(ანუ ვრცლად იმაზე, თუ როგორ მოახლოვდა სხვის ხარჯზე ცხოვრების ევროპული ილუზიის
დასასრული, რატომ არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ევროპის კრიტიკა სამართლიანი და
რატომ ვერ პასუხობენ ევროპელები გამოწვევებს)
პაატა შეშელიძე
NSS-ში ევროკავშირი გამოკვეთილია როგორც „სტრატეგიული ავტონომიის ილუზიის“
მსხვერპლი – ევროკავშირის მისწრაფება, გახდეს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური აქტორი,
ვაშინგტონისთვის მხოლოდ საფარია იმისა, რომ ევროპამ განაგრძოს ამერიკული უსაფრთხოების
„სუბსიდირების“ მიღება (Security Subsidization). ევროპელები, დოკუმენტის მიხედვით,
იყენებენ ნატოს ამერიკულ გარანტიებს იმისთვის, რომ თავიანთი შეზღუდული თავდაცვის ბიუჯეტები
სოციალურ პროგრამებსა და ბიუროკრატიულ აპარატზე მიმართონ, რაც ამერიკელ გადასახადის
გადამხდელებს დამატებით ტვირთად აწვება.
ტრამპის ადმინისტრაცია ევროპას აკრიტიკებს არა მხოლოდ თავდაცვის ხარჯების
დაბალი დონის გამო (ნატოს ბევრი წევრი კვლავ ვერ აღწევს 2%-იან ნიშნულს, რომ აღარაფერი
ვთქვათ მოთხოვნის 3%-მდე და მითუმეტეს 5%-მდე გაზრდაზე), არამედ უფრო ღრმა ცივილიზაციური
კრიზისის გამო: იმიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ასუსტებს შიდა უსაფრთხოებას; დემოგრაფიული
ვარდნა; „თავისუფალი სიტყვის ცენზურა“ და „კულტურული თვითდესტრუქცია“. NSS აცხადებს,
რომ ევროპა კარგავს „ცივილიზაციურ თავდაჯერებულობას“ და აშშ იძულებულია „გააღვიძოს“
იგი – არა უსასყიდლო დახმარებით, არამედ მკაცრი ნაცვალგებით.
ეს ხედვა პირდაპირ ეხმიანება ტრამპის პირველი ტერმინის სტრატეგიას (2017
NSS), თუმცა 2025 წლის დოკუმენტი უფრო მკვეთრი და იდეოლოგიურია: ის პრიორიტეტს ანიჭებს
ამერიკის ეროვნულ ინტერესებს – ეკონომიკურ სიძლიერეს, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა,
დასავლეთ ნახევარსფეროში გავლენის გამყარებას, სამართლიან პარტინორობას. ამერიკისთვის
ეს ნიშნავს საკუთარი გავლენის სრულ კაპიტალიზაციას, ხოლო ევროპისთვის – ტრანსატლანტიკური
ურთიერთობები აღარ იქნება ავტომატური – ისინი გახდება ტრანზაქციული: მეტი თავდაცვის
ხარჯი, მეტი ამერიკული ენერგორესურსის შესყიდვა, სამართლიანი სავაჭრო წესები, უფრო
მკაცრი პოზიცია ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებით, საერთო მიდოგომა მიგრაციის პოლიტიკისადმი
და ა.შ.
ევროპული რეაქცია ხმაურიანია: ბრიუსელი და ეროვნული დედაქალაქები დოკუმენტს
„შოკის ტალღად“ აფასებენ, თუმცა ბევრი ანალიტიკოსი აღიარებს, რომ კრიტიკა ნაწილობრივ
დასაბუთებულია. თუ ევროპა არ გადავა რეალურ სტრატეგიულ ავტონომიაზე – თავდაცვის ინდუსტრიის
გაძლიერებითა და შიდა რეფორმებით – ტრამპის მოთხოვნა შეიძლება გადაიზარდოს ევროპის
ნამდვილ იზოლაციაში, რაც კონტინენტს დაუცველს დატოვებს რუსეთისა და ჩინეთის წინაშე,
უშუალოდ ევროკავშირი კი დაიშლება.
2025 წლის NSS არა მხოლოდ შიდა დოკუმენტი, არამედ საერთაშორისო გზავნილია:
ამერიკა აღარ აპირებს იყოს მოხალისე „მსოფლიო პოლიციელი“ ან ევროპის „უსაფრთხოების
საფულე“. ევროპელმა პარტნიორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ბედზე, შეასრულონ
ვალდებულებები და გახდნენ რეალური, თანასწორი პარტნიორები. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ტრანსატლანტიკური ალიანსი დღევანდელი სახით აღარ იარსებებს და ჩამოყალიბდება ამერიკისა
და მისი სანდო პარტნიორების ინტერკონტინენტალურ დაჯგუფებად, სადაც „მუქთა მგზავრები“
და „ორპირი მოკეთეები“ ვეღარ გაჩერდებიან.
1. სამხედრო ხარჯების ევოლუცია: 2021 vs 2024-2025
ვაშინგტონი ევროპის თავდაცვის პოლიტიკას „სტრატეგიულ პარაზიტიზმად“ აფასებს.
2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში (NSS) გაჟღერებული კრიტიკის ძირითადი
აქცენტებია:
- 2%-იანი ზღვარის
არაადეკვატურობა: ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მშპ-ის 2% მხოლოდ მშვიდობიანი
პერიოდის მინიმუმი იყო. დღევანდელ რეალობაში აშშ მოითხოვს ხარჯების 3%-მდე ან
5%-მდე გაზრდას, რათა ევროპამ დამოუკიდებლად შეძლოს კონტინენტური საფრთხეების
შეკავება.
- ერთჯერადი
ფონდების ფენომენი: ვაშინგტონი აკრიტიკებს გერმანიასა და სხვა ქვეყნებს იმის გამო,
რომ ისინი 2%-იან ნიშნულს აღწევენ „ბუღალტრული მანევრებითა“ და ერთჯერადი სპეციალური
ფონდებით, ნაცვლად თავდაცვის ბიუჯეტის სისტემური და მდგრადი ზრდისა.
- „უსაფრთხოების
საფულე“: ამერიკული მხარე პირდაპირ მიუთითებს, რომ ნატოში აშშ-ის მიერ დახარჯული
ყოველი დოლარი, ფაქტობრივად, ევროპული სოციალური სახელმწიფოების „სუბსიდირებაა“.
ვაშინგტონი აღარ აპირებს იყოს „მსოფლიო პოლიციელი“, რომელიც მდიდარ ევროპულ ქვეყნებს
უფასოდ იცავს.
ქვემოთ მოცემულია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების დეტალური მიმოხილვა
(დალაგებულია ალიანსის ბიუჯეტში მათი წილის მიხედვით):
კატეგორია ა: ლიდერები (ასრულებენ და აჭარბებენ 2%-იან ვალდებულებას)
ეს ქვეყნები აცნობიერებენ ეგზისტენციალურ საფრთხეებს და პასუხისმგებლობით
ეკიდებიან კოლექტიურ უსაფრთხოებას.
- აშშ:
3.48% (2021) $\rightarrow$ 3.38% (2024). წილი ნატოში: 67.0%. შეფასება:
ალიანსის შეუცვლელი ხერხემალი, რომელიც ხარჯების ორ მესამედს ფარავს.
- დიდი ბრიტანეთი:
2.25% (2021) $\rightarrow$ 2.33% (2024). წილი ნატოში: 6.2%. შეფასება:
სტაბილური და საიმედო სტრატეგიული პარტნიორი.
- გერმანია:
1.46% (2021) $\rightarrow$ 2.12% (2024). წილი ნატოში: 5.8%. შეფასება:
„იძულებითი“ პროგრესი, რომელიც ძირითადად ერთჯერადი ფონდებითაა მიღწეული.
- საფრანგეთი:
1.95% (2021) $\rightarrow$ 2.06% (2024). წილი ნატოში: 4.4%. შეფასება:
ფორმალურად ასრულებს პირობას, თუმცა ამბიციებთან შედარებით ნაკლებ რესურსს დებს.
- პოლონეთი:
2.22% (2021) $\rightarrow$ 4.12% (2024). წილი ნატოში: 2.3%. შეფასება:
ახალი ევროპული ლიდერი; ყველაზე მკვეთრი ნახტომი ალიანსში.
- ნიდერლანდები:
1.41% (2021) $\rightarrow$ 2.05% (2024). წილი ნატოში: 1.1%. შეფასება:
პოზიტიური დინამიკა და ვალდებულების შესრულება.
- ნორვეგია:
1.74% (2021) $\rightarrow$ 2.41% (2024). წილი ნატოში: 0.7%. შეფასება:
ჩრდილოეთ ფლანგის საიმედო მცველი.
- დანია:
1.41% (2021) $\rightarrow$ 2.37% (2024). წილი ნატოში: 0.6%. შეფასება:
მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო წლებში.
- საბერძნეთი:
3.76% (2021) $\rightarrow$ 3.08% (2024). წილი ნატოში: 0.6%. შეფასება:
ტრადიციულად მაღალი ხარჯები რეგიონული გამოწვევების გამო.
- რუმინეთი:
1.88% (2021) $\rightarrow$ 2.32% (2024). წილი ნატოში: 0.6%. შეფასება:
აღმოსავლეთ ფლანგის სტაბილური გამაგრება.
- ფინეთი:
1.85% (2021) $\rightarrow$ 2.41% (2024). წილი ნატოში: 0.5%. შეფასება:
ახალი წევრი, რომელიც მყისიერად ჩაერთო პასუხისმგებლობის განაწილებაში.
- უნგრეთი:
1.55% (2021) $\rightarrow$ 2.11% (2024). წილი ნატოში: 0.3%. შეფასება:
მიაღწია 2%-იან ნიშნულს პოლიტიკური ვექტორის მიუხედავად.
- ჩეხეთი:
1.40% (2021) $\rightarrow$ 2.10% (2024). წილი ნატოში: 0.3%. შეფასება:
მკაფიო ზრდა და ვალდებულების შესრულება.
- სლოვაკეთი:
1.73% (2021) $\rightarrow$ 2.00% (2024). წილი ნატოში: 0.2%. შეფასება:
მინიმალური ზღვარის მიღწევა.
- ბულგარეთი:
1.57% (2021) $\rightarrow$ 2.18% (2024). წილი ნატოში: 0.2%. შეფასება:
შესამჩნევი პროგრესი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.
- ლიეტუვა:
2.03% (2021) $\rightarrow$ 2.85% (2024). წილი ნატოში: 0.15%. შეფასება:
ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ლიდერი.
- ესტონეთი:
2.16% (2021) $\rightarrow$ 3.43% (2024). წილი ნატოში: 0.09%. შეფასება:
პატარა ქვეყნის დიდი კონტრიბუცია.
- ლატვია:
2.04% (2021) $\rightarrow$ 3.15% (2024). წილი ნატოში: 0.08%. შეფასება:
საფრთხის ადეკვატური აღქმა და რეაგირება.
- ჩრდილოეთ მაკედონია:
1.57% (2021) $\rightarrow$ 2.22% (2024). წილი ნატოში: 0.03%. შეფასება:
ახალი წევრის წარმატებული ადაპტაცია.
- ალბანეთი:
1.53% (2021) $\rightarrow$ 2.03% (2024). წილი ნატოში: 0.03%. შეფასება:
ვალდებულების შესრულება.
- მონტენეგრო:
1.63% (2021) $\rightarrow$ 2.02% (2024). წილი ნატოში: 0.01%. შეფასება:
მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, პროცენტული მაჩვენებელი დაცულია.
კატეგორია ბ: „ახლოს არიან“ (1.5% - 1.99%)
ეს ქვეყნები აჩვენებენ პროგრესს, თუმცა კვლავ ვერ აღწევენ დათქმულ მინიმუმს.
- თურქეთი:
1.54% (2021) $\rightarrow$ 1.58% (2024). წილი ნატოში: 1.3%. შეფასება:
რეგიონული ამბიციების ფონზე, ხარჯები კვლავ დაბალია.
- პორტუგალია:
1.48% (2021) $\rightarrow$ 1.55% (2024). წილი ნატოში: 0.3%. შეფასება:
ნელი და არაადეკვატური ტემპი.
- ხორვატია:
1.83% (2021) $\rightarrow$ 1.81% (2024). წილი ნატოში: 0.1%. შეფასება:
რეგრესი საფრთხეების ზრდის ფონზე.
კატეგორია გ: „უფასო მგზავრები“ (Free Riders) (<1.5%)
ეს ქვეყნები სარგებლობენ სხვების მიერ შექმნილი უსაფრთხოებით და თავდაცვაში
მინიმალურ რესურსს დებენ.
- იტალია:
1.41% (2021) $\rightarrow$ 1.49% (2024). წილი ნატოში: 2.1%. შეფასება:
ევროპის მე-3 ეკონომიკის მხრიდან ალიანსის აშკარა უგულებელყოფა.
- კანადა:
1.33% (2021) $\rightarrow$ 1.37% (2024). წილი ნატოში: 2.1%. შეფასება:
ტრადიციული ჩამორჩენა და აშშ-ზე პარაზიტირება.
- ესპანეთი:
1.01% (2021) $\rightarrow$ 1.28% (2024). წილი ნატოში: 1.4%. შეფასება:
„უფასო მგზავრობის“ სიმბოლო; კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი.
- ბელგია:
1.01% (2021) $\rightarrow$ 1.30% (2024). წილი ნატოში: 0.5%. შეფასება:
უპასუხისმგებლობა ნატოს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნისგან.
- სლოვენია:
1.21% (2021) $\rightarrow$ 1.29% (2024). წილი ნატოში: 0.06%. შეფასება:
უმოქმედობა და თავდაცვის დაბალი პრიორიტეტულობა.
- ლუქსემბურგი:
0.54% (2021) $\rightarrow$ 1.29% (2024). წილი ნატოში: 0.05%. შეფასება:
უზარმაზარი სიმდიდრის მიუხედავად, თავდაცვას მინიმალურ რესურსს უთმობს.
- ისლანდია:
0.0% (არ ჰყავს შეიარაღებული ძალები).
შეფასება: სრულად სხვის ხარჯზე დაცული.
ნიშანდობლივია, უკრაინის ომმა გამოაშკარავა, რომ ევროპა ვერ აწარმოებს საკმარის
რაოდენობას ჭურვებს თვითმფრინავებისთვის, რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს და ა.შ. წარმოების
მოცულობა 10-15-ჯერ ჩამორჩება რუსეთსა და ჩინეთს.
დასკვნა: მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაშინგტონის პრეტენზიები ევროპელი
„უფასო მგზავრების“ შესახებ სავსებით ლეგიტიმურია. მაშინ, როდესაც აშშ ათწლეულების
განმავლობაში საკუთარი რესურსებით აზღვევს კონტინენტის უსაფრთხოებას, ევროპული სახელმწიფოების
დიდი ნაწილი კვლავ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას იჩენს და თავდაცვის ხარჯებს სოციალური
კეთილდღეობის ხარჯზე ზოგავს. ამერიკული მხარე სამართლიანად მოითხოვს ამ პარაზიტული
მოდელის დასრულებას და მოკავშირეებისგან რეალურ, სისტემურ ფინანსურ კონტრიბუციას, რაც
კოლექტიური უსაფრთხოების შენარჩუნების ერთადერთი გზაა.
2. ენერგეტიკული „ღალატი“: მზარდი დამოკიდებულება რუსეთზე
წყარო: IEA (International Energy Agency) & Eurostat Data
2021-2025.
დონალდ ტრამპის კრიტიკა ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართ წინასწარმეტყველური
აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 2018 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ისევე როგორც გერმანიის
მთავრობასთან პირისპირ შეხვედრისას, ტრამპმა მკაცრად გააფრთხილა ანგელა მერკელი და
გერმანული ელიტა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) პროექტი გერმანიას
რუსეთის „ტყვეობაში“ მოაქცევდა. მაშინ გერმანული დელეგაცია ამ გაფრთხილებას ირონიული
ღიმილით შეხვდა, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ამ ირონიის ფასი ევროპის
უსაფრთხოების კოლაფსი იყო.
„ჩრდილოეთის ნაკადის“ ხაფანგი:
- Nord
Stream 1 (2011): გამტარუნარიანობა – წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი. ამ პროექტით
ევროპამ ნებაყოფლობით ჩაიგდო თავი კრემლის გავლენის სფეროში.
- Nord
Stream 2 (2021): აშშ-ის სანქციებისა და გაფრთხილების მიუხედავად, გერმანია ჯიუტად
აგრძელებდა მეორე 55-მილიარდიანი ხაზის მშენებლობას, რაც რუსეთზე დამოკიდებულებას
აორმაგებდა.
დამოკიდებულების გეოგრაფია და მასშტაბები:
- გერმანია:
ომამდე ბუნებრივი აირის 55%-ს რუსეთისგან იღებდა, რაც ქვეყნის ინდუსტრიულ ბაზას
კრემლის ნებაზე პირდაპირდამოკიდებულს ხდიდა.
- ავსტრია: ერთ-ერთი
ყველაზე კრიტიკული შემთხვევა. 2021 წელს გაზის 80% რუსეთიდან შედიოდა. 2024 წელსაც
კი, მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, ავსტრია კვლავ აგრძელებს რუსული გაზის მნიშვნელოვანი
მოცულობების მოხმარებას.
- უნგრეთი: დღემდე
რჩება კრემლის ენერგეტიკულ ორბიტაზე; ის რუსული გაზის 80%-სა და ნავთობის დიდ
ნაწილს მოიხმარს, რის გამოც ბრიუსელის სანქციების პოლიტიკას მუდმივად აფერხებს.
- ჩეხეთი და
სლოვაკეთი: ორივე ქვეყანა ისტორიულად და ინფრასტრუქტურულად რუსულ მილსადენებზე
იყო „მიჯაჭვული“ (დამოკიდებულება 75-დან 100%-მდე მერყეობდა). მათი ეკონომიკური
გადაწყობა დღემდე მტკივნეულად მიმდინარეობს.
- იტალია: ომამდე
რუსული გაზის ევროპის მეორე უმსხვილესი იმპორტიორი იყო (დაახლოებით 40%). იტალიის
სამრეწველო სექტორი პირდაპირ დაზარალდა ენერგორესურსებზე ფასების ზრდით.
- ბულგარეთი
და მოლდოვა: ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვი ენერგეტიკას პირდაპირ პოლიტიკური
შანტაჟის იარაღად იყენებდა (დამოკიდებულება თითქმის 100% იყო).
ფინანსური პარადოქსი და „ომის დაფინანსება“:
- ომამდე ევროპა
რუსეთს დღეში თითქმის 1 მილიარდ აშშ დოლარს უხდიდა.
- 2024-2025
წლებში ევროპა კვლავ აგრძელებს რუსული თხევადი გაზის (LNG) იმპორტს. სტატისტიკურად,
ევროპული ქვეყნების ნაწილმა რუსეთს ენერგორესურსებში უფრო მეტი გადაუხადა, ვიდრე
ჯამურად გამოუყო სამხედრო დახმარება უკრაინას. ეს გეოპოლიტიკური აბსურდია: ევროპა
ცალი ხელით უკრაინას „ეხმარება“, მეორე ხელით კი კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსებას
განაგრძობს, რადგან ალტერნატივებს დიდი ენთუზიაზმით არ განიხილავს.
- გერმანიის
ენერგეტიკული თვითდაზიანება (Energiewende): გერმანიის ე.წ. „მწვანე“ პოლიტიკა
სტრატეგიული კატასტროფა აღმოჩნდა. ანგელა მერკელის გადაწყვეტილება, 2011 წლის
ფუკუსიმის ავარიის შემდეგ დაეჩქარებინა ატომური ელექტროსადგურების დახურვა
(Atomausstieg), უდიდესი ტექნოლოგიური და პოლიტიკური შეცდომა იყო. 2023 წლის აპრილში
გერმანიამ ბოლო სამი ფუნქციური რეაქტორიც გათიშა, რამაც ქვეყანა იაფი და სტაბილური
საბაზისო ენერგიის გარეშე დატოვა. ამერიკელი ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები
წლებია მიუთითებდნენ, რომ ატომურ ენერგიაზე უარის თქმამ გერმანია აიძულა, „მწვანე“
რიტორიკის პარალელურად, კრიტიკულად დაყრდნობოდა რუსულ ბუნებრივ აირს. ამას დაემატა
ტრადიციულ ქვანახშირზე უარის თქმაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა მოსკოვზე ენერგოდამოკიდებულება
და მკვეთრად გააუარესა სამრეწველო რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკამ ევროპის ეკონომიკური ლოკომოტივი დეინდუსტრიალიზაციის
რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.
დასკვნა: ევროპის ენერგეტიკული სტრატეგია სრული კრახით დასრულდა, რამაც კონტინენტი
რუსეთის პოლიტიკურ მძევლად აქცია. ვაშინგტონის გაფრთხილებების იგნორირებამ ევროკავშირი
ეკონომიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანა, სადაც იდეოლოგიური „მწვანე დღის წესრიგი“ და
აგრესორზე დამოკიდებულება ევროპული ინდუსტრიის გადარჩენას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
3. ჩინური ექსპანსია და ეკონომიკური ამბივალენტობა
წყარო: MERICS (Mercator Institute for China Studies) Reports 2024.
ჩინეთის მიმართ ევროპის „სტრატეგიული სიბრმავე“ დონალდ ტრამპის კრიტიკის ერთ-ერთი
მთავარი საგანია. მაშინ როდესაც აშშ ჩინეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ და სისტემურ კონკურენტად
განიხილავს, ევროკავშირი კვლავ ცდილობს ბალანსირებას „სავაჭრო პარტნიორისა“ და „სტრატეგიული
მეტოქის“ სტატუსებს შორის.
სავაჭრო ბრუნვა და დისბალანსი (ევროკავშირი vs აშშ)
- სავაჭრო ურთიერთობები:
2023-2024 წლებში ჩინეთი ევროკავშირის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება – საქონელბრუნვა
წელიწადში დაახლოებით 700-750 მილიარდ ევროს შეადგენს.
- დეფიციტის
პრობლემა: ევროკავშირს ჩინეთთან კრიტიკული სავაჭრო დეფიციტი აქვს, რაც თითქმის
300-400 მილიარდ ევროს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ევროპა ჩინეთზე ეკონომიკურად უფრო
მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე პირიქით.
- აშშ-ის მიდგომა:
შედარებისთვის, აშშ-მა ბევრად უფრო აგრესიულად დაიწყო ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტის
შემცირება და იმპორტის დივერსიფიკაცია (აქცენტის მექსიკასა და ვიეტნამზე გადატანით).
გრენლანდიის „ჩინური ხაფანგი“: ანკლავი ნატოს შუაგულში
- გეოპოლიტიკური
თვალსაზრისით, გრენლანდია არქტიკაში „უძრავი ავიამზიდია“, რომელიც კრიტიკულად
მნიშვნელოვანია აშშ-ის თავდაცვისთვის (Thule-ის, ამჟამად პიტუფიკის ავიაბაზა).
- მას შემდეგ,
რაც გრენლანდიამ დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და დანიამ ავტონომიის
გაზრდის ნება დართო, კუნძულმა ეკონომიკური შემოსავლების უზრუნველსაყოფად ჩინური
ინვესტიციების აქტიური მიზიდვა დაიწყო.
- ჩინური სახელმწიფო
კომპანიები ცდილობენ აეროპორტების მშენებლობისა და იშვიათი ლითონების მოპოვების
დაფინანსებას. ვაშინგტონის ხედვით, ეს პირდაპირი საფრთხეა: ნატოს შუაგულში ჩინური
„ანკლავის“ გაჩენა პეკინს საშუალებას მისცემს, გააკონტროლოს არქტიკული გზები და
ჩრდილოეთ ამერიკის სიახლოვეს სამხედრო პლაცდარმი ჰქონდეს. ტრამპის შეთავაზება
„გრენლანდიის ყიდვაზე“, რომელიც ევროპამ თავდაპირველად დაცინვით, შემდეგ კი აგრესიით
მიიღო, სწორედ ამ სტრატეგიული საფრთხის პრევენციას ისახავდა მიზნად.
განსაკუთრებით „აქტიური“ ქვეყნები
- გერმანია:
ევროპული ეკონომიკური ორმაგი სტანდარტების ცენტრი. გერმანული ავტოგიგანტები
(VW, Mercedes, BMW) თავიანთი მოგების თითქმის 30-40%-ს ჩინეთის ბაზარზე აგენერირებენ.
სწორედ ამიტომ, ბერლინი ხშირად ბლოკავს ბრიუსელის მცდელობებს, დააწესოს მკაცრი
ტარიფები ჩინურ ელექტრომობილებზე.
- უნგრეთი: ჩინეთის
„ტროას ცხენი“ ევროპაში. ვიქტორ ორბანმა უნგრეთი ჩინური ინვესტიციების ჰაბად აქცია
(მათ შორის BYD-ის ქარხანა და ბატარეების წარმოება), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება
ალიანსის საერთო უსაფრთხოების ინტერესებს.
სტრატეგიული ობიექტების გასხვისება
ევროპამ ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს (მაგ. COSCO) ნება დართო, დაუფლებოდნენ
კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ამის მაგალითია საბერძნეთის პირეოსის პორტი (სადაც ჩინეთი
საკონტროლო პაკეტს ფლობს) და წილები ჰამბურგის პორტის ტერმინალებში.
Huawei და 5G-ის საფრთხე
ვაშინგტონის მრავალწლიანი ზეწოლის მიუხედავად, ევროპული ქვეყნების ნაწილმა
(მათ შორის გერმანიამ) ძალიან გვიან და არათანმიმდევრულად დაიწყო Huawei-სა და
ZTE-ს აპარატურის ამოღება კრიტიკული ქსელებიდან. ევროპის 5G ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი
ნაწილი კვლავ ჩინურ აღჭურვილობაზეა დამოკიდებული, რაც დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოების
კუთხით პეკინისთვის „ღია ფანჯარაა“.
ტექნოლოგიური ექსპორტი
მაშინ როდესაც აშშ ზღუდავს ჩინეთის წვდომას ნახევარგამტარებსა და ხელოვნური
ინტელექტის (AI) ტექნოლოგიებზე, ევროპული კომპანიები ხშირად ცდილობენ რეგულაციებში
„ხვრელების“ პოვნას. ევროპა იშვიათი ლითონების, ბატარეების, ჩიპების საკითხში ჩინეთზეა დამოკიდებული. მაგალითად, ნიდერლანდური
ASML-ის შემთხვევაში აშშ-ს უზარმაზარი დიპლომატიური წნეხი დასჭირდა, რათა ჩინეთში ჩიპების
საწარმოო დანადგარების ექსპორტი შეზღუდულიყო.
დასკვნა: ევროპის ეკონომიკური დამოკიდებულება ჩინეთზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის
გასხვისება ვაშინგტონის მიერ აღიქმება, როგორც სერიოზული სტრატეგიული საფრთხე ნატოსა
და აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. მაშინ როდესაც ევროკავშირი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას
ვაჭრობასა და პოლიტიკას შორის, ჩინური ექსპანსია ისეთ სტრატეგიულ წერტილებში, როგორიცაა
გრენლანდია და ევროპული პორტები, აშშ-ს აიძულებს, მოკავშირეებს უფრო აგრესიული პრევენციული
ზომებისკენ მოუწოდოს. ვაშინგტონის ხედვით, შეუძლებელია იყო აშშ-ის უსაფრთხოების მოკავშირე
და, ამავდროულად, ჩინეთის ეკონომიკური ვასალი. ევროპის ეკონომიკური პრაგმატიზმი ვაშინგტონისთვის
სტრატეგიული ღალატის ტოლფასია.
4. „უკბილო“ საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული სიბრმავე
აშშ-ის აზრით, ევროპული დიპლომატია ხშირად ავლენს სრულ უმწეობას ავტორიტარული
რეჟიმების წინაშე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნატოს ევროპელ წევრებს რეალური მტრების
დანახვის სურვილი არ აქვთ. წლების განმავლობაში ევროპა ლოიალურად ეკიდებოდა იმ საკითხებს,
რომლებშიც აშშ ხისტი პოზიციის დაკავებას ითხოვდა:
- რუსეთი და
საქართველო (2008 წლიდან დღემდე): ევროპის სტრატეგიული მარცხის კლასიკური მაგალითია
2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია. ნაცვლად მკაცრი პასუხისა,
ევროპულმა სახელმწიფოებმა (განსაკუთრებით გერმანიამ და საფრანგეთმა) ძალიან მალე
განაახლეს რუსეთთან „ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში“ (Business as usual) და ისეთი პროექტებით,
როგორიცაა Nord Stream-ი, მოსკოვთან ფლირტი დაიწყეს. ამან კრემლს „მწვანე შუქი“
აუნთო ყირიმის ანექსიისა და, მოგვიანებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად.
- ირანის ბირთვული
პროგრამა: მაშინ როცა ვაშინგტონი ირანს ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს, ევროკავშირი
გამალებით ცდილობდა ბირთვული შეთანხმების (JCPOA) შენარჩუნებას, რათა ირანულ ბაზარზე
წვდომა არ დაეკარგა. თეირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსებაზე ევროპა, ტრადიციულად,
მხოლოდ „ღრმა შეშფოთებით“ რეაგირებს.
- სირია და ღაზა:
ამ კონფლიქტებში ევროპა მხოლოდ ჰუმანიტარული დონორის როლს ასრულებს, რაც მას გეოპოლიტიკურად
„უკბილო“ მოთამაშედ აქცევს. რეგიონში წესრიგის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მთელი სიმძიმე კვლავ აშშ-ზე გადადის, სანამ ევროპა მხოლოდ დეკლარაციებით შემოიფარგლება.
- ვენესუელა
და ნარკოპოლიტიკა: კარაკასის დიქტატურისა და მისი ნარკოკარტელებთან კავშირის მიმართ
ევროპის პოზიცია კვლავ „დიალოგსა“ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.
ევროპა უარს ამბობს აღიაროს, რომ ავტორიტარული რეჟიმები დიალოგს მხოლოდ დროის
მოსაგებად იყენებენ.
- ჰუსიტები და
იემენი: წითელ ზღვაში გლობალური ვაჭრობის დასაცავად აშშ-ს სამხედრო ძალის გამოყენება
მოუხდა, მაშინ როცა ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ აქტიურ სამხედრო მონაწილეობას
თავი აარიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზღვაო მარშრუტი, პირველ რიგში, სწორედ
ევროპის ეკონომიკისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
დასკვნა: ავტორიტარულ რეჟიმებთან ეკონომიკური პრაგმატიზმით ნაკარნახევი დიალოგი
ვაშინგტონის მიერ აღიქმება, როგორც სტრატეგიული უმწეობა, რამაც ხელი შეუწყო გლობალური
აგრესიის ზრდას. უსაფრთხოების კრიზისების დროს ევროპის პასიურობა და ჰუმანიტარული დონორის
როლით შემოფარგვლა მთელ სამხედრო და გეოპოლიტიკურ ტვირთს აშშ-ს აკისრებს, რაც ალიანსში
„ტვირთის სამართლიანი გადანაწილების“ პრინციპს არღვევს.
5. კულტურული კრიზისი და ისლამური ინტერვენცია: ინტეგრაციის სრული ფიასკო
2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში (NSS) პირველად ჩნდება მკვეთრი
იდეოლოგიური აქცენტები ევროპის შიდა კულტურულ კრიზისზე. ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს,
რომ ქვეყანა, რომელიც ვერ იცავს საკუთარ საზღვრებსა და იდენტობას, ვერ იქნება საიმედო
მოკავშირე. 2015 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ ევროპაში ისლამური ქვეყნებიდან, ოფიციალური
თუ არაფორმალური გზებით, 7 მილიონზე მეტი ადამიანი შევიდა. დღეისათვის ევროკავშირში
მუსლიმი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 26-დან 30 მილიონამდე მერყეობს (მოსახლეობის
დაახლოებით 5-6%), რაც რადიკალურად ცვლის კონტინენტის დემოგრაფიულ და კულტურულ ლანდშაფტს.
ეს პროცესი ევროპას არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე
აყენებს, რადგან სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს საკუთარი ღირებულებების დაცვა და საკუთარ
ტერიტორიაზე დაუშვეს პარალელური – ხშირად ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციებისადმი
მტრულად განწყობილი – საზოგადოებების ჩამოყალიბება.
- სახელმწიფო
კონტროლის დაკარგვა და „სეპარატიზმი“: ევროპის დიდ ქალაქებში გაჩნდა ე.წ.
„No-Go“ ზონები (ურბანული რაიონები, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები, მაგალითად:
პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო სამსახურები, ვერ ახორციელებენ კონტროლს ადგილობრივი
აგრესიული ანკლავების გამო), სადაც სახელმწიფო სუვერენიტეტი ნომინალურია. საფრანგეთის
გარეუბნებში (Banlieues) „ლაიციზმი“ (საეროობა) დამარცხდა „ისლამურ სეპარატიზმთან“,
რაც 2023 წლის მასშტაბურმა არეულობებმაც დაადასტურა. მსგავსი ეროზია შეინიშნება
ბელგიაშიც, სადაც ბრიუსელის ისეთმა რაიონებმა, როგორიცაა მოლენბეკი, ევროპული
ტერორიზმის ლოგისტიკური ჰაბის სტატუსი შეიძინა ბიუროკრატიული უმოქმედობისა და
„თვალის დახუჭვის“ პოლიტიკის გამო.
- ლიბერალური
ტოლერანტობის პარადოქსი: ევროპული „მულტიკულტურალიზმი“ საკუთარი თავის წინააღმდეგ
შემობრუნდა. ნიდერლანდებში, რომელიც ოდესღაც თავისუფლების ეტალონად ითვლებოდა,
რადიკალურმა ისლამმა სიტყვის თავისუფლების თვითცენზურა გამოიწვია (თეო ვან გოგის
მკვლელობისა და პოლიტიკოსებზე მუდმივი თავდასხმების ფონზე). ილუზიების მსხვრევა
პირდაპირ აისახა არჩევნებზეც, სადაც გეერტ ვილდერსის პარტიის (PVV) გამარჯვება
საზოგადოების პასუხი იყო ამ კულტურულ კაპიტულაციაზე.
- საზღვრების
გამტარიანობა და უსაფრთხოების დეფიციტი: ევროპის სამხრეთ საზღვარი, კერძოდ კი
იტალია, იქცა „ღია კარიბჭედ“, საიდანაც მხოლოდ 2023 წელს 150,000-ზე მეტი არალეგალი
მიგრანტი შევიდა. ბრიუსელის ლიბერალური რეგულაციები ხშირად ბლოკავს რომის მცდელობას,
აღკვეთოს ეს ნაკადები, რაც იტალიას აქცევს ტრანზიტულ დერეფნად რადიკალური ელემენტების
მთელ კონტინენტზე გავრცელებისთვის.
- ამერიკული
რეალპოლიტიკა (ვენსი და კონსერვატორები): ვაშინგტონისთვის, განსაკუთრებით ჯეი
დი ვენსისა და ტრამპის გუნდისთვის, ეს პროცესები აღიქმება როგორც „ცივილიზაციური
თვითმკვლელობა“. ამერიკული მხარის კრიტიკა დაუნდობელია: ისინი ევროპას განიხილავენ
არა როგორც ძლიერ მოკავშირეს, არამედ როგორც სუბიექტს, რომელმაც ნებაყოფლობით
დათმო საკუთარი კულტურული იდენტობა. ვენსის არგუმენტით, ქვეყანა, სადაც ისლამისტური
ორგანიზაციები უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები,
ვერ იქნება სანდო სამხედრო პარტნიორი. იმ ფონზე, როდესაც აშშ საკუთარ სამხრეთ
საზღვარზე მკაცრ პოლიტიკას აანონსებს, ევროპის მიერ „ღია კარის“ პოლიტიკის გაგრძელება
ვაშინგტონში სტრატეგიულ უგუნურებად აღიქმება.
- ფინანსური
პარადიგმა: პარადოქსულია, რომ საფრანგეთი და გერმანია აგრძელებენ მილიარდების
ხარჯვას იმ ჯგუფების სოციალურ პაკეტებზე, რომლებიც ღიად უარყოფენ დასავლურ ფასეულობებს.
ეს „სოციალური პარაზიტიზმი“ პირდაპირ აკლდება თავდაცვის ბიუჯეტს, რაც ტრამპის
მთავარი უკმაყოფილების საგანია: ამერიკელი გადასახადის გადამხდელი არ აპირებს
აფინანსოს ევროპის უსაფრთხოება, სანამ ევროპა საკუთარ რესურსებს შიდა კულტურულ
დესტაბილიზაციაში ხარჯავს.
დასკვნა: ევროპის მიგრაციული პოლიტიკა და ინტეგრაციის ფიასკო ვაშინგტონის
მიერ აღიქმება როგორც „ცივილიზაციური თვითმკვლელობა“, რაც ძირს უთხრის კონტინენტის
უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შიდა კულტურულ დესტაბილიზაციასა და სოციალურ პაკეტებზე
მიმართული უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე გაიცემა,
აშშ-სთვის ევროპას არასანდო და სუსტ სამხედრო პარტნიორად აქცევს.
6. ხმელთაშუა ზღვის მხრიდან არალეგალური მიგრაცია და სამხრეთ ფლანგის უსაფრთხოება
ხმელთაშუა ზღვის აუზი უკონტროლო მიგრაციულ დერეფნად იქცა. ტრამპის ადმინისტრაცია
ევროპული სახელმწიფოების უუნარობას – ეფექტურად დაიცვან სამხრეთი საზღვარი – განიხილავს,
როგორც „სტრატეგიული ინფანტილიზმის“ კლასიკურ მაგალითს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ
ევროკავშირი, თავისი ლიბერალური მიდგომებითა და სასაზღვრო კონტროლის დეფიციტით, თავადვე
ახდენს საკუთარი შიდა დესტაბილიზაციის სტიმულირებასა და დაფინანსებას.
ამერიკული მხარის კრიტიკის მთავარი არგუმენტია ის, რომ ევროპული უსაფრთხოების
არქიტექტურა ზედმეტადაა ორიენტირებული „ჰუმანიტარულ რიტორიკაზე“, მაშინ როცა რეალური
გამოწვევები ხისტ პრაგმატიზმსა და საზღვრების ჰერმეტიზაციას (ჩაკეტვას) მოითხოვს. ვაშინგტონისთვის
გაუგებარია, რატომ უნდა ხარჯავდეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელი რესურსებს იმ კონტინენტის
დასაცავად, რომელიც ელემენტარული სასაზღვრო სუვერენიტეტის შენარჩუნებასაც კი ვერ ახერხებს.
ძირითადი მაჩვენებლები და დინამიკა
- მიგრაციული
დინამიკა: ევროკავშირის გარე საზღვრებზე არალეგალური შემოსვლების რაოდენობა
25%-ით შემცირდა (დაახლოებით 166,900 შემთხვევა). ეს კლება ძირითადად ჩრდილოეთ
აფრიკის ქვეყნებთან (ტუნისი, მაროკო და სხვ.) გაფორმებული შეთანხმებების დამსახურებაა,
თუმცა აფრიკული მარშრუტები კვლავ დომინანტურია და სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს.
- გამგზავრების
ძირითადი წერტილები (აფრიკა):
- ლიბია: მთავარი
სატრანზიტო ჰაბი (ცენტრალური მარშრუტით გამგზავრებათა 90%-ზე მეტი); იზრდება
პირდაპირი კორიდორი კრეტისკენ (260%-იანი მატება აღმოსავლეთ მარშრუტის ქვე-სეგმენტში).
- ტუნისი: ცენტრალური
მარშრუტის მნიშვნელოვანი წილი.
- ალჟირი: დასავლეთ
ხმელთაშუა ზღვის მარშრუტის დომინანტი (ნაკადის 70%-ზე მეტი).
- დასავლეთ
აფრიკა (მავრიტანია, სენეგალი, მაროკო): ატლანტიკური მარშრუტი კანარის კუნძულებისკენ
– დაფიქსირდა მკვეთრი, 60%-იანი კლება.
შემოსვლის წერტილები ევროპაში (სამხრეთ ფლანგის სუსტი რგოლები)
- იტალია და
მალტა (ცენტრალური მარშრუტი): ყველაზე დატვირთული მიმართულება (მთლიანი ნაკადის
~40%, 63,200-ზე მეტი შემთხვევა) – ლიბიიდან და ტუნისიდან მომავალი ტალღის მთავარი
„შესასვლელი კარი“.
- საბერძნეთი
(აღმოსავლეთ მარშრუტი, განსაკუთრებით კრეტა): საერთო კლება 30%-ია (~46,200),
თუმცა შეინიშნება ანომალიური ზრდა ლიბია-კრეტის კორიდორზე.
- ესპანეთი
(დასავლეთ მარშრუტი და კანარის კუნძულები): დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით
(ალჟირიდან) ნაკადი 15%-ით გაიზარდა.
დემოგრაფიული პროფილი და ეროვნული შემადგენლობა
- ცენტრალური
და აღმოსავლეთი მარშრუტები: აქ ჭარბობენ ბანგლადეშის, ეგვიპტისა და ავღანეთის
მოქალაქეები.
- დასავლეთ აფრიკული
და ატლანტიკური მარშრუტები: დომინირებენ სუბსაჰარული აფრიკის წარმომადგენლები
– მალის, სენეგალისა და გვინეის მოქალაქეები.
- დასავლეთ ხმელთაშუა
ზღვის მარშრუტი: ნაკადის უდიდეს ნაწილს ალჟირელები შეადგენენ.
ჰუმანიტარული ასპექტი და NGO-ების როლი
მიუხედავად საერთო კლებისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შეფასებით,
2025 წელს ხმელთაშუა ზღვაში 1,700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც მარშრუტების სარისკო
ხასიათის ზრდით არის განპირობებული.
ვაშინგტონის კრიტიკა (არასამთავრობო ორგანიზაციები და ტრეფიკინგი): ტრამპის
გუნდი ღიად აკრიტიკებს იმ ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO), რომლებიც ხმელთაშუა
ზღვაში ოპერირებენ:
- „ტაქსის სერვისი“
მიგრანტებისთვის: ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ NGO-ების ხომალდები რეალურად ადამიანებით
მოვაჭრეების ლოგისტიკურ ჯაჭვში მონაწილეობენ. ისინი მიგრანტებს აფრიკის სანაპიროებთან
„აგროვებენ“ და ევროპაში ჩაჰყავთ, რითაც ქმნიან ე.წ. „Pull Factor“-ს (მიზიდულობის
ფაქტორს).
- დანაშაულებრივი
სინდიკატების წახალისება: ამერიკელი ექსპერტების აზრით, ევროპის ლიბერალური მიდგომა
ამდიდრებს ლიბიურ და ტუნისურ მაფიოზურ კლანებს. 2021 წლიდან 2025 წლამდე ადამიანებით
მოვაჭრეების წლიური ბრუნვა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 1.5 მილიარდიდან 4 მილიარდ
დოლარამდე გაიზარდა.
დასკვნა: ევროპის სამხრეთი საზღვრების დაუცველობა და ლოიალური მიდგომა მიგრაციული
კრიზისისადმი ვაშინგტონის მიერ აღიქმება, როგორც „სტრატეგიული ინფანტილიზმი“, რაც პირდაპირ
აზიანებს დასავლურ უსაფრთხოებას. ამერიკული მხარის კრიტიკის თანახმად, ევროპული არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და ბიუროკრატიის ქმედებები ახალისებს ადამიანებით ვაჭრობის სინდიკატებს,
რაც ევროპას სანდო სუვერენული პარტნიორის სტატუსს უკარგავს. ვაშინგტონი მოითხოვს მკაცრ
პრაგმატიზმს და საზღვრების დაცვას ჰუმანიტარული რიტორიკის ნაცვლად.
დეტალური ინტერაქტიული სტატისტიკა ხელმისაწვდომია: Frontex Migratory Map
(განახლებული 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით).
7. აფრიკა, როგორც ჩინურ-რუსული ექსპანსიის ზონა
ამერიკული პერსპექტივიდან აფრიკა ჩინეთისა და რუსეთის ექსპანსიის აქტიურ ზონას
წარმოადგენს: ჩინეთი ორიენტირებულია რესურსების შესყიდვასა და ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე
(ძირითადად მთავრობებისთვის სესხების გაცემის გზით), ხოლო რუსეთი ადგილობრივ ავტორიტარულ
რეჟიმებს „უსაფრთხოების გარანტიებს“ სთავაზობს, რის სანაცვლოდაც ძვირფას წიაღისეულზე
მოიპოვებს წვდომას.
რუსეთის გავლენა და კერძო სამხედრო კომპანიები (Africa Corps, ყოფილი „ვაგნერი“)
კრემლმა ეფექტურად გამოიყენა ევროპის „სტრატეგიული უკანდახევა“ და აფრიკაში
შექმნილი გავლენის ვაკუუმი შეავსო.
ა) საჰელი – ევროპის კაპიტულაცია (პრორუსული გადატრიალებების ქრონიკა)
ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, საჰელის რეგიონზე კონტროლის დაკარგვა ევროპული
„რბილი ძალის“ (Soft Power) სრულ კრახს ნიშნავს.
- მალი
(2020–2021 წწ.): პოლკოვნიკ ასიმი გოიტას მიერ ორგანიზებული ორი სახელმწიფო გადატრიალების
შემდეგ, ქვეყანა სრულად გადავიდა რუსულ ორბიტაზე. ამჟამად მალიში 1,500-დან
2,000-მდე რუსი მებრძოლი იმყოფება.
- ბურკინა-ფასო
(2022 წ.): კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე ღიად თანამშრომლობს კრემლთან. რუსეთი აქ აკონტროლებს
ოქროს საბადოებს, რომელთა წლიური ამონაგები 2 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
- ნიგერი
(2023 წ.): გენერალმა აბდურაჰამან ტჩიანმა ქვეყნიდან დასავლური ძალები გააძევა,
რაც აშშ-სთვის 110-მილიონიანი სამხედრო ბაზის დაკარგვას ნიშნავს.
ბ) რუსული „ფორპოსტები“ და პლატფორმები
- ცენტრალური
აფრიკის რესპუბლიკა (CAR) (2018 წლიდან): პრეზიდენტ ტუადერას რეჟიმი სრულად იმართება
მოსკოვიდან. კრემლი აკონტროლებს ნდასიმას (Ndassima) ოქროს მაღაროს, რომლის ღირებულებაც
2.8 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
- ლიბია
(2019–2020 წწ. – აქტიური ფაზა): რუსეთი აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ს.
კრემლის მთავარი მოკავშირე და მარიონეტი რეგიონში არის მარშალი ხალიფა ჰაფტარი
და მისი „ლიბიის ეროვნული არმია“ (LNA). მოსკოვი ჰაფტარს იყენებს ინსტრუმენტად
დასავლეთის მიერ აღიარებული ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ.
- სტრატეგიული
პუნქტები: რუსული სამხედრო ყოფნა (Africa Corps) კონცენტრირებულია აღმოსავლეთ
და სამხრეთ ლიბიაში. ძირითადი ბაზებია: ალ-ჯუფრა (საჰაერო კონტროლი) და ალ-ხადიმი.
მოსკოვი მუდმივად ცდილობს სამხედრო პლაცდარმის მოპოვებას ტობრუკისა და სირტის
პორტებში, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, ხმელთაშუა ზღვის ცენტრში, ნატოს სამხრეთ
ფლანგზე, სამხედრო-საზღვაო ფლოტი განათავსოს.
- ენერგეტიკული
და მიგრაციული „ონკანი“: ჰაფტარის მეშვეობით რუსეთი აკონტროლებს ლიბიური ნავთობის
80%-ს (ე.წ. „ნავთობის ნახევარმთვარე“). გარდა ამისა, გეოგრაფიული სიახლოვის
გამო, რუსეთს ხელთ აქვს ბერკეტი, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მიგრაციული კოლაფსი
ევროპაში – ჰაფტარის მიერ კონტროლირებადი სანაპირო ზოლიდან მიგრაციული ნაკადების
ხელოვნური მართვით.
- სუდანი
(2023–2024 წწ. – კრიზისი): პორტ-სუდანში იგეგმება რუსული სამხედრო ბაზის პროექტი
(300 სამხედრო, 4 ხომალდი). მოსკოვი აქ მხარს უჭერს „სწრაფი რეაგირების ძალებს“
(RSF) და გენერალ ჰემეტის, რომელიც აკონტროლებს ოქროს საბადოებს და რუსეთს რესურსებს
სანქციების გვერდის ავლით აწვდის.
- ერიტრეა: მოსკოვს
აქვს წვდომა მასავას პორტზე წითელ ზღვაში. დიქტატორ ისაიას აფევერკისთან მჭიდრო
თანამშრომლობა რუსეთს სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან.
დასკვნა: რუსეთისა და ჩინეთის მიერ აფრიკაში გავლენის ვაკუუმის შევსება მიუთითებს
ევროპული „რბილი ძალის“ სტრატეგიულ კრახზე, რამაც მოსკოვს კონტინენტის წიაღისეულსა
და ენერგეტიკულ რესურსებზე კონტროლის დამყარების საშუალება მისცა. ვაშინგტონისთვის
განსაკუთრებით საგანგაშოა ლიბიასა და საჰელის რეგიონში რუსული სამხედრო ფორპოსტების
გაძლიერება, რაც კრემლს აძლევს ბერკეტს, ნებისმიერ დროს მართოს ევროპისკენ მიმართული
არალეგალური მიგრაციის ტალღები და განახორციელოს ენერგეტიკული შანტაჟი ნატოს სამხრეთ
ფლანგზე.
8. სოციალური პარაზიტიზმი თავდაცვის წინააღმდეგ: დინამიკა (2021-2025)
ვაშინგტონის კრიტიკული პოზიცია: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპულ სოციალურ მოდელს
აშშ-ზე სამხედრო დამოკიდებულების პირდაპირ მიზეზად განიხილავს. ამერიკული რეალპოლიტიკის
გადმოსახედიდან, ევროპული „კეთილდღეობის სახელმწიფო“ იმ ფინანსებით საზრდოობს, რომლებიც
თავდაცვაზე უნდა იხარჯებოდეს. ვაშინგტონის რიტორიკა მკაფიოა: „ამერიკელი გადასახადის
გადამხდელი არ არის ვალდებული, დააფინანსოს ევროპული სოციალური უზრუნველყოფა და არალეგალი
მიგრანტების უფასო ჯანდაცვა, სანამ ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის
აღებას გაურბის“.
უკანონო და ლეგალური მიგრაციის (მათ შორის, უკრაინელი ლტოლვილების) დაფინანსება
ევროპაში ქრონიკული პრობლემაა. ეს საკითხი 2021 წლამდეც მძიმე ტვირთს წარმოადგენდა,
2025 წლისთვის კი – უკრაინის კრიზისისა და ინფლაციის ფონზე – კიდევ უფრო გამწვავდა.
● გერმანია: პრიორიტეტების კონფლიქტი
- 2021 წელი
(უკრაინის ომამდე): თავშესაფრისა და მიგრაციის ფედერალური ხარჯები დაახლოებით
€21-23 მილიარდს შეადგენდა, მაშინ როცა თავდაცვის ბიუჯეტი €47-56 მილიარდის ფარგლებში
მერყეობდა.
- 2025 წელი:
ხარჯები ~€30 მილიარდამდე გაიზარდა (2023 წელს მაჩვენებელმა უკვე მიაღწია
€29.7 მილიარდს, უკრაინელების ინტეგრაციის ჩათვლით). თავდაცვის ბიუჯეტი მართალია
იზრდება €86 მილიარდამდე (ნატო-ს 2%-იანი სტანდარტი), თუმცა მიგრაციის ტვირთი
კვლავ მძიმეა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებს. ვაშინგტონი ამას „სტრატეგიული
პრიორიტეტების აღრევად“ აფასებს.
● საფრანგეთი: სამედიცინო პრივილეგიები
- 2021 წელი:
არალეგალების სახელმწიფო სამედიცინო დახმარება (AME) დაახლოებით €930-950 მილიონი
ჯდებოდა.
- 2025 წელი:
აღნიშნულმა ხარჯმა ~€1.2 მილიარდს მიაღწია (2024 წელს – €1.16 მლრდ). საფრანგეთის
თავდაცვის ბიუჯეტი €52-59 მილიარდია, თუმცა ამერიკული მხარისთვის გაუგებარია,
რატომ ენიჭება პრიორიტეტი არალეგალთა ჯანდაცვას მაშინ, როცა ქვეყნის სამხედრო
ინდუსტრია დამატებით სუბსიდიებს საჭიროებს.
● შვედეთი: „კეთილდღეობის სახელმწიფო“ კოლაფსის ზღვარზე
- 2021 წელი:
მიგრაციისა და ინტეგრაციის ხარჯები მშპ-ს ~2-3%-ს შეადგენდა, თავდაცვაზე კი მხოლოდ
~1.3-1.5% იხარჯებოდა.
- 2025 წელი:
ხარჯები წელიწადში ~€4-6 მილიარდს აღწევს. ე.წ. „ნოუ-გოუ ზონებში“ (no-go
zones) მიგრანტებს შორის უმუშევრობა 15-25%-ია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის
ხარჯები მშპ-ს 2.4%-მდე გაიზარდა, შვედეთი ამერიკელი კონსერვატორებისთვის ერთგვარ
„გაფრთხილებად“ იქცა – ეს არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოება სოციალურ
ექსპერიმენტებზე დაახურდავა.
● კონტრასტული მოდელები: პოლონეთი და პორტუგალია
- პოლონეთი
(მკაცრი პოლიტიკა): ვარშავა უარს ამბობს არალეგალი მიგრანტების მიღებაზე და ინვესტიციებს
პირდაპირ თავდაცვაში ახორციელებს (მშპ-ს 4.12%). ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად
ქცევამ პოლონეთი ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად აქცია ევროპაში.
- პორტუგალია
(ლიბერალური ექსპერიმენტი): ბოლო წლებში ქვეყანამ საგრძნობლად გაამარტივა ლეგალიზაციის
პროცესი, რამაც მიგრანტების რაოდენობა 30%-ით გაზარდა. თუმცა, თავდაცვის ხარჯები
კვლავ დაბალია (მშპ-ს 1.55%), რაც ქმნის ტიპურ ევროპულ პარადოქსს: ღია საზღვრები
უსაფრთხოების ხარჯზე.
● ეკონომიკური რეალობა
OECD-ის 2025 წლის მონაცემებით, ევროპაში არაევროპელი მიგრანტების დასაქმების
მაჩვენებელი ~55-65%-ია (ადგილობრივებთან შედარებით, რაც ~75%-ს შეადგენს). პირველი
5 წლის განმავლობაში მხოლოდ ~40-60% საქმდება, დანარჩენი კი სოციალურ დახმარებაზე რჩება.
ევროპული ეკონომიკისთვის ეს არის „მკვდარი ტვირთი“, რომელიც საწყის ეტაპზე გაწეულ ხარჯებს
გრძელვადიან პერსპექტივაშიც ვერ აკომპენსირებს.
დასკვნა: ვაშინგტონი ევროპულ „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ აშშ-ზე სამხედრო
დამოკიდებულების პირდაპირ მიზეზად მიიჩნევს. მიგრანტების სოციალურ უზრუნველყოფაზე დახარჯული
მილიარდები პირდაპირ აკლდება თავდაცვის ბიუჯეტს. მაშინ როცა პოლონეთის მსგავსი ქვეყნები
უსაფრთხოების პრიორიტეტულობით ამერიკის მთავარ პარტნიორებად იქცევიან, გერმანიისა და
შვედეთის მოდელები აღქმულია სტრატეგიულ შეცდომად, რაც დასავლურ ალიანსს ეკონომიკურად
და სამხედრო თვალსაზრისით ასუსტებს.
9. დეინდუსტრიალიზაცია და ტექნოლოგიური კაპიტულაცია
ვაშინგტონი ევროპას განიხილავს არა როგორც კონკურენტს, არამედ როგორც „მუზეუმს“,
რომელიც თანდათან კარგავს ეკონომიკურ აქტუალობასა და ინოვაციურ პოტენციალს.
- ინოვაციების
უფსკრული: მსოფლიოს 20 უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიას შორის არცერთი არ არის
ევროპული. 2021-2025 წლებში აშშ-ის მშპ-ის ზრდამ თითქმის ორჯერ გადააჭარბა ევროკავშირის
მაჩვენებელს, რაც ევროპის ეკონომიკურ სტაგნაციაზე მიუთითებს.
- ტექნოლოგიური
პიონერების დაისი: ევროპამ ვერ შეძლო საკუთარი ტექნოლოგიური ლიდერების შენარჩუნება.
ისეთი გიგანტები და პიონერები, როგორიცაა Nokia და Ericsson, რომლებიც ოდესღაც
მობილური კომუნიკაციების გლობალურ დღის წესრიგს განსაზღვრავდნენ, დღეს წამყვანი
პოზიციებიდან ფაქტობრივად გაქრნენ. მაღალმა საგადასახადო წნეხმა, მოუქნელმა შრომის
ბაზარმა და ბიუროკრატიულმა რეგულაციებმა ეს კომპანიები არაკონკურენტუნარიანი გახადა
ამერიკული და აზიური აგრესიული ინოვაციების წინაშე. მათ რბოლა წააგეს არა იდეების
დეფიციტის, არამედ იმის გამო, რომ ევროპულმა რეგულაციურმა გარემომ მათი განვითარება
შეაფერხა.
- რეგულაციების
„ტირანია“: სანამ აშშ (Nvidia, OpenAI, Microsoft) და ჩინეთი (Huawei, Baidu)
ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას ახდენენ, ბრიუსელმა შეიმუშავა AI Act – მსოფლიოში
ყველაზე მკაცრი რეგულაცია. ვაშინგტონისთვის ეს არის ბიუროკრატიული თვითმკვლელობა,
რომელიც კლავს სტარტაპებს და პროგრესს „უსაფრთხოების“ ცრუ საბაბით აფერხებს.
- ამერიკული
გიგანტების დევნა: ევროკომისია მუდმივ რეჟიმში აჯარიმებს და ავიწროებს ამერიკულ
ტექნოლოგიურ გიგანტებს (Google, Apple, Meta, X). ვაშინგტონში ამას აღიქვამენ
როგორც „რეგულატორულ პროტექციონიზმს“ – ბრიუსელი ცდილობს გადასახადებითა და ჯარიმებით
შეავსოს საკუთარი ბიუჯეტი, რადგან ვერ ახერხებს კონკურენტუნარიანი ევროპული ალტერნატივების
შექმნას. ილონ მასკის X-ის წინააღმდეგ მიმართული სანქციები კი პირდაპირ აღქმულია
როგორც თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე.
- ციფრული სუვერენულობის
დეფიციტი: ევროპა სრულად არის დამოკიდებული ამერიკულ Big Tech-ზე (AWS,
Azure, Google Cloud), მაშინ როცა საკუთარი ციფრული ინფრასტრუქტურა სუსტია.
GDPR-ითა და რეგულაციებით ვერ ანაზღაურებ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას.
- ენერგეტიკული
კოლაფსი და „ინდუსტრიული ეგზოდუსი“: ევროპული წარმოება ფუნდამენტური ეგზისტენციალური
საფრთხის წინაშეა. გერმანიაში ინდუსტრიული ელექტროენერგიის ფასი 3-4-ჯერ აღემატება
აშშ-ის მაჩვენებელს და კატასტროფულად ჩამოუვარდება ჩინურ ტარიფებს, სადაც ენერგია
სახელმწიფოს მიერ სუბსიდირდება. ეს არ არის მხოლოდ ფასთა სხვაობა – ეს სასიკვდილო
განაჩენია ენერგოტევადი დარგებისთვის. შედეგად, ევროპული ინდუსტრიის ისეთი ბურჯები,
როგორიცაა BASF, Siemens და Volkswagen, გადარჩენის ერთადერთ გზას ინვესტიციების
ჩინეთისკენ მიმართვაში ხედავენ, რადგან ევროპული „მწვანე რეგულაციები“ და ენერგოდეფიციტი
მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენციის შანსს აღარ უტოვებს.
- კაპიტალის
გაქცევა: ევროპელი ინვესტორებიც კი ამჯობინებენ კაპიტალის დაბანდებას ამერიკულ
ბაზარზე, სადაც ნაკლებია ბიუროკრატიული ბარიერები და მეტია თავისუფლება. ევროპა
იქცა ადგილად, სადაც „მხოლოდ ძველი სიმდიდრე ინახება“, ახალი კი აღარ იქმნება.
დასკვნა: ევროპამ არჩია რეგულირება ინოვაციის ნაცვლად და ჯარიმები კონკურენციის
ნაცვლად, რითაც საკუთარი თავი ტექნოლოგიური განვითარების მიღმა დატოვა. წარმატებული
ამერიკული კომპანიების შევიწროება კი საბოლოოდ აფორმებს ევროკავშირის სტატუსს, როგორც
„გეოპოლიტიკური მავზოლეუმისა“, რომელიც
საკუთარ ეკონომიკურ აღსასრულს ბიუროკრატიული აქტებით ადასტურებს.
10. „მწვანე იდეოლოგია“ სასურსათო უსაფრთხოების წინააღმდეგ: ეკონომიკური თვითდაზიანება
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია (NSS 2025) ევროპულ „მწვანე შეთანხმებას“
(Green Deal) განიხილავს, როგორც იდეოლოგიურ ექსპერიმენტს, რომელიც ასუსტებს დასავლეთის
ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალს. ევროპული ქვეყნების „მწვანე კურსი“ ვაშინგტონში
აღქმულია არა როგორც გარემოსდაცვითი წინსვლა, არამედ როგორც სტრატეგიული შეცდომა, რომელიც
ევროპას გლობალურ კონკურენტუნარიანობას უკარგავს. ამის საპირწონედ, ვაშინგტონმა რადიკალურად
შეცვალა საკუთარი კურსი ენერგეტიკული სუვერენიტეტის სასარგებლოდ.
- კლიმატური
იზოლაციონიზმი: NSS ოფიციალურად ადასტურებს აშშ-ის გამოსვლას კლიმატის ცვლილების
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პარიზის შეთანხმებიდან, რადგან ისინი აღქმულია,
როგორც ბარიერები ამერიკული ეკონომიკის განვითარების გზაზე.
- ენერგეტიკული
დომინირება: გაუქმდა ყველა ადმინისტრაციული შეზღუდვა ენერგორესურსების (ნავთობი,
ბუნებრივი აირი, ნახშირი) მოპოვებაზე. აშშ-ის პრიორიტეტია „ენერგეტიკული დომინირება“
(Energy Dominance) და ექსპორტის მაქსიმიზაცია.
- ფერმერთა ამბოხი:
NSS ევროპულ ეკოლოგიურ რეგულაციებს აფასებს, როგორც „ომს საკუთარ მწარმოებლებთან“,
რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებასა და სოციალურ სტაბილურობას.
- ინოვაცია აკრძალვების
ნაცვლად: ვაშინგტონი პრიორიტეტს ენიჭებს ტექნოლოგიურ სიახლეებს, როგორიცაა მცირე
მოდულური ბირთვული რეაქტორები და ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიები, ნაცვლად ევროპული
სადამსჯელო რეგულაციებისა.
- დამოკიდებულება
იმპორტზე: მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტების გამო ევროპა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული
ჩინურ მზის პანელებსა და იშვიათ ლითონებზე, რაც NSS-ის მიხედვით, კიდევ ერთი სტრატეგიული
შეცდომაა.
დასკვნა: ევროპული „მწვანე პოლიტიკა“ იწვევს სასურსათო და ენერგეტიკული სუვერენიტეტის
ეროზიას, რაც კონტინენტს იმპორტზე დამოკიდებულს და გეოპოლიტიკურად მოწყვლადს ხდის.
ვაშინგტონისთვის ეს არის იდეოლოგიური ექსპერიმენტი, რომელიც გლობალურ კონკურენციაში
დასავლეთის ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აქვეითებს.
11. დემოგრაფიული კრიზისი და სოციალური პარაზიტიზმი
ამერიკული პერსპექტივით, ევროპის დემოგრაფიული კრიზისი არა მხოლოდ სოციალურ
პრობლემას, არამედ „ცივილიზაციურ დაღლილობასაც“ ნიშნავს. მიიჩნევა, რომ ევროპული კეთილდღეობის
მოდელი არამდგრადია და იგი მხოლოდ აშშ-ის მიერ გარანტირებული უსაფრთხოების ხარჯზე არსებობს.
- დემოგრაფიული
კოლაფსი: შობადობის კოეფიციენტი (1.45) კრიტიკულ ზღვარზე დაბალია. 2025 წლის მონაცემებით,
ყოველი მეოთხე მოქალაქე 65 წელს ზემოთ ასაკისაა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ დაბერებული
მოსახლეობა და მზარდი სოციალური ხარჯები ევროპას ართმევს უნარს, განახორციელოს
ინვესტიციები მომავლის ტექნოლოგიებსა და თავდაცვაში.
- პრიორიტეტების
აღრევა: ევროპა მიგრაციის სუბსიდირებაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე თავდაცვაზე,
რაც ამერიკული მხარისთვის მიუღებელია, რადგან ამით ნატოს საერთო თავდაცვისუნარიანობა
სუსტდება.
- მიგრაციის
ეკონომიკური ილუზია: კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტის შევსების ნაცვლად, დაბალკვალიფიციური
მიგრაციის სახელმწიფო სუბსიდირება სოციალურ სისტემას კიდევ უფრო მეტად ტვირთავს.
დასკვნა: ევროპის დემოგრაფიული ვითარება მისი თავდაცვისუნარიანობის ფუნდამენტური
ბარიერია. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სანამ ევროპა ვერ მოაგვარებს შიდა რესურსების
ეროზიას, მისი პრეტენზია „სტრატეგიულ ავტონომიაზე“ მხოლოდ ილუზიად დარჩება.
12. ბრიუსელის „დემოკრატიის დეფიციტი“ და წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის ეროზია
ვაშინგტონი მკაცრად აკრიტიკებს ბრიუსელის ცენტრალიზებულ ბიუროკრატიას, რომელიც
ხშირად წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
- იდეოლოგიური
დიქტატურა: ევროკომისიის მიერ უნგრეთისა და იტალიისათვის ფონდების პოლიტიკური
ნიშნით (კონსერვატიული დღის წესრიგის გამო) გაყინვა ვაშინგტონში სუვერენიტეტის
შელახვად აღიქმება. ტრამპის გუნდი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც
აშშ-თან ორმხრივ, სუვერენულ თანამშრომლობას ამჯობინებენ.
- ვეტოს გაუქმების
საფრთხე: საგარეო პოლიტიკაში წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევის მცდელობა
აშშ-სთვის მოქნილი და სუვერენული პარტნიორების გაქრობას ნიშნავს. ვაშინგტონისთვის
უპირატესია ინდივიდუალურ სახელმწიფოებთან (მაგ. პოლონეთი) მუშაობა, ვიდრე ერთიან,
ხშირად ინერტულ ბიუროკრატიულ მანქანასთან ურთიერთობა.
- ამომრჩევლისგან
გაუცხოება: ბრიუსელის „ელიტების“ მიერ გატარებული პოლიტიკა (მიგრაცია, „მწვანე“
რეგულაციები) ხშირად პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპელი ხალხის ნებას. ამერიკელი
ექსპერტების აზრით, ეს ევროპაში პოლიტიკურ არასტაბილურობასა და პოპულიზმის ზრდას
უწყობს ხელს.
დასკვნა: ბრიუსელის ცენტრალიზაციის მცდელობა და წევრ ქვეყნებზე იდეოლოგიური
წნეხი ასუსტებს ევროპის შიდა კონსოლიდაციას. ვაშინგტონისთვის სუვერენიტეტის ეროზია
ნიშნავს ნაკლებად პროგნოზირებად და სუსტ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარი ხალხის ინტერესების
ნაცვლად ბიუროკრატიულ დოგმებს ემსახურებიან.
13. დიდი ბრიტანეთი: „განსაკუთრებული ურთიერთობა“ და მინიშნებები შიდა კრიზისის
ნიშნები
2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში (NSS) დიდი ბრიტანეთი პრივილეგირებულ
მდგომარეობაშია, თუმცა ვაშინგტონის კრიტიკა მის მიმართ მაინც დაუნდობელია. ტრამპის
ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლონდონმა Brexit-ით ფორმალური დამოუკიდებლობა
მოიპოვა, შინაარსობრივად ის კვლავ „ევროპული სნეულებებითაა“ დაავადებული.
- „ლონდონისტანი“
და რადიკალური ისლამი: ვაშინგტონი ღიად აკრიტიკებს ბრიტანეთის ხელისუფლებას რადიკალური
ისლამური ანკლავების წინაშე კაპიტულაციის გამო. NSS-ის ხედვით, დიდი ბრიტანეთის
ქალაქებში არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის დასავლურ იდენტობას. ვაშინგტონისთვის
მიუღებელია, რომ ქვეყანა, რომელიც აშშ-ის მთავარი სამხედრო პარტნიორია, კულტურული
და რელიგიური სეპარატიზმის გამო შიგნიდან იშლება.
- სიტყვის თავისუფლების
შეზღუდვა და „ონლაინტირანია“: NSS მკაცრად გმობს ბრიტანეთის ბოლო დროინდელ საკანონმდებლო
ინიციატივებს (Online Safety Act), რომლებსაც ვაშინგტონი „სახელმწიფო ცენზურას“
უწოდებს. ტრამპის ადმინისტრაციისთვის სოციალურ ქსელებში გამოთქმული აზრის გამო
მოქალაქეების დაპატიმრება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და ავტორიტარიზმის
ნიშანია. ვაშინგტონი აფრთხილებს ლონდონს: „ამერიკა არ დაიცავს იმ დემოკრატიას,
რომელიც საკუთარ ხალხს აზრის გამო სჯის“.
- ბიუროკრატიული
ცენტრალიზმი და „უცვლელი სისტემა“: NSS-ის მიხედვით, ევროკავშირიდან გამოსვლის
მიუხედავად, ბრიტანეთის სახელმწიფო აპარატი კვლავ გლობალისტური დღის წესრიგით
მოქმედებს. ვაშინგტონი აკრიტიკებს ლონდონს იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა რეალური
დერეგულაცია და აგრძელებს ევროპული სტილის ბიუროკრატიულ მართვას, რაც აფერხებს
ეკონომიკურ ზრდას.
- ჩინური გავლენები
ფინანსურ სექტორში: ამერიკა მიუთითებს ბრიტანული ფინანსური სექტორის მჭიდრო კავშირებზე
პეკინთან. ვაშინგტონი ლონდონისგან მოითხოვს, საბოლოოდ დაასრულოს „ორ სკამზე ჯდომა“
და მოახდინოს საკუთარი ეკონომიკის სრული დეკუპლირება (გამოყოფა) ჩინეთისგან.
დასკვნა: დიდი ბრიტანეთი რჩება აშშ-ის ნომერ პირველ პარტნიორად, თუმცა ვაშინგტონი
აფრთხილებს მას, რომ „განსაკუთრებული ურთიერთობა“ არ ნიშნავს ინდულგენციას შიდა ავტორიტარიზმზე,
ცენზურასა და კულტურულ კონფორმიზმზე. NSS 2025-ის გზავნილი ლონდონისთვის მკაფიოა: იმისთვის,
რომ იყოთ დასავლეთის ლიდერი, ჯერ საკუთარ სახლში უნდა აღადგინოთ წესრიგი და თავისუფლება.
14. სამხედრო-სამრეწველო „იზოლაციონიზმი“: ამერიკული vs ევროპული იარაღი
ვაშინგტონი აკრიტიკებს ევროკავშირის მცდელობას, თავდაცვის ხარჯების ზრდა მიმართოს
მხოლოდ ევროპული წარმოების იარაღის შესყიდვაზე (პრინციპი „Buy European“).
- ინტეროპერაბელურობის
საფრთხე: NSS 2025-ის მიხედვით, ევროპული „სტრატეგიული ავტონომია“ იწვევს ნატოს
შეიარაღების ფრაგმენტაციას. ამერიკული F-35-ების ან Patriot-ის სისტემების ნაცვლად,
ევროპული ანალოგების შექმნის მცდელობა აღქმულია როგორც რესურსების გაფლანგვა და
ალიანსის სამხედრო ერთიანობის შესუსტება.
- სტატისტიკური
არგუმენტი: SIPRI-ს მონაცემებით, ევროპული ქვეყნების შეიარაღების იმპორტის დაახლოებით
63% აშშ-ზე მოდის. ვაშინგტონი მიუთითებს, რომ ევროპული პროგრამები (მაგ.
FCAS/SCAF გამანადგურებელი) 10-15 წლით ჩამორჩება ამერიკულ ანალოგებს, თუმცა ბრიუსელი
მაინც ცდილობს ბიუროკრატიული ბარიერებით შეზღუდოს ამერიკული კომპანიების წვდომა
ევროპულ თავდაცვის ფონდზე (EDF), რომლის ბიუჯეტიც მილიარდობით ევროს შეადგენს.
დასკვნა: ევროპული პროტექციონიზმი სამხედრო სფეროში საფრთხეს უქმნის ნატოს
ტექნოლოგიურ უპირატესობას. ვაშინგტონისთვის მიუღებელია, რომ აშშ აგრძელებს ევროპის
დაცვას, მაშინ როცა ევროპა ცდილობს ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ეკონომიკურ
შევიწროებას.
15. ფინანსური სუვერენიტეტი და დოლარის ჰეგემონია
ვაშინგტონის ხედვით, ევროპა ცდილობს შეარყიოს აშშ-ის ერთ-ერთი უმძლავრესი
იარაღი – ფინანსური სანქციები.
- სანქციების
საბოტაჟი: ევროპის მცდელობა, შექმნას სპეციალური ფინანსური არხები (SPV) ირანთან
ან რუსეთთან ვაჭრობის გასაგრძელებლად დოლარის გვერდის ავლით, ვაშინგტონში აღიქმება
როგორც „ზურგში დანის ჩაცემა“.
- სტატისტიკური
არგუმენტი: მიუხედავად იმისა, რომ დოლარი გლობალური რეზერვების ~58%-ს შეადგენს,
ევროპა აქტიურად ლობირებს ევროს წილის გაზრდას საერთაშორისო ანგარიშსწორებაში
(ამჟამად ~20%). INSTEX-ის მექანიზმის წარუმატებლობის მიუხედავად, ბრიუსელი კვლავ
მუშაობს „ციფრულ ევროზე“, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკულ საგადახდო სისტემებზე
(Visa, Mastercard) დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანას.
დასკვნა: ფინანსური დეკუპლირება (გამოყოფა) ნიშნავს დასავლეთის ერთიანი ეკონომიკური
ფრონტის დასუსტებას. ვაშინგტონი ამას აღიქვამს არა როგორც ეკონომიკურ კონკურენციას,
არამედ როგორც სტრატეგიულ ღალატს, რომელიც ამცირებს ამერიკული სანქციების ეფექტურობას
ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.
16. „სამზღვაოეთის ინიციატივა“ (Three Seas) და პოლონეთის ღერძი
ამერიკული სტრატეგია ღიად გადადის ევროკავშირის შიგნით „ახალი ევროპის“ მხარდაჭერაზე.
- ბერლინის გვერდის
ავლით: აშშ პრიორიტეტს ანიჭებს პოლონეთს, რუმინეთსა და ბალტიისპირეთს, როგორც
უფრო საიმედო და იდეოლოგიურად ახლოს მყოფ პარტნიორებს.
- სტატისტიკური
არგუმენტი: აშშ-მა ოფიციალურად გამოყო $1 მილიარდი „სამი ზღვის ინიციატივის“
(3SI) საინვესტიციო ფონდისთვის. ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ ფლანგის
ქვეყნები საშუალოდ მშპ-ს 3%-ზე მეტს ხარჯავენ თავდაცვაზე (პოლონეთი - 4.12%),
მაშინ როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნები (გერმანია, საფრანგეთი) კვლავ 2%-იან ნიშნულთან
„ბრძოლობენ“.
დასკვნა: ვაშინგტონი აფორმებს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას: აშშ-ის მთავარი
დასაყრდენი ევროპაში ხდება ვარშავა და არა ბერლინი. ეს არის პასუხი გერმანიის მრავალწლიან
ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ამბივალენტობაზე.
17. კოსმოსური უსაფრთხოება და ტექნოლოგიური პარაზიტიზმი
ევროპა სრულადაა დამოკიდებული აშშ-ის კოსმოსურ ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ამ
სფეროში ინვესტიციებს გაურბის.
- დამოკიდებულება
GPS-ზე და Starlink-ზე: უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ევროპული თავდაცვა უსუსურია
ამერიკული კერძო და სახელმწიფო კოსმოსური სისტემების გარეშე. მიუხედავად ამისა,
ევროპა აგრძელებს „გალილეოსა“ და სხვა კოსმოსური პროგრამების დაფინანსების შემცირებას.
- სტატისტიკური
არგუმენტი: აშშ-ის კოსმოსური ბიუჯეტი ($70-80 მლრდ) თითქმის 6-ჯერ აღემატება ევროპის
კოსმოსური სააგენტოს (ESA) ბიუჯეტს. ორბიტაზე მყოფი აქტიური თანამგზავრების რაოდენობით
აშშ (SpaceX-ის ჩათვლით) აბსოლუტური ლიდერია (~5,500+), მაშინ როცა ევროპული წილი
კრიტიკულად მცირდება.
დასკვნა: ევროპული „სტრატეგიული ავტონომია“ კოსმოსის გარეშე ფარსია. ვაშინგტონი
მოითხოვს, რომ ევროპამ აიღოს ფინანსური პასუხისმგებლობა კოსმოსურ უსაფრთხოებაზე, ნაცვლად
იმისა, რომ მუდმივად ეყრდნობოდეს ამერიკულ ტექნოლოგიურ „დონაციებს“.
18. აკადემიური და ინტელექტუალური „დეგრადაცია“
NSS 2025-ში პირველად ჩნდება კრიტიკა ევროპული საგანმანათლებლო სისტემის მიმართ.
- იდეოლოგიური
ექსპორტი: ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ევროპული უნივერსიტეტებიდან მომავალი
„Woke“ იდეოლოგია და პოსტმოდერნული ნიჰილიზმი ასუსტებს დასავლეთის ცივილიზაციურ
თავდაჯერებულობას.
- სტატისტიკური
არგუმენტი: მსოფლიოს ტოპ-20 უნივერსიტეტს შორის 15-16 მუდმივად ამერიკულია, ევროკავშირის
წილი კი (დიდი ბრიტანეთის გარეშე) ხშირად ნულოვანია. ევროპაში ინოვაციებზე დახარჯული
მშპ-ს წილი (~2.2%) საგრძნობლად ჩამორჩება აშშ-ის მაჩვენებელს (~3.5%). ხელოვნური
ინტელექტის (AI) სფეროში გამოქვეყნებული მაღალციტირებადი ნაშრომების 70% აშშ-სა
და ჩინეთზე მოდის.
დასკვნა: ევროპული აკადემიური გარემო ორიენტირებულია სოციალურ რეგულირებაზე
და არა ტექნოლოგიურ გარღვევებზე. ვაშინგტონისთვის ეს ნიშნავს ინტელექტუალურ კაპიტულაციას,
რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დასავლურ ცივილიზაციას კონკურენტუნარიანობას უკარგავს.
შეჯამება: ტრანსატლანტიკური პარადიგმის ცვლილება და ევროპული არჩევანი
2025 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია (NSS) გარდამტეხი მომენტია
ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. დოკუმენტი ორაზროვნებისათვის ადგილს აღარ ტოვებს: ეპოქა,
როდესაც ევროპა საკუთარ უსაფრთხოებას ამერიკული რესურსებითა და პოლიტიკური ნებით აზღვევდა,
ოფიციალურად დასრულდა. ვაშინგტონი აშიშვლებს მტკივნეულ რეალობას – ევროპული „სტატუს
კვო“, რომელიც წლების განმავლობაში ეყრდნობოდა თავდაცვის მინიმალურ ხარჯებს, რუსეთზე
ენერგეტიკულ დამოკიდებულებასა და ბიუროკრატიულ ინერციას, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის
აღარ არის მისაღები და პრაგმატული.
ტრანსატლანტიკური ხიდი განახლებულ ამერიკასა და უცვლელ ევროპას შორის შეიძლება ჩატყდეს, თუ ევროპელები არ გაიზარბენ, რომ ვაშინგტონის კრიტიკა სამართლიანი და არგუმენტირებულია, რადგან ის ეფუძნება სისტემურ გეოპოლიტიკურ ჩავარდნებს: სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დეგრადაციას, ჩინურ ექსპანსიას ნატოს წევრი ქვეყნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკულ კაპიტულაციას მოსკოვის წინაშე და ღრმა შიდა კულტურულ-დემოგრაფიულ კრიზისს. ამერიკული „სტრატეგიული ნაცვალგება“ არის არა უბრალოდ რეკომენდაცია, არამედ მკაცრი ულტიმატუმი, რომელიც მოიცავს სამხედრო, კულტურულ, ფინანსურ, ტექნოლოგიურ და კოსმოსურ განზომილებებსაც.
1. ევროპული პერსპექტივა: უსაფრთხოების „გამოღვიძება“
ზოგადევროპულ კონტექსტში, კონტინენტი სტრატეგიული გზაგასაყარის წინაშე დგას.
ვაშინგტონის გზავნილი ნათელია: ევროპა უნდა გარდაიქმნას რეალურ, თვითმყოფად სამხედრო
ძალად, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრებისა და ინტერესების დაცვა ამერიკული „ქოლგის“
მუდმივი იმედის გარეშე.
- თავდაცვის
ავტონომია: ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა შეწყვიტონ თავდაცვის ხარჯების აღქმა
„სოციალურ ტვირთად“ და ის აქციონ ეროვნული გადარჩენის გარანტად.
- გეოპოლიტიკური
პასუხისმგებლობა: ნატოს ფარგლებში ევროპამ უნდა იტვირთოს მთავარი როლი აღმოსავლეთ
ფლანგის შეკავებაში, რაც ამერიკას საშუალებას მისცემს რესურსების კონცენტრაცია
ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოახდინოს. ამ თვალსაზრისით, ნატოს ფარგლებში აშშ
პრიორიტეტს ანიჭებს აღმოსავლეთ ევროპას (პოლონეთი, ბალტიისპირეთი), რაც ტრადიციულ
ლიდერებს (ბერლინი, პარიზი) აიძულებს, გადახედონ საკუთარ პასიურ პოზიციას.
- სტრატეგიული
იზოლაციის საფრთხე: თუ კონტინენტი ვერ შეძლებს სამხედრო-ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას,
ის რისკავს გახდეს გეოპოლიტიკური პერიფერია – იზოლირებული მოთამაშე, რომელიც ვეღარ
ახდენს გავლენას გლობალურ პროცესებზე.
2. ევროკავშირის პერსპექტივა: ეგზისტენციალური არჩევანი
ევროკავშირისთვის, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებისთვის, ეს
კრიზისი კიდევ უფრო მწვავეა. ბრიუსელი დგას ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე – რადიკალური
რეფორმა ან თანდათანობითი დეგრადაცია.
- რეგულაციების
ტირანია ინოვაციების წინააღმდეგ: ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მიდგომას,
სადაც ზედმეტი ბიუროკრატია და იდეოლოგიური ექსპერიმენტები ახშობს ეკონომიკურ ზრდასა
და ტექნოლოგიურ წინსვლას. იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი და პეკინი ტექნოლოგიურ
ლიდერობაზე იბრძვიან, ბრიუსელი კვლავ რეგულაციების შექმნითაა დაკავებული, რაც
მას კონკურენტუნარიანობას უკარგავს.
- უსაფრთხოების
პრიორიტეტი: ევროკავშირი ვეღარ იარსებებს მხოლოდ როგორც „რბილი ძალის“ პროექტი.
თუ გაერთიანება ვერ შეძლებს უსაფრთხოების განზომილების ინტეგრირებას და ეკონომიკური
სუვერენიტეტის (განსაკუთრებით ენერგეტიკასა და ტექნოლოგიებში) მოპოვებას, მისი
პოლიტიკური კონსტრუქცია დაიშლება. ნატოს შესაძლო დასუსტების ფონზე, ევროკავშირის
ამჟამინდელი თავდაცვითი უძლურება მას დაუცველს ხდის გარე აგრესიის წინაშე.
- ცივილიზაციური
თავდაჯერებულობა: ევროპის გადარჩენა დამოკიდებულია მისი კულტურული და ინტელექტუალური
იდენტობის აღდგენაზე, რაც საფუძველია ინოვაციისა და გლობალურ პროცესებზე გავლენის
მოპოვებისა.
საერთო დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ევროპის გადარჩენა მხოლოდ მის „გამოღვიძებაში“, საღი აზრის დაბრუნებასა და რეალურ თავდაცვისუნარიანობაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ევროპული ილუზია“ კონტინენტის გეოპოლიტიკურ სამარხად ქცევით დასრულდება. ხოლო ნატოს ალიანსი გარდაიქმნება ამერიკისა და მისი სანდო, პრაგმატული პარტნიორების ინტერკონტინენტალურ დაჯგუფებად.
