Thursday, February 19, 2026

სტატისტიკური ილუზია და შრომის ბაზრის თამაშები: 2025 წლის IV კვარტლის მონაცმების ანალიზი

პაატა შეშელიძე




2025 წელი საქართველოს შრომის ბაზრისთვის მერყევი გამოდგა. თუ წლის დასაწყისში უმუშევრობის მაჩვენებლები უფრო მაღალ ნიშნულზე იყო, წლის ბოლოსკენ, კერძოდ IV კვარტალში, მან 13.3%-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. თუმცა, ამ ერთი შეხედვით პოზიტიური დინამიკის მიღმა იმალება პროცესები, რომლებიც ეკონომიკის სიჯანსაღეზე უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს.

მეთოდოლოგიური ჩარჩო: როგორ ითვლება ეს ციფრები?

სანამ უშუალოდ ანალიზზე გადავალთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა მექანიზმით დგინდება ეს მაჩვენებლები და რამდენად რეალისტურია ისინი. საქსტატი ეყრდნობა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებს და მონაცემებს აგროვებს შინამეურნეობების კვარტალური გამოკითხვით, რომელიც ყოველ სამ თვეში საშუალოდ 15-16 ათას ოჯახს (დაახლოებით 45-50 ათას ადამიანს) მოიცავს.

სტატისტიკური სტატუსი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • დასაქმებული: პირი (15 წლის +), რომელმაც გამოკითხვის წინა 7 დღეში იმუშავა თუნდაც ერთი საათი ანაზღაურების ან მოგების მიზნით.

  • უმუშევარი: პირი, რომელიც არ მუშაობდა, აქტიურად ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოეს 2 კვირაში.

  • სამუშაო ძალის გარეთ მყოფი (პასიური): პირი, რომელიც არ მუშაობს და არც აქტიურად ეძებს სამსახურს (მაგ. სტუდენტი, პენსიონერი ან პირი, რომელმაც იმედი დაკარგა).

სანდოობა და გადამოწმების მექანიზმები: მონაცემების სანდოობა დიდწილად რესპონდენტთა გულწრფელობაზეა დამოკიდებული, რაც ხშირად პრობლემურია. საქართველოში არსებული სოციალური დახმარების სისტემის გამო, ბევრი მოქალაქე მიდრეკილია დამალოს რეალური დასაქმება ან შემოსავალი, რათა არ დაკარგოს სახელმწიფო სუბსიდიები ან „ქულები“.

საქსტატი ცდილობს მონაცემთა გადამოწმებას ე.წ. „როტაციული შერჩევით“ (როდესაც ერთი და იგივე ოჯახი რამდენჯერმე იკითხება სხვადასხვა კვარტალში შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად) და ადმინისტრაციულ წყაროებთან (შემოსავლების სამსახური, საპენსიო სააგენტო) შედარებით. თუმცა, ეს კონტროლი მხოლოდ ფორმალურ სექტორზე ვრცელდება. არაფორმალური შრომა და თვითდასაქმება, რომელიც ბაზრის დიდ ნაწილს შეადგენს, ფაქტობრივად მხოლოდ რესპონდენტის კეთილსინდისიერებაზეა მინდობილი. შესაბამისად, მიღებული ციფრები ხშირად უფრო მეტად ადამიანების სუბიექტურ აღქმასა და შიშებს ასახავს, ვიდრე ობიექტურ ეკონომიკურ მოცემულობას.

1. უმუშევრობის კლება თუ ბაზრიდან გასვლა?

2025 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3 პროცენტი შეადგინა. 


ეკონომიკური ანალიზისას უმუშევრობის დონე იზოლირებულად ხშირად მცდარი ოპტიმიზმის საფუძველი ხდება. ამ სურათს ყველაზე კარგად ააშკარავებს დიაგრამა №2, სადაც მოცემულია სამუშაო ძალის მონაწილეობისა და დასაქმების დონის თანაფარდობა 2021-2025 წლებში.

ამ დიაგრამის დინამიკა გვიჩვენებს „სტატისტიკურ მაკრატელს“: 2025 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 54.4%-მდე შემცირდა (0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლები წინა წლის შესაბამის პერითან შედარებით). ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო ცოტა ადამიანია მზად, საერთოდ მიიღოს მონაწილეობა შრომის ბაზარზე.

ამავდროულად, დასაქმების დონე (47.1%) უცვლელი დარჩა. როდესაც დასაქმებულთა პროპორციული რაოდენობა არ იზრდება, მაგრამ სამუშაო ძალის მონაწილეობა (ანუ აქტიური ხალხის რაოდენობა) მცირდება, მათემატიკურად უმუშევრობის პროცენტი იკლებს. თუმცა, ეს არის ილუზორული კლება: უმუშევრობა შემცირდა არა იმიტომ, რომ ხალხმა სამსახური იპოვა, არამედ იმიტომ, რომ მათ საერთოდ შეწყვიტეს მისი ძებნა ან ემიგრაციაში წავიდნენ.

თუ 2021 წლიდან მოყოლებულ დინამიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დასაქმების დონემ თავის მაქსიმუმს მიაღწია და „გაიჭედა“, მაშინ როდესაც აქტივობის კლება მიუთითებს სამუშაო ძალის იმედგაცრუებაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის ადამიანური კაპიტალის დაკარგვა და არა წარმატება.

2. ქალაქის სტაგნაცია: ეკონომიკური გულისცემის შესუსტება

ყველაზე თვალსაჩინო და საგანგაშო დისბალანსი ქალაქისა და სოფლის მონაცემებს შორის ფიქსირდება. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სამუშაო ძალის აქტივობა – 1.2 პუნქტით.


რატომ არის ეს პრობლემა? ქალაქი ტრადიციულად არის ეკონომიკური ზრდის ძრავა, სადაც კონცენტრირებულია მაღალპროდუქტიული სექტორები (ტექნოლოგიები, მომსახურება, წარმოება). ქალაქში დასაქმების კლება მიუთითებს იმაზე, რომ ფორმალური ეკონომიკა იკუმშება. ბიზნესგარემო ვეღარ ქმნის ღირებულებას და ადამიანები იძულებულნი არიან, ან საერთოდ დაანებონ თავი მუშაობას, ან გადავიდნენ ნაკლებად ეფექტიან საქმიანობაზე.

ამ ფონზე, სოფლად დასაქმების 2.0 პროცენტული პუნქტით ზრდა არ უნდა აღვიქვათ როგორც პროგრესი. სოფელი ხშირად ასრულებს "სოციალური ბუფერის" როლს: როდესაც ქალაქის შრომის ბაზარი ადამიანს "აგდებს", ის ბრუნდება სოფლად და ერთვება ნატურალურ მეურნეობაში, რაც სტატისტიკაში თვითდასაქმებად ითვლება. ეს არის ეკონომიკური "უკანდახევა" – გადასვლა მაღალი პროდუქტიულობიდან პრიმიტიულ გადარჩენაზე. ეკონომიკის გულისცემა ქალაქში სუსტდება, რაც ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

3. სტრუქტურული დისბალანსი: სქესი და სტატუსი

მონაცემები აჩვენებს, რომ კაცებში უმუშევრობა კვლავ მაღალია (15.6%), ვიდრე ქალებში (10.3%). ერთი შეხედვით, ეს პარადოქსია, რადგან ქალების ეკონომიკური აქტივობის დონე ბევრად ჩამორჩება კაცებისას. ამ დისბალანსის რეალურ მასშტაბებს დიაგრამა №6 ააშკარავებს: 2025 წლის IV კვარტალში კაცების სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 65.5%-ია, ხოლო ქალების – მხოლოდ 44.5%.


ეს 21-პროცენტიანი ნაპრალი მიუთითებს იმაზე, რომ ქალებში „დაბალი უმუშევრობა“ (10.3%) სინამდვილეში შრომის ბაზრიდან მათი მასობრივი გარიყვის ან პასიურობის შედეგია. რეალობა ისაა, რომ დაბალი უმუშევრობა ქალებში ხშირად გამოწვეულია ე.წ. „ჰორიზონტალური სეგრეგაციით“. ქალები უმეტესად დასაქმებულნი არიან მომსახურების სფეროში, განათლებასა და ჯანდაცვაში – ე.წ. „უსაფრთხო“ სექტორებში, რომლებიც ნაკლებად მგრძნობიარეა ეკონომიკური ციკლების მიმართ, თუმცა ხშირად დაბალი კვალიფიკაციითა და ანაზღაურებით ხასიათდება. კაცები კი კონცენტრირებულნი არიან მშენებლობასა და მძიმე მრეწველობაში, სადაც კაპიტალი უფრო მობილურია და ეკონომიკური რყევები პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ქალების დაბალი უმუშევრობა არა მათი მაღალი კვალიფიკაციის, არამედ იმ „სტაბილური, მაგრამ ნაკლებად პერსპექტიული“ სამუშაო ადგილების დამსახურებაა, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისებს უკეთ უძლებს.


მეორე მხრივ, დასაქმების სტატუსის უცვლელობა (დაქირავებულები - 69.3%) მიუთითებს იმაზე, რომ შრომის ბაზარი სტატიკურია. თვითდასაქმებულთა მაღალი წილი (30.7%) საქართველოს პირობებში არა მეწარმეობის სიჯანსაღეზე, არამედ ალტერნატივის არქონაზე მეტყველებს. როდესაც ადამიანს არ შეუძლია ფორმალურ სექტორში კვალიფიციური სამუშაოს პოვნა, ის ხდება „იძულებითი მეწარმე“ (თვითდასაქმებული), რაც ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით ყველაზე სუსტი რგოლია. ეს რეალური ეკონომიკური დაგროვების საშუალებას არ იძლევა და შრომის ბაზრის განვითარებას აფერხებს.

4. სტატისტიკური აბსურდი და რეალური პროდუქტიულობა: რას მალავს მეთოდოლოგია?

საქსტატის მიერ გამოყენებული ILO-ს მეთოდოლოგია, რეალური ეკონომიკური სურათის ნაცვლად, ხშირად „სტატისტიკურ ფიქციას“ გვთავაზობს. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ადამიანი, რომელმაც კვირაში მხოლოდ ერთი საათი იმუშავა, „დასაქმებულია“. ეკონომიკური ლოგიკით, დასაქმება ნიშნავს ღირებულების შექმნას და ადეკვატური შემოსავლის მიღებას, რაც ინდივიდის კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ერთი საათი კვირაში არის არა დასაქმება, არამედ სიღარიბის სტატისტიკური შელამაზება – მცდელობა, რომ სოციალური კატასტროფა მისაღებ ციფრებში მოექცეს.

გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ამ ციფრებს აზრს უკარგავს:

  • შემოსავალი vs აქტივობა: შესაძლოა ადამიანი ფორმალურად „დასაქმებული“ იყოს, მაგრამ მისი ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ ის რეალურად სოციალურად დაუცველია. შრომა, რომელიც კაპიკებს გამოიმუშავებს, არაპროდუქტიულია. თუ ინდივიდის მიერ შექმნილი ღირებულება მის საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, მისი „დასაქმებულად“ წოდება მხოლოდ ბიუროკრატიული თვითკმაყოფილებაა.

  • ჩრდილოვანი ეკონომიკა და არალეგალური შრომა: ბევრი ადამიანი, ვინც „უმუშევრად“ ან „პასიურად“ ითვლება, სინამდვილეში ჩართულია არადეკლარირებულ საქმიანობაში. ისინი მუშაობენ, მაგრამ სახელმწიფო კონტროლისა და რეგულაციების მიღმა, რადგან გადასახადებისა და ბიუროკრატიის წნეხი ლეგალურ მუშაობას აზრს უკარგავს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ხედავს რეალურ სამეწარმეო ენერგიას, რომელიც იატაკქვეშეთშია გადასული.

  • არაშრომითი შემოსავლების გავლენა: საქართველოში უზარმაზარია უცხოეთიდან გზავნილების (რემიტენციების), უძრავი ქონების გაქირავების ან თუნდაც აზარტული თამაშებიდან (ბანქო, ლოტო) მიღებული შემოსავლების წილი. ადამიანი, რომელიც ოჯახის წევრის გამოგზავნილი ფულით ან ბინის ქირით ცხოვრობს, არც მუშაობს და არც ეძებს სამუშაოს. ის სტატისტიკურად „სამუშაო ძალის გარეთაა“, მაგრამ მისი მოხმარება მაღალია. ასეთი პირები საერთოდ არ არიან მოტივირებულნი ჩაერთონ შრომით ურთიერთობებში, რადგან სახელმწიფო დახმარებები და გარე გზავნილები სამუშაოს ძიების „ალტერნატიულ დანახარჯს“ (Opportunity Cost) ზრდის.

  • სახელმწიფოზე დამოკიდებულება: სოციალური დახმარებების სისტემა ხშირად მუშაობს როგორც „დასაქმების საწინააღმდეგო“ სტიმული. თუ სამსახურის დაწყება ნიშნავს სახელმწიფო შემწეობის დაკარგვას, რაციონალური ინდივიდი არჩევს დარჩეს პასიური. სტატისტიკა ამას „უმუშევრობის შემცირებად“ ნათლავს, რეალურად კი ეს არის ადამიანური პოტენციალის სისტემური განადგურება.

როდესაც სახელმწიფო მხოლოდ „საათებს“ ითვლის და არა რეალურ პროდუქტიულობასა და შემოსავლებს, ჩვენ ვიღებთ დამახინჯებულ რეალობას, სადაც უმუშევრობა თითქოს მცირდება, მაგრამ ქვეყანა მაინც ეკონომიკურ ჭაობში რჩება.

დასკვნა

2025 წლის IV კვარტლის მონაცემები მკაფიო გაფრთხილებაა: უმუშევრობის 13.3%-იანი ნიშნული არის არა ეკონომიკური წარმატების, არამედ ბაზრის პასიურობის ინდიკატორი. როდესაც ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის დონე იკლებს, ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი კარგავს მოტივაციას, ჩაერთოს ღირებულების შექმნის პროცესში.

რეალური კეთილდღეობა იზომება არა იმით, თუ რამდენი ადამიანი აღარ ითვლება უმუშევრად, არამედ იმით, თუ რამდენი ადამიანია ჩართული მაღალპროდუქტიულ და ინოვაციურ შრომაში. ქალაქებში დასაქმების კლება და სამუშაო ძალის საერთო შემცირება მიანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური „გული“ სუსტად ფეთქავს.

გრძელვადიანი წინსვლისთვის აუცილებელია არა დასაქმების სახელმწიფო პროგრამები ან სტატისტიკური ფორმულების „დახვეწა“, არამედ იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლის კერძო კაპიტალის შემოდინებას ქალაქებსა და მაღალტექნოლოგიურ სექტორებში. მხოლოდ მაღალი პროდუქტიულობისა და სამეწარმეო თავისუფლების პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ შრომის ბაზარიდან გასული ადამიანები კვლავ დაბრუნდნენ ეკონომიკაში – არა როგორც სტატისტიკური ერთეულები, არამედ როგორც ქვეყნის განვითარების რეალური მამოძრავებელი ძალა.

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...