Monday, January 26, 2026

საცალო ქსელების მოგების მარჟა, ფასები და „ქეშბექი“: ემოციების გარეშე

 

პაატა შეშელიძე



თანამედროვე ეკონომიკურ დისკუსიებში ხშირად ისმის კრიტიკა მსხვილი საცალო ქსელების მისამართით, რაც ძირითადად მათ მაღალ მოგებიანობასა და ე.წ. „ქეშბექის“ სისტემას უკავშირდება. მაგალითად, კომპანია „ფრიქსის“ კომერციული დირექტორის, ირაკლი ქურდაძის განცხადებით, აუცილებელია საცალო ქსელების მოგების მარჟის „გადახედვა“, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი მოგებიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო „ქეშბექის“ წილი 20%-დან 45%-მდე მერყეობს. მისი შეფასებით, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ფასების ზრდას. (იხ. აქ.: https://www.facebook.com/share/p/1JKb1LMBxX/). თუმცა საკითხის სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ მსგავსი ხედვა პრობლემის მხოლოდ ზედაპირულ აღქმას ეფუძნება და რეალურ ეკონომიკურ მიზეზ–შედეგობრიობას ვერ ასახავს.

„ქეშბექი“: ექსპლუატაცია თუ რესურსების გაცვლა?

ამ შემთხვევაში „ქეშბექი“ არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით უკუგებას ან ფასდაკლებას საბოლოო მომხმარებლისთვის. ეს ტერმინი საცალო ქსელების მიერ მომწოდებლებისთვის დაწესებულ დამატებით ფინანსურ მოთხოვნებს გულისხმობს, რაც მარკეტინგული და კომერციული მომსახურების საფასურია. ეს მოიცავს:

  • პროდუქციის მაღაზიის თაროზე განთავსებას (shelf space);

  • თვალსაჩინო ადგილებისა და აქციური ზონების დათმობას;

  • სარეკლამო კამპანიებსა და ციფრულ პლატფორმებში ჩართვას;

  • ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ მომსახურებას.

ამავე დროს, „ქეშბექის“ სისტემა მოქმედავს როგორც ბაზრის აღმოჩენის მექანიზმი. ის აჩვენებს, რომელი პროდუქტი ქმნის საკმარის დამატებით ღირებულებას თაროს სივრცის, მარკეტინგისა და ლოჯისტიკური რესურსების დასაკავებლად და რომელი – არა. ეს არის ცოცხალი საცდელი პროცესი, სადაც მოთხოვნა, ეფექტიანობა და ორგანიზაციული უნარი მუდმივად მოწმდება. ასეთ პირობებში „ქეშბექი“ არ არის წინასწარ დაწესებული გადასახადი, არამედ მოლაპარაკებებისა და ბაზრის რეაქციის შედეგი.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არ არის თვითნებური ან იძულებითი პრაქტიკა, არამედ კონტრაქტული ურთიერთობაა, სადაც მხარეები რესურსებს ცვლიან: მომწოდებელი იღებს წვდომას მასშტაბურ მომხმარებელთა ბაზაზე, ხოლო საცალო ქსელი – ანაზღაურებას იმ ინფრასტრუქტურისა და ორგანიზაციული ცოდნისთვის, რომელიც მან შექმნა.

როგორც ფრიდრიხ ჰაიეკი აღნიშნავს:

„ბაზარზე ძალაუფლება უმეტეს შემთხვევაში არჩევანის შედეგია და არა იძულების.“ (F. A. Hayek, Law, Legislation and Liberty, Vol. 2, University of Chicago Press)

მსხვილი საცალო ქსელების ძალაუფლება მათი ეფექტიანობის, ლოგისტიკური სისტემებისა და მომხმარებლის ქცევის ცოდნის შედეგია. მათი „ქეშბექი“ ასახავს იმ რეალურ ღირებულებას, რომელსაც ისინი სთავაზობენ მომწოდებლებს ბაზარზე შესვლისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებით.

მოგების მარჟა – მიზეზი თუ შედეგი?

მოგების მარჟა არ არის ფასების ზრდის მიზეზი – ის შედეგია. თუ საცალო ქსელებს შეუძლიათ მაღალი მოგების მარჟის შენარჩუნება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლები კვლავ ირჩევენ მათ მომსახურებას, ხოლო კონკურენტები ვერ სთავაზობენ უკეთეს ალტერნატივას. მოგების მარჟის ადმინისტრაციული „გადახედვა“ ნიშნავს ჩარევას ფასების ბუნებრივ ფორმირებაში, რაც არღვევს ბაზრის ფუნდამენტურ სიგნალებს.

ლუდვიგ ფონ მიზესი ამ ლოგიკას ასე აყალიბებს:

„მოგება არ არის ექსპლუატაცია – ის არის ჯილდო მომხმარებლის უკეთ მომსახურებისთვის.“ (L. von Mises, Human Action, Yale University Press)

მოგების მარჟა ამ კონტექსტში წარმოადგენს არა მხოლოდ ეფექტიანობის საზომს, არამედ მეწარმის მიერ გაწეული რისკის ანაზღაურებას. ბაზარი არის პროცესი, სადაც მოგება და ზარალი ერთმანეთისგან განუყოფელია. მეწარმე იღებს მოგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვებზე უკეთესად შეაფასა მომავალი მოთხოვნა, ხარჯები და რისკები. შესაბამისად, მოგების მარჟის ადმინისტრაციული „გადახედვა“ ნიშნავს მოგების შეზღუდვას, მაგრამ შეცდომის რისკის დატოვებას, რაც მეწარმეობის ლოგიკას ძირშივე ეწინააღმდეგება. ეკონომიკური სისტემა, რომელიც არ აღიარებს რისკს, საბოლოოდ აღმოჩენებისა და ინოვაციებისთვის სივრცეს აღარ ტოვებს.

ფასი ინფორმაციის მატარებელია: ის ასახავს დეფიციტს, რისკს, კაპიტალის ღირებულებასა და მეწარმის პროგნოზებს. 20–45%-იანი „ქეშბექი“ მიუთითებს ორგანიზაციულ უპირატესობაზე და არა ავტომატურად უსამართლობაზე.

ფასების ზრდის რეალური ფაქტორები

ფასების ზრდის ახსნა მხოლოდ საცალო ქსელების მოგებით ეკონომიკურად არასაკმარისია. პრობლემის საფუძველი რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორშია:

  1. შეზღუდული კონკურენცია: თუ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშე დომინირებს, მათ ბუნებრივად შეუძლიათ მაღალი მოგების მარჟების შენარჩუნება. ეს არის სიგნალი, რომ ბაზარზე შესვლა რთულია. ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები – სხვადასხვა სახის რეგულაციები და სახელმწიფო ბიუროკრატია – ხელოვნურად ზღუდავს ახალი მასშტაბური მოთამაშეების გამოჩენას, რაც არსებულ მსხვილ ქსელებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ მაღალი მოგების მარჟა. პრობლემა აქ არის არა თავად მოგების მარჟა, არამედ ძნელად შესაღწევი ბაზარი.

  2. „სამართლიანი“ მოგების მარჟა არ არსებობს: ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოდნის პრობლემა: არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, კომისიას ან ექსპერტთა ჯგუფს არ აქვს სრული ინფორმაცია კონკრეტული ქსელების შიდა ხარჯების სტრუქტურაზე, კონტრაქტულ პირობებზე, ლოგისტიკურ რისკებზე, რეგიონულ განსხვავებებსა და მომავალი შოკების ალბათობაზე. ეს ცოდნა გაფანტულია ათასობით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასა და ყოველდღიურ ოპერაციაში. სწორედ ამიტომ, „სამართლიანი მოგების მარჟის“ განსაზღვრა ცენტრალიზებულად არა მხოლოდ რთულია, არამედ პრინციპულად შეუძლებელიც.

  3. სახელმწიფოს მიერ გაზრდილი ხარჯები: რეგულაციების ფასი არასოდეს ქრება – ის ყოველთვის აისახება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაში.

  4. მონეტარული არასტაბილურობა: ფულის მასის ზრდა, მსყიდველობითი უნარის მუდმივი კლება და ვალუტის კურსის მერყეობა აიძულებს ბიზნესს, ფასში ჩადოს „ვალუტური რისკის პრემია“. ინფლაცია ანადგურებს პროგნოზირებადობას, რაც მოგების მარჟის ზრდას აუცილებელს ხდის გადარჩენისთვის.

  5. კაპიტალის ღირებულება: საქართველოში საბანკო სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი პირდაპირ კავშირშია ფასთან. როდესაც ფული ძვირია, ბიზნესი იძულებულია იმუშაოს მაღალი მოგების მარჟით, რათა დაფაროს ფინანსური ხარჯები. განუვითარებელი საფონდო ბაზარი კი რესურსების მოზიდვის ალტერნატიულ გზებს ძალიან ართულებს, მით უმეტეს მსხვილი და გამოცდილი ქსელების ახალი, წვრილი თუ ნაკლებად ორგანიზებული კონკურენტებისთვის.

  6. გაურკვევლობა და რისკები: პოლიტიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის პირობებში ბიზნესი ქმნის „უსაფრთხოების ბალიშს“. ეს არ არის ზედმეტი მოგება, ეს არის თვითდაზღვევის ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია ასევე დროის ფაქტორი: მაღალი მოგების მარჟა კონკრეტულ პერიოდში შეიძლება ასახავდეს წარსულში განხორციელებული ინვესტიციების დაგვიანებულ შედეგს, წინა წლების ზარალის კომპენსაციას ან მომავალი შოკებისთვის მომზადებას. ბაზარი არ აფასებს ერთ მომენტს იზოლირებულად – ის აფასებს პროცესს დროში. მოკლე პერიოდის ამოჭრა და მის საფუძველზე „ზედმეტი მოგების“ შესახებ დასკვნების გამოტანა ეკონომიკურად არასრული ანალიზია.

  7. მომხმარებლის არჩევანი: თუ მომხმარებელი მაინც ყიდულობს შემოთავაზებულ ფასად, ეს ნიშნავს, რომ ფასს ამართლებს კომფორტი, ადგილმდებარეობა, პროდუქციის მრავალფეროვნება, საყიდლების დაგეგმვის სიმარტივე და სხვა მრავალი სუბიექტური ფაქტორი. მოთხოვნა თავად უჭერს მხარს არსებულ ფასებს. ბაზარი რეაგირებს მომხმარებლის ქცევაზე და არა ადმინისტრაციულ რეკომენდაციებზე.

  8. ადამიანური კაპიტალი და ორგანიზაციული უპირატესობა: ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას სჭირდება ორგანიზება, მით უმეტეს ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორიცაა ქსელური სავაჭრო ობიექტების მართვა. ასეთი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას, მენეჯერულ უნარებს, ლოჯისტიკურ აზროვნებასა და რისკების მართვას. თუ სამართლიან კონკურენციაში ვინმე საგრძნობლად დაწინაურდა, ეს ხშირად სწორედ ადამიანური კაპიტალის შედეგია. ბაზარი აჯილდოებს მათ, ვინც უკეთ ახერხებს რესურსების კოორდინაციას და მომხმარებლის მოთხოვნებზე პასუხს.

რატომ არ მუშაობს ადმინისტრაციული ჩარევა ფასების ჩამოყალიბებაში?

მოგების ან მოგების მარჟების ხელოვნური შეზღუდვა ხშირად იწვევს ნეგატიურ შედეგებს:

  • პროდუქციის დეფიციტს, რადგან ბიზნესი ვეღარ ანაზღაურებს ხარჯებს;

  • ხარისხის გაუარესებას, რადგან ფასზე ზეწოლა აიძულებს მენეჯმენტს, დაზოგოს ინვესტიციები ხარისხში;

  • ინვესტიციების შეკვეცას, რადგან ყოველ დამატებით დანახარჯზე უკუგების გარანტია აღარ არსებობს.

ასევე, როდესაც ბიზნესმა იცის, რომ მოგება სასჯელისა თუ შეზღუდვის ქვეშაა, ხოლო ზარალი „გაგებით“ ფასდება, ინვესტიციების მოცულობა მცირდება, ინოვაცია შენელდება და რისკის აღების ინტერესი ქრება.

ეს კლასიკური „მორალური საფრთხის“ (moral hazard) მაგალითია: სისტემა, რომელიც აიძულებს წარმატებულ მოთამაშეს, მოკლას ინიციატივა და დაბალი რისკის სტრატეგია აირჩიოს, საბოლოოდ ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ღირებულების შექმნას აზარალებს.

თუ პირობები მართლაც გადაჭარბებულია, თავისუფალი ბაზრის ლოგიკა ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში გაჩნდება ალტერნატიული დისტრიბუციის არხები ან ახალი ბიზნესმოდელები, რომლებიც მომწოდებლებს უკეთეს პირობებს შესთავაზებენ.

როგორც მიზესი აღნიშნავს:

„ბაზარი არის პროცესი, სადაც ძალაუფლება დროებითია და მუდმივად ექვემდებარება კონკურენციას.“ (L. von Mises, Planning for Freedom, Libertarian Press)

ფორმალური და არაფორმალური მხარდაჭერა: სახელმწიფოს როლი ბაზარზე

ბაზრის მიმოხილვისას ხშირად უგულებელყოფილია ფაქტი, რომ ზოგიერთი ქსელი რეალურად იღებს ფორმალურ და არაფორმალურ მხარდაჭერას. ფორმალური დახმარება შეიძლება გამოიხატოს:

  • ამა თუ იმ ფორმის სუბსიდიების გაცემაში;

  • შეღავათიანი საბანკო სესხების ხელშეწყობაში;

  • სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფაში;

  • ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერაში (ლოჯისტიკური ქსელების განვითარება, მიწის ფართების გამოყოფა, ნებართვების დაჩქარება და სხვა);

  • საგადასახადო შეღავათებსა (ვალების ჩამოწერა და ა.შ.) და რეგულატორულ გამონაკლისებში.

რაც შეეხება არაფორმალურ მხარდაჭერას, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს:

  • კონკურენტებისთვის ხელის შეშლა (მაგალითად, ახალი მოთამაშეების, განსაკუთრებით უცხოური კომპანიების ბაზარზე შესვლის ხელოვნური ბარიერების შექმნა);

  • ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა (სამთავრობო და მათთან დაახლოებულ არხებზე პოტენციური კონკურენტების რეკლამის არდაშვება, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება, მესაკუთრეების დისკრედიტაცია და ა.შ.), რაც ხელს უშლის ალტერნატიული არხების განვითარებას;

  • რეგულაციური სტანდარტების შერჩევითი გამოყენება კონკრეტული ქსელების სასარგებლოდ;

  • სახელმწიფო დაკვეთებთან დაკავშირებული პრეფერენციები.

ეს ფაქტორები აძლიერებენ უკვე არსებულ საბაზრო უპირატესობას და ქმნიან ხელოვნური მაღალი მოგების მარჟის პირობებს. თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემა თავად მოგების მარჟაში კი არა, არამედ სახელმწიფო ჩარევაშია, რომელიც ბაზრის თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს ასუსტებს.

ასეთი პრაქტიკის ეჭვს ბადებს მსხვილი კომპანიების მესაკუთრეებისა და მენეჯერების მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული რეგულარული შეწირულობები, პარტიისა და მთავრობის საჯარო მხარდაჭერა, კრიტიკულ საკითხებზე ხელისუფლების გამართლება ან დუმილი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს პოლიტიკურ ლოიალობაზე სხვადასხვა სახის ხელშეწყობის სანაცვლოდ. ეს ასევე მოიცავს კომპანიების მცდელობას, გარკვეული ხარჯები მომხმარებელზე გადაიტანონ.

თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდება, მათზე სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა უნდა შეწყდეს, რათა ბაზრის მონაწილეებისთვის ერთნაირი პირობები შეიქმნას, ხოლო მომხმარებელმა საბოლოო ფასი ბუნებრივი კონკურენციის პროცესის შედეგად მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურმა ან არაფორმალურმა სახელმწიფო მხარდაჭერამ შესაძლოა გაზარდოს კონკრეტული ქსელების მოგების მარჟა, ფასის საბოლოო დონე კვლავ დამოკიდებულია რეალურ ხარჯებსა და მოთხოვნაზე.

დასკვნა

საცალო ქსელების მაღალი მოგების მარჟა სისტემაში არსებული მდგომარეობის სიმპტომია და არა დაავადების მიზეზი. რეალური გამოსავალი არა მოგების შეზღუდვაში, არამედ კონკურენციის გაზრდაში, ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნასა და სტაბილურ ინსტიტუციურ გარემოშია. ეკონომიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ „ქეშბექი“ და მოგების მარჟა უნდა შეფასდეს არა მორალური კატეგორიებით, არამედ როგორც ბაზარზე არსებული ცოდნის, ორგანიზაციული უპირატესობისა და რისკების ბალანსის შედეგი.

ბაზარი არ არის სტატიკური სურათი, სადაც შესაძლებელია „სწორი“ ფასისა ან „სამართლიანი“ მოგების მარჟის წინასწარ განსაზღვრა. ის არის აღმოჩენის პროცესი, სადაც ცოდნა გაფანტულია, მომავალი გაურკვეველია, ხოლო მოგება და ზარალი მეწარმის პროგნოზის სისწორეს ამოწმებს. ადმინისტრაციული ჩარევა, რომელიც მიზნად ისახავს შედეგების გასწორებას მიზეზების გაუქმების გარეშე, ქმნის მორალურ საფრთხეს: ის სჯის წარმატებულ ორგანიზებას და ასუსტებს ინვესტირების, რისკის აღებისა და ინოვაციის სტიმულს. მთავრობის მხრიდან ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა მხოლოდ შეფერხებას ქმნის და ბუნებრივ კონკურენციას აფერხებს. ასეთ პირობებში პრობლემა აღარ არის მხოლოდ ფასები – პრობლემა ხდება თავად ეკონომიკური დინამიკის დაკარგვა.

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...