პაატა შეშელიძე
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტების სიის“ წარმომადგენელმა, ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორმა იოვო ბაკიჩმა, 26 ოქტომბერს რუსულ RT Balkan-თან განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს და მოსკოვთან ურთიერთობებს არ შეცვლის.
„ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორს და ხშირ შემთხვევაში – ჩვენს დამცველს. ამ მხრივ არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ბაკიჩმა.
მისივე განმარტებით, პატარა სერბეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არაფერს შეცვლის, მაგრამ სიმბოლურად საზიანო იქნება. რუსულ ენერგორესურსებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ სერბეთმა საკუთარი ეროვნული ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს და არა უცხოელების სურვილებით.
ამავე დროს, „სტუდენტების სიის“ სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ საომარი კონფლიქტების ზონებში სერბული იარაღის ექსპორტის შეჩერებას, მათ შორის დასავლელი შუამავლების მეშვეობით უკრაინისთვის მიწოდების შეზღუდვას.
ვინ არის იოვო ბაკიჩი და რატომ არის მისი პოზიცია მნიშვნელოვანი?
56 წლის ბაკიჩი ბელგრადის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორია, ცნობილი რადიკალური მემარცხენე ინტელექტუალი და პოლიტიკური აქტივისტი.
იგი ახალგაზრდობაში იუგოსლავიის კომუნისტთა კავშირის წევრი იყო, რასაც მოგვიანებით საჯაროდ სიამაყით იხსენებდა. 2020 წელს მონაწილეობდა რადიკალური მემარცხენე პარტიის ჩამოყალიბებაში და პირდაპირ აცხადებდა: „ჩვენ კაპიტალიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგი ვართ“.
ბაკიჩი მხარს უჭერდა კოლექტიური საკუთრების მოდელებსა და ეკონომიკური სისტემის რადიკალურ გარდაქმნას. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს პარტია დატოვა, არ ჩანს, რომ მან ანტიკაპიტალისტურ მსოფლმხედველობაზე უარი თქვა. ამდენად, მისი რადიკალური მემარცხენეობა მხოლოდ წარსულით ვერ აიხსნება.
დღევანდელ პოლიტიკურ პოზიციებში ეს მემარცხენე იდეოლოგია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების მკაფიო რიტორიკას ერწყმის. ბაკიჩი ნატოს მოწინააღმდეგეა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უარყოფს და მოსკოვთან ტრადიციული ურთიერთობების შენარჩუნებას უჭერს მხარს.
თუმცა ერთი განსხვავება მნიშვნელოვანია – ბაკიჩი წარსულში თავად აკრიტიკებდა სერბულ ნაციონალიზმსა და პუტინის ავტორიტარიზმს. ამიტომ მისი დღევანდელი ეროვნული ინტერესების რიტორიკა ნაციონალისტური პოლიტიკის ყველა ფორმის მხარდაჭერასთან ავტომატურად არ უნდა გავაიგივოთ.
განსაკუთრებით საინტერესოა მისი ადგილი „სტუდენტების სიაში“.
ბაკიჩს 250 კანდიდატს შორის 76-ე ადგილი უკავია. იგი სიის ოფიციალური ხელმძღვანელი არ არის, მაგრამ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პოლიტიკური და ინტელექტუალური წარმომადგენელია.
მისი კანდიდატურა სტუდენტური პლენუმების მიერ შერჩევის პროცესში იქნა მიღებული. ეს გარემოება მნიშვნელოვანია – სტუდენტების ნაწილმა საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლობა მიანდო ადამიანს, რომლის ანტიკაპიტალისტური იდეები და რადიკალური მემარცხენე წარსული საჯაროდ ცნობილი იყო.
ცხადია, ეს ბაკიჩის ავტორიტეტსა და სტუდენტური მოძრაობის შესაბამის ნაწილში მის გავლენაზე მიუთითებს. მით უმეტეს, რომ იგი პროტესტების აქტიური მხარდამჭერი იყო, მონაწილეობდა საარჩევნო სტრატეგიის განხილვაში და სტუდენტების მიერ ორგანიზებულ შეკრებებზე სიტყვით გამოდიოდა.
ამასთან, მისი კანდიდატურის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ მოძრაობის ყველა მონაწილე იზიარებს მის ეკონომიკურ თუ საგარეოპოლიტიკურ შეხედულებებს. თუმცა ისიც აშკარაა, რომ სტუდენტურმა მოძრაობამ საკუთარ რიგებში ადგილი დაუთმო არა უბრალოდ აკადემიკოსს, არამედ ჩამოყალიბებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ მოღვაწეს.
აქედან გამომდინარე, „სტუდენტების სია“ მხოლოდ ახალგაზრდა, უპარტიო და პოლიტიკურად გამოუცდელი მოქალაქეების გაერთიანებად ვერ განიხილება. მასში მონაწილეობენ გამოცდილი პოლიტიკური აქტივისტებიც, რომლებსაც საკუთარი იდეოლოგიური პრიორიტეტები აქვთ.
ბაკიჩის 26 ოქტომბრის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სერბეთში ხელისუფლების შეცვლა თავისთავად არ გულისხმობს საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლას. რუსეთისთვის სანქციების არდაწესებისა და სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხებში ახალი მოძრაობის პოზიციები მნიშვნელოვნად ემთხვევა ვუჩიჩის ხელისუფლების პოლიტიკას.
მთავარი კითხვა ახლა ის არის, რამდენად განსაზღვრავენ ბაკიჩის მსგავსი გავლენიანი ინტელექტუალები „სტუდენტების სიის“ მომავალ პოლიტიკას – განსაკუთრებით ეკონომიკური თავისუფლების, კერძო საკუთრების, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების საკითხებში.
ხელისუფლების შეცვლა ფაქტია. მისი პოლიტიკის შინაარსის შეფასება კი ჯერ მხოლოდ იწყება, რადგან პირველ რიგში არსებული რეჟიმის შეცვლა იდგა და შემდგომი განვითარების ზუსტი სცენარის შინაარსზე ბევრი არ დაფიქსირებულა.

No comments:
Post a Comment
მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435