Friday, January 30, 2026

განათლების დეოკუპაციის დროა! ანუ რატომ არის აუცილებელი განათლებისა და ხელისუფლების გამიჯვნა

 

პაატა შეშელიძე




დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის განათლებისა და ხელისუფლების სრული გამიჯვნა ერთადერთი რეალური გამოსავალი - განსაკუთრებით დღეს, როცა ტექნოლოგია სამყაროს ცვლის და ძველი, იძულებაზე დაფუძნებული მოდელები აბსოლუტურად გაკოტრებულია.

პრობლემის არსი

სანამ გამოსავალზე ვისაუბრებთ, უნდა დავინახოთ ის ჩიხი, რომელშიც დღეს სახელმწიფო განათლების სისტემა იმყოფება. პრობლემა არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ ფუნდამენტურად ეპისტემოლოგიური, ეკონომიკური და პრაქტიკულია:

  • ინტელექტუალური სტაგნაცია და ისტორიული ფესვები: ჩვენი საგანმანათლებლო მოდელი მე-19 საუკუნის ინდუსტრიული ეპოქის გადმონაშთია. ისტორიული პარალელები აჩვენებს, რომ სავალდებულო სახელმწიფო განათლება (განსაკუთრებით პრუსიული მოდელი) თავდაპირველად მორჩილი ჯარისკაცებისა და ბიუროკრატების გამოსაწვრთნელად შეიქმნა. ეს მოდელი იყო ნაციონალ-სოციალიზმისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რადგან როდესაც ხელისუფლება იღებს მონოპოლიას "სწორ ცოდნაზე", ის ქმნის ნიადაგს მასობრივი კონტროლისთვის.
  • ცოდნის მონოპოლიზაცია და ეპისტემოლოგიური კატასტროფა: როდესაც ხელისუფლება წყვეტს, რა არის "სწორი" დასაჭიროცოდნა, ის ავტომატურად ხდება ცენზორი. სახელმწიფო სტანდარტი ცდილობს ერთიანი, ხისტი სილაბუსის დაწესებას სამყაროში, სადაც ცოდნა უკიდურესად დეცენტრალიზებული, ლოკალური და კონტექსტუალურია. ეს არის "ცოდნის მკვლელი" მექანიზმი - ბიუროკრატიას არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს იმ დეცენტრალიზებული ინფორმაციის თავმოყრის და გადამუშავების რამენაირი ბერკეტი, რომელიც მხოლოდ თავისუფალ ბაზარზე, ინდივიდუალური არჩევანის და ადამიანების თანამშროლობის მეშვეობით გროვდება.
  • მეცნიერების იზოლაცია: დღევანდელ სისტემაში მეცნიერება ხშირად გამოკეტილია "შიშველ კედლებში" - აუდიტორიებსა და კაბინეტებში, სადაც მხოლოდ თეორიული მსჯელობა მიმდინარეობს. რეალური მეცნიერება კი უნდა ვითარდებოდეს ლაბორატორიებში, წარმოებებში და პრაქტიკულ გარემოში, სადაც თეორია მაშინვე ხვდება რეალობას. სახელმწიფო ბიუროკრატია ამ კავშირს წყვეტს და მეცნიერებას არაპრაქტიკულ, მკვდარ დოგმად აქცევს.
  • ეკონომიკური ილუზია: სახელმწიფო სისტემაში არ არსებობს რეალური ფასები. ჩვენ ვხარჯავთ გადასახადის გადამხდელის ფულს იმ პროფესიებში, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი არაა, ხოლო ტექნოლოგიურ სფეროებში ბიუროკრატიული ბარიერები პროგრესს აფერხებს.
  • ინდივიდუალობის წაშლა: სისტემა მოსწავლეს განიხილავს არა როგორც უნიკალურ, დამოუკიდებელ გონებას, არამედ როგორც სტატისტიკურ ერთეულს, რომელიც ხელისუფლებისთვის გამოსადეგ "საზოგადოებრივ რესურსად" უნდა იქცეს.

ერთადერთი გამოსავალი: განათლებისა და ხელისუფლების სრული გამიჯვნა

განათლების პრობლემების მოგვარება მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი: ხელისუფლება და კანონმდებლობა საერთოდ არ უნდა ერეოდეს სწავლების საკითხებში. ეს სფერო სრულად უნდა დარჩეს მშობლების, მოსწავლეების და იმ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროექტების, სასწავლებლებისა თუ პლატფორმების ხელში, რომლებიც ნებაყოფლობით თანხმდებიან საერთო ინტერესებზე.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ნებისმიერი "შუალედური" გამოსავალიც კი, როგორიცაა სახელმწიფო ვაუჩერები, კვლავ ტოვებს ძალაუფლებას ბიუროკრატიის ხელში. ვაუჩერი კვლავ გადასახადებით ფინანსდება და ხელისუფლება ისევ წყვეტს, ვის აქვს დაწესებულების გახსნის უფლება ან რა არის "მისაღები" სტანდარტი. ეს ქმნის კრონი-კაპიტალიზმს განათლებაში. ერთადერთი მორალური გზა არის სრული დეპოლიტიზაცია - არც დაფინანსება, არც სავალდებულოობა და არც სახელმწიფო აკრედიტაცია.

პროფესიული ცოდნა, "ინტელექტუალური ბუშტები" და დროის ფლანგვა

სახელმწიფო სუბსიდირება ქმნის საშიშ ეკონომიკურ ეფექტს - რესურსების არასწორ განაწილებას. როდესაც სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტულ ფაკულტეტებს, ის მოსწავლეებს უბიძგებს ისეთი სპეციალობებისკენ, რომლებზეც რეალურ ბაზარზე მოთხოვნა არ არსებობს. ეს განსაკუთრებით აზარალებს პროფესიულ განათლებას: მოსწავლეები წლებს ხარჯავენ თეორიული დიპლომების მისაღებად, ნაცვლად იმისა, რომ დაეუფლონ რეალურ, მაღალტექნოლოგიურ და პრაქტიკულ ხელობას, რომელიც ლაბორატორიებსა და წარმოებებში უნდა ისწავლებოდეს.

შედეგად ვიღებთ "ინტელექტუალურ ბუშტს": ათასობით მოსწავლეს აქვს დიპლომი, მაგრამ არ გააჩნია ღირებული პროფესიული კომპეტენცია. ეს არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე პროდუქტიული წლების პირდაპირი ფლანგვა. განათლებისა და ხელისუფლების გამიჯვნა ამ ბუშტს გახეთქავს და რესურსებს იქ მიმართავს, სადაც ისინი რეალურ ღირებულებას ქმნიან - ქარხნებში, კოდის წერის პროცესში და სამეცნიერო ცენტრებში.

მოსწავლის სუვერენიტეტი და რაციონალური პასუხისმგებლობა

თავისუფალ სისტემაში მოსწავლე (ან მისი წარმომადგენელი) არის სუვერენი - ის არის კლიენტი, რომელიც საკუთარი რაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. განათლება არ არის "უფლება", რომელსაც ხელისუფლება გაძლევს სხვისი ხარჯით; ეს არის ინვესტიცია საკუთარ გონებაში.

რაციონალური ეგოიზმი გვკარნახობს, რომ ადამიანი თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარ განვითარებაზე. როდესაც სახელმწიფო "უფასოდ" გვთავაზობს განათლებას, ის ჩვენგან ყიდულობს უფლებას, მართოს ჩვენი აზროვნება. გამიჯვნა ნიშნავს ძალაუფლების დაბრუნებას ინდივიდთან. მხოლოდ მაშინ, როცა მოსწავლე თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე, ის სწავლობს დამოუკიდებელ აზროვნებას - იმ ერთადერთ ინსტრუმენტს, რომელიც მას გადარჩენისთვის სჭირდება.

ციფრული პლატფორმები: ცენტრალური დაგეგმარების დასასრული

ციფრული პლატფორმები არ არის უბრალოდ "დამხმარე ხელსაწყოები" - ისინი ცენტრალური დაგეგმარების დასასრულს და განათლების დემოკრატიზაციას ნიშნავენ. დღეს მოსწავლეს წვდომა აქვს მსოფლიოს საუკეთესო გონებასთან ყოველგვარი სახელმწიფო შუამავლის გარეშე.

მაგალითად:

  • YouTube: უდიდესი საგანმანათლებლო არქივი, სადაც ნებისმიერი რთული საინჟინრო თუ სამეცნიერო საკითხი უფასოდ არის ახსნილი.
  • Khan Academy: მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტრუქტურირებული და პერსონალიზებული კურსები.
  • Coursera, edX და Udacity: პლატფორმები, სადაც მოსწავლე იღებს ცოდნას მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ტექნოლოგიური გიგანტებისგან (მაგ. Google, IBM).
  • Brilliant: ლოგიკისა და მეცნიერების ინტერაქტიული შესწავლა.
  • Kaggle და GitHub: რეალური პრაქტიკული ბაზა მონაცემთა მეცნიერებისა და პროგრამისტებისთვის, სადაც სწავლება წარმოების პროცესში ხდება.
  • Substack, Medium და დამოუკიდებელი ბლოგები: სივრცეები, სადაც მოსწავლეებს აქვთ წვდომა უახლეს დამოუკიდებელ კვლევებსა და ანალიზზე.

ეს (და სხვა მარავლი) პლატფორმები ბევრად უფრო ეფექტურია, რადგან ისინი ინდივიდუალურ ალგორითმზეა აგებული. სახელმწიფო სტანდარტი ამის წინააღმდეგია, რადგან მას სჭირდება კონტროლი. ხელისუფლებისგან გამიჯვნა გზას გაუხსნის ამ ფორმების აფეთქებას, სადაც მნიშვნელოვანია რეალური კომპეტენცია და არა სახელმწიფო ბეჭედი.

ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში, განათლების სტანდარტულ, „უნივერსალურმოდელებს თანდათან ჩაანაცვლებს პერსონალიზებული და ცოცხალი სასწავლო პროგრამები. ეს უნიკალური გზამკვლევები სრულად მოერგება ცოდნის მაძიებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს: ისინი ზუსტად მიჰყვებიან ადამიანის შინაგან რიტმს, გამოავლენენ მის ფარულ ნიჭსა თუ მისწრაფებებს და დაეხმარებიან მას არა მხოლოდ პროფესიულ რეალიზებაში, არამედ სამყაროში საკუთარი, თვითმყოფადი ადგილის დამკვიდრებაში. 

განათლება, როგორც სამეწარმეო აღმოჩენა და "Skin in the game"

განათლება არ არისჩიპი", რომელსაც სახელმწიფო "უნერგავს" მოსწავლის თავში. ეს არის სამეწარმეო პროცესი. მასწავლებელი ან საგანმანათლებლო პლატფორმის შემქმნელი უნდა იყოს "საგანმანათლებლო მეწარმე", რომელიც მუდმივად ეძებს ახალ გზებს ცოდნის გადასაცემად.

აქ უმნიშვნელოვანესია "Skin in the game" - პრინციპი, რომელსაც ქართულად შეიძლება ვუწოდოთ "საკუთარი ტყავით პასუხისმგებლობა". თავისუფალ ბაზარზე მეწარმე თავისი რესურსითა და რეპუტაციით აგებს პასუხს; თუ მისი სწავლების მეთოდი უვარგისია, ის გაკოტრდება. სახელმწიფო ბიუროკრატიას კი არ აქვს "საკუთარი ტყავით პასუხისმგებლობა" - მთელი სახელმწიფო სისტემა არის მორალური საფრთხე (hazard) შემცველი  უზარმაზარი მანქანა. როცა შეცდომა ხდება, არავინ კარგავს სამსახურს და არავინ გაკოტრდება. მხოლოდ ბაზარი აიძულებს სისტემას, დანერგოს ის მეთოდები, რომლებიც მართლა მუშაობენ.

ფასების სისტემა და ხარისხის კონტროლი

"უფასო" სახელმწიფო განათლება ყველაზე ძვირია, რადგან მისი ხარისხის გაზომვა შეუძლებელია. ფასების სისტემის გარეშე ჩვენ არ გვაქვს სიგნალი - რა ღირს რეალურად კონკრეტული კურსი ან მეთოდი. პრივატიზება დააბრუნებს რეალურ ფასებს, რაც ავტომატურად გაზრდის ხარისხს. თავისუფალ ბაზარზე უხარისხო და მოძველებულ განათლებას უბრალოდ არავინ იყიდის, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს მუდმივი განახლებისკენ უბიძგებს.

ფუნდამენტური უფლებები: თავდასხმა თვით-საკუთრებაზე

არსებული სისტემა არის პირდაპირი აგრესია ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ:

  • ინტელექტუალური გატაცება: სავალდებულო განათლება არის მშობლისგან მოსწავლის "მოპარვის" ინსტრუმენტი. მოსწავლე არ არის სახელმწიფოს საკუთრება; ის მშობლის პასუხისმგებლობაა. სახელმწიფოს მიერ მისი იძულებითი წაყვანა დღის უმეტეს ნაწილში არის "12-წლიანი სასჯელი", სადაც მოსწავლე იძულებით იკავებს ადგილს კონკრეტულ შენობაში, ზუსტად ისე, როგორც ციხეში.
  • ინდოქტრინაციის იარაღი: სახელმწიფო სკოლა არ არის მხოლოდ "ცოდნის გადაცემის" ადგილი - ეს არის სისტემის თვით-გამრავლების მექანიზმი. მოსწავლე იქ სწავლობს მორჩილებას ავტორიტეტისადმი და იმას, რომ სახელმწიფო არის "კეთილი მამა". ეს ქმნის თაობებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკში თავადვე ითხოვენ მეტ კონტროლსა და რეგულაციას.
  • ეკონომიკური და მორალური ქურდობა: ხელისუფლება ძალით ართმევს ფულს მოქალაქეებს (გადასახადები), რათა დააფინანსოს სისტემა, რომელიც ხშირად მათ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს არის თქვენი იდეოლოგიური მტრების იძულებითი დაფინანსება.
  • დამოუკიდებელი გონების წინააღმდეგ: სახელმწიფო განათლება აჩვევს მოსწავლეს მორჩილებას და არა დამოუკიდებელ განსჯას. რაციონალური ცხოვრებისთვის კი საჭიროა გონება, რომელიც არ ემორჩილება ავტორიტეტს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ავტორიტეტია.

ეგალიტარიზმის მითი და ინდივიდუალური ბრწყინვალება

სახელმწიფო განათლება ხშირად "თანასწორობის უზრუნველყოფის" ლოზუნგით მოქმედებს. თუმცა, ადამიანები ბუნებრივად უთანასწოროები არიან თავიანთი ტალანტებით, ინტერესებითა და მოტივაციით. ხელისუფლების მცდელობა, ყველას "თანაბარი" განათლება მისცეს, იწვევს საშუალო დონის დაწევას (regression to the mean) და ნიჭიერების დათრგუნვას. შედეგად ვიღებთ სისტემას, რომელიც ყველას ერთნაირ "ჩამოსხმად" აქცევს, ნაცვლად იმისა, რომ საშუალება მისცეს თითოეულ ინდივიდს, მიაღწიოს საკუთარ მაქსიმუმს თავისუფალ კონკურენციაში.

დასკვნა

განათლების გამიჯვნა ხელისუფლებისგან არის მომავლისკენ გადადგმული ერთადერთი რაციონალური ნაბიჯი. სახელმწიფო განათლება არის იდეოლოგიური ძალადობა, რომელიც ფინანსდება ეკონომიკური იძულებით. გონება ადამიანის ხელშეუხებელი კერძო საკუთრებაა. მხოლოდ თავისუფალ, დეცენტრალიზებულ და ტექნოლოგიურ განათლებას, სადაც მოსწავლე თავად ირჩევს თავის გზას საკუთარი ღირებულებებისა და პრაქტიკული საჭიროებების შესაბამისად, შეუძლია აღზარდოს თავისუფალი, რაციონალური და შემოქმედი პიროვნება.

 


მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...