მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
პაატა შეშელიძე
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის გამოსვლა "Raisina Dialogue 2026"-ზე შეიძლება ჩანდეს, როგორც მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი; მაგრამ ეს უფრო არის დასავლური პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი გამორჩეული პირის მიერ გაჟღერებული ინტელექტუალური კაპიტულაციის მორიგი მანიფესტი. როდესაც ლიდერი აცხადებს, რომ „დასავლეთის მიერ დომინირებული მსოფლიოს ეპოქა დასრულდა“, ის ამით აკანონებს დამღუპველ მიდგომას, თითქოს დასავლეთმა საკუთარი თავი ამოწურა — ინტელექტუალურად, მორალურად და დემოგრაფიულად. მსგავსი რიტორიკა არა მხოლოდ აღწერს წარმოსახვით რღვევას, არამედ თავად ხდება ამ რღვევის კატალიზატორი, რადგან ის აჩენს მორალურ ვაკუუმს და პირდაპირ მოწვევას უგზავნის ავტორიტარულ რეჟიმებს არსებული წესრიგის დასამხობად. მსგავს დამოკიდებულებას და ხელების ჩამოწევას ისტორიულად ყოველთვის ცივილიზაციური დაცემა მოჰყვებოდა.
1. რაოდენობის ტირანია ხარისხის წინააღმდეგ
სტუბის თეზისი, რომ „გლობალურ სამხრეთს აქვს დემოგრაფია თავის მხარეს“, საშიში ილუზიაა. ისტორია გვასწავლის, რომ ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს არა მოსახლეობის სიმრავლე, არამედ ინსტიტუციური ხარისხი. დასავლეთის ლიდერობა არასოდეს ყოფილა „რაოდენობრივი“ ფენომენი. ის იდგა და დგას კონკრეტულ ინსტიტუციურ აღმოჩენებზე: ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საკუთრების ხელშეუხებლობა, საბაზრო ეკონომიკა, მართლწესრიგი (კანონის უზენაესობა), ნებაყოფლობითი თანამშრომლობა, შემწყნარებლობა და სხვ.
ისტორიული პარალელი: რომის იმპერია არ დაცემულა იმიტომ, რომ ბარბაროსები „ბევრნი“ იყვნენ; ის დაეცა მაშინ, როდესაც თავად რომაულმა ელიტამ დაკარგა რწმენა საკუთარი ინსტიტუტების, სამართლისა და იმ ღირებულებების მიმართ, რამაც რომი მსოფლიოს ცენტრად აქცია.
ბრიტანეთის მაგალითი: საინტერესოა, რომ სტუბი სწორედ ინდოეთში საუბრობს დემოგრაფიის უპირატესობაზე, მაშინ როცა ისტორია საპირისპიროს ღაღადებს: პატარა კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ბრიტანეთმა, შეძლო უზარმაზარი სუბკონტინენტის მართვა არა ხალხმრავლობით, არამედ მართვის, სამართლისა და ფინანსური სისტემის უპრეცედენტო ორგანიზაციული უპირატესობით.
დემოგრაფია, რომელსაც არ ზურგს არ უმაგრებს საკუთრების უფლება და თავისუფალი ბაზარი, არა ძალა, არამედ სოციალური კოლაფსის წინაპირობა და უმძიმესი ეკონომიკური ტვირთია. დღეს დასავლეთი უშვებს ფატალურ შეცდომას: ის საკუთარ უნიკალურ „ტექნოლოგიას“ — თავისუფლებას — „ისტორიულ ნოსტალგიად“ აცხადებს, ნაცვლად იმისა, რომ ის ერთადერთ გამართულ მოდელად დაიცვას.
2. BRICS: ავტორიტარული რესენტიმენტის ალიანსი
სტუბი აღფრთოვანებით საუბრობს ინდოეთის როლზე: „მჯერა, რომ გლობალური სამხრეთი გადაწყვეტს, როგორი იქნება შემდეგი მსოფლიო წესრიგი“. თუმცა, ის თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ინდოეთი დღეს BRICS-ის წევრია. ეს არ არის უბრალო ეკონომიკური ბლოკი; ეს არის ავტორიტარული რეჟიმების მიერ მართული ანტიდასავლური პლატფორმა, რომელიც გაჯერებულია სოციალისტური იდეოლოგიებითა და დასავლეთის მიმართ შურით, უნდობლობითა და ზიზღით.
ეს გაერთიანება დღეს მოიცავს:
აგრესორ რუსეთს, რომელმაც სუვერენულ უკრაინაზე თავდასხმითა და სასტიკი ომით ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა;
ტოტალიტარულ ჩინეთს, რომელიც ეკონომიკურ კოერციასა და ტექნოლოგიურ დიქტატურას ამკვიდრებს;
თეოკრატიულ ირანს, რომელიც რეგიონული დესტაბილიზაციისა და რადიკალური ანტიდასავლური იდეოლოგიის ექსპორტიორია.
ეს ალიანსი ღიად უპირისპირდება იმ ფასეულობებს, რამაც შექმნა ცივილიზებული სამყარო. როდესაც ევროპელი ლიდერები მომავლის განსაზღვრის სადავეებს ამ ბლოკს უთმობენ, ისინი რეალურად გზას უხსნიან კოლექტივიზმისა და ტირანიის უზენაესობას. სწორედ ეს არის „ჯუნგლების კანონის“ ნებაყოფლობითი რეაბილიტაცია.
3. ელიტების უუნარობა და ცივილიზაციური ღალატი
სტუბის მოწოდება — „ქადაგების ნაცვლად, ვისწავლოთ სხვებისგან“ — არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ისტორიკოსები „ელიტების ღალატს“ უწოდებენ. დასავლეთის თვითგვემა და საკუთარი როლის ხელოვნური დაკნინება არ არის „თავმდაბლობა“ — ეს არის პოლიტიკური ელიტის უკიდურესი უუნარობა, დაიცვას ის მორალური და ინტელექტუალური უპირატესობა, რომელმაც დასავლეთს და ყველას, ვინც მათ მიბაძა, უპრეცედენტო განვითარება მოუტანა.
ეს „მოკრძალება“ სინამდვილეში არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. როდესაც სტუბი ამბობს, რომ უნდა „ვისწავლოთ სხვებისგან“, ის გულისხმობს იმ უნივერსალური სტანდარტების რელატივიზაციას, რომლებმაც კაცობრიობა პროგრესამდე მიიყვანა. ეს არის მცდელობა, რომ დასავლური ღირებულებები — თავისუფლება და რაციონალიზმი — წარმოჩნდეს როგორც უბრალო „კულტურული არჩევანი“ და არა როგორც ობიექტური ჭეშმარიტება.
ინდოეთს, თავისი კლანური იერარქიითა და რელიგიური ფანატიზმის ნარჩენებით, მხოლოდ მაშინ ექნება განვითარების შანსი, თუ ის გახდება დასავლური ტიპის, ანუ დაეყრდნობა რაციონალიზმს და ინდივიდუალიზმს. დასავლეთის მხრიდან საკუთარი თავის დაკნინება მხოლოდ შეაფერხებს ამ პროცესს და წაახალისებს იმ რეგრესულ მოდელებს, რომელთა დაძლევასაც განვითარებადი სამყარო ასე ცდილობს.
4. გარდაუვალი კოლაფსის წინაშე
„ნოსტალგიამ შეიძლება გაკვეთილები მოგვცეს, მაგრამ ის იშვიათად გვთავაზობს გადაჭრის გზებს“ — სტუბის ეს ფრაზა სინამდვილეში საკუთარი პრინციპების უარყოფაა. გადაჭრის გზა არა აბსტრაქტულად „სხვებისგან სწავლაში“, არამედ საკუთარი საფუძვლების განმტკიცების და გაფართოების ახალი გზების ძიებაშია.
თუ დასავლელი პოლიტიკოსები გააგრძელებენ თვითგვემასა და ავტორიტარიზმის ლეგიტიმაციას, საზოგადოება დაკარგავს ნებას, დაიცვას ის უნიკალური ცოდნა და ინსტიტუტები, რომლებმაც კაცობრიობას პროგრესისკენ გაუკაფეს გზა. როდესაც ცივილიზაცია უარს ამბობს საკუთარ აღმატებულობაზე, ის წყვეტს არსებობას. დასავლეთის ლიდერობის „თვითლიკვიდაცია“ ხელს უწყობს არა სამართლიან პარტნიორობას, არამედ ჯანსაღი ცივილიზაციური იერარქიის რღვევას. პოლიტიკური ეგალიტარიზმი გლობალურ დონეზე — ეს არის გაუმართლებელი ცივილიზაციური თვითშეწირვა, რომელიც სოციალურ და კულტურულ ენტროპიას იწვევს. იქ, სადაც აღარ არსებობს საუკეთესო მოდელის აღიარება, რჩება მხოლოდ უპრინციპო კომპრომისების ჭაობი.
5. გეოპოლიტიკური „Woke-იზმი“ და ცივილიზაციური მაზოხიზმი
სტუბის გამოსვლაში აშკარად იკვეთება ე.წ. „Woke-იზმის“ გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე. ეს არის იდეოლოგია, რომელიც დასავლურ წარმატებას განიხილავს არა როგორც შრომისა და სწორი ინსტიტუტების ნაყოფს, არამედ როგორც „ექსპლუატაციის“ შედეგად მიღებულ „პრივილეგიას“. სტუბის რიტორიკა სწორედ ამ პოსტ-კოლონიურ დანაშაულის გრძნობას ეყრდნობა, როდესაც ის დასავლეთს მოუწოდებს, დათმოს ლიდერობა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგან მეტი ხალხი ცხოვრობს.
ეს არის ცივილიზაციური მასოხიზმი, რომელიც ობიექტურ ჭეშმარიტებასა და ეფექტურობას ანაცვლებს გლობალური იდენტობის პოლიტიკით. როდესაც დასავლეთი აღიარებს „Woke“ დღის წესრიგს გეოპოლიტიკაში, ის უარს ამბობს განმანათლებლობის იმ ღირებულებებზე (რაციონალიზმი, ინდივიდუალიზმი), რამაც მსოფლიო სიღარიბისგან იხსნა. „Woke-იზმი“ ამ გამოსვლაში ვლინდება როგორც მზაობა, რომ დასავლური ცივილიზაცია შეეწიროს აბსტრაქტულ გლობალურ „ინკლუზიურობას“, მაშინაც კი, თუ ეს ინკლუზიურობა ტირანებსა და ავტორიტარულ ბლოკებს აძლიერებს.
6. „დაყვავების“ დიპლომატია და მისი საფრთხეები
ინდოეთის მსგავსი მერყევი სახელმწიფოების მიმართ „დაყვავების“ პოლიტიკა და „ტაქტიკური“ რევერანსები დიპლომატიის განუყოფელი ნაწილია. ცხადია, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ინდოეთის დასავლურ ორბიტაზე მიმხრობა არა მხოლოდ სტრატეგიული აუცილებლობაა, არამედ თავად ინდოელი ხალხის განვითარებისა და მათი პოტენციალის განთავისუფლების ერთადერთი გზაა. თუმცა, სიტყვებსა და მათ წონას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თუმცა სიტყვებსა და მათ წონას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როდესაც პრეზიდენტი საუბრობს არა თანამშრომლობაზე, არამედ საკუთარი ცივილიზაციის დომინაციის დასასრულზე, ეს სცილდება ტაქტიკურ მანევრს და სტრატეგიულ თვითგანადგურებაში გადადის. დიპლომატიური „დაყვავება“ არ უნდა ნიშნავდეს იმ პრინციპების მსხვერპლად შეწირვას, რომლებზეც თავად დასავლური სახელმწიფოებრიობა დგას. პოლიტიკოსები, რომლებიც მოკლევადიანი სიმპათიების მოსაპოვებლად გრძელვადიან ავტორიტეტს სწირავენ, მომავალში არა თანასწორ პარტნიორებს, არამედ მათზე გაბატონების მოსურნე ძალებს მიიღებენ.
7. ინსტიტუციური ტესტი: ინდოელი ინდივიდი დასავლურ სისტემაში
სტუბის რიტორიკა, რომელიც დასავლურ მოდელს „წარსულად“ აცხადებს, ეჯახება უტყუარ სტატისტიკურ რეალობას: ინდოელი ინდივიდის პოტენციალი საუკეთესოდ ვლინდება არა „გლობალურ სამხრეთში“, არამედ სწორედ იმ დასავლურ სისტემაში, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები ასე მსუბუქად იმეტებენ დასაკნინებლად.
ინდოეთში: სიმდიდრის განაწილება უკიდურესად არათანაბარია. 2024-2025 წლების მონაცემებით, ზრდასრული ადამიანის მედიანური ქონება (Wealth per adult) კვლავ დაბალია და $5,000 - $10,000-ის ფარგლებში მერყეობს. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მინიმალური დანაზოგი აქვს, რადგან ადგილობრივი კლანური და ბიუროკრატიული იერარქია მათ შესაძლებლობებს კვლავ ბორკავს, მიუხედავად რეფორმებისა და ზოგადი ეკონომიკური ზრდისა.
დასავლეთში (აშშ): ინდოელი ამერიკელების ოჯახის მედიანური წლიური შემოსავალი დღეს $150,000 - $165,000-ს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება თეთრკანიანი ამერიკელების მაჩვენებელს (~$80,000). მათი მედიანური ქონება (Net worth) $400,000-ს აჭარბებს, ხოლო 77%-ზე მეტს უმაღლესი განათლება აქვს.
დასავლეთში (დიდი ბრიტანეთი): ანალოგიური სურათია ევროპაშიც. ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) 2026 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, ინდოელი წარმოშობის ოჯახები გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მდიდარი ეთნიკური ჯგუფი გახდა. მათი მედიანური ქონება 2012-2014 წლებში არსებული £93,000–£113,000-დან, 2021-2023 წლებში £206,000-მდე გაიზარდა (თითქმის გაორმაგდა). შედარებისთვის, "თეთრკანიანი ბრიტანელების" (White British) მედიანური ქონება იმავე პერიოდში £125,000-დან მხოლოდ £177,000-მდე გაიზარდა. ბრიტანეთში დაბადებული ინდოელები თავიანთი ფინანსური მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად უსწრებენ როგორც პირველი თაობის იმიგრანტებს, ისე ადგილობრივ ბრიტანულ მოსახლეობას.
დასავლურ ინსტიტუციურ გარემოში მოხვედრისას, იგივე ეთნიკური ჯგუფი აღწევს 10-20-ჯერ მეტ ქონებასა და კეთილდღეობას, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ წარმატების ფორმულა არა „დემოგრაფიაში“ და „გეოგრაფიაშია“, არამედ დასავლეთში ჯერ კიდევ შემორჩენილ თავისუფალ ბაზარში, ინდივიდუალიზმსა და მერიტოკრატიაშია. ინდოელები დასავლეთში იმიტომ მდიდრდებიან, რომ დასავლური სისტემა მათ საშუალებას აძლევს, სრულად განთავისუფლდნენ და გამოიყენონ საკუთარი გონებრივი რესურსი.
ის ფაქტი, რომ დღეს მსოფლიოს უმსხვილეს დასავლურ კორპორაციებსა და ინსტიტუტებს სწორედ წარმოშობით ინდოელი ტოპ-მენეჯერები მართავენ, რომ არაფერი ვთვქვათ საშუალო და დაბალ რგოლებში მათ წარმომადგენლობის მასშტაბზე, ცხადყოფს, რომ დასავლეთში შანსი ყველას აქვს. და ეს შანსი გაუჩნდებათ ინდოელებს თავად ინდოეთში, თუ კი მეტი „დასავლეთი“ იქნება.
აი იმ ადამიანების არასრული სია, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას დასავლური ფორმების ოფისებიდან მართავენ ან უახლოეს წარსულში მართვდნენ:
სუნდარ პიჩაი – Alphabet & Google (CEO)
სატია ნადელა – Microsoft (CEO)
შანტანუ ნარაიენი – Adobe (CEO)
არვინდ კრიშნა – IBM (CEO)
ნილ მოჰანი – YouTube (CEO)
რაჯ სუბრამანიამი – FedEx (CEO)
ლაქსმან ნარასიმჰანი – Starbucks (ყოფილი CEO)
ვიმალ კაპური – Honeywell (CEO)
სანჯაი მეჰროტრა – Micron Technology (CEO)
ნიკეშ არორა – Palo Alto Networks (CEO)
ჯეიშრი ულალი – Arista Networks (CEO)
ჯორჯ კურიანი – NetApp (CEO)
რავი კუმარ ს. – Cognizant (CEO)
დევიკა ბულჩანდანი – Ogilvy (Global CEO)
ანირუდ დევგანი – Cadence Design Systems (CEO)
რეშმა კევალრამანი – Vertex Pharmaceuticals (CEO)
რევატი ადვაიტი – Flex (CEO)
სანდიპ კატარია – Bata (Global CEO)
ლინა ნაირი – Chanel (Global CEO)
აჯაი ბანგა – მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი (ყოფილი Mastercard CEO)
პუნიტ რენჯენი – Deloitte (ყოფილი Global CEO)
ისინი შრომით, განათლებით და შედეგებით დაწინაურდნენ. ამასთან კონტრასტში, თავად ინდოეთის შიდა ბაზრის გიგანტებს ძირითადად დინასტიური ოჯახები ან სახელმწიფოსთან დაახლოებული კლანები მართავენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განსხვავებას კლანურ სისტემასა და დასავლურ მერიტოკრატიას შორის:
მუკეშ ამბანი – Reliance Industries (დინასტიური მმართველი)
გაუტამ ადანი – Adani Group (სახელმწიფოსთან აფილირებული მონოპოლისტი)
ნატარაჯან ჩანდრასეკარანი – Tata Sons (თუმცა პროფესიონალია, ჯგუფი დინასტიურია)
კუმარ მანგალამ ბირლა – Aditya Birla Group (დინასტიური მმართველი)
ანიშ შაჰი – Mahindra Group (დინასტიური ჯგუფის CEO)
სალილ პარეკი – Infosys (CEO, დასავლური მოდელის კომპანია ინდოეთში)
სი ვიჯაიაკუმარი – HCL Technologies (CEO)
რიშად პრემჯი – Wipro (დინასტიური მემკვიდრე)
საჯან ჯინდალი – JSW Group (დინასტიური მმართველი)
დილიპ შანგვი – Sun Pharmaceutical (დამფუძნებელი)
დასკვნა: ისტორიული ამნეზია
მსოფლიო წესრიგი ან იქნება დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული, ან ის საერთოდ არ იქნება. სტუბის რიტორიკა არის კაპიტულაცია — საკუთარი უუნარობისა და ინტელექტუალური სიცარიელის აღიარება. ის, რასაც სტუბი „წარსულის ნოსტალგიას“ უწოდებს, სინამდვილეში ცივილიზაციის საძირკველია, ხოლო მისი უარყოფა — ისტორიული ამნეზია.
დასავლური ცივილიზაცია არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ცნება; ის არის ადამიანის გონების უდიდესი მიღწევა. ამ მემკვიდრეობაზე უარის თქმა „მულტიპოლარულობის“ სახელით არის არა პროგრესი, არამედ კაცობრიობის დაბრუნება იმ ბნელ ეპოქაში, სადაც მხოლოდ ძალა წყვეტდა სიმართლეს. დასავლურმა ელიტამ უნდა გაიღვიძოს და გააცნობიეროს, რომ ცივილიზაციური წონა ეფუძნება არა დათმობებს, არამედ პრინციპულ სიმტკიცესა და უნივერსალური ფასეულობების რენესანსს. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ბოდიშის მოხდა საკუთარი წარმატების გამო და გააცნობიეროს, რომ მისი პასუხისმგებლობაა არა დათმობა, არამედ მორალური და ინსტიტუციური ლიდერობა.
მიზანი უნდა იყოს არა „სხვებისგან სწავლა“ მათი მყიფე და წინააღმდგეობრივი მოდელების ხარჯზე, არამედ იმ უპირობო ფასეულობათა ტრიადის — თავისუფლების, საკუთრებისა და ნებაყოფლობითი თანამშრომლობის — ექსპორტი, რომლებმაც კაცობრიობა სიბნელიდან სინათლეზე გამოიყვანა. დასავლეთმა უნდა დაიბრუნოს რწმენა საკუთარი ინტელექტუალური იერარქიის და იმ ღირებულებების მიმართ, რომლებმაც კაცობრიობა ბარბაროსობისგან იხსნა და შეწყვიტოს დანაშაულებრივი თვითდაკნინება.
ეს არ არის არჩევანი — ეს არის ცივილიზაციური იმპერატივი.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქვე გთავაზობთ ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის სიტყვის ზუსტ თარგმანს (0:05-დან 16:33-მდე):
0:05 ბატონო პრემიერ-მინისტრო,
0:08 მინისტრებო,
0:10 თქვენო აღმატებულებებო,
0:12 ქალბატონებო და ბატონებო.
0:15 ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა
0:18 "რაისინას დიალოგის" გახსნაზე.
0:22 ასევე დიდი პატივია ჩემთვის, როგორც ფინეთის
0:24 პრეზიდენტისთვის, რომ სამ საათზე მეტი გავატარე
0:29 ინდოეთის პრემიერ-მინისტრის,
0:32 ნარენდრა მოდის გარემოცვაში.
0:35 დღეს ჩვენ ისე დავმეგობრდით, რომ ვგრძნობ,
0:38 შემიძლია ეს ვთქვა: ჩემთვის ეს იყო ძალის მომცემი მომენტი,
0:41 რადგან დღეს ჩვენ იქ ერთად ვიდექით,
0:43 როგორც თითქმის 1.5 მილიარდი ადამიანის წარმომადგენლები.
0:51 (აპლოდისმენტები)
0:53 და ბოდიშს გიხდით, აქედან ეს სიტყვა
0:55 მხოლოდ „დაღმართზე“ თუ წავა.
0:58 გასული ათწლეულის განმავლობაში
1:02 საოცარი იყო იმის ნახვა, თუ როგორ განვითარდა "რაისინა"
1:04 სტრატეგიული აზროვნებისა და გლობალური ჩართულობის
1:10 ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად.
1:13 და ვფიქრობ, ამისთვის ყველანი მადლიერნი უნდა ვიყოთ
1:15 მინისტრ ჯაიშანკარისა და სამირ სარანის.
1:20 ის ფაქტი, რომ თქვენ ეს შეძელით 11 წელიწადში
1:22 და შეკრიბეთ ასეთი გამორჩეული ჯგუფი —
1:24 მიუხედავად ფრენებთან დაკავშირებული პრობლემებისა —
1:29 ვფიქრობ, აღსანიშნავია. გილოცავთ ამას.
1:33 ნება მიბოძეთ წავართვა თქვენი დროის 20 წუთი
1:36 და დავიწყო შემდეგით: ვფიქრობ,
1:40 ჩვენ, ადამიანები, სამ შეცდომას ვუშვებთ.
1:44 პირველი შეცდომა ისაა, რომ ჩვენ
1:46 წარსულის ზედმეტ რაციონალიზაციას ვახდენთ.
1:49 ვფიქრობთ, რომ მსოფლიო გარკვეული წესით მუშაობდა
1:51 და ამის მაგალითებს ერთმანეთს ვადარებთ.
1:55 მეორე შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ, არის ის,
1:57 რომ ჩვენ ზედმეტად ვადრამატულებთ აწმყოს.
2:00 და როდესაც ამ ორ შეცდომას ვუშვებთ,
2:03 პრობლემა ისაა, რომ საბოლოოდ
2:05 სათანადოდ ვერ ვაფასებთ მომავალს.
2:08 ვეცდები, დღეს ეს ავიცილო.
2:11 მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ, საერთაშორისო
2:14 ურთიერთობების „ნერდები“, ხშირად ვავლებთ პარალელებს
2:18 წარსულსა და აწმყოს შორის.
2:20 ზოგჯერ დამაჯერებლად ჟღერადი პროგნოზების გასაკეთებლად,
2:23 ზოგჯერ კი იმის დასამტკიცებლად, რომ მსოფლიო
2:25 უფრო მოწესრიგებული და გაცილებით უკეთესი იყო „ძველ კარგ დროში“.
2:32 ამავდროულად, ჩვენ ძალიან აღგვაგზნებს ის მოვლენები,
2:35 რასაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ, თითქოს
2:39 სამყაროს არასოდეს განეცადა ისეთი მასშტაბის კრიზისი,
2:42 როგორსაც ამჟამად ვაწყდებით.
2:45 ამაზე სულ ცოტა ხნის წინ დავფიქრდი,
2:49 როდესაც არდადეგების დროს წავიკითხე უ ტანტის,
2:52 გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, პირველი აზიელის ბიოგრაფია.
2:59 წიგნს ერქვა „მშვიდობისმყოფელი“ და დავასკვენი,
3:03 რომ გლობალური კრიზისების რაოდენობა სინამდვილეში საკმაოდ მუდმივია.
3:11 ამით მე არავითარ შემთხვევაში არ მსურს
3:15 დავაკნინო იმ ლოკალური და რეგიონული კონფლიქტების
3:21 რაოდენობის ზრდის მნიშვნელობა, რომელთა მოწმენიც ახლა ვართ.
3:26 ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რასაც დღეს ვხედავთ
3:28 ახლო აღმოსავლეთში, სუდანსა და უკრაინაში, მხოლოდ რამდენიმე რომ დავასახელოთ.
3:34 ჩემი საწუხარი ისაა, რომ ეს კონფლიქტები
3:37 თანდათანობით გლობალური ხდება.
3:41 და ჩემი მიზანი დღეს არის, ვცადო ვიპოვო გზა
3:44 საერთაშორისო წესრიგისკენ, რომელშიც
3:47 ინსტიტუტებს, ნორმებსა და წესებს პატივს სცემენ.
3:53 ფუნქციური მსოფლიო წესრიგის გარეშე, ძალაუფლების ვაკუუმი
3:56 შეივსება უხეში ძალით, დაუნდობელი ქცევით
4:00 და მტაცებლური ჰეგემონიით.
4:05 დღეს ჩვენ გვესმის შეფასებები, რომ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი მკვდარია,
4:12 რომ დამანგრეველი ბირთვი ანადგურებს ყველა
4:15 საერთაშორისო ინსტიტუტსა და წესს,
4:18 რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენდა,
4:21 და რომ ძველი სისტემის რღვევა გარდაუვალია.
4:26 რა თქმა უნდა, ჩვენ მსოფლიო პოლიტიკის დიდ გამოწვევას გავდივართ.
4:29 რა თქმა უნდა, ძველი წესრიგი ეჭვქვეშ დგება,
4:34 მას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და თავს ესხმიან.
4:37 მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ ბინარული ხედვისა, რომ „ყველაფერი დაკარგულია“.
4:44 ვფიქრობ, რეალობა სინამდვილეში გაცილებით რთულია.
4:47 ძალიან მომეწონა მარკ კარნის გამოსვლა
4:51 დავოსში — მარკი აქაც იყო ვიზიტით რამდენიმე კვირის წინ —
4:57 და მსურს დღევანდელი სიტყვა მის ნათქვამზე დავაშენო.
5:02 მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ აღვწეროთ, რა არის არასწორი გლობალურ წესრიგში —
5:07 ან უწესრიგობაში, როგორც შეიძლება იყოს — ან მივტიროდეთ ძველ კარგ დროს,
5:14 ვფიქრობ, მზერა მომავლისკენ უნდა მივმართოთ.
5:18 უნდა ვეცადოთ, შევთავაზოთ კონკრეტული ნორმატიული წინადადებები იმის შესახებ,
5:23 თუ როგორ გამოვასწოროთ გლობალური წესრიგი და გავხადოთ ის უკეთესი ყველასთვის.
5:26 ეს არ არის იდეალიზმი; ეს მოტივირებულია ინტერესებითა და რეალიზმით.
5:35 თქვენ იცით, რომ ჩვენ, ფინელებს, ხშირად გვახასიათებენ, როგორც
5:38 მშვიდებს, აუღელვებლებსა და გაწონასწორებულებს.
5:41 და აუდიტორიაში ვხედავ შვედეთის სულ მცირე ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს
5:44 და დანიის ერთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს.
5:48 შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებიან.
5:51 ახლა, როცა საქმე რთულდება, ფინელი
5:55 საუნაში შედის და ყინულიან აბაზანას იღებს.
5:58 ჩვენ ამას კარგ გზად მივიჩნევთ გონების გასაწმენდად, სულის მოსათქმელად
6:03 და იმის გასაგებად, თუ რა ხდება მსოფლიოში.
6:08 ზუსტად ამას ვცდი დღეს — არა საუნაში ან ყინულიან აბაზანაში,
6:11 არამედ აქ, ტრიბუნიდან.
6:14 ვფიქრობ, ეს კარგად ეთანხმება წლევანდელი "რაისინას დიალოგის" თემას — "Samskara" (სამსკარა):
6:19 თვითდამკვიდრება, შეგუება და წინსვლა.
6:24 ზუსტად ისე, როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, ვფიქრობ, ამ სამი დღის განმავლობაში
6:27 უნდა დავსხდეთ, მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის
6:30 და მისგან საუკეთესო შევქმნათ ღირსეული მანერით.
6:38 ასე რომ, დღეს "რაისინას დიალოგს" ორი აქცენტით გავხსნი.
6:41 პირველი — შევეცდები პრობლემის იდენტიფიცირებას:
6:44 მაინც რა სჭირს დღევანდელ მსოფლიო წესრიგს?
6:46 და მეორე — შევეცდები გამოვკვეთო სამომავლო
6:54 კონკრეტული გადაწყვეტილებების მთელი რიგი,
6:57 რომლებსაც თქვენ შემდეგ თქვენს დიალოგში „ნაწილებად დაშლით“.
7:00 ორივე ამ ნაწილში მე ვისაუბრებ ინდოეთზე და იმაზე, თუ რას ასწავლის ინდოეთი მსოფლიოს.
7:08 ეს არის მცდელობა ადამიანისა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა
7:11 დასავლეთის მიერ დომინირებულ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგში,
7:14 გაიგოს, როგორ იცვლება რეალურად სამყარო და იყოს გულწრფელი ამის შესახებ.
7:21 ჩემი თეზისი ძალიან მარტივია: მჯერა, რომ
7:24 გლობალური სამხრეთი გადაწყვეტს, თუ როგორი იქნება შემდეგი მსოფლიო წესრიგი.
7:30 და ინდოეთი, როგორც წამყვანი ძალა, იქნება უმთავრესი —
7:34 თუ არა ერთადერთი — ძალა იმის გადაწყვეტაში,
7:37 გადაიხრება თუ არა მსოფლიო კონფლიქტური მრავალპოლარულობისკენ,
7:42 რომელიც ხასიათდება გარიგებებით, ტრანზაქციებითა და ინტერესთა სფეროებით,
7:47 თუ გადაიხრება ახალი, კოოპერაციული, სამართლიანი
7:54 და წარმომადგენლობითი მულტილატერალური მსოფლიო წესრიგისკენ,
7:57 რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო ინსტიტუტებზე, წესებსა და ნორმებზე.
8:05 პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ინდოეთი და სხვა საკვანძო სახელმწიფოები აკეთებენ,
8:08 მართლაც გადამწყვეტია ამ გარდამავალ პერიოდში. ისინი განსაზღვრავენ მომავლის მიმართულებას.
8:16 ნება მიბოძეთ ვთქვა აშკარა: სამყარო იცვლება,
8:19 ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ.
8:25 დასალაგებლად რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ მხოლოდ ორი რამაა ცხადი.
8:33 პირველი: ახლა უფრო მეტი მოთამაშეა საკუთარი ნებით (agency),
8:36 ვიდრე იყო პირველი თუ მეორე მსოფლიო ომის, ან თუნდაც ცივი ომის შემდეგ.
8:40 და მეორე: ახალი მოწყობის საწყისი წერტილი განსხვავდება
8:42 1918, 1945 და 1989 წლებისგან.
8:50 გლობალური ძალთა ბალანსი შეიცვალა.
8:53 გლობალურ სამხრეთს თავის მხარეს აქვს როგორც დემოგრაფია, ისე ეკონომიკა.
8:59 მხედველობაში მაქვს ქვეყანა, სადაც ახლა ვიმყოფებით, რომელიც აჩვენებს
9:02 ზრდის 7%-იან მაჩვენებელს, სავარაუდოდ 2047 წლამდე პროგნოზით,
9:09 და ამავდროულად ის მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიაა.
9:12 მაგრამ ჩემი არგუმენტია, რომ დასავლეთის მიერ დომინირებული მსოფლიოს ეპოქა დასრულდა.
9:18 ეს არის გარდატეხა. ეს აშკარაა, მაგრამ დასავლეთში ამის გასაცნობიერებლად
9:21 გარკვეული დრო იქნება საჭირო.
9:26 ნოსტალგიამ შეიძლება გაკვეთილები მოგვცეს, მაგრამ ის იშვიათად გვთავაზობს გადაჭრის გზებს.
9:34 ამიტომ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ანალიზის კარგი საწყისი წერტილია
9:36 საქმე გვქონდეს სამყაროსთან ისეთთან, როგორიც არის, და არა ისეთთან, როგორიც გვსურს რომ იყოს.
9:47 ჩვენ ვცხოვრობთ ძალისმიერი პოლიტიკის დროს, დროს, სადაც ჩანს, რომ ძალა ქმნის სიმართლეს.
9:54 ძალადობა კვლავ გახდა საგარეო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი,
9:57 რომელსაც მთელ მსოფლიოში მცირე შეკავებით იყენებენ.
10:02 უკრაინაში რუსეთი ცდილობს დაიმორჩილოს სუვერენული ქვეყანა ომით,
10:05 რომელიც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
10:11 იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, ექნება უდიდესი შედეგები
10:14 არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალურად.
10:17 ყველას ინტერესშია, რომ შედეგმა არ დააჯილდოოს აგრესორი.
10:23 ახლო აღმოსავლეთში მოვლენებმა სწრაფი შემობრუნება მიიღო.
10:28 ჩვენ ახლა რეგიონული ესკალაციის მოწმენი ვართ იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ადრე
10:30 დიპლომატიურ გადაწყვეტას უჭერდნენ მხარს.
10:35 გუშინ მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან,
10:43 დღეს კი ყატარის ამირასთან, პარალელურად კი მივიღე ინფორმაცია
10:45 ინდოეთის პრემიერ-მინისტრისგან იმაზე, თუ როგორ ხედავს ის ვითარებას სუდანში.
10:51 შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და რეგიონული მეტოქეობის მანკიერმა წრემ
10:56 მიგვიყვანა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ კონფლიქტამდე,
10:59 რამაც მილიონობით ადამიანს აიძულა სახლების დატოვება.
11:03 წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც საერთაშორისო პოლიტიკა
11:05 გარკვეულწილად მაინც პროგნოზირებადი იყო.
11:08 ახლა ყოველ ახალ დღეს შეიძლება მოჰყვეს ახალი სიურპრიზები და გამოწვევები.
11:14 ეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა ჩვენთვის, ვინც საერთაშორისო ურთიერთობებით ვართ დაკავებული,
11:18 მაგრამ გლობალური სტაბილურობის თვალსაზრისით, ეს მუდმივი გამოწვევაა.
11:22 ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დოქტორმა ჯაიშანკარმა აღნიშნა,
11:28 და ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოვიყვანო ციტატა:
11:31 „ევროპამ უნდა დაძლიოს ის აზროვნება, რომ ევროპის პრობლემები მსოფლიოს პრობლემებია,
11:36 მაგრამ მსოფლიოს პრობლემები არ არის ევროპის პრობლემები.“ ციტატის დასასრული.
11:42 (აპლოდისმენტები)
11:43 აი, ასე ხდება ხოლმე: გამოდიხარ სიტყვით, აციტირებ სხვას
11:47 და მაშინვე ყველა ტაშს გიკრავს.
11:50 მე მთელი გულით გეთანხმებით, დოქტორო ჯაიშანკარ.
11:56 რაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, არის ის, რომ სამივე მაგალითი, რომელიც ვახსენე —
11:58 უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და სუდანი — და მრავალი სხვა ომი და კონფლიქტი,
12:04 ჩვენი საერთო პრობლემაა. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ მათ გადასაჭრელად.
12:11 ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული ომის შედეგებს უკრაინაში
12:14 სასუქებზე, ნავთობის ფასებზე; იგივეს ვხედავთ, რა თქმა უნდა,
12:21 ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შემთხვევაშიც.
12:27 ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს იმას, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი,
12:30 რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევქმენით, მკვდარია? არა.
12:34 ის ფაქტი, რომ წესები ირღვევა, მთელ სისტემას არ ხდის ბათილად,
12:41 ისევე როგორც ვინმეს სიჩქარის გადაჭარბებაზე დაჭერა
12:44 არ ხდის სიჩქარის შეზღუდვას შეუსაბამოს.
12:48 თუ ჩვენ უარს ვიტყვით საერთაშორისო წესებზე, ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგი ჩამოიშლება,
12:54 მაგრამ ჩვენ ამისგან შორს ვართ.
12:57 არცერთი წინა მსოფლიო წესრიგი არ ყოფილა სრულყოფილი.
13:00 ჩვენ უნდა დავივიწყოთ უტოპიური წესრიგის ილუზია,
13:03 რომელშიც მსოფლიოს 200-ვე ნაციონალური სახელმწიფო
13:06 ჰარმონიაში, მშვიდობასა და მარადიულ სიყვარულში ცხოვრობს.
13:13 ნაცვლად ამისა, უნდა ვეცადოთ გამოვნახოთ გზა, თუ როგორ შევკავოთ ძალაუფლება არასრულყოფილ სამყაროში.
13:19 როცა ვამბობ, რომ უნდა დავივიწყოთ სრულყოფილი წესრიგის ილუზია,
13:22 ალბათ უნდა დავაკონკრეტო: ვგულისხმობ ჩვენ, დასავლეთში.
13:27 ჩვენთვის ეს ცვლილება, რომელსაც ახლა გავდივართ, გარკვეულწილად შოკი იყო.
13:32 ისტორია არ დასრულებულა 1989 წელს, როგორც ბევრი მოელოდა.
13:37 ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვტკბებოდით ფარდობითი მშვიდობითა და სტაბილურობით,
13:42 ფუნქციური გლობალური მიწოდების ჯაჭვებითა და სტაბილური ალიანსებით.
13:45 ზოგჯერ ჩვენი „სპილოს ძვლის კოშკებიდან“ რჩევებსა და კრიტიკას ვუზიარებდით მათ,
13:51 ვინც განსხვავებული რეალობის წინაშე იდგა.
13:54 ახლა ჩვენი „ისტორიისგან შვებულება“ დასრულდა.
13:58 ქადაგებისა და სწავლების ნაცვლად, დროა ჩვენ ვისწავლოთ სხვებისგან.
14:03 და ინდოეთი კარგი საწყისი წერტილი იქნებოდა.
14:06 ინდოეთს ილუზიები არ ჰქონია. თქვენი დამოუკიდებლობის მთელ მანძილზე,
14:11 საგარეო პოლიტიკას ეფუძნებდით პრაგმატულ და რეალისტურ მსოფლმხედველობას.
14:16 თქვენ აჩვენეთ დანარჩენ მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული სიფრთხილე
14:18 და ავტონომიის დაცვა, ამავდროულად მულტილატერალიზმისა და გლობალური თანამშრომლობის მხარდაჭერით.
14:27 დროა, ყველანი გავხდეთ ცოტათი უფრო „ინდოეთი“.
14:31 უწოდებთ ამას მიუმხრობლობას თუ მრავალმხრივ მომხრობას (multi-alignment),
14:36 თქვენ ფრთხილობდით, რომ არ ყოფილიყავით დამოკიდებული მხოლოდ ერთი პარტნიორის ან ბლოკის კეთილ ნებაზე.
14:42 თქვენ მოახდინეთ ინვესტირება საკუთარ უსაფრთხოებაში
14:45 და აქტიურად განავითარეთ პარტნიორობა მრავალი მიმართულებით.
14:49 თქვენს მიდგომას აზრი აქვს.
14:51 თქვენ წარმოადგენთ გლობალური მოსახლეობის 1/5-ს ფინეთთან ერთად...
15:00 და თქვენ ვერ იქნებით უბრალოდ მიმდევარი.
15:03 თქვენ უნდა იყოთ აქტიური და დამოუკიდებელი აქტორი.
15:10 ევროპელებმა ახლა ასევე მიიღეს გაკვეთილი ინდოეთისგან.
15:13 პასიურობა არ არის სტრატეგია. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები,
15:18 თავი ავარიდოთ მავნე დამოკიდებულებებს და გავაძლიეროთ ჩვენი გლობალური პარტნიორობა.
15:24 და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტირება ჩვენს ალიანსებში.
15:27 მართლაც, ფინეთისნაირი ქვეყნისთვის, კოლექტიური უსაფრთხოება, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, აუცილებლობაა.
15:35 ეკონომიკური გავლენა, რომელსაც ევროკავშირი აპროექტებს — სავალდებულოა.
15:38 მიუხედავად იმისა, რომ არ არის ფორმალური ალიანსის წევრი, ინდოეთი არ ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას.
15:44 პირიქით, თქვენი ძალა დაფუძნებულია აქტიურ ჩართულობაზე.
15:49 ამის დროული მაგალითია, რა თქმა უნდა, ევროკავშირი-ინდოეთის სტრატეგიული პარტნიორობა,
15:54 რომელმაც წინ დიდი ნაბიჯები გადადგა ამ წლის დასაწყისში
15:59 ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით
16:02 და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის დაწყებით.
16:04 ვფიქრობ, ეს უზარმაზარი მოვლენა იყო.
16:08 ეს შეთანხმება და სხვა მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმებები,
16:12 რომლებსაც ხელი მოაწერეს როგორც ინდოეთმა, ისე ევროკავშირმა გასულ წელს,
16:15 ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენ კვლავ გვჯერა მულტილატერალური თანამშრომლობის
16:21 და იმ სარგებლის, რომელიც მას მოაქვს.
16:25 ჩვენი შეთანხმება არ არის მხოლოდ „ყველა შეთანხმების დედა“, არამედ სტრატეგიული არჩევანია
16:27 და ჟესტი, რომელიც ხსნის ახალ ეპოქას ჩვენს ურთიერთობაში.
16:33 ერთად, ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას...