პაატა შეშელიძე
დღეს ხშირად გვესმის მოწოდებები ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემისა და ე.წ. „ჩაურევლობის“ შესახებ.
ამ პოზიციის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ თუ ჩვენს საზღვრებს მიღმა ტირანია მძვინვარებს — იქნება ეს ირანის თეოკრატია, რუსეთის იმპერიალიზმი, ჩინეთის მილიტარული ტოტალიტარიზმი თუ ვენესუელისა და კუბის რეჟიმები — ეს სხვების საქმე არ არის და მთავარია ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა, ვაჭრობა და მშვიდობა.
თუმცა, ლუდვიგ ფონ მიზესი გვასწავლის, რომ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივრობა არა გულგრილობა, არამედ ცივილიზაციის აქტიური დაცვაა. კლასიკური ლიბერალიზმი გაცილებით შორს ხედავს, ვიდრე მხოლოდ დღევანდელობაა — ტოტალიტარული რეჟიმები ყოველთვის ელოდებიან შესაფერის დროს, რათა შემოგიტიონ, მოგადუნონ და დაგიმორჩილონ.
აი, რას წერდა მიზესი 1927 წელს ნაშრომში „ლიბერალიზმი კლასიკური ტრადიციით“ და როგორ პასუხობს ის დღევანდელ გამოწვევებს:
1. ტირანიის ბუნება: „ყაჩაღი ჩასაფრებაში“
მიზესი არ იკვებებოდა ილუზიებით დიქტატურების კეთილგანწყობის შესახებ. ის რუსეთის (და ნებისმიერი ექსპანსიური ტირანიის) შესახებ წერდა:
„მას შემდეგ, რაც რუსეთი პირველად გახდა გავლენიანი ფიგურა ევროპის პოლიტიკაში, იგი მუდამ მოქმედებდა ყაჩაღივით, რომელიც ჩასაფრებული ელოდება იმ მომენტს, როცა შეძლებს თავის მსხვერპლზე თავდასხმას და მის გაძარცვას. არასდროს და არაფერს შეუჩერებია რუსეთის მეფე ექსპანსიისგან, გარდა არახელსაყრელი ვითარებისა.“
ეს დიაგნოზი დღესაც აქტუალურია. თეირანიდან მოსკოვამდე, ჩინეთიდან ვენესუელამდე, ტირანები არ ეძებენ „მშვიდობიან თანაარსებობას“. მათთვის მშვიდობა მხოლოდ პაუზაა რესურსების მოსაგროვებლად, დაქვემდებარებული ელიტების შესაქმნელად, რათა კვლავ დაესხან თავს თავისუფალ სამყაროს და გადაყლაპონ იგი, თუნდაც მისი რომელიმე მცირე ნაწილი.
2. „ინტელექტუალური სტერილურობა“ და პარაზიტიზმი
ხშირად გვესმის, რომ დიქტატურებთან ვაჭრობა მათ „გაააშინაურებს“, “გაადამაინებს”, “ბიზნეს ინტერესბს გაუჩენს”. მიზესი ამას სკეპტიკურად უყურებდა. მისი აზრით, ასეთ რეჟიმებს არ სურთ თანამშრომლობა, მათ სურთ სხვისი ნაშრომის მითვისება:
„არ შეიძლება ერების დახარისხება მათი სიკარგის მიხედვით... ერთადერთი, რასაც ვამტკიცებთ, ისაა, რომ მათ არ სურთ ადამიანთა საზოგადოებრივი თანამშრომლობის სისტემაში მოქცევა. მათი დამოკიდებულება ადამიანთა საზოგადოებისა და ერების ერთობისადმი ისეთ ადამიანთა დამოკიდებულებაა, რომლებსაც სურთ მხოლოდ სხვების მიერ შექმნილის მოხმარება.“
როდესაც ჩინეთი იპარავს ტექნოლოგიებს, ხოლო ირანი და რუსეთი დასავლურ კაპიტალს საკუთარი რეპრესიული მანქანის გასაძლიერებლად იყენებენ, ისინი ზუსტად მიზესის აღწერილ „ველურ მდგომარეობას“ განასახიერებენ.
3. პოლიტიკური ზღვარი: „არავითარი დახმარება ტირანიას“
მიზესი არ მოგვიწოდებდა ომისკენ, მაგრამ ის კატეგორიულად ითხოვდა, რომ თავისუფალ სამყაროს ხელი არ გაემართა იმ ძალისთვის, რომელიც მის განადგურებას ცდილობს:
„მათ არ უნდა მიეცეს უფლება საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთისა და ევროპული ცივილიზაციის დანგრევის... ევროპისა და ამერიკის მთავრობებმა უნდა შეწყვიტონ საბჭოთა დესტრუქციონიზმისთვის ხელის შეწყობა რუსეთში ექსპორტისთვის პრემიების დაწესებით და ამგვარად რუსეთის საბჭოთა სისტემისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენით. მათ უნდა შეწყვიტონ საბჭოთა რუსეთში ემიგრაციისა და კაპიტალის ექსპორტის პროპაგანდა.“
დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ნიშნავს იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად სთხოვს გერმანიას, ევროპასა და სხვა მოკავშირეებს:
- არა შეღავათიან კრედიტებსა და ეკონომიკურ პრივილეგიებს დიქტატურებისთვის.
- არა იმ ტიპის ვაჭრობას, რომელიც პირდაპირ ტირანების სამხედრო ბიუჯეტს კვებავს (განსაკუთრებით ენერგეტიკულ სფეროში).
- მკაფიო ბარიერი ცივილიზაციასა და ბარბაროსობას შორის — მოკავშირეებმა უნდა შეწყვიტონ თავისუფლების მტრების ეკონომიკური გაძლიერება.
დასკვნა
მიზესის ლიბერალიზმი პრინციპულია და არა გულუბრყვილო. მან იცოდა, რომ „ლიბერალიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევურიგდეთ ყველაფერს და ავიტანოთ ნებისმიერი ბოროტება იმის შიშით, რომ არ დავარღვიოთ ლიბერალური პრინციპები“.
ჩვენი ვალია, არ ვიყოთ დიქტატურების „სასარგებლო იდიოტები“. თუ ჩვენი პოლიტიკა ტირანებს ფინანსურად აძლიერებს, ჩვენ თავად ვხდებით იმ „დესტრუქციონიზმის“ თანამონაწილეები, რომელიც ადრე თუ გვიან ჩვენსავე კარზე მოაკაკუნებს.
დავუბრუნდეთ მიზესს. დავიცვათ თავისუფლება არა მხოლოდ იარაღით, არამედ, პირველ რიგში, მორალური და ეკონომიკური სიცხადით. 
No comments yet
Be the first to comment.
