მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
პაატა შეშელიძე
ე.წ. პალესტინელების ბრძოლის წინა ხაზის ყურებისას, როგორც წესი საერთოდ არ ჩანდეს ის კაბინეტი თუ აკადემიური კათედრა, სადაც ამ წინააღმდეგობას იდეოლოგიური საფუძვლები ჩაიყარა. თუმცა, ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე მძლავრი აფეთქებები სწორედ იქ იგეგმება, სადაც სიტყვები პოლიტიკურ იარაღად იქცევა.
ფაიეზ აბდულ-აზიზ საიეღს (1922–1980) თითი სასხლეტისთვის არ გამოუკრავს, თუმცა მან შექმნა იდეოლოგიური იარაღი, რომელიც ნებისმიერ კალაშნიკოვზე მძლავრი აღმოჩნდა. მისმა კონცეფციამ „სიონისტური მოსახლეთა კოლონიალიზმის“ შესახებ, რომელიც 1965 წელს ჩამოაყალიბა, რადიკალურად შეცვალა თამაშის წესები. საიეღამდე პალესტინის საკითხი განიხილებოდა როგორც რეგიონული კონფლიქტი და ლტოლვილთა ჰუმანიტარული პრობლემა. მის შემდეგ კი – ის კოლონიალიზმის წინააღმდეგ გლობალური წმინდა ომის ნაწილად იქცა.
საიეღი, თავისი შეხედულებებით, დასავლური რადიკალური მემარცხენე აზროვნების ეპიცენტრში იდგა: მისი ხედვები დიდწილად ეხმიანება ფრანკფურტის სკოლის (ჰორკჰაიმერი, ადორნო, მარკუზე) კრიტიკულ თეორიას, რომელმაც ჩაგვრისა და ჰეგემონიის დეკონსტრუქციის მეთოდები პოლიტიკურ ბრძოლის ველზე გამოიყენა. ამასთანავე, მის რიტორიკაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრანგულმა ეგზისტენციალისტურმა მარქსიზმმა (ჟან-პოლ სარტრი) და ფრანც ფანონის რადიკალურმა ანტიკოლონიალიზმმა. ფანონის იდეამ „მჩაგვრელის“ წინააღმდეგ ძალადობის „განმწმენდ“ ძალაზე, სარტრის მიერ კოლონიალიზმის „აბსოლუტურ ბოროტებად“ გამოცხადებამ და, რაც მთავარია, უფრო ახლობელმა არაბულმა ნაციონალიზმმა, ნასერიზმმა, საიეღს მისცა ინტელექტუალური ლეგიტიმაცია, ისრაელი წარმოეჩინა არა როგორც ეროვნული სახელმწიფო, არამედ როგორც „ბოროტი კოლონიური სტრუქტურა“.
ეს ტიპური მემარცხენე-რადიკალური მიდგომა დღეს პირდაპირ აისახება თანამედროვე „ვოუქ“ (woke) კულტურასა და ფსევდო-ლიბერალურ დისკურსში, სადაც სამყარო დაყოფილია მხოლოდ „მჩაგვრელებად“ და „ჩაგრულებად“. საიეღმა პირველმა შექმნა ის იდეოლოგიური შაბლონი, რომლითაც დღეს დასავლური აკადემიური წრეები ნებისმიერ რთულ კონფლიქტს პრიმიტიულ, „მორალისტურ“ სქემამდე ამარტივებენ.
რატომ ეხმიანება საიეღის ისტორია დღევანდელ საქართველოს? ერთი შეხედვით, შორეული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოსაგან შორს არის, მაგრამ საიეღის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია – რეალობის პოლიტიკური მითებით ჩანაცვლება, საზოგადოების ბინარული დაყოფა და პარტნიორების „კოლონიზატორებად“ მონათვლა – სწორედ ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე ვხედავთ. საიეღის მაგალითი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერი საკუთარივე რიტორიკის მახეში აღმოჩნდეს, სადაც „მორალური გამარჯვება“ რეალური სახელმწიფოებრივი მომავლის დათმობის ფასად მიიღწევა. ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა ემართება ქვეყანას, როდესაც რთული გეოპოლიტიკა მარტივი, მომაკვდინებელი იდეოლოგიური ლოზუნგებით ნაცვლდება.
ჩიხის ინტელექტუალური არქიტექტორი
საიეღმა, ამერიკული განათლების მქონე ინტელექტუალმა (ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მიიღო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში (AUB), ხოლო 1949 წელს ფილოსოფიის დოქტორის (Ph.D.) ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში), მთავარი რამ გააცნობიერა: თანამედროვე სამყაროში გამარჯვებისთვის საჭიროა იმ ენაზე საუბარი, რომელიც გასაგებია დასავლური მემარცხენე ელიტებისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის. მან ერთ მიწაზე პრეტენზიის მქონე ორი ხალხის რთული ისტორია მარტივი ბინარული სქემით ჩაანაცვლა: „მკვიდრი ხალხი უცხოელი კოლონიზატორის წინააღმდეგ“.
საიეღი არ ყოფილა რიგითი პროპაგანდისტი; ის იყო უმაღლესი რანგის დიპლომატი და აკადემიკოსი, რომლის მასშტაბიც მის გავლენას განსაზღვრავდა. იგი ასწავლიდა ისეთ პრესტიჟულ სასწავლებლებში, როგორიცაა იელი, სტენფორდი, ოქსფორდი და ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი. მისი დიპლომატიური კარიერა მოიცავდა მაღალ პოზიციებს ლიბანის საელჩოში ვაშინგტონში, იემენის დელეგაციასა და არაბული ქვეყნების ლიგის მუდმივი დამკვირვებლის სტატუსს გაეროში. 1967 წლიდან გარდაცვალებამდე ის ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი კონსულტანტი და მათი გაეროს დელეგაციის საკვანძო წევრი იყო. 1965 წელს მან ბეირუთში დააარსა „პალესტინის კვლევითი ცენტრი“ (Palestine Research Center) და გახდა მისი პირველი გენერალური დირექტორი, რითაც წინააღმდეგობის მოძრაობას აკადემიური სიმყარე შესძინა.
მისი ყველაზე გავლენიანი ნაშრომი, ბროშურა „სიონისტური კოლონიალიზმი პალესტინაში“ (1965), იქცა იდეოლოგიურ ბიბლიად, რომელმაც ისრაელი არა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ერად, არამედ ევროპული იმპერიალიზმის ბოლო ნარჩენად წარმოაჩინა. საიეღი იყო პირველი, ვინც პალესტინის საკითხი აზიისა და აფრიკის დეკოლონიზაციის კონტექსტში ჩასვა. მან შეძლო პალესტინელების ტრანსფორმაცია ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე ლტოლვილებიდან „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად“. სწორედ მისი წყალობით, 1974 წელს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ (პგო) გაეროში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო, ხოლო 1975 წელს გაერომ მიიღო სამარცხვინო რეზოლუცია №3379, რომელმაც სიონიზმი რასიზმის ფორმად გამოაცხადა.
საიეღის სტრატეგიული და იდეოლოგიური თანამშრომლობა საბჭოთა კავშირთან
საიეღის „წარმატება“ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოუდგენელი იქნებოდა საბჭოთა კავშირის მძლავრი მხარდაჭერის გარეშე. 1960-70-იან წლებში მოსკოვი აქტიურად ეძებდა გზებს დასავლეთის გავლენის შესასუსტებლად „მესამე სამყაროში“. საიეღის მიერ შექმნილი ნარატივი – ისრაელი, როგორც დასავლური იმპერიალიზმის ფორპოსტი – იდეალურად ჯდებოდა საბჭოთა პროპაგანდისტულ მანქანაში.
მიუხედავად იმისა, რომ თავად საიეღი დასავლური განათლების მქონე ქრისტიანი იყო, მან გააცნობიერა, რომ მისი იდეების ყველაზე დიდი „გამტარი“ მსოფლიოში სწორედ საბჭოთა ბლოკი და მის მიერ კონტროლირებადი „მიუერთებლობის მოძრაობა“ იყო. მოსკოვი წლების განმავლობაში ტირაჟირებდა მის ნაშრომებს, რადგან ეს საშუალებას აძლევდა საბჭოთა კავშირს, წარმოჩენილიყო „ჩაგრული ხალხების“ დამცველად დასავლური „აგენტურის“ წინააღმდეგ. ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი კონფლიქტი იქცეს გლობალური იმპერიული ინტერესების იარაღად, სადაც „ანტიკოლონიური“ რიტორიკა სინამდვილეში ერთი იმპერიის მიერ მეორის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.
ამ სქემამ პალესტინელებს კოლოსალური საერთაშორისო მხარდაჭერა მოუტანა, თუმცა მათ წაართვა მთავარი — კომპრომისისა და რეალური მშვიდობის შანსი. თუ ისრაელი მეზობელი კი არა, რომელთანაც ტერიტორია უნდა გაიყო, არამედ „კოლონიური პროექტია“, მაშინ მასთან გასაყოფი არაფერია. სწორედ საიეღმა ჩაუყარა საფუძველი ლოზუნგს „მდინარიდან ზღვამდე“, რომელიც დღეს პალესტინის ხელმძღვანელობას პატიოსან კომპრომისზე წასვლის ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევს.
პარალელები თანამედროვე საქართველოსთან: „სუვერენიტეტის დაცვის“ მახე
საქართველოში არსებული დღევანდელი ვითარება შემაშფოთებლად მოგვაგონებს ცნებების ჩანაცვლების ამ მექანიზმს. თუ საიეღი ანტიკოლონიურ დისკურსს ისრაელის დელეგიტიმაციისთვის იყენებდა, დღევანდელი პოლიტტექნოლოგები საქართველოში მსგავს რიტორიკას – „სუვერენიტეტის დაცვასა“ და „ანტიკოლონიალიზმს“ – ქვეყნის თვითიზოლაციისთვის იყენებენ.
ბინარულობა და „კოლონიზატორის“ ძიება: როგორც საიეღის თეორიაში, საქართველოშიც დღეს აქტიურად ინერგება სამყაროს შავ-თეთრი სურათი. ოღონდ „კოლონიური ძალის“ როლს, ხელისუფლების ვერსიით, რუსეთი კი არა, აბსტრაქტული „დასავლეთი“ ან „გლობალური ომის პარტია“ ასრულებს. პარტნიორების (ევროკავშირისა და აშშ-ის) წარმოჩენა გარე გავლენის აგენტებად, რომლებიც „უცხო ღირებულებების“ თავს მოხვევას ლამობენ – ეს საიეღის კლასიკური ხერხია: პოლიტიკური თანამშრომლობის გარდაქმნა „კულტურული და პოლიტიკური დამონების“ წინააღმდეგ ბრძოლად.
ენობრივი მახე: ისევე როგორც საიეღმა „ლტოლვილების“ ენა „ეროვნული თვითგამორკვევის“ ენით ჩაანაცვლა, საქართველოშიც ხდება „ევროინტეგრაციის“ ენის ჩანაცვლება „ღირსებისა და სუვერენიტეტის“ ენით. ეს ქმნის მახეს: ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკოსი ავტომატურად ცხადდება „უცხოური გავლენის აგენტად“ ან „უთვისტომო კოსმოპოლიტად“, რაც შიდა დიალოგს შეუძლებელს ხდის.
საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენება იზოლაციონიზმისთვის: საიეღმა დიდოსტატურად გამოიყენა გაერო თავისი ხისტი დღის წესრიგის გასატანად. საქართველოშიც ვხედავთ, როგორ ხდება რიტორიკა საერთაშორისო შეხვედრებზე სულ უფრო კონფრონტაციული. უსაფრთხოების პრაგმატული ძიების ნაცვლად, აქცენტი გადატანილია „მორალურ სიმართლესა“ და „განსაკუთრებულ გზაზე“, რაც ფაქტობრივად ავიწროებს დიპლომატიურ სივრცეს.
პუტინის რუსეთის ნარატივების გაქართულება
საიეღთან იდეოლოგიური მსგავსების გარდა, საქართველოში მიმდინარე პროცესებში მკაფიოდ ჩანს რუსული კვალი. აქ საქმე გვაქვს არა უბრალოდ „იდეურ დამთხვევასთან“, არამედ პუტინის რუსეთის მიერ გამოცდილი პოლიტიკური ტექოლოგიების პირდაპირ კოპირებასა და ხშირად, სიახლეების ტესტირებასთან, რაც, თავის მხრივ, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან ჰგავს საიეღისეული ბინარული მოდელის თანამედროვე ადაპტაციას.
საიეღისეული მიდგომების პუტინისეულ ჰიბრიდულ მიდგომებთან შერწყმის მაგალითებია:
„აგენტების“ კანონი და დისკურსი: ის, რაც საიეღისთვის „კოლონიური აგენტურა“ იყო, პუტინის რუსეთში "ინოაგენტების" (иноагенты) კანონად იქცა. საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით გადმოიღო არა მხოლოდ კანონის სულისკვეთება, არამედ მისი თანმდევი კლიშეებიც. ნარატივი, რომ არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარია“ და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რუსული წარმოებისაა და საიეღისეული „ანტიკოლონიალიზმის“ მოდერნიზებული ვერსიაა.
„გლობალური ომის პარტია“ vs „კოლექტიური დასავლეთი“: კრემლის მიერ შექმნილი „კოლექტიური დასავლეთის“ (Коллективный Запад) ცნება, რომელიც რუსეთს ეგზისტენციალურად ებრძვის, საქართველოში „გლობალური ომის პარტიად“ ტრანსფორმირდა. მესიჯბოქსი იდენტურია: არსებობს ბოროტი, უხილავი ძალა, რომელიც პატარა ქვეყანას ომში ჩათრევას აიძულებს. საიეღისეულ მოდელში ეს იყო „საერთაშორისო სიონიზმი“, რომელიც „მკვიდრ მოსახლეობას“ მშვიდობას არ აძლევს.
ფსევდო-კონსერვატიული მობილიზაცია: პუტინის „მრავალპოლარული სამყაროს“ იდეა, სადაც რუსეთი „ტრადიციული ფასეულობების“ ბასტიონია, ქართულ პოლიტიკაში „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ ეგიდით შემოვიდა. ეს კლიშეები გამოიყენება საზოგადოების პოლარიზაციისთვის და ნებისმიერი დასავლური მისწრაფების „ლიბერალურ ფაშიზმად“ მოსანათლად. ეს იმეორებს საიეღის ხერხს — პოლიტიკური საკითხის გადატანას „კულტურული გადარჩენის“ ველზე.
„ეროვნული ღირსების“ ენა პრაგმატიზმის წინააღმდეგ: საიეღმა პალესტინელები დაარწმუნა, რომ ნებისმიერი პრაგმატული დათმობა „ეროვნული ღირსების“ შელახვა იყო. ზუსტად ამავე მესიჯბოქსს ვხედავთ რუსეთსა და საქართველოში: პარტნიორებთან დიალოგი და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ფასდება როგორც „მონობა“, ხოლო იზოლაცია — როგორც „ღირსეული სუვერენიტეტი“.
„მეხუთე კოლონის“ ძიება: პუტინის რეჟიმის მსგავსად, საქართველოშიც ხდება ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია „მეხუთე კოლონის“ იარლიყით. ეს საიეღისეული „კოლონიზატორის ხელქვეითების“ თანამედროვე ანალოგია: თუ არ ეთანხმები მმართველ ნარატივს, შენ აღარ ხარ ერის ნაწილი, შენ მტრის მხარეს ხარ.
ამრიგად, საიეღისეული „ანტიკოლონიალიზმი“ დღეს საქართველოში რუსული ავტორიტარიზმის ენით საუბრობს. ეს არის მექანიზმი, სადაც რუსეთი გვევლინება „სუვერენიტეტის გარანტად“ იმ დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც რეალურად ერთადერთი უსაფრთხოების ფარია და იკარგება.
„მორალური სიცხადის“ ფასი
საიეღის მთავარი გაკვეთილი საქართველოსა და სამყაროსთვის არის ის, რომ თეორიული მორალური სიცხადე პრაქტიკაში ხშირად პოლიტიკურ კატასტროფად იქცევა.
როდესაც პოლიტიკური დისკურსი უკიდურესად ხისტი ხდება, როდესაც კომპრომისი დამარცხებასთან იგივდება, ქვეყანა ჩიხში ექცევა. პალესტინელები უკვე ათწლეულებია ვერ გამოდიან საიეღის მიერ დადგენილი კოორდინატთა სისტემიდან. საქართველო დღეს მსგავსი ინტელექტუალური საპყრობილის ზღურბლზე დგას.
თუ 1990-იან წლებში პალესტინის ხელმძღვანელობა ინგლისურ ენაზე მშვიდობაზე საუბრობდა, ხოლო არაბულზე — წინააღმდეგობაზე, დღევანდელი პარალელები საქართველოში სარკისებურად გამოიყურება: სიტყვით დეკლარირებულია ევროპული გზა, საქმით კი შენდება სისტემა, რომელიც ამ ევროპას სრულად ეწინააღმდეგება. ეს „ორენოვნება“ ადრე თუ გვიან რეალობის მსხვრევამდე მიდის.
დასკვნა
ფაიეზ საიეღმა შექმნა დიდი ნარატივი, მაგრამ ამ ნარატივმა მისი ხალხის მომავალი შთანთქა. დღეს საქართველოში ვხედავთ „კავკასიური ყაიდის სუვერენული დემოკრატიის“ ახალი ნარატივის შექმნის მცდელობას. აქ ვლინდება მთავარი პარადოქსი: ისინი, ვინც „ტრადიციულ ღირებულებებზე“ და „კონსერვატიზმზე“ აპელირებს, სინამდვილეში სწორედ რადიკალ-მემარცხენე, პოსტკოლონიურ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს იყენებენ.
ეს არის ირონიული და საშიში მოცემულობა — „კონსერვატიული“ შინაარსი იფუთება იმავე დისკურსული იარაღით, რომლითაც საიეღი და დასავლელი ნეომარქსისტები ებრძოდნენ დასავლურ ინსტიტუტებს. საქართველოში დღევანდელი „ანტილიბერალური“ რიტორიკა რეალურად დასავლური მემარცხენე აკადემიის პროდუქტია, სადაც დასავლეთი წარმოჩენილია როგორც მოძალადე ჰეგემონი, ხოლო მისგან იზოლაცია – როგორც „გათავისუფლება“.
ამ რადიკალური ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციების დასაცავად, ქვეყანას იმავე მახეში აბამს, რაშიც პალესტინელები აღმოჩნდნენ – როდესაც იდეოლოგია პრაგმატიზმზე მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო მეზობლები და პარტნიორები „ეგზისტენციალურ მტრებად“ და „კოლონიზატორებად“ იქცევიან, ხალხი არა მხოლოდ პოლიტიკურ იზოლაციაში, არამედ ინტელექტუალურ სტაგნაციაშიც ექცევა. მარტივი, ბინარული პასუხები აჩლუნგებს საზოგადოებრივ კრიტიკულ აზროვნებას და გვიკეტავს გზას რეალური განვითარებისკენ.
„საიეღის წრიდან“ თავის დაღწევა მხოლოდ სამყაროს სირთულის აღიარებით და იმ მოსახერხებელ, მაგრამ მომაკვდინებელ ბინარულ სქემებზე უარის თქმითაა შესაძლებელი, რომლებიც ჩვენს გარშემო შენდება.
