Thursday, October 22, 2026

2026 წლის ნობელი ეკონომიკაში: მეცნიერული წინსვლა თუ ინტერვენციონიზმის მორიგი გამართლება?

პაატა შეშელიძე


2026 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში ორ ამერიკელ ეკონომისტს — რობერტ ჰოლსა (დაიბადა 1943 წელს, კალიფორნიაში) და მაიკლ ვუდფორდს (დაიბადა 1955 წელს, მასაჩუსეტსში) — მიენიჭათ. ჰოლი სტენფორდის უნივერსიტეტის, ხოლო ვუდფორდი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია. ოფიციალური განმარტებით, მათ შექმნეს თეორიული საფუძვლები, რომლებიც მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს ეკონომიკური რყევების შემსუბუქებაში ეხმარება.

მაგრამ რა აღმოაჩინეს ისეთი, რაც მანამდე არ ვიცოდით? და ხომ არ ვუბრუნდებით იმავე წრეს, სადაც ეკონომიკის მართვის წარუმატებელ მცდელობას კიდევ უფრო რთული მოდელით ვპასუხობთ?

რობერტ ჰოლის 1978 წლის მთავარი ნაშრომი ეხებოდა ადამიანების მოხმარებასა და მოლოდინებს. მან აჩვენა, რომ ადამიანი ხარჯვისას მხოლოდ მიმდინარე შემოსავლით არ ხელმძღვანელობს. ითვალისწინებს მომავალს, დანაზოგებსა და მოსალოდნელ ცვლილებებსაც.

თუმცა ის, რომ ადამიანები მიზანმიმართულად მოქმედებენ და მათი მოლოდინები გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს, დიდი ხნის ცნობილი პრინციპია. ეს არც ჰოლის აღმოჩენაა და არც ახალი კეინზიანური ეკონომიკის.

ჰოლის რეალური სიახლე იყო ამ იდეის მათემატიკურად ჩამოყალიბება და კონკრეტული შემოწმებადი დასკვნის გამოტანა: გარკვეული დაშვებების პირობებში, თუ ადამიანმა უკვე გაითვალისწინა მისთვის ცნობილი ინფორმაცია, მოხმარების მომავალ ცვლილებას სწორედ ახალი, მოულოდნელი ინფორმაცია უნდა განსაზღვრავდეს.

ეს მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევაა, მაგრამ არა ადამიანის ეკონომიკური ქცევის ახალი კანონის აღმოჩენა. თანაც რეალურმა მონაცემებმა მოდელის უნივერსალურობა ვერ დაადასტურა.

მაიკლ ვუდფორდმა მსგავსი მიდგომა მონეტარული პოლიტიკის მოდელებში განავითარა. მისი ნაშრომები ხსნის, როგორ შეიძლება მოლოდინები, ფასების შედარებით ნელი ცვლილება და საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთზე მოქმედებდეს.

ამგვარად, ახალი კეინზიანური მიდგომა ცდილობს ეკონომიკის სახელმწიფო სტაბილიზაციას უფრო მყარი თეორიული საფუძველი შეუქმნას.

და სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა.

ის, რომ ადამიანის ქცევაზე მოქმედი ზოგიერთი ფაქტორის აღწერა შეგვიძლია, არ ნიშნავს, რომ ვიცით, როგორ ვმართოთ მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური პროცესები.

ეკონომიკური ცოდნა ცალკეული ადამიანების საკუთრებაა. იგი დაკავშირებულია მათ პირად გამოცდილებასთან, მიზნებთან, კონკრეტულ გარემოებებთან და შესაძლებლობებთან. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თვითონ მოქმედების პროცესში ჩნდება. ამ ცოდნის ადამიანებისგან მოწყვეტა, სრულად შეგროვება და ერთ ცენტრალურ ორგანოში თავმოყრა შეუძლებელია.

ამიტომ ეკონომიკის პრობლემა მხოლოდ უცნობი ცვლადების გამოთვლა არ არის. თვითონ ეს ცვლადებიც იცვლება ადამიანების მოქმედებით, მათ შორის მთავრობის ჩარევის შედეგად.

ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის შეცვლა უბრალოდ მოთხოვნას არ ზრდის ან ამცირებს. იგი ცვლის ფასების სიგნალებს, დანაზოგისა და ინვესტირების სტიმულებს და შეიძლება წაახალისოს პროექტები, რომლებიც სხვაგვარ პირობებში არ განხორციელდებოდა.

ისიც საკითხავია, რამდენად შეუძლია მოდელს ამგვარი ჩარევის ყველა მნიშვნელოვანი შედეგის გათვალისწინება.

ფრიდრიხ ჰაიეკმა ჯერ კიდევ 1974 წლის ნობელის ლექციაში სწორედ ეკონომისტების ცოდნის გადაჭარბებულ პრეტენზიაზე გაამახვილა ყურადღება. მათემატიკური მოდელის სიზუსტე არ ნიშნავს, რომ რეალური ეკონომიკის სამართავად საკმარისი ცოდნა გვაქვს.

საინტერესოა თავად ჰოლის სხვა საქმიანობაც.

1967 წელს მან დეილ იორგენსონთან ერთად აჩვენა, როგორ მოქმედებს გადასახადები კაპიტალის ღირებულებასა და ინვესტირებაზე. მოგვიანებით ალვინ რაბუშკასთან ერთად შეიმუშავა წრფივი გადასახადის ცნობილი პროექტი, რომელიც მოხმარებაზე ორიენტირებულ დაბეგვრასა და ინვესტიციებისთვის საგადასახადო დაბრკოლებების შემცირებას ითვალისწინებდა.

ჰოლი ასევე იკვლევდა უმუშევრობას, სამუშაოს მოძიების პროცესს, ხელფასების ცვლილების სირთულეებსა და ეკონომიკურ ციკლებს. სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აშშ-ის რეცესიების დათარიღების კომიტეტსაც.

საგულისხმოა, რომ ჰოლი სტენფორდის Hoover Institution-ის მკვლევარია და ეკონომიკური თავისუფლების მხარდამჭერ ინტელექტუალურ გარემოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მონაწილეობს თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმის კვლევით პროექტებშიც.

თუმცა მისი ეკონომიკური შეხედულებები ერთმნიშვნელოვნად თავისუფალი ბაზრის ჩაურევლობის პრინციპს არ ეფუძნება.

ჰოლი მხარს უჭერდა საგადასახადო სისტემის გამარტივებასა და ინვესტიციების დაბეგვრის შემცირებას, მაგრამ გარკვეულ პირობებში სახელმწიფოსა და ცენტრალური ბანკის აქტიურ ჩარევასაც ამართლებდა.

მისი პოზიციების განვითარებაც საინტერესოა: 2010 წელს თავად აღიარა, რომ ერთგანაკვეთიანი წრფივი გადასახადის თავდაპირველი მოდელის პრაქტიკული განხორციელება გართულებული იყო და განიხილავდა რამდენიმე განაკვეთის გამოყენებას.

იმავე ინტერვიუში მან მთავრობის სტიმულირების პროგრამების სისუსტეზეც მიუთითა: სახელმწიფო ხარჯების გაზრდას იმდენი დრო შეიძლება დასჭირდეს, რომ ეკონომიკის აღდგენა უკვე დაწყებული იყოს და ჩარევა დაგვიანდეს.

ეს წინააღმდეგობა კი არა, იმის მაგალითია, რომ ჰოლის შეხედულებები მხოლოდ ერთი ეკონომიკური იდეოლოგიის ფარგლებში ვერ მოთავსდება.

მაგრამ რატომ მიენიჭა მას ნობელი სწორედ ახლა?

მისი მთავარი კვლევები ათწლეულების წინ გამოქვეყნდა. ახალი აღმოჩენა 2026 წელს არ მომხდარა. ნობელის კომიტეტმა დააფასა მათი ხანგრძლივი გავლენა იმ მოდელებზე, რომლებსაც დღეს ცენტრალური ბანკები და მთავრობები იყენებენ.

უფრო მეტიც, კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ამ მეცნიერებმა ხელი შეუწყვეს სტაბილიზაციის პოლიტიკის აღდგენას მას შემდეგ, რაც ძველმა კეინზიანურმა მოდელებმა 1970-იანი წლების კრიზისებში სერიოზული პრობლემები გამოავლინეს.

ეს არის ამ პრემიის ყველაზე საინტერესო მხარე.

ჯერ გვქონდა ეკონომიკის სახელმწიფო მართვის მოდელები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კრიზისები ვერ აგვაცილეს. შემდეგ მოდელები გართულდა, დაემატა მოლოდინები, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ანალიზი და ახალი დაშვებები. ახლა კი ამ განახლებული მოდელების ავტორებს აჯილდოებენ იმისთვის, რომ ეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკას უკეთესი საფუძველი შეუქმნეს.

შესაძლებელია, ეს მართლაც მეცნიერული წინსვლაა. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეკონომიკის მართვის თავდაპირველი პრობლემა გადაიჭრა?

არა. ამის დამტკიცება გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე მოდელის შექმნა ან ცენტრალური ბანკების მიერ მისი გამოყენება.

ხომ არ ემსახურება ნობელის ეს გადაწყვეტილება ინტერვენციონიზმის მორიგ გამართლებას?

კომიტეტის განზრახვის შესახებ ასეთი მტკიცების საფუძველი არ გვაქვს. მაგრამ ინტერვენციონისტული პოლიტიკის მეცნიერული ლეგიტიმაციის თვალსაზრისით მისი განცხადების შინაარსი სრულიად ნათელია: ეკონომიკის რყევების სახელმწიფო მართვა წარმოდგენილია ამ ნაშრომების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად.

ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ჩარევა აუცილებლად უშედეგოა. მაგრამ იმასაც არ ნიშნავს, რომ თეორიულად შესაძლებელი სასარგებლო ჩარევა კონკრეტულმა სახელმწიფო ორგანომ რეალურ დროში სწორად უნდა განახორციელოს.

სწორედ აქ არის განსხვავება ეკონომიკის შესწავლასა და მისი მართვის პრეტენზიას შორის.

ეკონომიკა ადამიანების მიზანმიმართული მოქმედებებისა და ურთიერთშეთანხმების უწყვეტი პროცესია და არა წინასწარ მოცემული მონაცემების სისტემა, რომლის ოპტიმალური მდგომარეობის გამოთვლა საკმარისია.

მეცნიერებას შეუძლია ამ პროცესის მნიშვნელოვანი კანონზომიერებების ახსნა. მაგრამ მას არ შეუძლია ცალკეული ადამიანების ცოდნისა და თავისუფალი გადაწყვეტილებების სრულფასოვნად ჩანაცვლება.

ამიტომ მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია:

ხომ არ ხდებაწახალისება სულ უფრო დახვეწილ მათემატიკურ ინსტრუმენტებს იმავე ინტერვენციონისტული პოლიტიკის გასაგრძელებლად, რომლის შეზღუდვებიც წინა კრიზისებმა არაერთხელ დაგვანახა?

თუ ყოველი წარუმატებლობის შემდეგ პასუხი კვლავ ახალი მოდელი, ახალი ჩარევა და სახელმწიფო მართვის კიდევ უფრო დახვეწილი მექანიზმია, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ პრობლემის გადაჭრის ნაცვლად თავად პრობლემის გამმეორებელ წრეში დავრჩეთ.

ჰოლის კვლევების მეცნიერული ღირებულების აღიარება შესაძლებელია ისე, რომ არ მივიღოთ მათგან გამოტანილი ყველა პოლიტიკური დასკვნა.

მათემატიკურად აღწერილი ეკონომიკა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მართვად ეკონომიკას.

და ადამიანის ქცევის უკეთ გაგება ჯერ კიდევ არ გვაძლევს მის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღების ცოდნას.

გადამოწმებული პირველწყაროები: ნობელის კომიტეტის 2026 წლის დასაბუთება; ჰოლის ბიოგრაფია Hoover Institution-ში; ჰოლის 2010 წლის ინტერვიუ, სადაც განიხილავს წრფივ გადასახადსა და სახელმწიფო ჩარევას; ჰაიეკის ნობელის ლექცია ცოდნის პრეტენზიაზე.


ისრაელ კირცნერი: სამეწარმეო აღმოჩენა და საბაზრო კონკურენციის პროცესი: ავსტრიული მიდგომა

დიდი ნააზრევის მოკლე შინაარსი №2 მომზადებულია პაატა შეშელიძის მიერ რატომ არის მეწარმეობა აღმოჩენის პროცესი და არა უბრალოდ ბიზნესის მართვა? ა...