მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
პაატა შეშელიძე
აბსტრაქტი
ეს ნაშრომი ამტკიცებს, რომ აგრესიული რეჟიმების გრძელვადიანი ნეიტრალიზაციის ყველაზე ეფექტიანი ისტორიული მოდელი იყო არა მხოლოდ შეკავება, შეზღუდული ომი ან სანქციებზე დაფუძნებული ზეწოლა, არამედ სრული სამხედრო დამარცხება, უპირობო კაპიტულაცია, დემილიტარიზაცია, სამართლებრივი დელეგიტიმაცია და შემდგომი ინსტიტუციური რეკონსტრუქცია. ამ თვალსაზრისით, ნაცისტური გერმანიისა და იმპერიული იაპონიის დამარცხება 1945 წელს წარმოადგენს ტრანსფორმაციული გამარჯვების კლასიკურ ნიმუშს. ამის საპირისპიროდ, იმ შემთხვევებში, როდესაც აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა მოკავშირეობრივმა სისტემამ აირჩია თავშეკავება, შეზღუდული შეკავება ან არასრული რეაგირება, აგრესიის წყარო ხშირად გადარჩა, ადაპტირდა და მოგვიანებით ახალი ფორმით დაბრუნდა. ნაშრომი ამ განსხვავებას ადარებს გერმანიისა და იაპონიის ტრანსფორმაციას, ადრეული ცივი ომის შეკავების სტრატეგიას, ჩინეთის 1949 წლის შედეგს, ბერლინის ბლოკადას, კორეის ომს, 1950–1960-იანი წლების კრიზისებს, პოსტსაბჭოთა რუსეთის რევიზიონიზმს და 2026 წლის 22 მარტის მდგომარეობით მიმდინარე ირანის ომს. ნაშრომის დასკვნაა, რომ მდგრადი უსაფრთხოება იშვიათად მიიღწევა მხოლოდ შეტევის მოგერიებით; იგი უფრო მყარად იქმნება მაშინ, როდესაც სამხედრო წარმატება გადაიზრდება აგრესიის მატარებელი სისტემის ინსტიტუციურ დაშლაში. 2026 წლის ირანის კონფლიქტი სწორედ ამ ძველ გაკვეთილს აყენებს ხელახლა დღის წესრიგში: თუ დაზიანდება მხოლოდ ინფრასტრუქტურა, მაგრამ შენარჩუნდება რეჟიმის ექსპედიციური არქიტექტურა და პროქსი ქსელები, კონფლიქტი, სავარაუდოდ, გადაიდება და არა დასრულდება. (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-a, n.d.-b, n.d.-c; Reuters, 2026a; AP News, 2026a).
საკვანძო სიტყვები: ტრანსფორმაციული გამარჯვება; თავშეკავება; შეკავება; უპირობო კაპიტულაცია; დემილიტარიზაცია; შეზღუდული ომი; ირანი; პროქსი ომი; მოკავშირეობრივი სისტემა
შესავალი
საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალური პრობლემა არ არის მხოლოდ ის, თუ როგორ ჩერდება შეტევა, არამედ ისიც, თუ როგორ კარგავს აგრესიული პოლიტიკური ერთეული მომავალში ძალის გამოყენების შესაძლებლობასა და მოტივაციას. სწორედ აქ იკვეთება განსხვავება ორ მოდელს შორის: პირველია შეტევის შეჩერება, მეორე — აგრესიის წყაროს ტრანსფორმაცია. 1943 წლის კასაბლანკის კონფერენციაზე ფრანკლინ რუზველტმა და უინსტონ ჩერჩილმა უპირობო კაპიტულაციის პრინციპის მხარდაჭერით წინასწარ გამორიცხეს კომპრომისული მშვიდობა ნაცისტურ გერმანიასთან; 1945 წლის შემდეგ კი გერმანიასა და იაპონიაში სამხედრო გამარჯვება გადაიქცა ახალი პოლიტიკური წესრიგის შექმნის საფუძვლად. ამით ჩამოყალიბდა ისტორიული ეტალონი: სტაბილური მშვიდობა იქმნება მაშინ, როდესაც სამხედრო დამარცხებას მოჰყვება რეჟიმის დემილიტარიზაცია, იურიდიული დელეგიტიმაცია და ინსტიტუციური გარდაქმნა (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-a, n.d.-b, n.d.-c).
ამ ნაშრომის მთავარი თეზაა, რომ 1945 წლის შემდეგ აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა მოკავშირეობრივმა სისტემამ სულ უფრო ხშირად აირჩია შეკავება ტრანსფორმაციის გარეშე. ეს არჩევანი ზოგჯერ სრულიად რაციონალური იყო — განსაკუთრებით ბირთვული ესკალაციის საფრთხის პირობებში — მაგრამ ისტორიული შედეგი ხშირად ერთი იყო: აგრესიის წყარო სრულად არ ქრებოდა. აღმოსავლეთი ევროპა, ჩინეთი, კორეა, უნგრეთი, ბერლინი, კუბა, ჩეხოსლოვაკია, პოსტსაბჭოთა რუსეთი და ირანის მიერ შექმნილი პროქსი არქიტექტურა იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ კრიზისის მართვა ან მხოლოდ სანქციური ზეწოლა არ უდრის აგრესიული სისტემის გაუქმებას (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-d; Council of the European Union, 2026; Reuters, 2026a).
თეორიული ჩარჩო: თავშეკავება, შეკავება და ტრანსფორმაციული გამარჯვება
ამ ნაშრომში თავშეკავება ნიშნავს ძალის გამოყენების შეგნებულ შეზღუდვას ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. შეკავება არის ისეთი ფასის შექმნა, რომლის გამოც მოწინააღმდეგე თავს იკავებს აგრესიისგან. შეზღუდული ომი აღნიშნავს სამხედრო ძალის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნისთვის მოწინააღმდეგის სრული განადგურების გარეშე. ტრანსფორმაციული გამარჯვება კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც სამხედრო გამარჯვებას თან სდევს აგრესიული რეჟიმის სამხედრო, იდეოლოგიური და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის სისტემური დაშლა. ნაშრომის ძირითადი არგუმენტია, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოება ყველაზე საიმედოდ სწორედ ამ მეოთხე ფორმასთანაა დაკავშირებული. გერმანია და იაპონია ამ მოდელის საუკეთესო მაგალითებია; ცივი ომის დიდი ნაწილი კი გვაჩვენებს, რას ნიშნავს შეკავება ტრანსფორმაციის გარეშე (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-a, n.d.-b, n.d.-c, n.d.-d).
1. 1945 წლის ტრანსფორმაციული გამარჯვების მოდელი
კასაბლანკა და უპირობო კაპიტულაცია
1943 წლის კასაბლანკის კონფერენციის მნიშვნელობა იმაში იყო, რომ ომის მიზანი განისაზღვრა არა როგორც დროებითი შეთანხმება, არამედ როგორც მოწინააღმდეგე რეჟიმის უპირობო დამარცხება. ამ პრინციპმა მნიშვნელოვნად შეამცირა ის პოლიტიკური სივრცე, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ნაცისტურ გერმანიასთან ნაწილობრივი გარიგება. სხვა სიტყვებით, გამარჯვება თავიდანვე განისაზღვრა როგორც რეჟიმული წყვეტა და არა მხოლოდ სამხედრო უპირატესობა. ამ ნაბიჯს შემდგომში დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ მან შეუქმნა ნიადაგი ოკუპაციის, დენაციფიკაციისა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობისთვის (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-a).
გერმანია: კაპიტულაციიდან დენაციფიკაციამდე
გერმანიის 1945 წლის 8 მაისის კაპიტულაციას მოჰყვა მოკავშირეთა მიერ უმაღლესი ხელისუფლების აღება, საოკუპაციო ზონებად დაყოფა, სამხედრო აპარატის დაშლა, ნაცისტური ორგანიზაციების აკრძალვა და დენაციფიკაციის პროცესის დაწყება. ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა 1945–1946 წლებში აგრესიული ომის დაგეგმვა და წარმოება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად აქცია. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი: გამარჯვება გადაიქცა არა უბრალოდ დროებით სამხედრო დომინაციად, არამედ ნორმატიულ და ინსტიტუციურ წესრიგად. დასავლეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩამოყალიბება 1949 წელს სწორედ ამ რეჟიმული გაწყვეტის შედეგი იყო და არა ნაცისტური სახელმწიფოს შემცირებული გაგრძელება (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-b).
იაპონია: დემილიტარიზაცია და კონსტიტუციური გადაკეთება
იაპონიის შემთხვევაშიც გამარჯვება არ შემოიფარგლა კაპიტულაციით. 1945 წლის აგვისტოს მოვლენებს — პოტსდამის დეკლარაციას, ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომურ დარტყმებს, საბჭოთა კავშირის ომში ჩართვას, ჰიროჰიტოს დანებების განცხადებას და 2 სექტემბრის ოფიციალურ აქტს — მოჰყვა მაკარტურის ხელმძღვანელობით ოკუპაცია, დემილიტარიზაცია, მიწის რეფორმა, პოლიტიკური რეორგანიზაცია და 1947 წლის ახალი კონსტიტუციის ამოქმედება. ამგვარად, მოკავშირეებმა სამხედრო გამარჯვება აქციეს იაპონიის პოლიტიკური იდენტობის სისტემურ ცვლილებად. სწორედ ამიტომ გერმანია და იაპონია ამ ნაშრომში გვევლინება არა როგორც უბრალოდ წარმატებული სამხედრო კამპანიები, არამედ როგორც აგრესიული რეჟიმის ნეიტრალიზაციის სრული ფორმულა (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-c).
2. ატომური მონოპოლიის მითი: რაოდენობრივი უპირატესობა და სტრატეგიული შეზღუდვა, 1945–1949
1945–1949 წლების პერიოდი აშშ-ის ატომური მონოპოლია ქმნიდა საბჭოთა კავშირის საპირისპიროდ გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობას. ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთადერთი ბირთვული ძალა 1945 წლის აგვისტოდან 1949 წლის აგვისტომდე, როდესაც საბჭოთა კავშირმა პირველი ბირთვული ტესტი ჩაატარა. მაგრამ მონოპოლია არ ნიშნავდა დიდ მარაგს, სწრაფ დამზადებას, შეუფერხებელ მიწოდებას ან გამოყნების შესახებ პოლიტიკურად მარტივ გადაწყვეტილებას. ადრეული ბირთვული უპირატესობა იყო რაოდენობრივად მცირე, ტექნიკურად შეზღუდული და პოლიტიკურად მძიმედ გამოსაყენებელი ინსტრუმენტი (Norris, 2000, 2010).
ისტორიულ წყაროებში 1945 წლისთვის ფიქსირდება ორი ბომბი, 1946 წლისთვის — 9, 1947 წლისთვის — 13, 1948 წლისთვის — დაახლოებით 50–56, ხოლო 1949 წლისთვის — დაახლოებით 169–170 ერთეული. მაგრამ ამ ციფრებს თავისთავად არ უნდა მივაწეროთ იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მათ რეალურად ჰქონდათ. 1947 წლის ბირთვული მარაგი ჯერ კიდევ ძირითადად კომპონენტურ დონეზე არსებობდა; მას სჭირდებოდა აწყობა, სპეციალიზებული პერსონალი და სპეციალური ტრანსპორტირების ჯაჭვი. ამასთან, ოპერატიული მიწოდება დიდწილად დამოკიდებული იყო სპეციალურად მოდიფიცირებულ Silverplate B-29 თვითმფრინავებზე, რომელთა საერთო რაოდენობა 65 ერთეული იყო, მაგრამ 1948 წლის დასაწყისისთვის მწყობრში დაახლოებით 32 იმყოფებოდა. შესაბამისად, ნომინალური და რეალურად დაუყოვნებლივ გამოსაყენებელი დარტყმითი შესაძლებლობა ერთი და იგივე არ ყოფილა (Norris, 2000, 2010; “Silverplate,” n.d.).
ცხრილი 1
ბირთვული ბალანსის რაოდენობრივი და პოლიტიკური შეზღუდვები, 1945–1949
| წელი | აშშ-ის ბირთვული მარაგი | ძირითადი გადამტანი პლატფორმები | საბჭოთა საპასუხო გარემო | სტრატეგიული რეალობა |
|---|---|---|---|---|
| 1945 | 2 | მკაცრად შეზღუდული B-29 შესაძლებლობა | აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაციური კონსოლიდაცია | აშშ-ში იწყება დემობილიზაცია |
| 1946 | 9 | 509-ე ჯგუფის ატომურ-მისიური B-29-ები | ბირთვული და პოლიტიკური შპიონაჟის ეფექტი | ვაშინგტონში ძლიერი საომარი დაღლილობა |
| 1947 | 13 | კვლავ შეზღუდული Silverplate ინფრასტრუქტურა | „სატელიტური“ რეჟიმების გამაგრება | იწყება შეკავების არქიტექტურა |
| 1948 | ≈50–56 | დაახლოებით 32 ოპერატიული Silverplate B-29 | ბერლინის ბლოკადა | აშშ ირჩევს საჰაერო ხიდს |
| 1949 | ≈169–170 | წარმოების ზრდა და ფართო მოდერნიზაციის დაგეგმვა | პირველი საბჭოთა ბირთვული ტესტი | მონოპოლია სრულდება |
(შედგენილია Norris-ის მონაცემებისა და Silverplate პროგრამის ისტორიის მიხედვით; Norris, 2000, 2010; “Silverplate,” n.d.)
ამ ცხრილიდან ჩანს, რომ 1948 წლისთვის ნომინალური ბირთვული უპირატესობა უკვე სერიოზულად იყო გაზრდილი, მაგრამ გადამწყვეტი პოლიტიკური ფანჯარა სწორედ იმ დროს იხურებოდა. ბერლინის ბლოკადამ აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირი მზად იყო ძალის გამოყნებისა და მძიმე გეოპოლიტიკური რისკისთვის საკუთარი ინტერესების დასაცავად; ამერიკულმა მხარემ კი აირჩია პირდაპირო კონფრონტაციისგან თავის არიდებ და შემოიფარგლა ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო ხიდის გადებით, რომელიც ტექნიკურად შთამბეჭდავი იყო, მაგრამ აგრესორისადმი წინააღმდგეობის არასათანადო სახე ჰქონდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ისტორიული მიმოხილვა პირდაპირ აღნიშნავს, რომ დასავლურ მხარეს ბერლინში „შეზღუდული შესაძლებბები“ ჰქონდა, რადგან ომისშემდგომმა საბრძოლო ძალების შემცირებამ დასავლეთის სამხედრო პოზიცია მნიშვნელოვნად დაასუსტა საბჭოთა წითელ არმიასთან შედარებით (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-e).
საშინაო პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო ზღუდავდა გადამწყვეტ მოქმედებას. ამერიკული საზოგადოება ომით იყო დაღლილი, საბჭოთა კავშირი კი ფართო საზოგადოებრივ წარმოსახვაში ჯერ კიდევ ყოფილი მოკავშირე იყო, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ამასთან, მძლავრი იყო სენტიმენტები საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ. ამიტომ ატომური მონოპოლიის არგამოყენება საბჭოთა ექსპანსიის უკან დასახევად უფრო ზუსტად უნდა წავიკითხოთ როგორც დემობილიზაციის, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი დაღლილობის, ოპერატიული შეზღუდვებისა და ესკალაციის შიშის კომბინაცია, ვიდრე როგორც წმინდა ჰუმანიტარული არჩევანი (Norris, 2010; U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-d, n.d.-e).
ამავე დროს, საბჭოთა შპიონაჟი პირდაპირი რეალური ფაქტორი იყო, მაგრამ მისი გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს. Venona-ს დოკუმენტებისა და შემდგომი სამთავრობო კვლევების მიხედვით, რამდენიმე ასეული დასახელებული ან კოდური სახელით მოხსენიებული პირი აშშ-ში KGB-სა და GRU-ს მიერ აქტივად ან კონტაქტად იყო მიჩნეული. ეს ნიშნავს, რომ საბჭოთა ინფილტრაცია სტრუქტურულად მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ისტორიოგრაფიულად უფრო დაცული ფორმულირებაა იმის თქმა, რომ Venona ამტკიცებს სერიოზულ ინფილტრაციას და არა იმას, რომ ადრეული ცივი ომის თითოეული ამერიკული პოლიტიკური არჩევანი პირდაპირ აგენტურულ საბოტაჟზე დაიყვანება (Haynes & Klehr, 1999; NSA, n.d.).
3. შეკავება ტრანსფორმაციის გარეშე: აღმოსავლეთი ევროპა, ბერლინი და ჩინეთი
1945–1948 წლებში სტალინმა ეტაპობრივად გაამყარა კონტროლი პოლონეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, უნგრეთსა და საბოლოოდ ჩეხოსლოვაკიაზეც – 1948 წლის თებერვლის ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა გადატრიალებამ ეს კონსოლიდაცია პრაქტიკულად დაასრულა.
ამავე დროს, ბერლინის ბლოკადის დროს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ აირჩიეს არა ძალისმიერი პასუხი. მოკავშირეობრივმა სისტემამ გადაარჩინა პოზიცია - შენარჩუნეს გავლენა დასავლეთ ბერლინზე, მაგრამ ვერ ან არ სცადა აგრესიის წყაროს ინსტიტუციური დემონტაჟი (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-e).
ჩინეთის სამოქალაქო ომის შემთხვევაში სტრატეგიული პრობლემა კიდევ უფრო მკაფიო იყო. ჯორჯ მარშალის შუამავლობა 1945–1947 წლებში ემყარებოდა იმ წარმოდგენას, რომ კან ჩაი შის ნაციონალისტებსა და მაო ძედუნის ძალებს შორის პოლიტიკური კომპრომისი შესაძლებელი იყო. მაგრამ 1949 წლის 1 ოქტომბერს საბჭოელთა წახალისებით მაომ გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა. აქ აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა სისტემამ არ აირჩია 1945 წლის ტიპის გადამწყვეტი ძალოვანი მოდელი; მან ამჯობინა შეთანხმების ძიება. შედეგი აღმოჩნდა აზიაში ძალთა ბალანსის ფუნდამენტური ცვლილება და კომუნისტური სახელმწიფოს კონსოლიდაცია იმ მასშტაბით, რომელსაც უდიდესი გავკლენა იქონია შემდგომი ათწლეულების მსოფლიო პოლიტიკაზე და შეიწირა ათობით მილონი ადამიანი (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-d).
4. ჩუმი აგრესია და სუვერენიტეტის ეროზია: ვალტერ ლინზეს საქმე
ცივი ომის თავშეკავების ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა დაბალი ინტენსივობის აგრესიის შემთხვევები, სადაც დასავლური პასუხი ხშირად პროტესტით შემოიფარგლებოდა. 1952 წლის ივლისში ვალტერ ლინზე, დასავლეთ ბერლინში მოქმედი ანტიკომუნისტი იურისტი, გაიტაცეს საბჭოთა ბლოკთან დაკავშირებულმა ძალებმა. FRUS-ის დოკუმენტები ადასტურებს, რომ აშშ-ის მთავრობა ხაზს უსვამდა არა მხოლოდ საქმის „ჰუმანურ ასპექტს“, არამედ იმ გარემოებასაც, რომ გატაცება ამერიკულ სექტორში მოხდა. შემდგომი დოკუმენტები აჩვენებს, რომ ამ შემთხვევამ მოკავშირეები აიძულა დასავლეთ ბერლინის მოსახლეობის დაცვის მიზნით დამატებითი უსაფრთხოების ზომები გაეძლიერებინათ. ეს თავად მიუთითებს, რომ საქმე აღიქმებოდა არა როგორც იზოლირებული ეპიზოდი, არამედ როგორც სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სისტემური გამოწვევა (U.S. Department of State, Office of the Historian, 1952a, 1952b).
ლინზეს საქმე ამ ნაშრომისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვიჩვენებს, როგორ მუშაობს აგრესორის ფსიქოლოგია მაშინ, როცა მეორე მხარე ძირითადად განცხადებებით პასუხობს. ასეთი ქმედებები, თუნდაც მცირე მასშტაბით, ამოწმებს დაცვის ნებას და ინსტიტუციურ გამძლეობას. თუ პასუხი მხოლოდ პროტესტია, აგრესორი იღებს სიგნალს, რომ ზეწოლის დაბალ დონეზე ხარჯი მისთვის მისაღებია. ეს იგივე ლოგიკაა, რაც შემდგომში არაერთ უფრო დიდ კრიზისშიც მეორდება.
5. კორეა და შეზღუდული ომის ინსტიტუციონალიზაცია
კორეის ომში აშშ-ის ლიდერობით მოქმედმა სისტემამ თავდაპირველად აჩვენა გადამწყვეტი სამხედრო მოქმედების მზადყოფნა. ინჩონის ოპერაციამ 1950 წლის სექტემბერში ომის მსვლელობა შეცვალა და ჩრდილოეთის შეტევის სტრატეგიული ბერკეტი მოშალა. თუმცა ჩინეთის ჩართვის შემდეგ პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა აირჩია შეზღუდული ომის ტაქტიკა და 1951 წლის 11 აპრილს გენერალი დუგლას მაკარტური გადააყენა. ეროვნული არქივის მასალები პირდაპირ უკავშირებს მაკარტურის დათხოვნას ადმინისტრაციის სურვილს, შეენარჩუნებინა პოლიტიკური კონტროლი და აერიდებინა ფართო ესკალაცია. 1953 წლის ზავმა სამხრეთ კორეა გადაარჩინა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი უცვლელად დატოვა (National Archives, 2021, 2024).
კორეის შემთხვევა გარდამტეხია, რადგან აქ მოკავშირეობრივმა სისტემამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 1945 წლის სრული ტრანსფორმაციის მოდელი აღარ იქნებოდა სტანდარტული პასუხი ყველა კომუნისტურ გამოწვევაზე. შეტევა შეჩერდა, მაგრამ აგრესიის წყარო გადარჩა. სწორედ ამ განსხვავებას აქვს ცენტრალური ადგილი ნაშრომის არგუმენტში.
6. კენედის ეპოქა: შეზღუდული წითელი ხაზები
1961–1962 წლების კრიზისები გვიჩვენებს, რომ აღქმა საერთაშორისო პოლიტიკაში ხშირად თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მატერიალური ძალა. ბეი ოფ პიგზის ოპერაცია 1961 წლის აპრილში ორ დღეში ჩაიშალა; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ისტორიული მიმოხილვა ხაზს უსვამს, რომ წარუმატებლობამ კასტროს რეჟიმი გააძლიერა და ვაშინგტონს ახალი, ჯერ კიდევ უფრო ფარული პროგრამისკენ უბიძგა. რამდენიმე თვეში ბერლინის კედლის აღმართვამ, ხოლო შემდეგ 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისმა აჩვენა, რომ მოკავშირეობრივი სისტემა მზად იყო რეაქციითვის, მაგრამ არა მოწინააღმდეგის რეჟიმის სრული ტრანსფორმაციისთვის. კუბის შემთხვევაში საბჭოთა რაკეტები რეგიონიდან გვაიტანეს, მაგრამ კასტროს სახელმწიფო ადგილზე დარჩა (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-f, n.d.-g).
ეს არ ნიშნავს, რომ კენედის პოლიტიკა „მარცხი“ იყო მარტივი გაგებით. უფრო ზუსტია იმის თქმა, რომ ეს იყო კრიზისის მართვა ტრანსფორმაციის გარეშე. ისევ მივიღეთ უშუალო კატასტროფის თავიდან აცილება, მაგრამ არა აგრესიის მატარებელი სტრუქტურის გაუქმება.
7. პოსტსაბჭოთა რუსეთი: ტრანსფორმაციის გამოტოვება და რევიზიონიზმის დაბრუნება
საბჭოთა კავშირის დაშლა 1989–1991 წლებში ხარისხობრივად განსხვავდებოდა 1945 წლისგან. არ ყოფილა უპირობო კაპიტულაცია, დემილიტარიზაცია, უშიშროების აპარატის გარე დემონტაჟი ან იმპერიული პოლიტიკური კულტურის სისტემური დელეგიტიმაცია. შედეგად, რუსეთის ფედერაციამ შეინარჩუნა ბირთვული არსენალი, ძალოვანი ინსტიტუტების უწყვეტობა და დიდი სახელმწიფოს სტატუსის აღდგენის ამბიცია. სწორედ ამიტომ 1991 წლის შემდეგ რუსეთის შემთხვევა უფრო უნდა წავიკითხოთ როგორც იმპერიის გეოპოლიტიკური უკუსვლა ტრანსფორმაციის გარეშე, ვიდრე როგორც 1945 წლის ტიპის ახალი წესრიგის შექმნა. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია 2008, 2014 და 2022 წლების გასაგებად (NATO, 2008; Council of the European Union, 2026a, 2026b).
2008 წლის ბუქარესტის სამიტმა საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობის მომავალ კანდიდატებად დაასახელა, მაგრამ დაუყოვნებელი უსაფრთხოების მექანიზმი არ შექმნა. ასეთმა შუალედურმა ფორმულამ ერთდროულად წარმოშვა პოლიტიკური სიგნალი და ინსტიტუციური დაუცველობა. აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ყოფნა შავ ზღვაში — მათ შორის USS McFaul-ისა და მოგვიანებით USS Mount Whitney-ის ჩასვლა ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში — უდავოდ იყო პოლიტიკური სიგნალი და უსაფრთხოების გარანტიის გაძლიერების მცდელობა. თუმცა უფრო აკადემიურად სწორი იქნება იმის თქმა, რომ ეს ყოფნა იყო შემაკავებელი სიგნალი, ვიდრე მტკიცე პასუხი რუსული აგრესიისადმი. ოფიციალური ამერიკული და სამხედრო წყაროები ადასტურებს ამ ხომალდების ჰუმანიტარულ და სტრატეგიულ მნიშვნელობას, მაგრამ არა კონტრზომას, რომელიც შეაჩერებდა რუსულ გეგმა – საქართველოს დამორჩილებას (U.S. Department of State, 2008a, 2008b; U.S. Air Force, 2008).
2014 წლის ყირიმის ანექსიისა და 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პასუხი გაცილებით მტკიცე გახდა — სანქციები, სამხედრო დახმარება, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, უკრაინისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების მხარდაჭერა. ნატოს ოფიციალური გვერდები აჩვენებს, რომ მხარდაჭერა 2025–2026 წლებშიც გაგრძელდა ახალი დაფინანსების მექანიზმებით, ხოლო ევროკავშირმა 2026 წლის მარტშიც გააგრძელა სანქციების რეჟიმი ათასობით პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ეს კვლავ რჩება შეკავებისა და გამოფიტვის მოდელად და არა რუსეთის სახელმწიფოს 1945 წლის ტიპის ტრანსფორმაციის პროგრამად (NATO, 2026; Council of the European Union, 2026b).
8. სერბეთი და კოსოვო: შეზღუდული იძულების ნაწილობრივი წარმატება
სერბიისა და კოსოვოს 1999 წლის შემთხვევა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იგი არც 1945 წლის ტიპის ტრანსფორმაციული გამარჯვების კლასიკური მაგალითია და არც იმგვარი „უმოქმედო შეკავების“, რომელიც მოწინააღმდეგეს თითქმის დაუბრკოლებლად ტოვებს სივრცეს. NATO-ს ოფიციალური ქრონოლოგიის მიხედვით, საჰაერო კამპანია 1999 წლის მარტში დაიწყო, 10 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1244, 12 ივნისს KFOR შევიდა კოსოვოში, ხოლო 20 ივნისისთვის სერბული ძალების გამოყვანა დასრულდა. ამდენად, სამხედრო იძულებამ მოკლე ვადაში მიაღწია კონკრეტულ და შეზღუდულ მიზანს: შეჩერდა ძალისმიერი ზეწოლა კოსოვოში და შეიქმნა საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი ჩარჩო (NATO, 2024, 2026).
ამიტომ სერბიის მაგალითი ამ ნაშრომში უნდა ფუნქციონირებდეს როგორც შეზღუდული იძულების ნაწილობრივი წარმატება. აქ სამხედრო ძალამ იმუშავა, რადგან მიზანი იყო მკაფიოდ შემოსაზღვრული — ძალადობის შეჩერება და სამხედრო უკანდახევა — და მას მოჰყვა ხანგრძლივი საერთაშორისო ფიზიკური ყოფნა KFOR-ის სახით. მაგრამ ეს მაინც არ ყოფილა 1945 წლის ტიპის რეჟიმული დემონტაჟი, დემილიტარიზაცია ან ინსტიტუციური რეკონსტრუქცია. სხვა სიტყვებით, სერბიის შემთხვევა აჩვენებს, რომ შეზღუდული სამხედრო იძულება შეიძლება ეფექტიანი იყოს მაშინ, როცა ამოცანა ვიწროა, ძალის ჩვენება სარწმუნოა და ადგილზე რჩება გრძელვადიანი უსაფრთხოების მექანიზმი; იგი არ ანგრევს ტრანსფორმაციული გამარჯვების თეზას, არამედ მის ფარგლებს აზუსტებს (NATO, 2024, 2026).
9. ერაყი: რეჟიმის შეცვლა ინსტიტუციური ჩარჩოს რღვევით
ერაყის 2003 წლის შემთხვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი გვაჩვენებს, რომ რეჟიმის შეცვლა თავისთავად არ უდრის ტრანსფორმაციულ გამარჯვებას. კოალიციური დროებითი ადმინისტრაციის პირველი ორი საკვანძო გადაწყვეტილება იყო 2003 წლის 16 მაისის CPA Order No. 1 — დე-ბაასიფიკაცია — და 23 მაისის CPA Order No. 2 — სახელმწიფო სტრუქტურებისა და, მათ შორის, არმიისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების დათხოვნა. ამ გადაწყვეტილებების ტექსტები პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზანი იყო ბაასის პარტიის სტრუქტურების მოშლა და სამხედრო-სახელმწიფოებრივი ბირთვის დაშლა (Coalition Provisional Authority, 2003a, 2003b).
ერაყი ამ ნაშრომში უნდა შევიდეს როგორც ანტიმოდელი: აქ იყო სამხედრო გამარჯვება და რეჟიმის ჩამოშლა, მაგრამ არ ყოფილა ინსტიტუციურად გამართული გარდაქმნა. მსოფლიო ბანკის შემდგომი ანალიზი ხაზს უსვამს, რომ 2003 წლის შემდეგ რეკონსტრუქცია ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტემ გრძელვადიანი სტაბილიზაცია შეაფერხა. ამდენად, ერაყის მაგალითი ადასტურებს, რომ თუ 1945 წლის მოდელიდან მხოლოდ „რეჟიმის დამარცხებას“ აიღებ და არა „რეკონსტრუქციის ინსტიტუციურ ლოგიკას“, შედეგი შეიძლება იყოს არა ტრანსფორმაციული სტაბილურობა, არამედ ხანგრძლივი დესტაბილიზაცია. სწორედ ამ აზრით არის ერაყი 1945 წლის გერმანიისა და იაპონიის ნეგატიური სარკისებური შემთხვევა (World Bank, 2019; Coalition Provisional Authority, 2003a, 2003b).
10. ლიბია: იძულება გამარჯვების შემდეგი ფაზის გარეშე
ლიბიის 2011 წლის ინტერვენცია გვიჩვენებს, რომ სამხედრო იძულება შეიძლება სწრაფად გახდეს ეფექტიანი, მაგრამ პოსტ-კონფლიქტური პოლიტიკური არქიტექტურა არასაკმარისი აღმოჩნდეს. NATO-ს ოფიციალური ქრონოლოგიის მიხედვით, გაეროს უშიშროების საბჭომ 17 მარტს მიიღო რეზოლუცია 1973, 31 მარტს NATO-მ მთლიანად გადაიბარა სამხედრო ოპერაციის მართვა, ხოლო Operation Unified Protector 31 ოქტომბერს დასრულდა. ამრიგად, სამხედრო ოპერაცია მკაფიოდ შემოსაზღვრული იყო და მოკლე ვადაში მიაღწია უშუალო იძულებით შედეგს (NATO, 2012).
მაგრამ ლიბიის შემთხვევაში სწორედ ამის შემდეგ იწყება სტრატეგიული პრობლემა. გაეროს ლიბიის მისიაც ოფიციალურად აღიარებს, რომ წარსულმა მცდელობებმა არჩევნების ორგანიზებისა და ინსტიტუტების გაერთიანების მიმართულებით ვერ შექმნა მდგრადი პოლიტიკური ჩარჩო, რის გამოც ქვეყანა წლების განმავლობაში დაყოფილი და არასტაბილური დარჩა. ამიტომ ლიბია უნდა ჩაიწეროს როგორც მაგალითი იმისა, რომ სამხედრო წარმატება, რომელსაც არ მოსდევს საკმარისი უსაფრთხოების, ინსტიტუციური და პოლიტიკური კონსოლიდაცია, ადვილად გადაიქცევა რეჟიმის დაცემად სახელმწიფოს მდგრადი აღდგენის გარეშე (United Nations Support Mission in Libya, 2025; United Nations, 2025).
11. ავღანეთი: ხანგრძლივი ჩართულობა ტრანსფორმაციის მდგრადი შედეგის გარეშე
ავღანეთის შემთხვევა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ ხანგრძლივმა სამხედრო და ინსტიტუციურმა ჩართულობამაც კი ვერ უზრუნველყო ტრანსფორმაციული შედეგის მდგრადობა. NATO-ს ოფიციალური მასალების მიხედვით, Resolute Support Mission დაიწყო 2015 წლის 1 იანვარს, ხოლო 2021 წლის აპრილში მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ძალების გაყვანის დაწყება 1 მაისიდან; მისია საბოლოოდ 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ავღანეთში საქმე გვქონდა არა მოკლე ინტერვენციასთან, არამედ მრავალწლიან სახელმწიფოებრივ და უსაფრთხოების მშენებლობის პროექტთან (NATO, 2022a, 2022b).
მაგრამ ავღანეთის მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების 2021 წლის აგვისტოს კოლაფსი დაკავშირებული იყო როგორც ამერიკული სამხედრო და კონტრაქტორული საყრდენის გაქრობასთან, ისე იმასთან, რომ აშენებული სისტემა შინაგანად არ აღმოჩნდა საკმარისად სიცოცხლისუნარიანი. SIGAR პირდაპირ წერს, რომ ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ჩამოშლის „ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი“ იყო აშშ-ის სამხედროებისა და კონტრაქტორების გაყვანის გადაწყვეტილება. ამიტომ ავღანეთი ამ ნაშრომში უნდა შევიდეს როგორც მაგალითი იმისა, რომ ხანგრძლივი ჩართულობა თავისთავად არ ნიშნავს ტრანსფორმაციულ წარმატებას: თუ შექმნილი წესრიგი თვითმდგრადი არ არის, გარე მხარდაჭერის მოხსნისთანავე ის შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს (SIGAR, 2022, 2023).
12. ვენესუელა: დღევანდელი პოლიტიკის სისწორის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ჩამოშორების მიუხედავად, მისი ძალაუფლების ბირთვი სრულად არ გამქრალა. მისი მთავარი მოკავშირეები — დელსი როდრიგესი, ხორხე როდრიგესი, დიოსდადო კაბელიო და სამხედრო-უსაფრთხოების ბირთვის სხვა წარმომადგენლები — კვლავ ძალაუფლების სისტემაში რჩებოდნენ; მარტში თავდაცვის მინისტრად დააწინაურა გუსტავო გონსალეს ლოპესი — ფიგურა, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებული იყო და ადრე სამხედრო კონტრდაზვერვასა და პრეზიდენტის გვარდიას ხელმძღვანელობდა. ეს უკვე თავისთავად აჩენს კითხვას, რამდენად ღრმაა მიმდინარე ცვლილება (Reuters, 2026a, 2026b; AP News, 2026).
ამავე დროს, მარტში აშშ-მა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა შეზღუდვები PDVSA-სთან ოპერაციების მიმართულებით. 18 მარტს გაცემულმა ზოგადმა ლიცენზიამ ამერიკულ კომპანიებს ფართო შესაძლებლობა მისცა ვენესუელის ნავთობის სექტორთან თანამშრომლობისთვის, რაც ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული წნეხის კონტექსტში განიხილებოდა. მაგრამ სწორედ აქ ჩნდება სტრატეგიული ეჭვი: თუ ეკონომიკური შემსუბუქება და ნაწილობრივი რეფორმები მიმდინარეობს მაშინ, როდესაც ძალოვანი და პოლიტიკური ბირთვი კვლავ ძველი სისტემის კადრების ხელშია, მაღალია რისკი, რომ მიმდინარე პოლიტიკა რეალურად არა რეჟიმის ტრანსფორმაციას, არამედ მისი განახლებული ვერსიის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. სხვა სიტყვებით, ვენესუელა დღეს შეიძლება იქცეს იმ კლასიკურ შემთხვევად, სადაც რეჟიმი ფორმალურად იცვლება, მაგრამ თუ საკმარისად დიდხანს შეინარჩუნებს თავის კლანჭებს, საბოლოოდ სწორედ ის გადარჩება და არ დაუშვებს ტრანსფორმაციას (Reuters, 2026c; AP News, 2026b; Financial Times, 2026).
13. ირანის ისლამური რესპუბლიკა და პროქსი არქიტექტურა: 1979–2026
ირანის შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან აქ აგრესიის წყარო არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელმწიფოს რეგულარული სამხედრო ძალებით. ირანის ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების სტრატეგია ათწლეულების განმავლობაში ემყარებოდა გარე თავდაცვასა და რეგიონულ ზეწოლას პროქსი ქსელების მეშვეობით. ეს არქიტექტურა მოიცავს, სხვადასხვა ხარისხით, ლიბანის ჰეზბოლას, იემენელ ჰუთებს, ერაყის შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, სირიულ არხებს და პალესტინურ შეიარაღებულ პარტნიორებს. სწორედ ეს ქსელური სტრუქტურა აძლევს თეირანს საშუალებას, რეგიონული დაპირისპირება აწარმოოს არა მხოლოდ პირდაპირი სახელმწიფო ძალით, არამედ დელეგირებული, ასიმეტრიული და ხშირად უარყოფად-შესაძლებელი ფორმებით (Mansour & Vakil, 2025).
ირანის პროქსი არქიტექტურის მდგრადობას განსაკუთრებით კარგად აჩვენებს ჰეზბოლას შემთხვევა. Reuters-ის 2026 წლის 21 მარტის გამოძიების მიხედვით, 2024 წლის ომში მძიმე დანაკარგების შემდეგ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ჰეზბოლას სამხედრო სარდლობა ხელახლა ააწყო, სტრუქტურა უფრო დეცენტრალიზებულ მოდელზე გადააწყო და ომისთვის მზადება განაახლა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია ნაშრომის თეზისთვის: პროქსი ქსელის ნაწილობრივი დასუსტება ავტომატურად არ ნიშნავს მის სტრატეგიულ გაუქმებას. თუ შენარჩუნებულია ფინანსური, საკომანდო, ტექნოლოგიური და ლოგისტიკური არხები, სისტემა რეორგანიზდება და ბრუნდება (Reuters, 2026d).
ჰუთების მაგალითიც მსგავს ლოგიკას ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ წითელ ზღვაში შეტევების ინტენსივობა სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა, 2026 წლის მარტის Reuters-ის ანგარიშით რეგიონულ ენერგეტიკასა და ტრანზიტზე მათმა მოქმედებამ ღრმა და ძვირადღირებული კვალი დატოვა. როდესაც ამას ვუმატებთ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ შეზღუდვას 2026 წლის მარტში, იკვეთება ერთი და იგივე შაბლონი: თეირანი და მასთან დაკავშირებული ძალები იყენებენ საზღვაო ჩოკპოინტებსა და პროქსი ძალას, რათა სამხედრო კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ რისკად წარმოაჩინონ (Reuters, 2026b, 2026e).
14. რას ნიშნავს 1945 წლის ლოგიკის გავრცელება ირანზე
აქ აუცილებელია სიზუსტე. 1945 წლის გერმანულ-იაპონური მოდელის მექანიკური გადატანა ირანზე შეუძლებელია. ამიტომ ტრანსფორმაციული გამარჯვება ირანის შემთხვევაში არ შეიძლება ნიშნავდეს აუცილებლად ბერლინისა და ტოკიოს გამოცდილების პირდაპირ განმეორებას. მაგრამ ამავე დროს აქედან არ გამომდინარეობს, რომ საკმარისია მხოლოდ პერიოდული საჰაერო დარტყმები, დროებითი სანქციები ან მორიგი ცეცხლის შეწყვეტა. ირანის მიმართ 1945 წლის პრინციპის ფუნქციური გადატანა ნიშნავს აგრესიის მატარებელი სისტემის დაშლას: IRGC-ის გარე ოპერაციული ქსელების მოშლას, პროქსი ორგანიზაციების განიარაღების რეალურ მექანიზმებს, სარაკეტო და დრონული ინფრასტრუქტურის სისტემურ შეზღუდვას, საზღვაო იძულების შესაძლებლობების მოშლას და ისეთი რეჟიმის შექმნას, რომელიც სწრაფ რეორგანიზაციას შეუძლებელს ან ძვირადღირებულს გახდის (IAEA, 2026a; Reuters, 2026a, 2026c, 2026d).
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ირანის შემთხვევაში სახელმწიფოსა და პროქსი ქსელის მკაცრი გამიჯვნა ანალიტიკურად მცდარია. თუ ყურადღება ეთმობა მხოლოდ ირანის შიგნით მდებარე ობიექტებს და იგნორირებულია მისი გარე ექსპედიციური არქიტექტურა, რეალურად არ ხდება აგრესიის წყაროს სრული შეფასება. სწორედ ამიტომ „შეკავება ტრანსფორმაციის გარეშე“ ირანის შემთხვევაში განსაკუთრებით არამყარი სტრატეგია იქნება: ასეთი მიდგომა პერიოდულად ასუსტებს კონკრეტულ აქტორებს, მაგრამ არ შლის მთლიან სისტემას.
15. დასკვნა
1943–2026 წლების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ არსებობს სამი ძირითადი სტრატეგიული მოდელი. პირველი არის ტრანსფორმაციული გამარჯვება: გერმანია 1945 და იაპონია 1945. აქ აგრესორი დამარცხებულია, განიარაღებულია, სამართლებრივად დელეგიტიმირებულია და ინსტიტუციურად გადაკეთებულია. მეორე არის შეზღუდული შეკავება და კრიზისის მენეჯმენტი: ბერლინი 1948–1949, კორეა 1950–1953, კუბა 1962, უკრაინა 2022 წლიდან. აქ შესაძლებელია დიდი კატასტროფის თავიდან აცილება, მაგრამ მოწინააღმდეგის რეჟიმული ბირთვი ძირითადად უცვლელი რჩება. მესამე არის არასაკმარისი რეაგირება: აღმოსავლეთი ევროპა 1945–1948, უნგრეთი 1956, ჩეხოსლოვაკია 1968, საქართველო 2008, ყირიმი 2014. აქ მოკავშირეობრივი სისტემა ვერ ქმნის საკმარის ფასს და აგრესია კონსოლიდირდება. ირანის 2026 წლის ომი ამ კლასიფიკაციაში ჯერ კიდევ ღია შემთხვევაა: საჯარო ინფორმაციით მიმდინარე კამპანია ბევრად უფრო ინტენსიურია, ვიდრე უბრალო სანქციური ზეწოლა, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი გადაიზრდება თუ არა იგი აგრესიის მატარებელი სისტემის რეალურ დემონტაჟში (U.S. Department of State, Office of the Historian, n.d.-a, n.d.-b, n.d.-c, n.d.-e; Reuters, 2026a; AP News, 2026a).
საბოლოო დასკვნა ასეთია: გრძელვადიანი სტაბილურობა იშვიათად მიიღწევა მხოლოდ შეტევის მოგერიებით. ყველაზე მყარი შედეგი იქ ჩნდება, სადაც სამხედრო გამარჯვება გადადის პოლიტიკურ წესრიგში, კაპიტულაცია — დემილიტარიზაციაში, დემილიტარიზაცია — სამართლებრივ დელეგიტიმაციაში, ხოლო ეს უკანასკნელი — ინსტიტუციურ რეკონსტრუქციაში. ამიტომ 1945 წლის გერმანია და იაპონია რჩება აგრესიული რეჟიმის ნეიტრალიზაციის ყველაზე სრულ ისტორიულ ნიმუშად. თუ ეს გაკვეთილი 2026 წლის ირანის ომზე გადავიტანეთ, დასკვნა მკაფიოა: მხოლოდ დარტყმა არასაკმარისია; სტაბილური მშვიდობა მოითხოვს აგრესიის სისტემის დაშლას.
References
AP News. (2026a, March 22). The latest: Trump says U.S. will “obliterate” Iran’s power plants if it doesn’t open Strait of Hormuz.
AP News. (2026b, March 22). Trump threatens attacks on Iranian power plants if Tehran fails to open the Strait of Hormuz.
Council of the European Union. (2026a, March 14). Russia’s war of aggression against Ukraine: EU extends individual listings over Ukraine’s territorial integrity for a further six months.
Council of the European Union. (2026b). Russia’s war against Ukraine: EU sanctions.
Haynes, J. E., & Klehr, H. (1999). Venona: Decoding Soviet espionage in America. Yale University Press.
International Atomic Energy Agency. (2026a, March 2). IAEA Director General’s introductory statement to the Board of Governors.
Mansour, R., & Vakil, S. (2025, March 13). Iranian networks in the Middle East. Center for Strategic and International Studies.
National Archives. (2021). U.S. enters the Korean conflict.
National Archives. (2024). President Truman’s dismissal of General MacArthur.
NATO. (2008, April 3). Bucharest Summit Declaration.
NATO. (2026). NATO’s support for Ukraine.
Norris, R. S. (2000). Global nuclear stockpiles, 1945–2000. The Bulletin of the Atomic Scientists.
Norris, R. S. (2010). Global nuclear weapons inventories, 1945–2010. The Bulletin of the Atomic Scientists.
NSA. (n.d.). Venona documents.
Reuters. (2026a, March 22). Trump, Iran threaten power, energy targets as war escalates.
Reuters. (2026b, March 22). Iran says Hormuz open to all but “enemy-linked” ships amid U.S. threat.
Reuters. (2026c, March 18). IAEA does not know status of new Iranian enrichment facility in Isfahan, Grossi says.
Reuters. (2026d, March 21). How Iran’s IRGC rebooted Lebanon’s Hezbollah to be ready for war.
Reuters. (2026e, March 19). Iran war leaves deep, costly scar on Mideast energy.
Silverplate. (n.d.). In Wikipedia.
United Nations. (2026, February 28). Iran strikes could trigger wider conflict in Middle East, Secretary-General warns, as Security Council speakers call for urgent restraint.
U.S. Air Force. (2008, August 27). U.S. military delivers 2 million pounds of aid to Georgia.
U.S. Department of State. (2008a, September 9). The current situation in Georgia and implications for U.S. policy.
U.S. Department of State. (2008b, September 9). U.S.-Russia relations in the aftermath of the Georgia crisis.
U.S. Department of State, Office of the Historian. (n.d.-a). The Casablanca Conference, 1943.
U.S. Department of State, Office of the Historian. (n.d.-b). The Nuremberg Trial and the Tokyo War Crimes Trials (1945–1948).
U.S. Department of State, Office of the Historian. (n.d.-c). Occupation and reconstruction of Japan, 1945–52.
U.S. Department of State, Office of the Historian. (n.d.-d). Kennan and containment, 1947.
U.S. Department of State, Office of the Historian. (n.d.-e). The Berlin Airlift, 1948–1949.
U.S. Department of State, Office of the Historian. (n.d.-f). The Bay of Pigs invasion and its aftermath, April 1961–October 1962.
U.S. Department of State, Office of the Historian. (n.d.-g). The Berlin Crisis, 1958–1961.
U.S. Department of State, Office of the Historian. (1952a). Foreign Relations of the United States, 1952–1954, Germany and Austria, Document 562.
U.S. Department of State, Office of the Historian. (1952b). Foreign Relations of the United States, 1952–1954, Germany and Austria, Document 584.
