Monday, October 26, 2026

პიერ პაოლო პაზოლინი – მომხმარებლური საზოგადოების კრიტიკა და მისი წინააღმდეგობები

 

პაატა შეშელიძე



ვინ იყო პაზოლინი და რას ემსახურებოდა მისი მსოფლმხედველობა?

პიერ პაოლო პაზოლინი (1922–1975) იტალიელი მწერალი, პოეტი, კინორეჟისორი და საზოგადო მოაზროვნე იყო. დაიბადა ბოლონიაში, განათლება მიიღო ბოლონიის უნივერსიტეტში, ხოლო შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რომში გაატარა. მისი ცნობილი ფილმებია „აკატონე“ (1961), „მამა რომა“ (1962), „სახარება მათეს მიხედვით“ (1964) და „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“ (1975).

პაზოლინი მემარცხენე, მარქსისტული მსოფლმხედველობის ინტელექტუალი იყო, თუმცა მისი შეხედულებები საკმაოდ შორს იდგა ორთოდოქსული კომუნიზმისგან. 1947 წელს იგი იტალიის კომუნისტურ პარტიაში გაწევრდა, მაგრამ 1949 წელს პარტიიდან გარიცხეს მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. მიუხედავად ამისა, პაზოლინიმ მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაცია შეინარჩუნა და კომუნისტური მოძრაობის კრიტიკასაც მისი მემარცხენე პოზიციებიდან აგრძელებდა.

მისი მსოფლმხედველობა წინააღმდეგობრივი იყო. ერთი მხრივ, იგი კაპიტალიზმს, ბურჟუაზიულ საზოგადოებასა და სოციალური უთანასწორობის სხვადასხვა ფორმას აკრიტიკებდა. მეორე მხრივ, არ ენდობოდა საბჭოთა ტიპის სოციალიზმს, კომუნისტურ ბიუროკრატიასა და პარტიულ დოგმატიზმს. ათეისტური და ანტიკლერიკალური პოზიციების მიუხედავად, მის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეკავა ქრისტიანულ სიმბოლიკასა და რელიგიურ გამოცდილებას.

პაზოლინის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა იტალიის ტრადიციული, ინდუსტრიამდელი საზოგადოება – გლეხური ყოფა, ადგილობრივი დიალექტები, პროვინციული კულტურა და ქალაქის ღარიბი მოსახლეობა. მათში იგი ხედავდა ცხოვრების იმგვარ უშუალობასა და კულტურულ დამოუკიდებლობას, რომელიც, მისი აზრით, თანამედროვე ინდუსტრიულმა ცივილიზაციამ საფრთხის წინაშე დააყენა.

ამ თვალსაზრისით, პაზოლინი უჩვეულო მემარცხენე იყო: ეკონომიკურ საკითხებში ანტიკაპიტალისტი, კულტურულ საკითხებში კი ხშირად ტრადიციული ცხოვრების წესის დამცველი. იგი ადამიანის გათავისუფლებას ესწრაფოდა, მაგრამ ამავდროულად წუხდა, რომ გათავისუფლებული ადამიანი შესაძლოა ისეთ ცხოვრებას აირჩევდა, რომელიც თავად პაზოლინის არ მოსწონდა.

სწორედ ამ წინააღმდეგობიდან გამომდინარეობს მისი ცნობილი კრიტიკა მომხმარებლური საზოგადოების მიმართ.

რას ამტკიცებდა პაზოლინი?

1971 წელს, ჟურნალისტ ენცო ბიაჯისთან ინტერვიუში, პაზოლინიმ განაცხადა:

„მომხმარებლური ცივილიზაცია ნამდვილი ბურჟუაზიული რევოლუციაა“.

მისი აზრით, კაპიტალიზმის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მხოლოდ საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების გავრცელება ან ეკონომიკური ურთიერთობების გარდაქმნა არ ყოფილა. გაცილებით ღრმა ცვლილება ადამიანების ცნობიერებაში მოხდა.

მასობრივი წარმოება, ტელევიზია, რეკლამა და მოდა ქმნიდა საზოგადოებას, რომელშიც სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები სულ უფრო მეტად ემსგავსებოდნენ ერთმანეთს. მათი სურვილები, ჩაცმულობა, მეტყველება, გართობა და წარმატების წარმოდგენაც ერთნაირი ხდებოდა.

პაზოლინი განსაკუთრებით შეშფოთებული იყო იტალიური საზოგადოების კულტურული მრავალფეროვნების შესუსტებით. მისი აზრით, ადგილობრივ დიალექტებს, გლეხურ ტრადიციებსა და მუშათა კულტურას ცვლიდა ერთიანი მომხმარებლური იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს ასწავლიდა, რომ კეთილდღეობა, ბედნიერება და თავისუფლება სულ უფრო მეტი საქონლის შეძენასთან იყო დაკავშირებული.

1973 წლის 9 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში „აკულტურაცია და აკულტურაცია“ მან ეს პროცესი ისტორიულ ფაშიზმსაც კი შეადარა.

პაზოლინის მსჯელობა ასეთი იყო: მუსოლინის რეჟიმი საზოგადოებას მორჩილებას პოლიტიკური იძულებით ახვევდა თავს, მაგრამ ბოლომდე ვერ ცვლიდა ადამიანების ყოველდღიურ ღირებულებებს. ტრადიციული კულტურები ავტორიტარული სახელმწიფოს პირობებშიც აგრძელებდნენ არსებობას.

მომხმარებლური ცივილიზაცია კი, მისი შეფასებით, უფრო ღრმად მოქმედებდა. იგი ადამიანებს პირდაპირ კი არ აიძულებდა, არამედ მათ სურვილებს გარდაქმნიდა, რის შედეგადაც ისინი საკუთარი ნებით იღებდნენ ცხოვრების ახალ, ერთგვაროვან სტანდარტებს.

ამიტომ პაზოლინისთვის მომხმარებლობა მხოლოდ ეკონომიკური ქცევა არ იყო. ის კულტურული ძალაუფლების ფორმად იქცა, რომელიც ადამიანებს მეტ მატერიალურ შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ მათ კულტურულ დამოუკიდებლობას ზღუდავდა.

მისი მთავარი გაფრთხილება მარტივად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: შესაძლებელია ადამიანები მატერიალურად უფრო მდიდრები გახდნენ, მაგრამ საკუთარი ინდივიდუალობა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი დაკარგონ.

ეს მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა პაზოლინის მიერ აღწერილი კულტურული მოვლენებიდან მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დასკვნებამდე საკმაოდ დიდი მანძილია.

სად იწყება პაზოლინის არგუმენტის პრობლემა?

პირველი და მთავარი საკითხი თავისუფლების გაგებაა.

პაზოლინი მომხმარებლური საზოგადოების მიერ შექმნილ მსგავსებას ხშირად კულტურული დამორჩილების ნიშნად მიიჩნევდა. მაგრამ ის, რომ ადამიანები ერთნაირ პროდუქტებს ირჩევენ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ არჩევანი წაერთვათ.

თუ გლეხი ავტომობილს ყიდულობს, მუშა უკეთეს ტანსაცმელს იცვამს, ხოლო დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილს უნივერსიტეტში სწავლა შეუძლია, ეს მოვლენები შეიძლება სოციალური და კულტურული ცხოვრების გათანაბრებასაც იწვევდეს. თუმცა, პირველ რიგში, ისინი შესაძლებლობების გაფართოებას ნიშნავს.

საქონლის მნიშვნელობას განსაზღვრავს ის, რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული ადამიანის მოთხოვნილებას. ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული ღირებულების მატარებელია. ამიტომ გარეგნული ერთგვაროვნება არ ნიშნავს მიზნების, შეხედულებების ან პიროვნებების ერთგვაროვნებას.

პაზოლინი გარკვეულწილად თავად წყვეტდა, როგორი ცხოვრება უნდა ყოფილიყო ღირებული სხვებისთვის. მისთვის ტრადიციული გლეხური კულტურა განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენდა. მაგრამ რატომ უნდა ყოფილიყო გლეხი ვალდებული, შეენარჩუნებინა ცხოვრების ის წესი, რომელსაც ინტელექტუალი კულტურულად ავთენტურად მიიჩნევდა?

შესაძლოა ახალგაზრდა იტალიელს სოფელში ცხოვრება აღარ სურდა. შესაძლოა მას ქალაქში გადასვლა, პროფესიული განვითარება, მოგზაურობა და სრულიად განსხვავებული ცხოვრება ერჩივნა.

ამ არჩევანის შედეგად ტრადიციული კულტურის შესუსტება ნამდვილად შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ ეს არ ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისუფლებას კარგავდა.

აქ პაზოლინის მსჯელობაში ჩნდება თავისებური პარადოქსი: იგი ადამიანების კულტურულ დამოუკიდებლობას იცავს, მაგრამ მათ მიერ დამოუკიდებლად არჩეულ კულტურულ ცვლილებას ხშირად დამორჩილებად განმარტავს.

მეორე საკითხია რეკლამისა და ადამიანური სურვილების ურთიერთობა.

პაზოლინი სწორად ამჩნევდა, რომ რეკლამა მხოლოდ არსებული მოთხოვნილებების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ის ცდილობს ახალი სურვილების გაჩენას, სოციალური სტატუსის შესახებ წარმოდგენების შეცვლას და მომხმარებლის ქცევაზე გავლენის მოხდენას.

მაგრამ აქ აუცილებელია გავლენისა და იძულების გამიჯვნა.

ადამიანების შეხედულებებს აყალიბებს ოჯახი, სკოლა, ლიტერატურა, რელიგია, მეგობრები, ხელოვნება და პოლიტიკური პროპაგანდა. თავად პაზოლინიც თავისი ნაწარმოებებითა და ფილმებით ცდილობდა საზოგადოების შეხედულებების შეცვლას.

რატომ უნდა ჩაითვალოს რეკლამის მიერ სურვილების შეცვლა ადამიანის დამორჩილებად, ხოლო ხელოვნების ან პოლიტიკური იდეის გავლენა – მისი ცნობიერების გათავისუფლებად?

რა თქმა უნდა, კომერციული გავლენა ყოველთვის კეთილსინდისიერი არ არის. არსებობს შეცდომაში შემყვანი რეკლამა, ინფორმაციის დამალვა, მანიპულაცია და მოტყუება. ეს პრობლემები კონკრეტულ განხილვას მოითხოვს.

მაგრამ ყველა დარწმუნების მცდელობის იძულებად გამოცხადება საბოლოოდ თავად თავისუფალი კომუნიკაციის იდეას აზიანებს.

მიზესის საბაზრო პროცესის თეორიაში მეწარმე მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობს, რადგან სწორედ მომხმარებლის არჩევანი განსაზღვრავს მის მოგებასა და ზარალს. მას შეუძლია რეკლამირება, ახალი მოთხოვნილების აღმოჩენა ან ახალი პროდუქტის შეთავაზება, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს, რომ ადამიანები აუცილებლად იყიდიან მის საქონელს.

მეწარმე მომხმარებელზე გავლენას ახდენს, მომხმარებელი კი მეწარმის გადაწყვეტილებებს ცვლის. ეს ორმხრივი ურთიერთქმედებაა და არა ცალმხრივი მორჩილება.

გარდა ამისა, ეკონომიკური მოთხოვნილებები ერთხელ და სამუდამოდ მოცემული არ არის. ადამიანები სწავლობენ, ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ, სხვების გამოცდილებას ეცნობიან და საკუთარ გემოვნებას ცვლიან.

ამიტომ სურვილის სიახლე ან მისი რეკლამის გავლენით ჩამოყალიბება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ის არანამდვილია.

კულტურული მრავალფეროვნება და საბაზრო პროცესი

პაზოლინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეშფოთება რეგიონული კულტურებისა და ადგილობრივი დიალექტების გაქრობას უკავშირდებოდა.

ამ საკითხის უგულებელყოფა არ შეიძლება. როდესაც ენა ქრება, შეიძლება დაიკარგოს ცოდნა, ისტორიული გამოცდილება, ლიტერატურა და სოციალური ურთიერთობების უნიკალური ფორმები.

მაგრამ კულტურული ცვლილების მიზეზები გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე მომხმარებლური საზოგადოების გავრცელება.

მოსახლეობის გადაადგილება, განათლების ხელმისაწვდომობა, ურბანიზაცია, საერთო საკომუნიკაციო ენის საჭიროება და ტექნოლოგიური განვითარება კულტურულ ცვლილებებს ქმნის იმის მიუხედავად, ეკონომიკა კაპიტალისტურია თუ სოციალისტური. მეტიც, რაც უფრო ცენტრალიზებულია სახელმწიფო მმართველობა და, შესაბამისად, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა და სხვა დარგები, ენის უნიფიცირების უფრო მაღალი ალბათობაა, ადგილობრივი ენების, დიალექტებისა და კილო-კავების თავგამოყნების საპირისპიროდ.

საგულისხმოა, რომ პაზოლინიმ 1971 წლის ინტერვიუში თავად აღნიშნა: საბჭოთა მოქალაქეც მომხმარებელია და ინდუსტრიული რევოლუცია მთელ მსოფლიოს ათანაბრებს.

ეს მნიშვნელოვანი დაკვირვება მისივე არგუმენტის მიმართ კითხვას წარმოშობს. თუ კულტურული ერთგვაროვნების ტენდენციები სოციალისტურ საზოგადოებაშიც არსებობს, რატომ უნდა მივაწეროთ ისინი უშუალოდ თავისუფალ ბაზარს?

ინდუსტრიალიზაციას ნამდვილად შეუძლია მასობრივი, ერთგვაროვანი სტანდარტების წარმოშობა. ფართომასშტაბიანი წარმოება ამცირებს ხარჯებს, ხოლო საერთო სტანდარტები კომუნიკაციასა და თანამშრომლობას აადვილებს.

მაგრამ მასშტაბის ეკონომია მრავალფეროვნების გაქრობას აუცილებლობით არ გულისხმობს.

მეწარმეობას შეუძლია პირიქითაც იმოქმედოს – შექმნას მცირე, სპეციალიზებული ბაზრები ადგილობრივი საკვებისთვის, ტრადიციული ხელოსნობისთვის, რეგიონული მუსიკისთვის, გამოცემებისა და კულტურული მომსახურებისთვის.

იზრაელ კირცნერის მეწარმეობის თეორიის მიხედვით, კონკურენცია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის პროცესია. მოთხოვნილება, რომელიც ერთ პერიოდში კომერციულად შეუმჩნეველი იყო, სხვა პერიოდში შეიძლება ახალი საქმიანობის საფუძველი გახდეს.

თუმცა არც ეს ნიშნავს, რომ ბაზარი ყველა ტრადიციას შეინარჩუნებს. თუ საკმარისი ადამიანი აღარ არის დაინტერესებული რომელიმე კულტურული საქმიანობით, მისი გაგრძელება შეიძლება გართულდეს.

აქ საქმე გვაქვს ალტერნატიულ დანახარჯთან – რესურსების ერთი მიზნისთვის გამოყენება სხვა შესაძლო მიზანზე უარის თქმას გულისხმობს.

ტრადიციის შენარჩუნებასაც აქვს ხარჯი. კითხვა ის არის, ვინ გადაწყვეტს ამ ხარჯის გაწევას და ვის დაეკისრება იგი.

თავისუფალ საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მსურველებს შეუძლიათ შექმნან სკოლები, ფონდები, გამომცემლობები, კულტურული გაერთიანებები და კერძო ინიციატივები. მათ შეუძლიათ დაარწმუნონ სხვები, რომ ამ საქმიანობის დაფინანსება ღირებულია.

მაგრამ კულტურის დაცვის სურვილი თავისთავად არ წარმოშობს უფლებას, სხვებს საკუთარი ცხოვრების წესის შენარჩუნება აიძულონ.

ვის ხელში იყო სინამდვილეში კულტურული ძალაუფლება?

პაზოლინის კრიტიკის შეფასებისას აუცილებელია იმდროინდელი იტალიის პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებაც.

1970-იანი წლების დასაწყისში იტალიის ტელემაუწყებლობაზე სახელმწიფო კომპანია RAI-ის მონოპოლია მოქმედებდა. კერძო ადგილობრივი საეთერო მაუწყებლობის შეზღუდვები მხოლოდ 1976 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოიხსნა.

ეს ისტორიული გარემოება არსებითია.

პაზოლინი ტელევიზიას კულტურული ცენტრალიზაციისა და ერთგვაროვნების გავრცელების მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევდა. მაგრამ მის მიერ გაკრიტიკებულ სისტემაში მაუწყებლობის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად სახელმწიფო მონოპოლიით იყო უზრუნველყოფილი.

ამიტომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ თავისუფალი კონკურენციის პირობებში წარმოშობილი მასობრივი კულტურა და ხელისუფლების მიერ შეზღუდული საინფორმაციო სივრცე.

ნობელიანტი ეკონომისტის ფრიდრიხ ჰაიეკის მიხედვით, საზოგადოდ მნიშვნელოვანი ცოდნა უამრავ ადამიანს შორის არის გაფანტული. კონკურენცია ამ ცოდნის გამოყენებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, მაშინ როდესაც ცენტრალიზებული გადაწყვეტილებები მრავალფეროვანი გამოცდილებისა და ინტერესების გათვალისწინებას ზღუდავს.

ამიტომ კულტურული ერთგვაროვნების მიზეზების შესწავლისას უნდა ვიკითხოთ არა მხოლოდ ის, რა გავლენას ახდენენ რეკლამა და მსხვილი კომპანიები მომხმარებლებზე, არამედ ისიც, რამდენად თავისუფალია ბაზარზე შესვლა, რამდენი ალტერნატიული საინფორმაციო წყარო არსებობს და ხომ არ იცავს სახელმწიფო რომელიმე კომპანიის ან ორგანიზაციის პრივილეგიას.

სახელმწიფოს მიერ დაცული მონოპოლია თავისუფალი ბაზრის გამოვლინებად ვერ ჩაითვლება.

შეიძლება თუ არა მომხმარებლობა ფაშიზმს შევადაროთ?

პაზოლინის ყველაზე სადავო მოსაზრება მომხმარებლური ცივილიზაციის ფაშიზმთან შედარებაა.

ამ შედარებით იგი ისტორიული ფაშიზმისა და თანამედროვე მომხმარებლობის სრულ იდენტურობას არ ამტკიცებდა. მისი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მომხმარებლურ კულტურას შეუძლია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უფრო ღრმა გავლენა მოახდინოს, ვიდრე პირდაპირ პოლიტიკურ იძულებას.

მაგრამ ანალოგია ორ არსებითად განსხვავებულ მექანიზმს აერთიანებს.

ფაშიზმი პოლიტიკური ძალაუფლების სისტემაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძალაუფლების კონცენტრაცია, სახელმწიფო იძულება და ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვა.

მომხმარებლური საზოგადოება კი ადამიანების ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ერთობლიობაა, სადაც მოქმედებენ ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნებისა და ინტერესების მქონე ადამიანები.

მას შეუძლია წარმოშვას კონფორმიზმი, სტატუსისთვის კონკურენცია, ზედაპირული გემოვნება და სოციალური ზეწოლა. მაგრამ ეს მოვლენები ავტომატურად არ წარმოშობს ფაშისტური ტიპის პოლიტიკურ ურთიერთობას.

ადამიანი შეიძლება ემორჩილებოდეს მოდას იმიტომ, რომ სხვების მოწონება სურს. ეს მის არჩევანზე გავლენას ახდენს, მაგრამ სახელმწიფო იძულების იდენტური არ არის.

გარდა ამისა, მომხმარებლური კულტურის უარყოფაც არჩევანია. ადამიანს შეუძლია ნაკლები მოიხმაროს, იცხოვროს მოკრძალებულად, შეინარჩუნოს ტრადიციული ჩვევები, მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ ან კულტურულ გაერთიანებებში და უარი თქვას გავრცელებულ სოციალურ სტანდარტებზე.

ასეთი გადაწყვეტილებები შეიძლება ფინანსურ ან სოციალურ დანახარჯებთან იყოს დაკავშირებული. მაგრამ თავისუფლება არ გულისხმობს არჩევანის ყველა შესაძლო დანახარჯის გაქრობას.

ავსტრიული ეკონომიკური სკოლის გამორჩეული ავტორი მიზესი მომხმარებლის გავლენას წარმოებაზე „მომხმარებლის სუვერენიტეტს“ უწოდებდა, ხოლო მისი მოსწავლე და ინტელექტურაული მემკვიდრე მარი როტბარდი კი ხაზს უსვამდა, რომ საბოლოო სუვერენიტეტი ინდივიდს ეკუთვნის – მეწარმესაც შეუძლია მომხმარებელთა ყველაზე მომგებიან მოთხოვნაზე უარის თქმა, თუკი სხვა მიზანს უფრო მაღალ ღირებულებას ანიჭებს.

ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაზოლინის საკითხის განხილვისას: თავისუფალ ბაზარში არც მომხმარებელია მეწარმის პოლიტიკური მბრძანებელი და არც მეწარმე – მომხმარებლის. ისინი თანამშრომლობენ იმდენად, რამდენადაც ამ ურთიერთობას ორივე საკუთარი მიზნებისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს.

დასკვნა – კულტურის დაცვა თუ ადამიანის არჩევანის თავისუფლება?

პაზოლინის კრიტიკაში არის საკითხები, რომლებსაც ყურადღება ნამდვილად სჭირდება. მატერიალური კეთილდღეობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას, კულტურულ მრავალფეროვნებას ან პიროვნულ ბედნიერებას. მასობრივ კომუნიკაციასა და რეკლამას ნამდვილად შეუძლიათ გემოვნების შეცვლა, ხოლო ეკონომიკურ განვითარებას – ტრადიციული ცხოვრების ფორმების შესუსტება.

მაგრამ ამ მოვლენების არსებობიდან ვერ გამომდინარეობს, რომ მომხმარებლობა ახალი ფაშიზმია ან თავისუფალი ბაზარი ადამიანებს ინდივიდუალობას ართმევს.

პაზოლინის მსჯელობის მთავარი შეზღუდვა ისაა, რომ იგი არასაკმარისად განასხვავებს საზოგადოების ცვლილებას საზოგადოების იძულებითი გარდაქმნისგან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი წინააღმდეგობა: პაზოლინი ადამიანებს ბურჟუაზიული კულტურის მორჩილებისგან გათავისუფლებას სთავაზობდა, მაგრამ ბოლომდე არ აღიარებდა, რომ თავისუფალ ადამიანს შეუძლია სწორედ ის ბურჟუაზიული ცხოვრება აირჩიოს, რომელიც თავად მას არ მოსწონდა.

ეს მხოლოდ ეკონომიკური უთანხმოება არ არის. ეს არის განსხვავება ინდივიდუალური თავისუფლების ორ გაგებას შორის.

ერთ შემთხვევაში თავისუფლება გულისხმობს ადამიანის გათავისუფლებას იმ გავლენებისგან, რომლებსაც ინტელექტუალი მისთვის საზიანოდ მიიჩნევს. მეორე შემთხვევაში თავისუფლება გულისხმობს ადამიანის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მიზნები, მათ შორის შეცდეს, შეიცვალოს გემოვნება და სხვებისგან განსხვავებული – ან მათივე მსგავსი – ცხოვრება აირჩიოს.

მატერიალურ პროგრესსა და კულტურულ თავისუფლებას შორის აუცილებელი წინააღმდეგობა არ არსებობს. ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუძლია ადამიანებს მისცეს მეტი დრო, რესურსი და დამოუკიდებლობა, რათა თავად გადაწყვიტონ, რას შეინარჩუნებენ, რას შეცვლიან და რას შექმნიან.

კულტურული მრავალფეროვნების ღირებულება იმაში არ მდგომარეობს, რომ ადამიანები აუცილებლად განსხვავებულად უნდა ცხოვრობდნენ. მისი საფუძველი ისაა, რომ მათ აქვთ უფლება, განსხვავებულად იცხოვრონ.

ამიტომ მომხმარებლური კულტურის კრიტიკა სრულიად შესაძლებელია თავისუფალი ბაზრის დაცვასთან ერთად. შეგვიძლია არ მოგვწონდეს მასობრივი გემოვნება, რეკლამის ესთეტიკა, ფუფუნებისკენ სწრაფვა ან ზედმეტი მოხმარება, მაგრამ ამავე დროს ვაღიარებდეთ სხვების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ცხოვრების შინაარსი.

საბოლოოდ, პაზოლინის მიერ დასმული საკითხის ყველაზე საინტერესო მხარე სწორედ ეს არის: თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას, წინააღმდეგობა გაუწიოს გაბატონებულ კულტურას, არამედ მის უფლებასაც, საკუთარი ნებით გაიზიაროს იგი.

თავისუფალი საზოგადოება არ არის ის, სადაც ადამიანები აუცილებლად სწორად, გონივრულად ან ერთმანეთისგან განსხვავებულად ირჩევენ.

თავისუფალი საზოგადოება ის არის, სადაც არჩევანის უფლება ინდივიდს ეკუთვნის – და არა სახელმწიფოს, მეწარმეს ან ინტელექტუალს, რომელსაც ჰგონია, რომ უკეთ იცის, როგორ უნდა იცხოვრონ სხვებმა.


ძირითადი წყაროები

No comments:

Post a Comment

მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435

სერბეთის „სტუდენტების სიის“ მემარცხენე იდეოლოგი – რუსეთთან მეგობრობა და უკრაინისთვის იარაღის შეჩერება

პაატა შეშელიძე   სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტების სიის“ წარმომადგენელმა, ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორმა იოვო ბ...