათლების რეფორმა და კონკურენციის განადგურება
2026 წლიდან საგრანტო დაფინანსების შეზღუდვა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ანგრევს კონკურენციას განათლების ბაზარზე. ეს ზღუდავს სტუდენტის არჩევანს და აიძულებს კერძო სექტორს გაზარდოს სწავლის საფასური, რათა გადარჩეს არათანაბარ პირობებში.
მეწარმეობის მიერ რისკების დაზღვევა
ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მეწარმეობის მიერ რისკების დაზღვევა. როდესაც ბიზნესი ხედავს, რომ სახელმწიფო ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაერიოს მის საქმიანობაში, შემოიღოს ახალი აკრძალვა ან მიუქსიოს სუს-ი, ის იძულებულია ფასში ჩადოს „პოლიტიკური რისკის პრემია“.
სუს-ის „შევარდნა“ მარკეტებში და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა „საბჭოთა "ობეხეს" საუკეთესო ტრადიციებს“ მოგვაგონებს. ეს ქმედებები არა ფასების დასტაბილურებას, არამედ ბიზნესის დაშინებას ემსახურება. როდესაც ძალოვანი სტრუქტურები ერევიან ფასწარმოქმნაში, ნებაყოფლობითი გაცვლა იცვლება იძულებით, რაც კაპიტალის ქვეყნიდან გაქცევის პირველი წინაპირობაა. ბიზნესმენი, რომელიც არ არის დარწმუნებული ხვალინდელ დღეში, არ ამცირებს მარჟას; პირიქით, ის ზრდის მას, რათა დაიზღვიოს თავი მოსალოდნელი რეპრესიებისგან.
დასკვნა: გამოსავალი ბაზრის სუვერენიტეტშია
არსებული კრიზისის გადაჭრა შეუძლებელია იმავე მეთოდებით, რომლებმაც ის წარმოქმნა. გამოსავალი არა ბიუროკრატიის კეთილ ნებაში, არამედ სახელმწიფოს ეკონომიკიდან სრულ გამოსვლაშია.
ალტერნატიული ხედვა მოითხოვს: მყარ ფულს, ტოტალურ დერეგულაციას, ინსტიტუციურ ნეიტრალიტეტს.
სანამ პოლიტ-ბიუროკრატია არ გააცნობიერებს, რომ ფასი არის ინფორმაცია და არა ბრძანება, მანამ ქართველი მომხმარებელი გააგრძელებს პოლიტიკური რისკების დაზღვევის საფასურის გადახდას საკუთარი ჯიბიდან.
დროა, ბიუროკრატიამ გაითავისოს: Taisez-vous! Laissez fairer! Laissez passer!.

No comments:
Post a Comment
მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435