პაატა შეშელიძე
ბოლო დროს აქტიურად განიხილება ინიციატივა, რომელიც ურბანული ეკონომიკის ახლებურ მოწყობას გულისმობს: ქვეყნის დაყოფა ზონებად, სადაც მკაცრად იქნება განსაზღვრული სავაჭრო ობიექტების რაოდენობა. კერძოდ, ფორმულა „ერთი უბანი – ერთი მარკეტი“ მიზნად ისახავს ბიზნესის ოპტიმიზაციას და რესურსების „რაციონალურ“ განაწილებას.
არგუმენტი: ხარჯების ოპტიმიზაცია
ამ გეგმის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჭარბი კონკურენცია ბიზნესისთვის ზედმეტი ტვირთია. მათი ლოგიკით, როცა კონკურენციაა, ერთ ქუჩაზე ხუთი სხვადასხვა მესაკუთრის ქსელის მარკეტია და ისინი იძულებულნი არიან გაწიონ უზარმაზარი მარკეტინგული და საოპერაციო ხარჯები, რათა კლიენტები მიიზიდონ. თუ ბაზარი დაიყოფა და თითოეულ მეწარმეს თავისი „გარანტირებული“ ზონა ექნება, მას აღარ მოუწევს ფილიალების ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა კონკურენტული ზეწოლის გამო. დაზოგილი ხარჯები კი, იდეაში, პროდუქციის გაიაფებასა და სტაბილური გარემოს შექმნას მოხმარდება.
თუმცა, ეს ლოგიკა ეყრდნობა სახიფათო ილუზიებს, რომლებიც ხშირად იმალება „კეთილი ზრახვების“ მიღმა.
„რაც ჩანს და რაც არ ჩანს“: ეკონომიკური ილუზიების ანატომია
ფრედერიკ ბასტიას პრინციპი გვასწავლის, რომ ცუდი ეკონომისტი ხედავს მხოლოდ იმას, რაც ჩანს (მარკეტის დაზოგილი ხარჯი), ხოლო კარგი ეკონომისტი ხედავს იმასაც, რაც არ ჩანს (მომხმარებლის დაკარგული არჩევანი და ფარული ხარჯები).
მონოპოლიის ილუზია: მთავრობას ჰგონია, რომ ხარჯების დაზოგვა ავტომატურად გააიაფებს საქონელს. ეს ფატალური შეცდომაა. ფასი იკლებს არა მაშინ, როცა ბიზნესი ფულს ზოგავს, არამედ მაშინ, როცა მას კონკურენტული უპირატესობის აუცილებლობა აიძულებს ფასის დაკლებას – რაც მომსახურების გაუმჯობესებით მიიღწევა. როცა მარკეტი თავის ზონაში ერთადერთია, მას არანაირი მოტივაცია არ აქვს, „დაზოგილი“ თანხა ხალხს “დაუტოვოს”. პირიქით, ის ამ თანხას საკუთარ მოგებაში დატოვებს, რადგან მომხმარებელს სხვაგან წასასვლელი მაინც არ აქვს.
ცოდნის დაგეგმვის შეცდომა: შეუძლებელია ბიუროკრატმა იცოდეს, სად რამდენია „საკმარისი“. ეკონომიკა არის ცოცხალი პროცესი და არა სტატიკური რუკა. თუ ერთ უბანში მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ კანონი მეორე მარკეტს კრძალავს, მივიღებთ ხელოვნურ დეფიციტს, რიგებს და ხარისხის გაუარესებას. რეალურ ბაზარზე, მომხმარებელზე დაკვირვების მუდმივ რეჟიმში მყოფი მეწარმეები თავიანითი „ტყავით გრძნობენ“ ამ საჭიროებას, ჩინოვნიკი კი მხოლოდ ფურცელზე დახაზულ სქემას ხედავს.
პროგრესის შეჩერება: კონკურენცია არ არის „ზედმეტი ხარჯი“. ეს არის მექანიზმი, რომელიც მეწარმეს აიძულებს იყოს ფხიზლად და იზრუნოს სრულყოფაზე, ინოვაციაზე, მრავალფეროვნებაზე და ა.შ.. როცა მეტოქე არ გყავს, აღარ გჭირდება ინოვაცია, სისუფთავე, ღიმილიანი პერსონალი ან ახალი ასორტიმენტი. თქვენი მარკეტი გადაიქცევა უსიცოცხლო დახლად, რადგან თქვენი შემოსავალი გარანტირებულია არა ხალხის სიყვარულით, არამედ კანონის ძალით.
ფასწარმოქმნის მცდარი გაგება: მთავრობას ჰგონია, რომ ფასი არის „ხარჯს პლუს მოგება“, რომლის შემცირებაც ბიუროკრატიული ოპტიმიზაციითაა შესაძლებელი. სინამდვილეში, ფასი არის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელთა სუბიექტური შეფასებებისა და მეწარმეთა კონკურენციის შედეგად ყალიბდება. ფასი არის უკვე შემდგარი გარიგების შედეგი – ინფორმაცია იმაზე, თუ რა რად უღირთ მომხმარებლებს. ფასი არის აღმოჩენის მექანიზმი იმისა, თუ რა ღირს რესურსი მოცემულ დროსა და სივრცეში. საბოლოო ჯამში, თავისუფალ ბაზარზე, სხვა თანაბარ პირობებში, ფასების დადგენა მომხმარებლების პრივილეგიაა, რადგან მათ შეუძლიათ არ შეიძინონ - თქვან უარი – და ალტერნატივებს მიმართონ. კონკურენციის გაუქმებით თქვენ ანადგურებთ ამ მექანიზმს და ფასს აქცევთ ნებაყოფლობითი შეთანხმებიდან ადმინისტრაციული დიქტატით მხარდაჭერილ იძულებად მომხმარებელზე. უქმდება უარის თქმის უფლება!
სისტემური შედეგები: სად მივყავართ „ბიუროკრატიული ოპტიმიზაციის“ ლოგიკას?
ეს მიდგომა, თუ მას განვაზოგადებთ, კატასტროფულ სურათს გვიხატავს. თუ „ერთი უბანი – ერთი მარკეტი“ კარგია, მაშინ რატომ არ უნდა გვქონდეს:
ერთი უბანი – ერთი აფთიაქი: სადაც წამლის ფასი იმდენი იქნება, რამდენსაც ერთადერთი მფლობელი მოისურვებს?
ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი: სადაც განათლების ხარისხი დაეცემა, რადგან სტუდენტს არ ექნება ალტერნატივა?
ერთი რეგიონი – ერთი ბანკი: სადაც სესხის პროცენტს მხოლოდ ჩინოვნიკის ნება განსაზღვრავს?
ერთი ქვეყანა – ერთი პარტია: სადაც პოლიტიკური კონკურენციის არარსებობა გარანტირებულ ტირანიას, ტოტალურ კორუფციასა და საზოგადოებრივი პროგრესის სრულ გაჩერებას ნიშნავს?
ამ ვითარებასთან ახლოს მდგომი მაგალითი ქვეყანაში უკვე გვაქვს: არსებითად მხოლოდ ერთი კომპანიაა (კავეა – Cavea), რომელიც კინოთეატრებს ფლობს. თბილისში არსებული 6 კინოთეატრიდან 5 სწორედ ამ ქსელს ეკუთვნის. რეგიონებში სურათი კიდევ უფრო სავალალოა: ბათუმში მხოლოდ 2 კინოთეატრია, ქუთაისში – 1, ხოლო ისეთ ქალაქებში, როგორიცაა რუსთავი, გორი, ზუგდიდი თუ ფოთი, თანამედროვე კინოთეატრი საერთოდ არ არსებობს. შედეგად ვიღებთ მცირე არჩევანსა და ძალიან მაღალ ფასებს – იქ წასვლა პრაქტიკულად ფუფუნებად იქცა.
კორუფციული რისკები და „რენტის ძიება“ (Rent-seeking)
ბაზრის ხელოვნური ზონირება წარმოადგენს იდეალურ ნიადაგს სისტემური კორუფციისთვის. როდესაც მეწარმის წარმატება დამოკიდებულია არა მომხმარებლის კმაყოფილებაზე, არამედ ჩინოვნიკის მიერ გაცემულ ნებართვაზე, ბიზნესის სტრატეგია რადიკალურად იცვლება:
ლობირება მომსახურების ნაცვლად: მეწარმეები იწყებენ რესურსების ხარჯვას ე.წ. „რენტის ძიებაზე“ – ისინი ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური გავლენა, რათა სწორედ მათ მიიღონ კონკრეტულ ზონაში ოპერირების ექსკლუზიური უფლება. ეს ფული, რომელიც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა, ბიუროკრატიულ კაბინეტებში ილექება.
პოლიტიკური ფავორიტიზმი: „ერთი უბანი – ერთი მარკეტი“ სისტემაში „იღბლიანი“ ბიზნესმენების შერჩევა ხშირად ხდება პირადი ნაცნობობის, ნათესაური კავშირების ან პოლიტიკური ლოიალობის საფუძველზე. ეს ქმნის ე.წ. „კრონი–კაპიტალიზმს“, სადაც ბაზარი დანაწილებულია მმართველ ელიტასთან დაახლოებულ პირებს შორის.
ბიუროკრატიული თვითნებობა: ჩინოვნიკი, რომელიც ფლობს ძალაუფლებას გადაწყვიტოს, სად გაიხსნას მარკეტი და სად – არა, ხდება „ეკონომიკური სიცოცხლის“ ერთპიროვნული განმკარგველი. ეს ზრდის გამოძალვისა და ქრთამის აღების რისკს, რადგან ბიზნესისთვის ნებართვის არქონა გაკოტრების ტოლფასია.
შედეგად, ჩვენ ვიღებთ სისტემას, სადაც ბიზნესი ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ ბიუროკრატიის წინაშე, რაც საბოლოოდ ანგრევს საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობას და აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
როცა „დაგეგმარება“ დეფიციტად იქცევა: ისტორიული გაკვეთილები
როდესაც სახელმწიფო ცდილობს ეკონომიკური რესურსების „ოპტიმიზაციას“ ზემოდან ქვემოთ, ის უგულებელყოფს მთავარ ფაქტორს – ადამიანურ მოქმედებას. ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ მსგავსი ექსპერიმენტები ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით სრულდება.
1. ამერიკული „ანტი–ქსელური“ კანონები და ზონირება (1920–1940 წლები)
აშშ–ში, დიდი დეპრესიის პერიოდში, ბევრმა შტატმა მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავდა დიდი მარკეტების (Chain Stores) გახსნას, რათა „დაეცვათ“ მცირე მეწარმეები.
შედეგი: მომხმარებლისთვის ფასები გაიზარდა, ხოლო ეფექტიანობა დაეცა. 1940–იანი წლების ბოლოსთვის ცხადი გახდა, რომ ეს კანონები მხოლოდ სტაგნაციას უწყობდა ხელს. შემდგომმა დერეგულაციამ ამერიკულ საცალო ვაჭრობის სექტორს მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი სისტემის სტატუსი მოუტანა და საბაზო სანიმუშო მოდელი გახადა მთელ მსოფლიოში.
2. საბჭოთა „რაციონალური“ განაწილება (1922–1991 წლები)
საბჭოთა კავშირში ზუსტად იყო გათვლილი, რამდენი „გასტრონომი“ სჭირდებოდა უბანს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
რეალობა: ამან გამოიწვია ქრონიკული დეფიციტი – ცარიელი დახლები, ტალონები, რიგები, უკულტურო მომსახურება, დახლქვეშა ვაჭრობა და კორუფცია. საბჭოთა სისტემის კოლაფსი 1991 წელს იყო საბოლოო დადასტურება იმისა, რომ ცენტრალური დაგეგმარება ვერასდროს შეცვლის თავისუფალ ფასწარმოქმნას.
3. ფრანგული „დირიჟიზმი“ (Dirigisme) (1944–1986 წლები)
საფრანგეთში სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის მართვის ტრადიცია ხშირად გულისხმობდა კომერციული ფართების მკაცრ ზონირებას და ახალი მარკეტების გახსნის ლიმიტირებას.
შედეგი: ამან წარმოშვა წარმოუდგენელი ბიუროკრატიული ბარიერები. 1986 წლიდან საფრანგეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია და ფასების კონტროლის გაუქმება, რადგან „დაგეგმილი“ ეკონომიკა გლობალურ კონკურენციას ვეღარ უძლებდა.
4. ომისშემდგომი ბრიტანეთი (1945–1954 წლები)
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ შეინარჩუნა რაციონალური განაწილების სისტემა და მკაცრი კონტროლი ბიზნესის განთავსების ადგილმდებარეობაზე.
შედეგი: ამან გამოიწვია ეკონომიკური ზრდის შენელება და „შავი ბაზრების“ აყვავება. 1954 წელს რაციონალური განაწილების ბოლო ნაშთების გაუქმებამ და ბაზრის ლიბერალიზაციამ ქვეყანას ახალი სიცოცხლე შესძინა.
5. ინდური „ლიცენზირების რეჟიმი“ (Licence Raj) (1947–1991 წლები)
ათწლეულების განმავლობაში ინდოეთში მთავრობა წყვეტდა, რამდენ მარკეტს უნდა ეარსება კონკრეტულ სექტორში, რათა „დაეზოგათ“ რესურსები.
შედეგი: ქვეყანა ათწლეულებით ჩამორჩა განვითარებას. მხოლოდ 1991 წლის რადიკალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და ლიცენზირების სისტემის გაუქმებამ გამოიყვანა ინდოეთი სიღარიბის ციკლიდან.
6. აღმოსავლეთ გერმანიის გეგმური განაწილება (გდრ) (1949–1990 წლები)
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საცალო ვაჭრობა სახელმწიფო კონტროლქვეშ იმყოფებოდა (HO, Konsum). მაღაზიების რაოდენობა, ტიპი და განაწილება განისაზღვრებოდა ცენტრალური ეკონომიკური გეგმებით, მოსახლეობის ნორმატივებისა და ადმინისტრაციული გათვლების მიხედვით. შედეგი: ადმინისტრაციულმა განაწილებამ გამოიწვია შეზღუდული ასორტიმენტი, დაბალი კონკურენცია და პერიოდული დეფიციტი. ბაზრის სიგნალების არარსებობამ შეამცირა ეფექტიანობა და მომსახურების ხარისხი, ხოლო 1990 წლის გაერთიანების შემდეგ სისტემა სრულად ჩანაცვლდა საბაზრო მოდელით.
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საცალო ვაჭრობა სახელმწიფო კონტროლქვეშ იმყოფებოდა (HO, Konsum). მაღაზიების რაოდენობა, ტიპი და განაწილება განისაზღვრებოდა ცენტრალური ეკონომიკური გეგმებით, მოსახლეობის ნორმატივებისა და ადმინისტრაციული გათვლების მიხედვით. შედეგი: ადმინისტრაციულმა განაწილებამ გამოიწვია შეზღუდული ასორტიმენტი, დაბალი კონკურენცია და პერიოდული დეფიციტი. ბაზრის სიგნალების არარსებობამ შეამცირა ეფექტიანობა და მომსახურების ხარისხი, ხოლო 1990 წლის გაერთიანების შემდეგ სისტემა სრულად ჩანაცვლდა საბაზრო მოდელით.
7. დასავლეთ გერმანიის სივრცითი ზონირება და დიდი ფორმატის საცალო ვაჭრობის კონტროლი (1960-იანი წლებიდან)
დასავლეთ გერმანიაში 1960 წლის Bundesbaugesetz–მა და 1962 წლის Baunutzungsverordnung–მა დააწესა მკაფიო მიწათსარგებლობის კატეგორიები (საცხოვრებელი, შერეული, კომერციული, ინდუსტრიული ზონები). 1970-იანი წლებიდან განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა „დიდფორმატიან“ საცალო ობიექტებზე (ხშირად 800 მ²-ზე მეტი ფართობით), რათა დაცულიყო ქალაქის ცენტრები და არ მომხდარიყო გარეუბნებში ჰიპერმარკეტების უკონტროლო ზრდა. შედეგი: მაღაზიების რაოდენობაზე პირდაპირი კვოტები არ არსებობდა, თუმცა ლოკაციისა და ფართობის შეზღუდვებმა პრაქტიკულად შეაფერხა დიდი საცალო ქსელების სწრაფი ექსპანსია გარკვეულ ზონებში. სისტემამ უზრუნველყო ურბანული სტრუქტურის სტაბილურობა, მაგრამ რიგ შემთხვევებში გააძვირა მიწა და შეამცირა კონკურენციის დინამიკა კონკრეტულ ლოკაციებში.
დასავლეთ გერმანიაში 1960 წლის Bundesbaugesetz–მა და 1962 წლის Baunutzungsverordnung–მა დააწესა მკაფიო მიწათსარგებლობის კატეგორიები (საცხოვრებელი, შერეული, კომერციული, ინდუსტრიული ზონები). 1970-იანი წლებიდან განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა „დიდფორმატიან“ საცალო ობიექტებზე (ხშირად 800 მ²-ზე მეტი ფართობით), რათა დაცულიყო ქალაქის ცენტრები და არ მომხდარიყო გარეუბნებში ჰიპერმარკეტების უკონტროლო ზრდა. შედეგი: მაღაზიების რაოდენობაზე პირდაპირი კვოტები არ არსებობდა, თუმცა ლოკაციისა და ფართობის შეზღუდვებმა პრაქტიკულად შეაფერხა დიდი საცალო ქსელების სწრაფი ექსპანსია გარკვეულ ზონებში. სისტემამ უზრუნველყო ურბანული სტრუქტურის სტაბილურობა, მაგრამ რიგ შემთხვევებში გააძვირა მიწა და შეამცირა კონკურენციის დინამიკა კონკრეტულ ლოკაციებში.
ეკონომიკური კალკულაციის პრობლემა
მთავრობის არგუმენტი, რომ მარკეტები ფულს დაზოგავენ, ეყრდნობა მცდარ დაშვებას, თითქოს ეკონომიკა დადგენილი ზომის ღვეზელია. სინამდვილეში, კონკურენცია არის აღმოჩენის, გაუმჯობესების და გამოცდილების გაზირების პროცესი და ღვეზელი სულ უფრო დიდი ხდება.
რატომ არის 5 მარკეტი ერთ ქუჩაზე? იმიტომ, რომ თითოეული მათგანი რაღაც განსხვავებულს სთავაზობს მომხმარებელს (უკეთეს პროდუქციას, უფრო ხანგრძლივ მუშაობას, დაბალ ფასს გარკვეულ კატეგორიაზე, მუდმივ ფასდაკლებებს, ლოიალობის ბარათებს, მოხერხებულ ონლაინ მომსახურებას, უკეთეს რეკლამას და სხვა მრავალ სიკეთეს, მათ შორის დამატებით სერვისებს (საპირფარესო, ინტერნეტი, კაფე, ბარგის სენახვის სერვისი და ა.შ.).
რა ხდება 1 მარკეტის პირობებში? ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ხალხს, რომელსაც ალტერნატივა აღარ რჩება, რეალურად უსარგებლო ხდება. „დაზოგილი“ რესურსი სინამდვილეში არის ხელის გაუნძრევლად ჩაჯიბებული რესურსი, რომელიც აღარ ემსახურება საზოგადოებას.
შავი ბაზარი და „გვერდის ავლის“ ხარჯები
ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი, რომელიც მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბუნებრივ ბალანსს არღვევს, გარდაუვალს ხდის შავი ბაზრის სტიქიურ ფორმირებას. როდესაც კანონი უბანში მხოლოდ ერთ მარკეტს უშვებს იქ, სადაც რეალური მოთხოვნა ორზეა, ბაზარი მაინც პოულობს გამოსავალს: ჩნდება არალეგალური, დაურეგულირებელი და ხშირად ანტისანიტარიული „ქუჩის ვაჭრობა“. შედეგად, მომხმარებელი იძულებულია შეიძინოს საეჭვო ხარისხის პროდუქტი უფრო მაღალ ფასად, რადგან კანონმა მას ცივილიზებული ალტერნატივა წაართვა.
ამასთანავე, ფიზიკური მარკეტების ხელოვნური შეზღუდვა იწვევს ვაჭრობის ალტერნატიული ფორმების (ონლაინ გაყიდვები, მიტანის სერვისები) ხელოვნურ წახალისებას. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ონლაინ ვაჭრობა ყველა შემთხვევაში უფრო ეფექტურია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი „ხვრელი“ ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ასავლელად. შედეგად, მომხმარებელი იძულებულია გადაიხადოს მიტანის დამატებითი ხარჯი იქ, სადაც თავისუფალ ბაზარზე მას უბრალოდ სახლის წინ მდებარე მარკეტში შესვლა შეეძლო.
პრაქტიკული სცენარი: სავალალო სურათი „დაგეგმილ“ უბანში
წარმოიდგინეთ ტიპური დილა ამ ახალ რეალობაში: თქვენ გჭირდებათ ელემენტარული პროდუქტები, მაგრამ თქვენი კორპუსის წინ მდებარე პატარა მარკეტი დაკეტილია, რადგან მან „ზონირების ლიმიტი“ ვერ გაიარა. თქვენ იძულებული ხართ, რამდენიმე კვარტლის იქით, თქვენს ზონაზე მიმაგრებულ ერთადერთ ნებადართულ მარკეტში წახვიდეთ. იქ დაგხვდებათ რიგი, რადგან მთელი უბანი ამ ერთ წერტილზეა დამოკიდებული.
დახლებზე არჩევანი მწირია – მფლობელმა იცის, რომ მაინც მისგან იყიდით, ამიტომ არ ჩქარობს ასორტიმენტის განახლებას ან ხარისხის გაუმჯობესებას. ფასები კი იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე ხუთი მარკეტის არსებობის პირობებში იქნებოდა. თქვენ ბრუნდებით სახლში დაღლილი და არჩევანწართმეული, ხვდებით რა, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი და ყოველდღიური კომფორტი არა ბაზარმა და თქვენმა სურვილებმა, არამედ ჩინოვნიკის მიერ შედგენილმა სტატიკურმა რუკამ განსაზღვრული.
დასკვნა და პროგნოზი
თუ ეს ინიციატივა განხორციელდა, ჩვენ მივიღებთ შემდეგ სურათს:
ფასების ზრდა: კონკურენციის გარეშე ფასები მხოლოდ ზემოთ წავა.
ხარისხის ვარდნა: „მადლობა თქვით, რომ საერთოდ აქ ვარ“ – ეს იქნება ერთადერთი მარკეტის დევიზი.
კორუფციული გარიგებები: ვინ იქნება ის „იღბლიანი“, ვინც კონკრეტულ უბანში მარკეტის გახსნის უფლებას მიიღებს? ეს გადაწყდება კაბინეტებში და არა ბაზარზე.
იგივე ლოგიკა იმუშავებს ნებისმიერ სფეროში: იქნება ეს აფთიაქი, უნივერსიტეტის ფაკულტეტი თუ ბანკი. არჩევანის შეზღუდვა ყოველთვის ნიშნავს მომხმარებლის გაღარიბებას და პრივილეგირებული კლასის გამდიდრებას, მმართველი პოლიტ-ბიუროკრატიის ტოტალურ დომინირებას და მორალურ დეგრადაციას. ნამდვილი ოპტიმიზაცია მხოლოდ თავისუფალ ბაზარს შეუძლია, სადაც ყოველი ახალი მარკეტი არა „ზედმეტი ხარჯი“, არამედ ხალხისთვის უკეთესი მომსახურების შანსია.