Saturday, March 14, 2026

დუმილის კარტელი: ბიზნესის გაჩუმება სისტემის თვითგადარჩენისთვის

                                                                         მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435


პაატა შეშელიძე


პოლიტიკურ პროცესებში ბიზნესის მონაწილეობის აკრძალვა და ამისთვის „ასტრონომიული ჯარიმების“ დაწესება ხშირად საზოგადოებას მიეწოდება როგორც „ნეიტრალიტეტის“ დაცვის მექანიზმი. თუმცა, თუ პროცესს სიღრმისეულად შევხედავთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ყველაძე შემოქმედებითი ადამიენების, მეწარმეების, ინსტიტუციური გაჩუმება – სისტემის თვითგადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო იარაღი.

ამ ტიპის რეგულაციები ქმნის რამდენიმე შრეს, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას ბლოკავს.

1. ოლიგარქიული ფილტრი და კულუარული პრივილეგია

ყველაზე დიდი მითი ის არის, რომ ბიზნესის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვა ყველას თანაბარ პირობებში აყენებს. სინამდვილეში, ასეთი კანონი პირდაპირ ოლიგარქიული, სისტემასთან შერწყმული ბიზნესის ინტერესშია.

ოლიგარქიულ ჯგუფებს, რომლებსაც პირები ისედაც  „ნაშოვით“ აქვს გამოტენილი. საჯარო პოლიტიკური პლატფორმები არ სჭირდებათ – ისინი საკუთარ ინტერესებს ჩინოვნიკების კაბინეტებში, კულუარულად აგვარებენ. 

კანონით დაწესებული „დუმილი“ მათთვის კომფორტის ზონა და „ოქროა“, რადგან ის ანეიტრალებს პოტენციურ პროგრესულ კონკურენტებს. დამოუკიდებელ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს „შავი შესასვლელი“ ხელისუფლებასთან, ერთადერთ გზად საჯარო პროტესტი და ალტერნატიული ხედვის მხარდაჭერა რჩება. სწორედ ამ გზას კეტავს სახელმწიფო რეპრესიული ჯარიმებით. არ არის გამორიცხული, რომ ეს შეზღუდვა სწორედ მათი ინიციატივით მოხდა, რასც პოლიტ-ბიუროკრატია სიხარულით დასთანხმდა.

2. უკუკავშირის მექანიზმის მოშლა

ბიზნესი არის პირველი ინსტანცია, რომელიც საკუთარ თავზე გრძნობს სახელმწიფო რეგულაციების დამანგრეველ ძალას. როდესაც მეწარმეს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება ეკრძალება, საზოგადოება კარგავს კრიტიკულ ინფორმაციას.

თუ პრობლემაზე საუბარი აკრძალულია, სისტემისთვის პრობლემა „არ არსებობს“. ეს არის ეკონომიკური ჩიხის ლეგიტიმაცია: ბიზნესი ხედავს კატასტროფას, მაგრამ იძულებულია დუმდეს, რათა ფინანსურად არ განადგურდეს. შედეგად, ამომრჩეველი იღებს მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდით გაფილტრულ რეალობას.

მაგალითად, ეკონომიკური თავისუფლების ამა თუ იმ გზით გაფართოვების მოთხოვნა და რაციონალურად არგუმენტირება, თუკი ის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხედვას დაემთხვევა, შესაძლოა მყისიერად მონათლონ „ოპოზიციის მხარდაჭერად“ და რეპრესიული აპარატი აამუშაონ. ეს კი ბიზნესს აიძულებს, უარი თქვას საკუთარი უფლებების დაცვაზეც კი, რათა არ მოხვდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნეში.

3. ფინანსური რეპრესია, როგორც ცენზურა

ასტრონომიული ჯარიმები არ არის სამართლებრივი ნორმა – ეს არის ფინანსური ბარიერი თავისუფალი აზრისთვის. ეს არის დუმილის ხელოვნური კარტელი: ვინც ბედავს და მიუთითებს სისტემის მახინჯ ბუნებაზე, მას სახელმწიფო ფინანსური განადგურებით ემუქრება. ეს პირდაპირ ლახავს საკუთრების უფლებას და თავისუფალ ნებას, განკარგო საკუთარი რესურსი იმ იდეების მხარდასაჭერად, რომლებიც ქვეყნისთვის სწორად მიგაჩნია.

ამ მექანიზმით იქმნება თვითცენზურის კულტურა: ბიზნესი იწყებს თავის არიდებას ნებისმიერი კრიტიკული აზრისგან, მაშინაც კი, როდესაც საქმე წმინდა ეკონომიკურ საკითხებს ეხება, რადგან სისტემას ნებისმიერ დროს შეუძლია ამ აზრის „პოლიტიკურად“ ინტერპრეტირება და რეპრესიული აპარატის ამოქმედება.

გარდა ამისა, ეს პირდაპირ ლახავს საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლება არ ნიშნავს მხოლოდ ნივთის ფლობას, ის ნიშნავს უფლებას, თავად გადაწყვიტო, როგორ განკარგავ შენს მიერ გამომუშავებულ რესურსს. როდესაც სახელმწიფო გიკრძალავს ამ რესურსის მიმართვას იმ იდეების მხარდასაჭერად, რომლებიც ქვეყნისთვის სწორად მიგაჩნია, ის ფაქტობრივად გართმევს საკუთრებისა და თავისუფალი ნების ფუნდამენტურ უფლებას. შედეგად, ჯარიმა ხდება არა სასჯელი დარღვევისთვის, არამედ გამოსასყიდი თავისუფლებისთვის.

4. პოლიტიკური ბაზრის მონოპოლიზაცია

ეკონომიკის მსგავსად, კონკურენცია აუცილებელია პოლიტიკაშიც. როდესაც ბიზნესს ეზღუდება რესურსის მიმართვა პოლიტიკური ალტერნატივისკენ, სახელმწიფო ფაქტობრივად ბლოკავს ახალი იდეების „მარკეტინგს“.

ეს აკრძალვა მოქმედებს როგორც ბაზარზე შესვლის ბარიერი. ამ პირობებში ბაზარზე რჩება მხოლოდ ერთი „ბრენდი“ – მმართველი სისტემა. პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მყოფი პრივილეგირებული ჯგუფები კი ახანგრძლივებენ თავიანთ ყოფნას, რადგან ნებისმიერი ალტერნატიული რესურსი კანონგარეშეა გამოცხადებული.

დასკვნა

ბიზნესის გაჩუმება ნიშნავს მოქალაქისთვის არჩევანის უფლების წართმევას. თავისუფალი ეკონომიკა ვერ იარსებებს იქ, სადაც აკრძალულია სიმართლის თქმა იმაზე, თუ როგორ მუშაობს (ან არ მუშაობს) ეს ეკონომიკა. დუმილის ლეგიტიმაცია არის პირდაპირი გზა ეკონომიკური სტაგნაციისა და პოლიტიკური დიქტატურისკენ.

No comments:

Post a Comment

მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...