პაატა შეშელიძე
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, ჩინური ინვესტიციები გრენლანდიაში (დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორია) ე.წ. „მაღალი პოტენციალის“ ფაზიდან ე.წ. „მაღალი დაძაბულობის“ ფაზაში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია თავდაპირველად ჩინური კაპიტალის მოზიდვას (დანიისგან) სრული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე ეკონომიკის გასაძლიერებლად ცდილობდა, ამჟამად მსხვილი საინვესტიციო ხასიათის პროექტების უმეტესობა შეჩერებული ან დაბლოკილია აშშ-ისა და დანიის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტწილად ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ამის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მხრიდან ინვესტიციების პოტენციური მოცულობა წლების განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა (ძირითადად სამთო მოპოვებისა და ინფრასტრუქტურის პროექტებში), ფაქტობრივი რეალიზებული ინვესტიცია 2026 წლისთვის 100 მილიონ დოლარზე ნაკლებია.
გრენლანდია პირდაპირ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მდებარეობს. სამხედრო თვალსაზრისით, ეს კუნძული ვაშინგტონისთვის და ნატოსვის უალტერნატივო თავდაცვითი პლატფორმაა.
ამ რეალობას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ რუსეთის უზარმაზარი სამხედრო არსენალი — სტრატეგიული ავიაცია და ატომური ფლოტი — სწორედ ფინეთის საზღვრის სიახლოვეს, კოლის ნახევარკუნძულზეა კონცენტრირებული (ბაზები: ოლენია, გაჯიევო, ალაკურტი). რუსეთიდან ამერიკისკენ მიმავალი უმოკლესი სარაკეტო და საჰაერო ტრაექტორია სწორედ ჩრდილოეთ პოლუსსა და გრენლანდიაზე გადის. შესაბამისად, გრენლანდია არის პირველი და უმთავრესი თავდაცვითი ზღუდე, სადაც აშშ-ს შეუძლია რუსული საფრთხის ადრეული აღმოჩენა და ნეიტრალიზება.
რუსული სამხედრო მანქანის სიახლოვის გარდა, ჩინეთის გამოჩენა გრენლანდიაზე კიდევ უფრო დაამძიმებდა ამერიკისა და ნატოს თავდაცვისუნარიანობას. გრენლანდია ნატოს ნაწილია (დანიის შემადგენლობაში ყოფნის გამო) და აქ პეკინის ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული „ფეხის მოკიდება“, გრენლანდიის (დანიიდან და ნატოდან) დამოუკიდებლობის წახალისება ნიშნავს დასავლეთის თავდაცვის ხაზის შიგნიდან გატეხვას. ამერიკას არ სურს, რომ ნატოს „ეზოში“, რომელიც საბოლოო ჯამში მისი დასაცავია, კიდევ ერთი ზესახელმწიფო დამკვიდრდეს, რუსეთის სიახლოვის გათვალისწინებით. მითუმეტეს, რომ სამწუხარო გამოცდილება უკვე არსებობს თავად ნატოში – ევროპის ბევრი ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში თავდაცვის ფულს ამერიკას ართმევდა, ენერგორესურსებს რუსეთიდან ყიდულობდა და აძლიერებდა მას.
ჩინეთი კვლავ დიდ ინტერესს იჩენს გრენლანდიის იშვიათი მიწების ელემენტების (REE) მიმართ, თუმცა სამართლებრივ და პოლიტიკურ ბარიერებს აწყდება:
კვანეფილდი (Shenghe Resources): იშვიათი მიწებისა და ურანის მოპოვების ეს მასშტაბური პროექტი შეჩერებულია. პროექტის პოტენციური საინვესტიციო მოცულობა $500 მილიონს აღწევდა. მას შემდეგ, რაც 2021 წელს გრენლანდიამ ურანის მოპოვება აკრძალა, ჩინური მხარდაჭერის მქონე კომპანიამ სამართლებრივი დავა დაიწყო. 2026 წლის დასაწყისისთვის საქმე ჯერ კიდევ არბიტრაჟის პროცესშია, თუმცა პროექტი, ფაქტობრივად, გაყინულია.
ისუას რკინის მადანი (General Nice Group): მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი 100%-ით ჩინური საკუთრების მაღარო გრენლანდიაში, ის უმოქმედოა არქტიკაში მაღალი საოპერაციო ხარჯებისა და რკინაზე დაბალი ფასების გამო.
ციტრონენ ფიორდი (NFC): ჩინეთის სახელმწიფო საწარმო (NFC) კვლავ რჩება ამ თუთიის პროექტის ტექნიკურ პარტნიორად, თუმცა განვითარების ტემპი ძალიან დაბალია.
ჩინეთის ამბიციები „პოლარული აბრეშუმის გზის“ შესახებ გრენლანდიაში, დიდწილად, დასავლეთის ჩარევით ჩაიშალა:
აეროპორტები: 2018 წელს ჩინეთი გრენლანდიის ახალი საერთაშორისო აეროპორტების მშენებლობის ტენდერში მონაწილეობდა. ჩინური გავლენის თავიდან ასაცილებლად, დანიამ (აშშ-ის მხარდაჭერით) თავად გამოყო დაფინანსება, რითაც ჩინური წინადადება დაბლოკა.
სატელიტური სადგურები: ჩინური კვლევითი და სატელიტური სადგურების განთავსების წინადადებები უარყოფილ იქნა „ორმაგი დანიშნულების“ რისკის გამო (არსებობდა შიში, რომ ისინი სამხედრო თვალთვალისთვის იქნებოდა გამოყენებული).
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ინვესტიციები მცირეა, სავაჭრო ბრუნვა მაღალია. ჩინეთი გრენლანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საერთო საშუალო ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა გრენლანდიასა და ჩინეთს შორის $150-200 მილიონ დოლარს შეადგენს. ექსპორტის მოცულობის 70% (დაახლოებით $105-140 მილიონი) სწორედ ზღვის პროდუქტებზე (კრევეტები, პალტუსი) მოდის. ეს ჩინეთს აძლევს „რბილ ძალას“, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის დამკვეთს, ინფრასტრუქტურის ფლობის გარეშეც.
გრენლანდიაში ჩინური ინვესტიციების და პოლიტიკური გავლენის გატარების „მარტივი“ ეპოქა დასრულდა.
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა: აშშ გრენლანდიას თავისი ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად განიხილავს (აძლიერებს პიტუფიკის კოსმოსურ ბაზას).
ორიენტაცია დასავლეთზე: გრენლანდია სულ უფრო მეტად ორიენტირდება აშშ-სა და ევროკავშირზე, რათა მათთან პარტნიორობით ჩაანაცვლოს ჩინური ინტერესები წიაღისეულის მოპოვების სფეროში.
მთავარი დასკვნა: ჩინეთი რჩება ზღვის პროდუქტებით ვაჭრობის საკვანძო პარტნიორად, თუმცა მისი ოცნებები გრენლანდიის მაღაროებისა და ინფრასტრუქტურის ფლობაზე, პოლიტიკურ გავლენაზე და შესააბამისად, “ნატოს” ერთობის გახლეჩაზე, დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესების გამო (ტრამპის ადმინისტრციის დაჟინებით), გვერდზეა გადაწეული. პოლიტიკური რეალობა მარტივია: გრენლანდია გლობალური უსაფრთხოების ფრონტის ხაზია და მას მოფრთხილება უნდა. 



