მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
პაატა შეშელიძე
„საგანგებო კომისიის“ სხდომები, სადაც მეწარმეებს ფასების გამო პასუხს სთხოვენ, უფრო მეტს ამბობს ჩვენს მორალურ კრიზისზე, ვიდრე ეკონომიკაზე. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი; ეს არის დრამატული სეანსი, სადაც ცივილიზაციის შემოქმედები საკუთარ ჯალათებს არსებობის უფლებას უდასტურებენ. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მეწარმეები, ნაცვლად იმისა, რომ პრინციპულად დაიცვან თავიანთი უფლება – შექმნან, მართონ და მიიღონ მოგება – თავადვე იხდიან ბოდიშს იმისთვის, რომ არსებობენ.
თვითგვემის სათავე ერთია: ქართველ მეწარმეებში არის ფილოსოფიური ხედვის მწვავე დეფიციტი. მათ არ გააჩნიათ ინტელექტუალური იარაღი საკუთარი როლის გასააზრებლად და მორალურად დასაცავად. რაციონალური მსოფლმხედველობრივი საფუძვლის არქონის გამო, ისინი სრულიად დაუცველნი არიან საზოგადოებრივი წნეხის წინაშე. ისინი თავადვე ხდებიან იმ მითის მსხვერპლნი, რომლის მიხედვითაც „ბურჟუაზია“ და „მოგება“ საძრახისი ცნებებია. სწორედ ეს ფილოსოფიური უსუსურობა აიძულებთ მათ, მხარი აუბან სისტემას, რომელიც მათსავე ეგზისტენციალურ განადგურებაზეა ორიენტირებული.
ხილული ფუფუნება და უხილავი გმირობა
საზოგადოება ხედავს მხოლოდ იმას, რაც ზედაპირზეა: მეწარმის მოგებას, მის პირად წარმატებასა და ხილულ კომფორტს. მათთვის სრულიად უხილავია ის ტიტანური ინტელექტუალური და ნებისყოფის პროცესი, რომელიც ცივილიზაციის მექანიზმს ამუშავებს. მეწარმე არის ის უნიკალური ღერძი, რომელიც ასპარეზს აძლევს ათასობით სხვადასხვა რგოლის მენეჯერს, ინჟინერს, ტექნოლოგსა თუ მკვლევარს. ის საკუთარი რისკის ფასად უყრის თავს მრავალი განსხვავებული პროფესიის ადამიანის შრომას და აერთიანებს მათ ენერგიას საერთო, კონკრეტული მიზნის გარშემო.
აქ გასათვალისწინებელია ის ეგზისტენციალური რისკი, რომელსაც მეწარმე საკუთარ თავზე იღებს საქმის დაწყებისთანავე. მომავლის სრული ბუნდოვანების მიუხედავად, ის დებს ფსონს საკუთარ ხედვაზე მაშინაც კი, როდესაც ადგილობრივი თუ უცხოელი პოლიტ-ბიუროკრატების მიერ პროვოცირებული ინფლაცია, საგარეო კონფლიქტები და პოლიტიკური რყევები მუდმივად ახდენს კორექტივებს მის გეგმებში. მეწარმე არის ის, ვინც შთანთქავს გაურკვევლობას და საზოგადოებას სთავაზობს მზა, სტაბილურ პროდუქტს, მაშინ როცა თავად ამ გაურკვევლობის უფსკრულზე გადებულ ბეწვის ხიდზე გადის.
ბრბო ვერ ამჩნევს იმ გიგანტურ ძალისხმევას, რომელიც ყოველდღიურად ავსებს დახლებს საკვებით, აშენებს სახლებს, სადაც ისინი ცხოვრობენ, ხსნის აფთიაქებს, სადაც სასიცოცხლო მედიკამენტებს იძენენ და უზრუნველყოფს საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც მათ ყოფას ამარტივებს. მათთვის უხილავია ის ინტელექტუალური პროცესი, რომელიც ამუშავებს ლოგისტიკურ ჯაჭვებს, ქმნის კომუნიკაციის საშუალებებს, აწესრიგებს ენერგოსისტემებს და გარდაქმნის ნედლეულს ცივილიზაციის სიკეთეებად. ისინი მოიხმარენ ამ პროდუქტებს და მათთვის წინსვლა „ბუნებრივი მოცემულობაა“, რომელიც თავისით არსებობს, მეწარმე კი – ზედმეტი რგოლი, რომელიც ამ მოცემულობას მხოლოდ „აძვირებს“. მათ სძულთ ის გონება, რომლის გარეშეც მათი სამყარო ერთ დღეში პრიმიტიულ ქაოსად იქცეოდა.
გონება „იღბლის“ წინააღმდეგ
მასა მეწარმეობას აღიქვამს არა როგორც ინტელექტუალურ გმირობას, არამედ როგორც ბრმა შემთხვევითობას, იღბალს ან ძარცვას. მათთვის სიმდიდრე სტატიკური მოცემულობაა – რესურსების ერთგვარი გროვა, რომელიც სადღაც „დევს“ და უბრალოდ „არასწორად ნაწილდება“. მათ არ სურთ აღიარონ, რომ ყოველი ტექნოლოგია და ყოველი სამუშაო ადგილი ერთი კონკრეტული ადამიანის რაციონალური აზროვნების პროდუქტია. ბრბო ხედავს მზა შედეგს, მაგრამ ხუჭავს თვალს იმ რთულ გათვლებზე, რომლებმაც ეს შედეგი შვა. მათ სძულთ მეწარმე, რადგან მისი წარმატება ცოცხალი მტკიცებულებაა იმისა, რომ კეთილდღეობა მოითხოვს დისციპლინასა და გონებრივ ძალისხმევას – მათ კი პასუხისმგებლობაზე მეტად შური და საკუთარი უმოქმედობის გამართლება ურჩევნიათ.
თავგანწირვის მორალური შანტაჟი
თანამედროვე მორალი, რომელიც საზოგადოებაშია გაბატონებული, სიკეთეს მხოლოდ თავგანწირვასთან აიგივებს. ამიტომ, როდესაც მეწარმე პარლამენტის წინაშე დგას, ის თავდაცვის პოზიციაშია და ცდილობს დაამტკიცოს, რომ „კეთილია“, რადგან ხანდახან ზარალზეც კი მუშაობს ან „სოციალურ პასუხისმგებლობას“ იჩენს. ეს არის მორალური კატასტროფა. საზოგადოება, რომელიც „მსხვერპლშეწირვას“ ქადაგებს, სინამდვილეში კანიბალისტურია – მას სურს ნიჭიერი ადამიანების ენერგია უნიჭოების საკვებად აქციოს. მეწარმე არ არის ვალდებული, იყოს საზოგადოების უსასყიდლო მსახური. მისი უპირველესი მორალური მოვალეობა საკუთარი შემოქმედებითი ხედვის რეალიზებაა. როდესაც ის ბოდიშს იხდის მოგების გამო, ის აღიარებს პარაზიტების მორალურ უპირატესობას საკუთარ თავზე.
ქართულ რეალობაში ეს შანტაჟი განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება: სახელმწიფო, რომელიც წლებია ინფლაციას აჩენს ლარის გაუფასურებით, იმპორტზე დამოკიდებულებით, ენერგოტარიფების ხელოვნური შეკავებითა და ბიუროკრატიული აპარატის გაბერილი ხარჯებით, იწვევს მეწარმეებს და ეუბნება: „თქვენ ხართ დამნაშავენი, რომ ფასები მაღალია — ახლა დაამტკიცეთ, რომ კარგები ხართ“. ეს არის კლასიკური გადატრიალება: პარაზიტი ბრალს სვამს მსხვერპლს და აიძულებს მას საკუთარი სისხლით დაამტკიცოს უდანაშაულობა.
დუმილი: სანქცია საკუთარი განადგურებისთვის
ყველაზე დიდი ტრაგედია მეწარმეთა დუმილშია. ისინი ვერ ბედავენ მხილებას:
იმ სახელმწიფო წნეხის, რომელიც გადასახადებითა და რეგულაციებით ახრჩობს წარმოებას;
იმ პოლიტიკური ავანტიურების, რომლებიც ვალუტას აუფასურებს და ფასებს ზრდის;
იმ ბიუროკრატიული ბარიერების, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე კორუფციასა და შეფერხებას ბადებს.
ნაცვლად იმისა, რომ მეწარმემ პირში მიახალოს კომისიას: „თქვენი რეგულაციებია ფასების ზრდის მიზეზი!“, ის შემგუებლურ კოლაბორაციაში შედის. ეს არ არის დიპლომატია — ეს არის გონების კაპიტულაცია ძალის წინაშე. როდესაც ინტელექტი ტირანიის წინაშე დუმს, ის საშუალებას აძლევს არაკომპეტენტურ ჩინოვნიკებს, მართონ სამყარო, რომელიც მათ არ შეუქმნიათ.
წარმოიდგინეთ, თუ ერთი-ორი მსხვილი მეწარმე საჯაროდ, ტელევიზიით თუ სოციალურ ქსელში იტყოდა: „ფასების ზრდის მთავარი მიზეზი თქვენი რეგულაციებია, თქვენი გადასახადების ზრდაა, თქვენი ვალუტის პოლიტიკაა, თქვენი იმპორტის ბარიერებია. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვიხდით გადასახადებს, ვუზრუნველყოფთ თქვენს ცხოვრებას — და თქვენ გვიწოდებთ სპეკულანტებს? საკმარისია!“ ეს ერთი განცხადება მეტს შეცვლიდა, ვიდრე ათეული „სოციალური პასუხისმგებლობის“ პიარ-აქცია. მაგრამ სწორედ ამის ბედი არ უღირს მათ — რადგან ფილოსოფიურად თავს დამნაშავედ გრძნობენ.
მსხვერპლის თანხმობა და მორალური კაპიტულაცია
პრობლემა მხოლოდ იმაში არ არის, რომ სახელმწიფო ებრძვის ბიზნესს; პრობლემა ისაა, რომ ბიზნესი ამ ბრძოლას მორალურად ლეგიტიმურს ხდის. როდესაც მეწარმე თანხმდება „საგანგებო კომისიის“ წინაშე თავის მართლებაზე, ის გასცემს იმას, რაც ყველაზე ძვირფასია — საკუთარი ქმედების მორალურ სანქციას. ისინი თავადვე ამყარებენ იმ მითს, რომ მეწარმე არის „ბურჟუა“, რომელიც საზოგადოების წინაშე ვალშია. როდესაც მაშენებელი აღიარებს, რომ ჩინოვნიკს აქვს უფლება განსაზღვროს მისი მოგების „სამართლიანობა“, ის თავადვე იდგამს უღელს. ეს არის საკუთარი თავისუფლების გაცვლა დროებით, მონურ უსაფრთხოებაში.
კრონიზმი: ყალბი წარმატების ჩრდილი პატიოსნებაზე
მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ე.წ. „კრონიზმი“. ზოგიერთი ფსევდო-მეწარმე, რომელმაც სიმდიდრე არა ინოვაციითა და რაციონალური შრომით, არამედ პოლიტიკური კავშირებითა და პრივილეგიებით მოიპოვა, საზოგადოებასთან „თავს იკატუნებს“, რათა საკუთარი უსამართლო უპირატესობა დამალოს. მათი ეს მონური პოზა ჩირქს სცხებს ნამდვილ, პატიოსან მაშენებლებს.
ბრბო ვერ განასხვავებს, ვერ ახერხებს ჩაძიებას და იმის გარკვევას, თუ ვინ შექმნა კეთილდღეობა საკუთარი გონებით და ვინ მიიტაცა პოლიტ-ბიუროკრატიის მფარველობით. კრონისტების არსებობა თავად სახელმწიფო ჩარევის შედეგია, მაგრამ შედეგს კვლავ პატიოსანი ბიზნესი იმკის – ის ისჯება სხვისი ცოდვებისთვის, რადგან ვერ ბედავს თავისი მორალური პოზიციის მკაფიო დეკლარირებას და გამიჯვნას პოლიტიკური პარაზიტებისგან.
საჭიროა ახალი მორალური კონტრაქტი მეწარმესა და საზოგადოებას შორის
მეწარმემ უნდა თქვას: „მე არ ვარ თქვენი მონა. მე არ ვარ ვალდებული ჩემი მოგება გადავანაწილო ან გადავცე უფასოდ. მე ვქმნი ღირებულებას, რომელსაც თქვენ იყენებთ – და ამის საფასურად მივიღებ მოგებას. მოგება არ არის საზოგადოებისგან „წართმეული“ ფული; ეს არის ჩემი ინტელექტუალური შრომის ობიექტური ფასი, რომელიც საბაზრო ნებაყოფლობითობის პრინციპით განისაზღვრა.
თუ გსურთ იაფი პროდუქტი – ნუ მთხოვთ ბოდიშს იმისთვის, რომ ვარსებობ, არამედ წაუყენეთ სახელმწიფო აპარატს მკაფიო მოთხოვნები:
შეამცირეთ გადასახადები, რათა ჩემი ფული ჩემსავე წარმოებაში დარჩეს და არა ბიუროკრატიის ფუფუნებაში;
დაასრულეთ რეგულაციური ტერორი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე მბოჭავს და წარმოების ხარჯებს ზრდის;
გაათავისუფლეთ დისტრიბუცია ჯარიმების წნეხისგან, რაც ხელოვნურად აფერხებს პროდუქტის მოძრაობას და ზრდის საბოლოო ფასს;
შეწყვიტეთ შერჩევითი მფარველობა, სადაც ჩინოვნიკის მეგობარი კრონისტი უპირატეს მდგომარეობაშია, ხოლო პატიოსანი მაშენებელი — დევნის ობიექტი;
ნუ იყენებთ მეწარმეს „მეწველ ძროხად“ თქვენი პოლიტიკური პოპულიზმის დასაფინანსებლად.
შექმენით თავისუფალი კონკურენციის გარემო და ფასები თავად დარეგულირდება. მაგრამ სანამ თქვენ თავად ახრჩობთ ბაზარს, ნუ ეძებთ დამნაშავეს იმ ადამიანებში, ვინც ამ გაუსაძლის პირობებშიც კი ახერხებს ცივილიზაციის შენარჩუნებას.“ ეს არის ახალი, ჯანსაღი მორალური პოზიცია, რომელიც ჯერ არავის დაუფიქსირებია საჯაროდ საქართველოში.
დასკვნა
სანამ ქართველი მეწარმე თავად იქნება იმ აზრის ტყვეობაში, რომ წარმატება და მოგება ბოდიშის მოსახდელი ცოდვაა, ის მუდმივად იქნება დამნაშავის როლში. მაშენებლებმა უნდა დაიბრუნონ თავიანთი მორალური ხმა. მათ უნდა შეწყვიტონ თავის მართლება იმის გამო, რომ სხვებზე მეტი შეუძლიათ და სხვებზე უკეთ აზროვნებენ. ცივილიზაცია დგას მათზე, ვინც აზროვნებს და ქმნის – და არა მათზე, ვინც სხვისი შექმნილის გადანაწილებას ითხოვს. დროა, მეწარმეები წელში გაიმართონ პოლიტ-ბიუროკრატიის და ბრბოს წინაშე და დაასრულონ საკუთარი განადგურების მორალური სანქცირება.
