Wednesday, March 4, 2026

დინასტიური ვენდეტა: ირანის ტრაგედიის პოლიტიკური და ცივილიზაციური ფესვები

                                             მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435


პაატა შეშელიძე




ირანის თანამედროვე ისტორია ხშირად განიხილება როგორც იდეოლოგიური დაპირისპირება — მონარქიასა და ისლამურ რესპუბლიკას შორის, დასავლურ მოდერნიზაციასა და რელიგიურ თეოკრატიას შორის. თუმცა ამ კონფლიქტის უკან კიდევ ერთი, უფრო ღრმა განზომილება დგას. ეს არის დინასტიური ვენდეტა, სადაც პოლიტიკური რეჟიმები მხოლოდ ზედაპირია, ხოლო კონფლიქტის ენერგიას პიროვნული წყენა, ისტორიული დამცირება და ძალაუფლების მემკვიდრეობითი ამბიცია ამოძრავებს.

ამ კონფლიქტის შედეგად ირანი უკვე თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტია ცხოვრობს სისტემაში, სადაც პოლიტიკური ცვლილებები არ ნიშნავს რეალურ თავისუფლებას, არამედ მხოლოდ ძალაუფლების ცენტრის შეცვლას.

ძალაუფლების ორი მოდელი: განსხვავებული იდეოლოგია, ერთი ლოგიკა

ირანის XX საუკუნის მეორე ნახევრის ორი მთავარი პოლიტიკური პროექტი — მონარქიული მოდერნიზაცია და ისლამური რევოლუცია — ხშირად წარმოდგენილია როგორც ერთმანეთის სრული ანტითეზა. ერთი დასავლურ პროგრესს, ინდუსტრიალიზაციას და სეკულარიზაციას უკავშირდება, მეორე კი რელიგიურ ავტორიტეტს, ტრადიციასა და „ისლამურ ეკონომიკას“.

მაგრამ ძალაუფლების სტრუქტურული ლოგიკა ორივე შემთხვევაში მსგავსია.

შაჰის ეპოქაში სახელმწიფო ცდილობდა ქვეყნის სწრაფ ტრანსფორმაციას ცენტრალური პოლიტიკური ნების მეშვეობით. ეკონომიკური განვითარება წარმოდგენილი იყო როგორც პროექტი, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, მართავს და აფინანსებს. ნავთობის შემოსავლები იქცა ინსტრუმენტად, რომლის საშუალებითაც მონარქია ცდილობდა შეექმნა ინდუსტრიული სახელმწიფო.

ამ მოდელში ეკონომიკური აქტივობა ნაკლებად იყო შედეგი მილიონობით ინდივიდუალური გადაწყვეტილების. ის უფრო მეტად წარმოადგენდა ხელისუფლების სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიზანი იყო სწრაფი ტექნოლოგიური ნახტომი.

ასეთი სისტემები ხშირად ქმნიან სწრაფ ზრდას, მაგრამ ამ ზრდას თან ახლავს დისბალანსი. რესურსების განაწილება ხდება პოლიტიკური პრიორიტეტების მიხედვით, რაც საბოლოოდ წარმოშობს ეკონომიკურ ბუშტებს, ინფლაციას და სოციალურ უკმაყოფილებას.

რევოლუციის შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა. მონარქიის ადგილი დაიკავა თეოკრატიამ. მაგრამ ძალაუფლების პრინციპი კვლავ იგივე დარჩა — ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებები კონცენტრირებული იყო ცენტრალურ ძალაუფლებაში.

სახელმწიფოსთან მჭიდროდ დაკავშირებულმა რელიგიურმა ფონდებმა და სამხედრო-პოლიტიკურმა სტრუქტურებმა ხელში ჩაიგდეს ეკონომიკის დიდი ნაწილი. რესურსების განაწილება უფრო მეტად დამოკიდებული გახდა იდეოლოგიურ ერთგულებაზე, ვიდრე ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.

ამგვარად, ორი თითქოს სრულიად განსხვავებული სისტემა რეალურად წარმოადგენს ძალაუფლების ერთსა და იმავე პრინციპის ორ ვერსიას: ეკონომიკური და სოციალური წესრიგის ცენტრალიზებულ მართვას.

პიროვნული კონფლიქტი, რომელიც ეროვნულ ტრაგედიად იქცა

ირანის პოლიტიკური დრამა მხოლოდ ინსტიტუციური ან იდეოლოგიური კონფლიქტი არ არის. მას აქვს ღრმა პერსონალური საფუძველი.

რევოლუციის ლიდერისთვის მონარქია იყო ძალაუფლება, რომელმაც მას პოლიტიკური დევნა და ემიგრაცია მოუტანა. მონარქიისთვის კი რევოლუცია იყო კატასტროფა, რომელმაც გაანადგურა სახელმწიფო, ოჯახი და პოლიტიკური მემკვიდრეობა.

ამგვარი კონფლიქტები ხშირად არ მთავრდება ერთი თაობის განმავლობაში. ისინი გადადის შვილებზე, რომლებიც საკუთარ თავს ხედავენ როგორც ისტორიული უსამართლობის გამოსწორების ინსტრუმენტს.

შედეგად იქმნება დინასტიური დაპირისპირება, სადაც პოლიტიკური პროექტები ხშირად მხოლოდ სიმბოლოებია უფრო ღრმა ემოციური და ისტორიული ანგარიშსწორებისა.

ეს არის კონფლიქტი ორ „სამეფო კარს“ შორის.

ერთს აქვს რეალური ძალაუფლება სახელმწიფოს ინსტიტუტებზე — სამხედრო, უსაფრთხოების და ეკონომიკურ სტრუქტურებზე. მეორეს აქვს ისტორიული სიმბოლიზმი და ემიგრაციაში არსებული ლეგიტიმაციის პრეტენზია.

ამ დაპირისპირებაში მთავარი მსხვერპლი ხდება საზოგადოება, რომლის ეკონომიკური და სოციალური მომავალი დამოკიდებულია არა ინსტიტუციურ სტაბილურობაზე, არამედ პოლიტიკური ვენდეტის შედეგზე.

შვილების ეპოქა: ვენდეტის გაგრძელება

დღეს ეს ისტორიული დაპირისპირება უკვე მეორე თაობის ხელში გადადის.

ერთ მხარეს დგას რეზა ფეჰლევი — შაჰის ვაჟი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს და საკუთარ თავს ირანის მონარქიული მემკვიდრეობის სიმბოლურ წარმომადგენლად მიიჩნევს. მისი პოლიტიკური რიტორიკა ძირითადად მიმართულია ირანის დემოკრატიზაციისა და დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციისკენ.

მეორე მხარეს დგას მმართველი თეოკრატიული სისტემის ახალი თაობა. უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, პოლიტიკური მემკვიდრეობის გამგრძელებლად აირჩიეს მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც უკვე წლებია მნიშვნელოვან გავლენას ფლობს რევოლუციური ელიტის ნაწილზე.

ამგვარად, ირანის პოლიტიკური ბრძოლა სულ უფრო მეტად ემსგავსება მემკვიდრეობით ძალაუფლების კონფლიქტს — ორ ოჯახს შორის, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პროექტის სახელით აგრძელებენ ისტორიულ ანგარიშსწორებას. 

ამ ეტაპზე, შერიგების პერსპექტივა არ არსებობს.

გეოპოლიტიკური ორიენტაციები: ორი ბანაკი

ამ დინასტიურ დაპირისპირებას მკაფიო გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს.

ირანის მოქმედი ხელისუფლება ბოლო ათწლეულებში სულ უფრო მეტად უახლოვდება ავტორიტარულ სახელმწიფოებს. თეირანი თანამშრომლობს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა მსგავს რეჟიმებთან, რომლებიც დასავლურ პოლიტიკურ წესრიგს უპირისპირდებიან.

რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ირანი რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა. თეირანი მოსკოვს რეალურ სამხედრო მხარდაჭერას უწევს — მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებით.

რეზა ფეჰლევი კი საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს დასავლეთთან კოორდინაციაში აყალიბებს. ის საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მისი მხარდაჭერა ძირითადად სიმბოლური და სიტყვიერია, რადგან მას არ გააჩნია სახელმწიფოებრივი ძალაუფლება.

ამგვარად, ირანის შიდა პოლიტიკური ვენდეტა პარალელურად იქცა გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილად.

თეოკრატიული მონარქია რესპუბლიკის სახელით

ირანის პოლიტიკური სისტემა ოფიციალურად რესპუბლიკად იწოდება, მაგრამ მისი ძალაუფლების არქიტექტურა უფრო მეტად ჰგავს თეოკრატიულ მონარქიას.

უზენაესი ლიდერი ფლობს ძალაუფლებას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერი არჩეული ინსტიტუტის უფლებამოსილებას. პოლიტიკური პროცესის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება არა არჩევნების, არამედ რელიგიურ-პოლიტიკური ელიტის მიერ.

ამგვარ სისტემებში რესპუბლიკური ინსტიტუტები ხშირად მხოლოდ ფორმალური მექანიზმია.

შედეგად იქმნება პარადოქსი: სახელმწიფო, რომელმაც რევოლუციის სახელით დაამხო მონარქია, თავად ქმნის ძალაუფლების სტრუქტურას, რომელიც მემკვიდრეობით ძალაუფლებას სულ უფრო მეტად ემსგავსება.

შეიძლება თუ არა სისტემის ტრანსფორმაცია

არსებული თეოკრატიული სისტემა შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს ან შერბილდეს. ასევე შესაძლებელია, რომ მომავალში ირანში გაჩნდეს უფრო რესპუბლიკური პოლიტიკური მოდელი.

თუმცა ასეთი ტრანსფორმაცია ავტომატურად არ ნიშნავს ძალაუფლების რეალურ დეცენტრალიზაციას.

ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, რომ რეჟიმის ცვლილება ხშირად მხოლოდ ელიტების როტაციას ნიშნავს. პოლიტიკური სისტემა შეიძლება შეიცვალოს ფორმალურად, მაგრამ ძალაუფლების ცენტრალიზებული ლოგიკა კვლავ დარჩეს.

თუ ირანში პოლიტიკური გარდაქმნა კვლავ „ზემოდან“ განხორციელდება, ახალი ციკლის გაგრძელების რისკი რეალური იქნება.

ირანის ტრაგედიის არსი

ირანის მთავარი პრობლემა არ არის მხოლოდ კონკრეტული რეჟიმი ან დინასტია.

ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ არ ჩანს მკაფიო პროექტი, რომელიც ინდივიდის თავისუფლებას და საზოგადოების სპონტანურ განვითარებას დააყენებდა ძალაუფლების ლოგიკაზე წინ. 

დღეს არსებული არჩევანი ისევ ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის გადის.

ერთ მხარეს არის იდეოლოგიური სახელმწიფო, რომელიც უსაფრთხოებისა და რევოლუციური იდენტობის სახელით ამართლებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტროლს.

მეორე მხარეს არის მონარქიული მემკვიდრეობის გარშემო ფორმირებული პოლიტიკური პროექტი, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციას ჰპირდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის ნათელი, რამდენად განსხვავებული იქნება მისი ძალაუფლების მოდელი.

შედეგად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ დადგება რიგითი ადამიანის თავისუფლების მხარეს.

სწორედ ამიტომ ირანის დრამა მხოლოდ ეროვნული პოლიტიკური კრიზისი არ არის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დინასტიური ვენდეტა და ძალაუფლების კონცენტრაცია გადაიქცეს ცივილიზაციურ პრობლემად, რომლის შედეგებს მთელი რეგიონი და საერთაშორისო სისტემა გრძნობს.

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...