(აქა ამბავი იმაზე, რომ ამერიკაზე ძველი ჭადარი დგას თელავში, ანუ სად იყო ტრამპი, როცა ერეკლე II-ის "დელტა" ბდღვნიდა ყველაფერს, ხოლო ევროპაში ფრიდრიხ მეორე ნერწყვებს ყლაპავდა).
პაატა შეშელიძე
სანამ ამერიკის დამფუძნებელი მამები აღუ-ბაღუები იყვნენ, თელავში, იმ დროს, 700-წლიანი ჭადრის ჩრდილში, ერეკლე II კავკასიის „ახალ წესრიგს“ ამყარებდა. მაშინ, როცა "მსოფლიო პოლიტიკა" ჯერ კიდევ ყალიბდებოდა, პატარა კახი უკვე იყენებდა ჰიბრიდული ომის იმ მეთოდებს, რომლებსაც დღეს სპეცსამსახურები „ოპერატიულ მოქმედებებს“ უწოდებენ.
წინაპირობა: ჭარ-ბელაქნის „პოლიტიკური ლაბირინთი“
XVIII საუკუნის შუა ხანებში ქართლ-კახეთის სამეფოს აღმოსავლეთით მდებარე ჭარ-ბელაქანი (საინგილო) მუდმივი დესტაბილიზაციის კერა იყო. იქაური მუსლიმი მომთაბარე თემები არ ცნობდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, ავიწროებდნენ ქართველებს და ზურგს უმაგრებდნენ დაღესტნელ ფეოდალებს. მათ მთავარი მფარველი შაქის ხანი, აჯი-ჩალაბი იყო, რომელიც ერეკლეს რეგიონულ გავლენაში ეცილებოდა.
1751 წელი: სპეცოპერაცია და „ქეიხოების“ გატაცება
1751 წლის სექტემბერში ერეკლემ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ჭარელების თავნებობისთვის.
* ოპერაცია: ერეკლემ ლაშქარი ისე სწრაფად გადასხა ალაზანს მიღმა, რომ მტერმა მობილიზება ვერ მოასწრო. ქართველებმა ალყა შემოარტყეს ჭარს.
* დატყვევება: მეფემ ხელთ იგდო ჭარ-ბელაქნის უხუცესები — ქეიხოები. მათ შორის იყვნენ ყველაზე გავლენიანი ფიგურები: ადამ-ქეიხო, ალი-ბეგ-ქეიხო და სხვები.
* შედეგი: ისინი სასწრაფოდ თელავში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ ერეკლემ მოითხოვა არა მხოლოდ მორჩილება, არამედ 20 მძევალი (ამანათი) საუკეთესო გვარებიდან, რათა მომავალში თავდასხმები გამოერიცხა.
1754-1760: ნურსალ-ბეგის იზოლაცია და კოკაიას ველის ბრძოლა
ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი ერეკლეს ყველაზე დაუძინებელი მტერი იყო.
* 1754 წელი (მჭადიჯვარი): ნურსალ-ბეგი 20-ათასიანი არმიით შემოიჭრა. მჭადიჯვრის ციხესთან ბრძოლაში ერეკლემ ის სასტიკად დაამარცხა. ნურსალ-ბეგი ბეწვზე გადაურჩა დატყვევებას, თუმცა მისი უახლოესი სარდალი — ჩოლაყ-მურთაზ-ალი ქართველების ხელში აღმოჩნდა და თბილისის ციხეში იქნა გადაყვანილი.
* 1774 წელი (კოკაიას ველი): ეს იყო კულმინაცია. მდინარე ივრის პირას, კოკაიას ველზე, ერეკლემ ნურსალ-ბეგის ლაშქარი ჩასაფრებაში მოაქცია. ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ნურსალ-ბეგმა ისევ გაქცევით უშველა თავს, ერეკლემ ხელთ იგდო მისი პირადი ბაირაღები (დროშები) და 500-ზე მეტი ტყვე, მათ შორის ხუნძახის გავლენიანი აზნაურები.
„ამანათობის“ სისტემა: ვინ იყვნენ მძევლები?
ერეკლემ შექმნა „მძევლების ქსელი“, რომელიც მთელ კავკასიას აკონტროლებდა. სხვადასხვა დროს მის კარზე (თელავში ან თბილისში) იმყოფებოდნენ:
* ერევნის ხანის, ჰუსეინ-ალი ხანის უფლისწულები (მაგალითად, მუჰამედ-ხანი).
* განჯის ხანის, შაჰვერდი ხანის შვილები.
* ყარაბაღის ხანის, ფანა-ალი ხანის ნათესავები.
ბიზნეს-მოდელი: ვინ იხდიდა ამ ყველაფერში, ანუ ამდენი ადამიანის ერეკლეს კარზე ცხოვრებაში?
ერეკლე II-ის სისტემაში მძევალი სამეფო ხაზინისთვის ხარჯი კი არა, შემოსავალი იყო.
* ხარკი: მძევლის მამას (ხანს ან ბელადს) ევალებოდა ყოველწლიურად გამოეგზავნა „ამანათობის ხარკი“ — ფული, ხორბალი და პირუტყვი.
* შენახვა: ამ ფულით ფინანსდებოდა მძევლის ცხოვრება და თავად ერეკლეს რეგულარული არმია — „მარიგე ჯარი“.
* ვადა: მძევლობა წლობით გრძელდებოდა. მაგალითად, ერევნის ხანის შვილები 5-10 წელიც კი რჩებოდნენ თელავში. მძევალი იცვლებოდა მხოლოდ მაშინ, როცა მას სხვა ნათესავით ჩაანაცვლებდნენ.
ისტორიული დასკვნა
სანამ ტრამპის წინაპრები ოკეანის გაღმა ახალ ცხოვრებას იწყებდნენ, პატარა კახი კავკასიას „რკინის ხელთათმანით“ მართავდა. მისი მეთოდი — მმართველების ოჯახის წევრების „საპატიო ტყვეობა“ — იყო XVIII საუკუნის პოლიტიკური შანტაჟის უმაღლესი პილოტაჟი. ერეკლემ იცოდა: მოკლული მტერი მხოლოდ ერთხელაა მკვდარი, ხოლო თელავში მძევლად მყოფი უფლისწული — ეს არის მთელი რეგიონის მორჩილების გარანტია საუკუნის ბოლომდე.

No comments:
Post a Comment
მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435