პაატა შეშელიძე
“ჩვენ ვუახლოვდებით არასტაბილურობისა და დისბალანსის ხანას, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შეხედეთ არსებულ სიტუაციას: ავტოკრატიის გადახრა დემოკრატიის წინააღმდეგ, მზარდი ძალადობა, 60-ზე მეტი ომი 2024 წელს — ეს აბსოლუტური რეკორდია. კონფლიქტი გახდა ნორმალიზებული და ჰიბრიდული; ის ვრცელდება ახალ სფეროებში: კოსმოსში, ციფრულ სამყაროში, ინფორმაციულ გარემოში, კიბერსივრცესა და ვაჭრობაში.”
შემდეგ მან ისაუბრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, რათა კონკურენცია შემსუბუქდეს:
“კოლექტიური მმართველობის გარეშე თანამშრომლობა ადგილს უთმობს დაუნდობელ კონკურენციას. კონკურენციას აშშ-სგან — სავაჭრო შეთანხმებების მეშვეობით, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენს საექსპორტო ინტერესებს და ღიად ისახავს მიზნად ევროპის დასუსტებას, რასაც ემატება ახალი ტარიფების დაგროვება. და კონკურენციას ჩინეთისგან — სადაც მასიური ჭარბი სიმძლავრეები და დამახინჯებული პრაქტიკა ემუქრება მთელ ინდუსტრიულ და სავაჭრო სექტორებს”.
გააგრძელა სხვადასხვა ქვეყნისა და თავად ევროპის შეფასებით:
“მიმდინარე დისბალანსი გამოწვეულია რამდენიმე ფენომენით: ამერიკული ზემოხმარება, ჩინური არასაკმარისი მოხმარება და ზეინვესტირება, და ევროპული არასაკმარისი ინვესტირება და კონკურენტუნარიანობის ნაკლებობა”.
თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება ინვესტიციებს, მათ შორის ჩინურს:
“რაც შეეხება ჩინეთს — ჩვენ მათ მივესალმებით. ჩვენ გვჭირდება მეტი ჩინური პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ევროპაში და არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტი”.
გამოსვლა აშკარად წინააღმდეგობრივია, რაც ყველაზე ნათლად ჩინეთისადმი დამოკიდებულებასა და მოვლენების მსოფლაღქმაში აისახება. 18-წუთიან მოხსენებაში, გლობალური ომებისა და ავტოკრატიის გაძლიერების ხსენების ფონზე, მან პეკინი ხან კონკურენტად, ხან არასაკმარის მომხმარებლად, ხან ზეინვესტორად, ხანაც ჭარბი სიმძლავრეებისა და დამახინჯებული პრაქტიკის მქონე ქვეყნად მოიხსენია; საბოლოოდ კი იგი სასურველ პარტნიორად წარმოაჩინა.
თუმცა პრეზიდენტს ყურადღება არ გაუმახვილებია ჩინეთის უშუალო როლზე იმ პოლიტიკური რეჟიმების მხარდაჭერაში, რომელთა ხარჯზეც რეალურად ხდება ამდენი ომი და „ავტოკრატიის გადახრა დემოკრატიის წინააღმდეგ“.
ჩინეთის არაპირდაპირი მონაწილეობა გლობალურ კრიზისებში
მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა გვერდი აუარა პეკინის პასუხისმგებლობას, რეალობა საპირისპიროა – პეკინი თითქმის ყველა მიმდინარე კონფლიქტში გადამწყვეტი, თუმცა ხშირად შენიღბული მოთამაშეა. მისი სტრატეგია ეფუძნება არა პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას, არამედ იარაღის მიმწოდებლის, კრედიტორის, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პარტნიორის როლს.
1. რუსეთ-უკრაინის ომი: „უხილავი ზურგი“
მეთოდი: „ორმაგი დანიშნულების“ ტექნოლოგიების მიწოდება და ენერგეტიკული სუბსიდირება.
დეტალები: ჩინეთი რუსეთს აწვდის კრიტიკულ ელექტრონიკას, ჩიპებს, ნავიგაციის სისტემებსა და დრონების კომპონენტებს, რაც აუცილებელია სამხედრო წარმოების შესანარჩუნებლად.
ფინანსური მხარე: რუსული ენერგორესურსების მასშტაბური შესყიდვით ჩინეთი რეალურად ავსებს კრემლის სამხედრო ბიუჯეტს და ეხმარება მას დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლით.
2. ახლო აღმოსავლეთი: ირანის მაშველი რგოლი
მეთოდი: სანქცირებული ნავთობის მონოპოლიური შესყიდვა.
დეტალები: ჩინეთი ყიდულობს ირანული ნავთობის დაახლოებით 95%-ს. ეს შემოსავალი თეირანის რეჟიმის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
შედეგი: ამ ფინანსებით ირანი ასაზრდოებს თავის „პროქსი“ დაჯგუფებებს: ჰამასს, ჰეზბოლასა და იემენელ ჰუთებს.
3. სირიის სამოქალაქო ომი
მეთოდი: დიპლომატიური ვეტო და უსაფრთხოების სისტემები.
დეტალები: ჩინეთი სისტემატურად იყენებს ვეტოს უფლებას გაეროს უშიშროების საბჭოში ასადის რეჟიმის დასაცავად. სანაცვლოდ, პეკინი მონაწილეობს ქვეყნის აღდგენის პროექტებში და აწვდის სათვალთვალო ტექნოლოგიებს რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
4. აფრიკა: სასარგებლო წიაღისეული და იარაღი
სუდანი და ცენტრალური აფრიკა: ჩინეთი აკონტროლებს ოქროს მოპოვებას და აწვდის იარაღს ავტორიტარულ რეჟიმებს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
ეთიოპია და ნიგერია: ჩინური საბრძოლო დრონების (Wing Loong) მიწოდება სამთავრობო ძალებისთვის. სანაცვლოდ პეკინი იღებს შეღავათებს რკინის მადანსა და კრიტიკულ მინერალებზე.
5. ავღანეთი: მინერალური დიპლომატია
მეთოდი: თალიბანის აღიარება რესურსების სანაცვლოდ.
დეტალები: ჩინეთი ერთ-ერთი პირველია, ვინც დაამყარა კავშირი თალიბანთან. მიზანია წვდომა ავღანეთის უმდიდრეს ლითიუმის, სპილენძისა და იშვიათი მიწაელემენტების საბადოებზე.
6. სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა: ჰიბრიდული დაპირისპირება
ვენესუელა: მადუროს რეჟიმის ფინანსური შენარჩუნება ნავთობის საბადოებზე ექსკლუზიური წვდომის სანაცვლოდ.
მექსიკა: ფენტანილის პრეკურსორების (ქიმიური ნივთიერებების) მასშტაბური ექსპორტი ჩინეთიდან, რაც ასაზრდოებს ნარკოკარტელების ომებს.
ელ-სალვადორი, ჰონდურასი, ეკვადორი: სათვალთვალო ტექნოლოგიების მიწოდება რეჟიმებისთვის, რაც ტოტალური ციფრული კონტროლის დამყარების ინსტრუმენტია.
7. პაკისტანი და ბელუჯისტანის საკითხი
მეთოდი: CPEC (ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი).
დეტალები: ჩინური ინვესტიციები გვადარის პორტში იწვევს ადგილობრივი ბელუჯი მეამბოხეების აჯანყებას, რასაც პაკისტანის არმია ჩინური იარაღით ახშობს.
8. მიანმარი
მეთოდი: იარაღის მიწოდება კონფლიქტის ორივე მხარისთვის.
დეტალები: პეკინი აწვდის მძიმე ტექნიკას სამხედრო ხუნტას და, ამავდროულად, მფარველობს ეთნიკურ დაჯგუფებებს საკუთარი ნავთობსადენების დასაცავად.
9. დამატებითი სტრატეგიული ლოგისტიკური ბერკეტები
პანამა: პორტების (ბალბოა და კრისტობალი) კონტროლი არხის ორივე შესასვლელთან.
გრენლანდია: ბრძოლა საბადოებისთვის, რომლებიც უმდიდრესია იშვიათი მიწაელემენტებითა და ურანით.
სამხრეთ ჩინეთის ზღვა: ხელოვნური კუნძულების მილიტარიზაცია და მეზობელ სახელმწიფოებთან (ვიეტნამი, ფილიპინები) მუდმივი დაპირისპირება.
ანუ ჩინეთის გლობალური სტრატეგიის საყრდენებია კონფლიქტების გამოყენება:
ენერგოდომინაციისთვის: სანქცირებული ნავთობის შესყიდვა (რუსეთი, ირანი, ვენესუელა).
რესურსების მონოპოლიისთვის: ბრძოლა კრიტიკულ მინერალებსა და იშვიათ მიწაელემენტებზე.
ლოგისტიკური კონტროლისთვის: მსოფლიო ვაჭრობის "არტერიების" (პანამა, გვადარი) ათვისება.
ციფრული ავტორიტარიზმისთვის: სათვალთვალო სისტემების ექსპორტი რეჟიმების სტაბილურობისთვის.
დასკვნა
ჩინეთი თითქმის ყველა დიდი კონფლიქტის „მთავარი ბანკირი და მომმარაგებელია“. სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობა მას აძლევს სითამამეს, გვერდი აუაროს სანქციებსა და შეთანხმებებს. მას სურს ევროპული ბაზარი, მაგრამ, ამავდროულად, ასუსტებს დასავლურ უსაფრთხოებას უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომების ირიბი დაფინანსებით აგრესორთა და ავტორიტარულ რეჟიმთას სასასრგებლოდ. ოქროს რეზერვების რეკორდული დაგროვება კი მიანიშნებს, რომ პეკინი გადამწყვეტი ფინანსური დაპირისპირებისთვის ემზადება.
მაკრონის სურვილი, მოიზიდოს ჩინური ინვესტიციები მაშინ, როცა ეს კაპიტალი პირდაპირ კვებავს ევროპის ცივილიზაციურ მტრებს და ცდილობს სტრატეგიული მიმართულებების მონოპოლიზებას, ეიფორიული, მაგრამ დამღუპველი შედეგების მომტანი პოლიტიკაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომუნისტური ჩინეთის „კერძო ინვესტიციები“ ოქსიმორონულად ჟღერს. ჩინეთი დღემდე ტოტალური კონტროლისა და უნიტარული პოლიტიკის ქვეყანაა, სადაც იმ მასშტაბის კერძო კაპიტალს, რაზეც მაკრონი ოცნებობს, ჩინეთის კომპარტიის თანხმობისა და სტრატეგიული დავალების გარეშე ვერავინ დააბანდებს.