პაატა შეშელიძე
კანცლერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დასავლეთის აქტიურ როლს:
ციტატა: „ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს ახალი რეალობა როგორც ბედისწერა. ჩვენ არ ვართ ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყალების იმედად. ჩვენ გვაქვს არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მომავალი. წარმატებისთვის ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ მკაცრ რეალობას და ჩვენი კურსი ნათელი რეალიზმით განვსაზღვროთ.“
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი განაცხადი. „არჩევანის ქონა“ ნიშნავს უარს იმ კოლექტივისტურ ფატალიზმზე, რომელსაც დიქტატორული რეჟიმები გვახვევენ თავს. ნამდვილი ძალა არა სახელმწიფო ბიუროკრატიის ცენტრალიზებულ დაგეგმარებაში, არამედ ინდივიდუალურ ადამიანურ მოქმედებაში, საკუთრების უფლების დაცვასა და თავისუფალ მეწარმეობაშია. თავისუფლების შენარჩუნება მხოლოდ დეცენტრალიზებული საბაზრო პროცესის შედეგად მიღწეულ მაღალ ეკონომიკურ ეფექტიანობას შეუძლია, რაც სახელმწიფო ჩარევის მინიმიზაციას მოითხოვს.
ნაწილი 1: დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა და ევროპული სუვერენიტეტი
1. ღირებულებებიდან ძალისკენ: ახალი გეოპოლიტიკური კომპასი
მერცმა სიტყვა დაიწყო მსოფლიო წესრიგის რღვევის აღიარებით. მან მკაფიოდ განასხვავა წარსულის ილუზიები დღევანდელი მკაცრი რეალობისგან.
ციტატა: „ჩვენ აღარ უნდა ვეყრდნობოდეთ მხოლოდ ჩვენი ღირებულებების ძალას. ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ ჩვენი ძალის ღირებულება.“
მერცის ეს ფრაზა არის აღიარება იმისა, რომ დიქტატურებთან (განსაკუთრებით რუსეთთან და ჩინეთთან) მხოლოდ დიპლომატიური რიტორიკა აღარ ჭრის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ძალა მხოლოდ იარაღში არაა. ნამდვილი ძალა თავისუფალი ბაზრის მიერ გენერირებულ რესურსებშია. თუ „ძალის ღირებულების“ აღიარება გამოიწვევს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტ სახელმწიფო კონტროლს, ჩვენ დავემსგავსებით იმავე ავტოკრატიებს, რომლებსაც ვებრძვით.
2. მთავრობის ორი სტრატეგიული მიზანი
მერცმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი კაბინეტის უმთავრესი პრიორიტეტები, რომლებიც ერთმანეთს განაპირობებენ.
ციტატა: „ჩემმა მთავრობამ ორი მიზანი დაისახა: პირველი, გერმანიამ უნდა დაიბრუნოს ეკონომიკური ძალა. მეორე, ჩვენ გვინდა ევროპა კვლავ გახდეს მთავარი მოთამაშე გლობალურ პოლიტიკაში — ეკონომიკურად და განსაკუთრებით თავდაცვაში.“
მერცი აქ აყალიბებს ფუნდამენტურ პრინციპს — ეკონომიკური სიძლიერე და თავდაცვისუნარიანობა ერთი მედლის ორი მხარეა. გეოპოლიტიკური გავლენა წარმოუდგენელია მდორე ეკონომიკის პირობებში. თუმცა, ამ მიზნების მისაღწევად გერმანიამ უნდა აირჩიოს არა სახელმწიფო კაპიტალიზმის, არამედ თავისუფალი მეწარმეობის გზა.
3. ევროპული ძლიერების სამი სვეტი და ისტორიული გაფრთხილება
მერცმა ევროპელ პარტნიორებს სამოქმედო გეგმა შესთავაზა და გერმანიის წარსული მაგალითად მოიყვანა.
ციტატა: „ევროპელო მეგობრებო... ჩვენი ძალა დღეს სამ სვეტს ეყრდნობა: ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს კონკურენტუნარიანობას და ჩვენს ერთიანობას... მე-20 საუკუნეში ჩემმა ქვეყანამ, გერმანიამ, გაიარა ეს გზა მის მწარე დასასრულამდე. მან ჩაითრია სამყარო შავ უფსკრულში. ამიტომ, გვახსოვდეს, რომ ჩვენი უდიდესი ძალა რჩება პარტნიორობისა და ალიანსების შექმნის უნარში თანასწორთა შორის, ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დაყრდნობით.“
უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და ერთიანობის დასახელება მიანიშნებს იმაზე, რომ მერცი ცდილობს ევროპას ახალი ენერგია შთაბეროს. მერცის მიერ გერმანიის მწარე ისტორიის ხსენება კი არის გაფრთხილება, რომ „ძალის პოლიტიკა“ არ უნდა გადაიზარდოს ძალმომრეობასა და სამხედრო აგრესიაში. ნამდვილი პარტნიორობა მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე შეიძლება დაშენდეს.
4. გრენლანდიის კრიზისი, არქტიკის უსაფრთხოება და ტრანსატლანტიკური პრაგმატიზმი
მერცმა ვრცლად ისაუბრა ჩრდილოეთში არსებულ საფრთხეებსა და აშშ-სთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
ციტატა: „ჩვენ მივესალმებით, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება რუსეთისგან მომავალ საფრთხეს არქტიკაში... ეს საფრთხე თავად არის დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის გამოხატულება. ის მიმართულია როგორც ევროპის, ისე აშშ-ის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ ჰიბრიდულ თავდასხმებში ბალტიის ზღვაზე და რუსეთის ზამთრის ომში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვიზიარებთ რწმენას, რომ როგორც ევროპელმა ნატოს მოკავლირეებმა, მეტი უნდა გავაკეთოთ ჩრდილოეთის დასაცავად, როგორც ნატომ... ჩვენ დავიცავთ დანიას, გრენლანდიას, ჩრდილოეთს რუსეთის საფრთხისგან. ჩვენ დავიცავთ იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ტრანსატლანტიკური პარტნიორობა: სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებებს დანიას, გრენლანდიასა და აშშ-ს შორის ამ პრინციპების საფუძველზე.“
მერცი აქ აკონკრეტებს, რომ გრენლანდიის საკითხი არაა მხოლოდ „უძრავი ქონებით ვაჭრობა“, არამედ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვის სტრატეგიული ნაწილია. ტერიტორიული მთლიანობა და საკუთრების უფლება ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს, მაგრამ ის, რომ მერცი რუსეთის აგრესიას არქტიკაშიც ხედავს და აშშ-სთან ერთად ეძებს პასუხს, სწორი რეალიზმია. მითუმეტეს, რომ არც გერმანიას და არც მთლიანად ევროპას არ აქვთ დამოუკიდებელი რესურსები, რომ ამ პრობლემას თავად შეეჭიდონ. მითუმეტეს, როდესაც სხვა ევოპელი ლიდერები (მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი), ჩინეთის ევროპულ ინვესტიციებს მიესალმებიან. (ჩემი ანალიზი იხ. აქ: https://paata-sheshelidze.blogspot.com/2026/01/blog-post_20.html )
5. თავდაცვის „რევოლუცია“: მშპ-ის 5%
მერცმა დააანონსა გერმანიის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ის 5%-მდე და ხაზი გაუსვა გერმანიის როლს.
ციტატა: „გერმანია იღებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. აი, რატომ გადავწყვიტეთ ჩემი მოღვაწეობის დასაწყისშივე გაგვეზარდა გერმანიის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე. ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება ნიშნავს ჩვენი სუვერენიტეტის დამტკიცებას.“
5%-იანი ნახტომი ნიშნავს, რომ გერმანიამ ან გადასახადები უნდა გაზარდოს (რაც ეკონომიკას დაასამარებს), ან რადიკალურად შეკვეცოს ბიუროკრატიული და სოციალური ხარჯები, ან სესხი აიღოს. აქ ერთადერთი მისაღები გზა სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციაა — თუ ჩავთვლით, რომ თავდაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი ფუნქციაა, კეთილდღეობის სახელმწიფო კი — ბიუროკრატიული ტვირთი. თუმცა, ამ ეტაპზე გერმანია სესხის ხარჯზე ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და მისი გასტუმრება ძირეული საბაზრო შემობრუნების გარეშე შეუძლებელი იქნება.
6. ამბიციური დღის წესრიგი: ოთხი პრიორიტეტული სფერო
კანცლერმა დააკონკრეტა ის ოთხი მიმართულება, სადაც პროგრესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ციტატა: „ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს ოთხ სფეროში ერთდროულად: 1. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში. 2. ევროპაში დამოუკიდებლად უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა. 3. გვინდა შევამციროთ დამოკიდებულებები, რომლებიც ამჟამად მოწყვლადს გვხდის. 4. გვინდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი ინოვაციებისა და ზრდისთვის.“
უკრაინის მხარდაჭერა და დამოუკიდებელი თავდაცვა — ეს აუცილებელი პასუხია დიქტატურების გეგმებზე. თუმცა, "დამოკიდებულებების შემცირება" არ უნდა გადაიზარდოს პროტექციონიზმში. ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების საუკეთესო გზა ბარიერების მოხსნა და თავისუფალი ვაჭრობაა. კერძო სექტორისთვის კარი ღია უნდა იყოს, მაგრამ სრულიად დახურული ავტოკრატიული სახელმწიფო ფინანსებისა და იმ ოლიგარქების მიმართ, რომლებიც ამ სახელმწიფოებში კრონი-კაპიტალისტები არიან.
7. ვაჭრობის თავისუფლების აუცილებლობა: Mercosur და ინდოეთი
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კავშირშია გლობალურ ბაზრებზე წვდომასთან და თავად ევროპის ღიაობასთან.
ციტატა: „Mercosur-ის გარიგება სამართლიანი და დაბალანსებულია. მას ალტერნატივა არ აქვს, თუ გვინდა მაღალი ზრდა ევროპაში. და დიდი ალბათობით, ეს შეთანხმება დროებით ამოქმედდება. რამდენიმე დღეში ევროკომისიის პრეზიდენტი გაემგზავრება ინდოეთში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრინციპების დასადგენად.“
ეს არის ვაჭრობის თავისუფლების აუცილებლობის მკაფიო მხარდაჭერა. თავისუფალი ვაჭრობა არის ეკონომიკური ზრდის ერთადერთი რეალური ძრავა. მერცის მცდელობა, გააფართოოს სავაჭრო კავშირები ინდოეთთან და სამხრეთ ამერიკასთან, არის სწორი ნაბიჯი დიქტატურებისგან ეკონომიკური დივერსიფიკაციისთვის.
8. ბრძოლა „რეგულაციების მსოფლიო ჩემპიონატში“: კონკრეტული წინადადებები
კანცლერმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატია და მისი დაძლევის გეგმა წარადგინა.
ციტატა: „უსაფრთხოება და პროგნოზირებადობა უპირატესია გადაჭარბებულ რეგულაციებზე. ჩვენ უნდა შევამციროთ ბიუროკრატია არსებითად. ერთიანი ბაზარი შეიქმნა იმისთვის, რომ ყოფილიყო ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკური ზონა, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ გავხდით ზედმეტი რეგულაციების მსოფლიო ჩემპიონი... ამიტომ მე მოვუწოდე ევროკავშირის ლიდერებს, შეიკრიბონ სპეციალურ სამიტზე 12 თებერვალს. ჯორჯია მელონიმ და მე ჩამოვაყალიბეთ წინადადებები: ბიუროკრატიის საავარიო მუხრუჭი (emergency break for bureaucracy), საკანონმდებლო მუშაობის უწყვეტობა, მოდერნიზებული ევროკავშირის ბიუჯეტი კონკურენტუნარიანობის აქცენტით. ჩვენ გვინდა სწრაფი, დინამიური ევროპა და სერვისზე ორიენტირებული ადმინისტრაცია.“
ევროპა საკუთარმა ბიუროკრატიამ გამოფიტა. მერცის მიერ "უსაფრთხოებისა და პროგნოზირებადობის" დაყენება რეგულაციებზე წინ — ეს არის "ახალი ორდოლიბერალიზმის" ქვაკუთხედი. ეს არის ყველაზე მისაღები ნაწილი, რომელიც მიანიშნებს, რომ კანცლერი სიტყვებიდან საქმეზე გადადის და სხვებსაც მოუწოდებს. თუმცა მაგალითი თავად უნდა მისცეს, რომ სხვებმა დაიჯერონ.
9. გერმანიის შიდა კონკურენტუნარიანობა, მიტელშტანდი და AI
მერცმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის, როგორც საინვესტიციო მისამართის, გაძლიერებაზე.
ციტატა: „სახლში, გერმანიაში, ჩვენ კვლავ ვხდით ქვეყანას კონკურენტუნარიანს... ე.წ. „მიტელშტანდს“ (საშუალო ბიზნესს) გერმანიაში დიდი ძალა აქვს. ჩვენ ვაძლევთ მიზნობრივ მხარდაჭერას ინოვატორებს, ვხსნით დაბრკოლებებს და ვუმარტივებთ კაპიტალზე წვდომას. ჩვენ შევამცირეთ ენერგიის ხარჯები... 500 მილიარდი ევროა ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის... ამიტომ ვდებთ ინვესტიციებს AI გიგაქარხნებში, მონაცემთა ცენტრებში და ციფრულ ინფრასტრუქტურაში... ჩვენ გვინდა, რომ ინვესტორებმა ნახონ გერმანიაში ძლიერი პარტნიორი.“
"მიტელშტანდი" მართლაც გერმანიის ხერხემალია, მაგრამ მისი ძალა არა სახელმწიფო "მხარდაჭერაში", არამედ თავისუფლებაშია. მერცის მცდელობა, გერმანია ტექნოლოგიურ ლიდერად აქციოს, მისასალმებელია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ გზას გავუხსნით კერძო კაპიტალს და არა ახლებურად ჩამოყალიბებულ სახელმწიფო დირექტივებს.
10. განმანათლებლობის გაკვეთილი და ისტორიული პასუხისმგებლობა
მერცმა გამოსვლა დაასრულა შთამაგონებელი მოწოდებით, რომელიც პოლიტიკურ რეალობას ფილოსოფიურ საფუძველს უქმნის.
ციტატა: „ჩემი მთავრობა შეასრულებს საშინაო დავალებას და გაატარებს ამბიციურ რეფორმებს უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და ევროპული ერთიანობის გარშემო. შთააგონოს ჩვენ განმანათლებლობის ყველაზე მნიშვნელოვანმა გაკვეთილმა: ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენი პასუხისმგებლობა და თავისუფლებაა მისი ფორმირება. ეს ისტორიული ამოცანა ჩვენ წინაშეა და გერმანიას სურს ითამაშოს მთავარი როლი მის შესრულებაში.“
მერცი აქ პირდაპირ მიმართავს განმანათლებლობის ფუნდამენტურ იდეალებს — ინდივიდუალურ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას. ფრაზა „ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია“ არის სწორედ ის ანტითეზა, რომელიც სჭირდება თავისუფალ სამყაროს დიქტატურების წინააღმდეგ.
ნაწილი 2: კითხვა-პასუხი - დეტალები, სადაც „ეშმაკი იმალება“
1. დრაგის მოხსენება და ევროპული „ვიწრო ყელი“
ბორგე ბრენდეს კითხვაზე რეფორმების ტემპზე, მერცმა გულახდილად ისაუბრა ევროპულ ბარიერებზე.
ციტატა: „დრაგის წინადადებების მხოლოდ 10% იქნა რეალურად ამოქმედებული... ევროპარლამენტი არ უნდა გახდეს ამ გადაწყვეტილებების ვიწრო ყელი.“
მერცი სწორად უთითებს ევროპარლამენტის დესტრუქციულ როლზე. დემოკრატიის სახელით ხშირად ხდება ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა. ევროპას სჭირდება არა მეტი „ევროპული გადაწყვეტილება“, არამედ მეტი თავისუფალი კონკურენცია ქვეყნებს შორის.
2. შრომის ეთიკა და სოციალური რეფორმა
კითხვაზე 0.2%-იან ზრდაზე, მერცმა დაასახელა გერმანიის მთავარი პრობლემა: სიზარმაცე და ძვირი სოციალური სისტემა.
ციტატა: „გერმანელები წელიწადში 200 საათით ნაკლებს მუშაობენ, ვიდრე შვეიცარიელები... უნდა ვარეფორმოთ სოციალური სისტემა, პენსიები, ჯანდაცვა.“
ეს არის მერცის გამოსვლის „მარგალიტი“: კეთილდღეობის სახელმწიფომ გერმანელები მოადუნა. შვეიცარიული მოდელი — ნაკლები სახელმწიფო, მეტი ნებაყოფილობითი შრომა – ბევრად მისაღები მოდელია.
3. ენერგეტიკული ჩიხი: ბირთვული ენერგიის გარეშე?
ენერგოხარჯებზე საუბრისას მერცმა აღიარა, რომ ე.წ. “მწვანე” ენერგეტიკასა და ბირთვულ ენერგიაზე უარს ვერ გადახედავს.
ციტატა: „ენერგიის ხარჯები უკვე შემცირდა 10 მილიარდით წელს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ბირთვული სადგურები გათიშულია — ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა და უკან ვერ დავაბრუნებთ, ამიტომ ახალი გაზის სადგურები უნდა დაიდგას.“
აქ მერცი აშკარად ცდება და იხევს უკან აბსურდული, თვითმგვემელი იდეოლოგიის წინაშე, რომელსაც არ სწამს ტექნოლოგიური წინსვლის. ატომურ ენერგიაზე უარი პოლიტიკური ახირებაა, რომელიც გერმანულ ინდუსტრიას ძვირად უჯდება და თუ ამ საკითხს არ გადახედავენ, დანარჩენი გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებენ.
4. კაპიტალის ბაზრების კავშირი (Capital Markets Union)
მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კომპანიები არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი ამერიკულ ან აზიურ კაპიტალზე.
ციტატა: „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენი ევროპული ჩემპიონები კვლავ იყვნენ დამოკიდებულნი კაპიტალის ბაზრებზე ევროპის გარეთ... მათ უნდა შეძლონ საფონდო ბირჟაზე გასვლა ევროპაში.“
ფინანსური სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია, თუმცა ის უნდა მოვიდეს ევროპული საფინანსო ბაზრების დერეგულაციით და არა ამერიკული კაპიტალის დაბლოკვით. კაპიტალს არ აქვს სამშობლო, მას აქვს ეფექტურობა. თუ მერცი ხელოვნურად შეზღუდავს გარე ინვესტიციებს ევროპელი "ჩემპიონების" დასაცავად, ეს მხოლოდ დააზიანებს ევროპულ კომპანიებს და გადაიზრდება ფინანსურ პროტექციონიზმში. ერთადერთი შეზღუდვა - დიქტატორული და ოლიგარქული კაპიტალი უნდა იყოს: ჩინეთის კომპარტიის და პუტინის ოლიგარქების ფულით თავისუფლების დაცვა შეუძლებელია.
5. საგადასახადო რეფორმა და 25%-იანი ბარიერი
მერცმა კონკურენტუნარიანობაზე საუბრისას საგადასახადო ტვირთის შემცირება დააანონსა.
ციტატა: „ჩვენმა მთავრობამ უკვე დაიწყო საგადასახადო ტვირთის შემცირება. ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში ბიზნესის კორპორატიული გადასახადების ჯამური განაკვეთი 25%-მდე ჩამოვიდეს.“
მართალია, 25%-მდე შემცირება სწორი მიმართულებაა, მაგრამ ეს მაინც ძალიან მაღალია. თუ მერცს მართლა უნდა გერმანია კვლავ გახდეს "ორდოლიბერალური" სასწაულის ადგილი, მან უნდა იფიქროს ბევრად დაბალ საგადასახადო ტვირთზე, რომ უფრო კონკურენტული გახდეს. 25% არის ბიუროკრატიის შენახვის ფასი და არა ეკონომიკური ნახტომის საფუძველი.
შეჯამება
ფრიდრიხ მერცის დავოსური დებიუტი იყო მცდელობა, დაემტკიცებინა, რომ გერმანია კვლავ „ზრდასრული“ მოთამაშეა, თუმცა პოლიტიკური სიმწიფე მხოლოდ ხისტ რიტორიკაში არ გამოიხატება. მისი „ახალი ორდოლიბერალური“ ხედვა — ეკონომიკური სიმკაცრისა და სამხედრო სიძლიერის ნაზავი — არის პასუხი დიქტატურულ გამოწვევებზე, მაგრამ ეს პასუხი დარჩება ზედაპირული, თუ მას საფუძვლად არ დაედება რადიკალური საბაზრო რევოლუცია. მერცმა გააცნობიერა მთავარი: თავისუფლება არ არის უფასო და ის მხოლოდ მათთან რჩება, ვინც მზად არის ბევრი იშრომოს და თავი დაიცვას.
თუმცა, მკაცრი საბაზრო პოზიციიდან უნდა ითქვას: ევროპის თავდაცვისუნარიანობა პირდაპირპროპორციულია მისი ეკონომიკური თავისუფლებისა. მერცის მიერ დასახული 25%-იანი საგადასახადო ბარიერი და ენერგეტიკული იდეოლოგიის წინაშე კაპიტულაცია არის ის „ნაღმები“, რომლებიც მის გეგმას შიგნიდან აფეთქებს. თუ გერმანიას მართლა სურს მომავლის ფორმირება, მან უნდა გაბედოს და დაუბრუნდეს ნამდვილ კაპიტალიზმს, სადაც სახელმწიფო არა „გიგაქარხნების“ ინვესტორი, არამედ თავისუფალი კონკურენციის გარანტია. სხვა შემთხვევაში, „დავოსის დოქტრინა“ მხოლოდ ბიუროკრატიული სტატუს-კვოს მოდერნიზაციის მცდელობად დარჩება, რაც თავისუფალ სამყაროს ავტოკრატიულ საფრთხეებთან ბრძოლაში გამარჯვებას ვერ მოუტანს.
კანცლერის გამოსლის სრული ტექსტი ქართულად იხ. აქ: https://paata-sheshelidze.blogspot.com/2026/01/2026-22.html ; გამოსვლის ჩანაწერი იხ. აქ: https://www.youtube.com/live/UVwPUnAhis0?si=CdfvBS3KIR7qu1RV
No comments:
Post a Comment
მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435