მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
პაატა შეშელიძე
არსებობს ორი ტერმინი, რომელთა შინაარსის ტრანსფორმაციამ თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისკურსში სრული ქაოსი გამოიწვია: ლიბერალიზმი და ინფლაცია. სწორედ ამ ორი ცნების ირგვლივ არსებული გაუგებრობები წარმოადგენს იმის მიზეზს, რომ თანამედროვე დისკუსიები ხშირად პარალელურ განზომილებებში მიმდინარე მონოლოგებს ჰგავს – ადამიანები იყენებენ ერთსა და იმავე სიტყვებს, მაგრამ მათში რადიკალურად განსხვავებულ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ შინაარსს დებენ. ამიტომ ენობრივი სიზუსტე მხოლოდ ესთეტიკური საკითხი არ არის; ის აზროვნების ხარისხს განსაზღვრავს. სიტყვები არის კოგნიტური იარაღები, რომლითაც ჩვენ რეალობას ვჭრით და ვაფორმებთ; თუ იარაღი დაჟანგულია ან მრუდე, მიღებული შედეგიც გარდაუვლად დეფორმირებული იქნება.
მაგალითისთვის: თუ ლიბერალიზმს განვსაზღვრავთ როგორც „სოციალურ სამართლიანობას და სახელმწიფო მხარდაჭერას“, გონება გვთავაზობს რეგულაციებსა და რესურსების გადანაწილებას. თუმცა, თუ იმავე ტერმინს დავარქმევთ „ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კერძო საკუთრებას“, აქცენტი მაშინვე სახელმწიფოს მინიმალურ როლზე გადადის. თუ ჩვენ პრობლემას განვსაზღვრავთ როგორც „ფასების ზრდას“, ჩვენი გონება გამოსავლად ფასების კონტროლს ან ბოროტ კაპიტლისტებთან და „სპეკულანტებთან“ ბრძოლას გვთავაზობს. თუმცა, თუ იმავე მოვლენას დავარქმევთ „ფულის მსყიდველობითი უნარის დაცემას“, აქცენტი მაშინვე მონეტარულ პოლიტიკასა და ცენტრალურ ბანკზე გადადის.
ამრიგად, ტერმინი არა მხოლოდ აღწერს მოვლენას, არამედ წინასწარ განსაზღვრავს გამოსავლის ძიების გზასაც. ტერმინოლოგიური არეულობა კი გვაიძულებს ვებრძოლოთ სიმპტომებს და არა მიზეზებს.
I. ლიბერალიზმი: გზა ინდივიდუალური თავისუფლებიდან კოლექტიურ სოციალურ ინჟინერიამდე
1. კლასიკური ტრადიცია
ლუდვიგ ფონ მიზესი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „ლიბერალიზმი: კლასიკური ტრადიციით“ (Liberalism: The Classical Tradition, 1927, ქართული თარგმანი 2020) განმარტავს, რომ ეს არის სოციალური თანამშრომლობის თეორია, რომელიც ეფუძნება კერძო საკუთრებას.
შესაბამისად, კლასიკური გაგებით, ლიბერალიზმი ეფუძნება შვიდ ფუნდამენტურ პრინციპს:
ინდივიდუალური თავისუფლება – ყოველი ადამიანის უფლება, განკარგოს საკუთარი თავი, სხეული და გონება სხვათა მხრიდან იძულების გარეშე. ეს არის ყველა დანარჩენი უფლების საწყისი წერტილი.
კერძო საკუთრება – ლიბერალიზმის ეკონომიკური და სოციალური ბირთვი. საკუთრების გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი არსებობა, რაციონალური ეკონომიკური გათვლა და თავისუფალი არჩევანი.
მშვიდობა – მშვიდობიანი თანაარსებობა და საერთაშორისო შრომის დანაწილება. ლიბერალიზმი უარყოფს ომსა და ძალადობას, როგორც სოციალური თანამშრომლობის საპირისპირო მოვლენებს.
შემწყნარებლობა (ტოლერანტობა) – სხვისი რელიგიური, ფილოსოფიური თუ პოლიტიკური შეხედულებების პატივისცემა. ლიბერალურ საზოგადოებაში იდეებთან ბრძოლა ხდება არგუმენტებით და არა ძალისმიერი აპარატით.
თანასწორობა კანონის წინაშე – სამართლებრივი სისტემა, სადაც არ არსებობს წოდებრივი თუ ჯგუფური პრივილეგიები და კანონი ყველას მიმართ – მათ შორის ხელისუფლების მიმართ – თანაბრად მოქმედებს.
საბაზრო ეკონომიკა და კონკურენცია – თავისუფალი გაცვლა და მეწარმეობა, სადაც მომხმარებლის მოთხოვნა და ფასობრივი სიგნალები განსაზღვრავენ რესურსების ეფექტურ განაწილებას.
სახელმწიფოს მკაცრად შეზღუდული როლი – პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც შემოფარგლულია მხოლოდ სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დაცვის ფუნქციით. ნებისმიერი სხვა ჩარევა განიხილება როგორც თავისუფლების ხელყოფა.
აქ ლიბერალიზმი არის სისტემა, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების ნებაყოფლობითი და ძალდაუტანებელი თანამშრომლობის სპონტანურ საბაზრო პროცესებში.
2. თანამედროვე ტრანსფორმაცია
დღეს, განსაკუთრებით ამერიკულ პოლიტიკაში და მისი გავლენით თითქმის ყველგან, ტერმინი „ლიბერალიზმი“ თითქმის მისი ანტონიმი გახდა. თანამედროვე ლიბერალიზმი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
პოზიტიური თავისუფლება – აქცენტი კეთდება არა მხოლოდ იძულების არარსებობაზე (ნეგატიური თავისუფლება), არამედ იმ „შესაძლებლობებზე“, რომლებსაც სახელმწიფო უნდა უქმნიდეს მოქალაქეს (მაგ. განათლება, ჯანდაცვა), რათა მან რეალურად შეძლოს თვითრეალიზაცია.
სოციალური სამართლიანობა – რესურსების ისეთი გადანაწილება, რომელიც მიზნად ისახავს უთანასწორობის შემცირებას და საზოგადოებრივი სიკეთეების „სამართლიან“ ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის.
კეთილდღეობის სახელმწიფო (Welfare State) – რწმენა, რომ სახელმწიფოს აქვს მორალური პასუხისმგებლობა მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე, რაც გულისხმობს ფართო სუბსიდიების, პენსიებისა და დახმარებების სისტემას.
ეკონომიკური რეგულირება – ბაზრის აქტიური კონტროლი სახელმწიფოს მიერ, რათა „გასწორდეს“ საბაზრო ჩავარდნები, თავიდან იქნას აცილებული მონოპოლიები და დაცული იყოს გარემო თუ შრომითი უფლებები.
პროგრესული დაბეგვრა – საგადასახადო სისტემა, სადაც მაღალი შემოსავლების მქონე პირები იბეგრებიან უფრო მაღალი განაკვეთით, რათა დაფინანსდეს სოციალური პროგრამები და მოხდეს სიმდიდრის გადანაწილება.
სოციალური ინჟინერია – პოლიტიკური და საკანონმდებლო მექანიზმების გამოყენება საზოგადოებრივი ქცევების, კულტურული ნორმებისა და სოციალური სტრუქტურების შესაცვლელად კონკრეტული პროგრესული მიზნების მისაღწევად.
სახელმწიფო აქტივიზმი – სახელმწიფო აღიქმება არა როგორც „აუცილებელი ბოროტება“ (კლასიკური ხედვა), არამედ როგორც მთავარი პოზიტიური ინსტრუმენტი საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად და „საერთო სიკეთის“ შესაქმნელად.
შედეგად, თანამედროვე „ლიბერალი“ ხშირად სწორედ იმ პოლიტიკას ატარებს, რომლისგან დაცვაც კლასიკური ლიბერალიზმის მთავარი მიზანი იყო.
რომ შევაჯამოთ:
- კლასიკური „ლიბერალიზმი“: თავისუფლება = იძულების არარსებობა (ნეგატიური თავისუფლება) → შედეგი: სპონტანური საბაზრო თანამშრომლობა, კერძო საკუთრების აბსოლუტური დაცვა და ინდივიდუალური ავტონომია
- თანამედროვე „ლიბერალიზმი“: თავისუფლება = სახელმწიფოს მიერ შექმნილი „შესაძლებლობები“ (პოზიტიური თავისუფლება) → შედეგი: სოციალური ინჟინერია, რესურსების ცენტრალიზებული გადანაწილება და კოლექტიური იძულება
II. ინფლაცია: მონეტარული აქტი თუ მისი სიმპტომი?
1. კლასიკური გაგება: მიზეზი
ლუდვიგ ფონ მიზესი – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი და ავსტრიული ეკონომიკური სკოლის უდიდესი წარმომადგენელი – თავის ფუნდამენტალურ ნაშრომში „ადამიანური ქმედება“ (Human Action, 1949) განმარტავს, რომ ინფლაცია არის მონეტარული პროცესი და არა მისი შედეგი. მიზესის მიხედვით: „ინფლაცია არის ფულისა და კრედიტის მოცულობის ზრდა, რომელიც არ არის დაბალანსებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის ზრდით“. („Inflation is an increase in the quantity of money and credit that is not matched by an increase in the quantity of goods and services available.“ Human Action, 1949).
თანამედროვე კონტექსტში საუბარია თანამედროვე ე.წ. დეკრეტულ, ფიატ ფულზე – ვალუტაზე, რომელსაც არ გააჩნია ალტერნატიული ღირებულება (ოქროს სტანდარტის მოდელისგან განსხვავებით) და რომლის ემისია, ანუ მიწოდება, მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ცენტრალურ ბანკებზეა დამოკიდებული.
ამ შინაარსით ინფლაციის პროცესის გასააზრებლად სამი ფუნდამენტური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:
ფულის არანეიტრალურობა – ფულის მასის ზრდა არ იწვევს ყველა ფასის ერთდროულ და პროპორციულ ზრდას. ფული არ არის „სითხე“, რომელიც თანაბრად ავსებს ჭურჭელს; ის უფრო ჰგავს წებოვან მასას, რომელიც სისტემაში არათანაბრად ვრცელდება და ცვლის ფარდობით ფასებს.
კანტილიონის ეფექტი – ფულის ახალი მასა ეკონომიკაში შემოდის კონკრეტული წერტილებიდან (სახელმწიფო ხარჯები, საბანკო კრედიტები). ისინი, ვინც პირველები იღებენ ამ ახალ ფულს (სახელმწიფო, მსხვილი ბანკები, პრივილეგირებული კომპანიები), სარგებლობენ მისი მაღალი მსყიდველობითი უნარით მანამ, სანამ ბაზარზე ფასები აიწევს.
ასიმეტრიული და არათანაბარი ცვლილება – სანამ ფული ეკონომიკის ყველა ფენამდე მიაღწევს, ფასები უკვე გაზრდილია. შედეგად, ხდება სიმდიდრის ფარული გადანაწილება მათგან, ვინც ფულს ბოლოს იღებს (დაბალი შემოსავლის მქონე პირები, პენსიონერები), მათკენ, ვინც მას პირველი განკარგავს.
ამ გაგებით, ინფლაცია არის ის, რასაც ცენტრალური ბანკი აკეთებს (ბეჭდავს ფულს), ხოლო ფასების საერთო დონის ზრდა მხოლოდ ამ ქმედების გარდაუვალი, მაგრამ არა ერთადერთი, დროში დაყოვნებული და სოციალურად დამანგრეველი შედეგია.
2. თანამედროვე გაგება: სიმპტომი
დღეს ინფლაცია განიმარტება, როგორც ფასების საერთო დონის ზრდა (CPI – სამომხმარებლო ფასების ინდექსი, HICP – ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსი). ამით ხდება აქცენტის გადატანა სიმპტომზე. როცა ვამბობთ „ინფლაცია გვაქვს“, ჩვენ აღვწერთ ფაქტს (ფასები გაიზარდა), მაგრამ ვმალავთ მის წყაროს (მონეტარული გაფართოება). ამ სიმპტომური მიდგომის გასააზრებლად სამი ასპექტი უნდა გამოვყოთ:
სტატისტიკური ილუზია (CPI/HICP) – ინფლაცია იზომება „სამომხმარებლო კალათის“ მეშვეობით, რომელიც სუბიექტურად არის შედგენილი და, როგორც წესი, მეთოდოლოგიურად მოძველებულია. ის ხშირად არ მოიცავს აქტივების ფასებს (აქციები, უძრავი ქონება, ძვირფასი ქვები და ლითონები, კრიტიკული მინირალები და ა.შ.), სადაც მონეტარული გაფართოება პირველ რიგში ვლინდება. შედეგად, ოფიციალური სტატისტიკა ხშირად აჩვენებს დაბალ ინფლაციას მაშინ, როცა ცხოვრების რეალური ღირებულება კატასტროფულად იზრდება.
მიზეზების აღრევა (ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია) – ფასების ზრდას ხშირად აბრალებენ გარეგან ფაქტორებს: ნავთობის ფასს, ომს, მიწოდების ჯაჭვების რღვევას ან „ხარბ კორპორაციებს“. ეს მიდგომა უგულებელყოფს იმას, რომ ფასების საერთო დონე ვერ გაიზრდება, თუ სისტემაში არ დაემატა ახალი ფული; წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი პროდუქტის გაძვირება სხვაზე მოთხოვნის და ფასის კლებას, ან ბაზრიდან საერთოდ გაქრობას გამოიწვევდა.
პასუხისმგებლობის დიფუზია – როცა ინფლაცია განისაზღვრება როგორც სიმპტომი (ფასების ზრდა), ის აღიქმება როგორც ბუნებრივი მოვლენა, სტიქიური უბედურება, რომელსაც „უნდა ვებრძოლოთ“. ეს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ერთადერთ ინსტიტუტს, რომელსაც ფულის ემისიაზე მონოპოლია აქვს – ცენტრალურ ბანკს.
ამრიგად, თანამედროვე გაგება ფოკუსირებულია შედეგზე, რაც პრობლემის ნამდვილ წყაროს უხილავს ხდის.
რომ შევაჯამოთ:
- კლასიკური გაგება (მონეტარული ინფლაცია): მიზეზი = ფულის მასისა და კრედიტის ზრდა (ფიატური ემისია) → შედეგი: Cantillon-ის ეფექტი, მცდარი ინვესტიციები (malinvestment) და სიმდიდრის ფარული გადანაწილება
- თანამედროვე გაგება (ფასების ინფლაცია): სიმპტომი = ფასების საერთო დონის ზრდა (CPI/HICP) → შედეგი: პასუხისმგებლობის დიფუზია, „სპეკულანტებთან ბრძოლა“ და ნამდვილი მიზეზის (ცენტრალური ბანკის პოლიტიკის) უგულებელყოფა
III. რატომ არის დეფინიციების დაზუსტება კრიტიკული?
როდესაც ტერმინოლოგია ბუნდოვანია, ადვილია მცდარი ლოგიკური ჯაჭვების აგება. განვიხილოთ ორივე ტერმინის შემთხვევა:
1. ლიბერალიზმი: თავისუფლების აღრევა იძულებასთან
თუ ლიბერალიზმს განვსაზღვრავთ თანამედროვე სოციალური გაგებით, როგორც „სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უზრუნველყოფას“, მივდივართ დასკვნამდე, რომ თავისუფლების ხარისხი დამოკიდებულია მთავრობის ბიუჯეტისა და სოციალური პროგრამების მოცულობაზე.
აქ ხდება ფუნდამენტური შეცდომა: ნეგატიური და პოზიტიური თავისუფლების აღრევა.
კლასიკური ლიბერალიზმისთვის თავისუფლება არის ნეგატიური უფლება – ეს არის გარეშე პირთა მხრიდან ძალადობრივი ჩარევის არარსებობა. მაგალითად: არა კაც-ჰკლა, არ იმრუშო, არ იპარო, არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა, არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ლუდვიგ ფონ მიზესი ხაზს უსვამდა, რომ ლიბერალიზმი არის სოციალური თანამშრომლობის სისტემა, რომელიც მხოლოდ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პირობებშია შესაძლებელი. როდესაც თავისუფლება განისაზღვრება, როგორც სახელმწიფოს მიერ ბოძებულ „პოზიტიურ შესაძლებლობებს“, მაშინ:
ნადგურება საკუთრების უფლება: რადგან სახელმწიფოს მიერ გაცემული ყოველი „პოზიტიური სიკეთე“ მოითხოვს სხვა ინდივიდების საკუთრების იძულებით ჩამორთმევას (გადასახადები, მოსაკრებლები). ერთი ჯგუფის „უფლება“ სახელმწიფო დახმარებაზე, გარდაუვლად ნიშნავს მეორე ჯგუფის საკუთრების უფლების ხელყოფას.
ინდივიდუალურ ავტონომიას ენაცვლება ბიუროკრატიული მეურვეობა: თავისუფლება აღარ ნიშნავს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებელ მართვასა და ნებაყოფლობით შეთანხმებებს, არამედ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული „სერვისების“ პასიურ მიღებას. ამ დროს ინდივიდი სუბიექტიდან ობიექტად იქცევა.
შედეგად, ლიბერალიზმის სახელით შენდება ზუსტად ის პატერნალისტური და ეტატისტური სისტემა, რომლის წინააღმდეგაც ლიბერალიზმი თავდაპირველად იბრძოდა. ტერმინის შინაარსის ჩანაცვლება ინტელექტუალურ მახეს გვიგებს: ადამიანები მხარს უჭერენ იძულებას მხოლოდ იმიტომ, რომ მას მომხიბვლელი „ლიბერალური“ იარლიყი აქვს მიწებებული.
2. ინფლაცია: დაზიანებული გზამკვლევი
თუ ინფლაციას განვსაზღვრავთ როგორც უბრალოდ „ფასების ზრდას“, შეიძლება მივიდეთ აბსურდულ დასკვნამდე, რომ ის „სასარგებლოა“, რადგან ფასის ზრდა მიანიშნებს დეფიციტზე, კაპიტალს მომგებიან სექტორში მიმართავს და ასტიმულირებს პროგრესს.
მაგრამ აქ ხდება ფუნდამენტური შეცდომა: ფასების, როგორც გზამკვლევის, ფუნქციის არასწორი გაგება.
თავისუფალ ბაზარზე ფასები ასრულებენ სიგნალის (ნიშნის) ფუნქციას. ისინი არიან ეკონომიკის ნერვული სისტემა, რომელიც მეწარმეებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება მომხმარებელს და სად არის რესურსები ყველაზე მწირი. ლუდვიგ ფონ მიზესი ხაზს უსვამდა, რომ: „ფასების სისტემა არის გზამკვლევი, რომელიც მეწარმეებს მიანიშნებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ წარმოების ფაქტორები ისე, რომ საზოგადოების მოთხოვნები საუკეთესოდ დაკმაყოფილდეს.“ (Human Action, 1949)
როდესაც ფასი იზრდება კონკრეტულ სექტორში (მაგალითად, ტექნოლოგიებში), ეს არის ჯანსაღი საბაზრო სიგნალი – ის მეწარმეებს ეუბნება: „აქ მეტი რესურსია საჭირო, აქ არის პროგრესის შესაძლებლობა“.
თუმცა, თუ ინფლაცია განვმარტავთ, რორც ფულის ჭარბ ბეჭდვას, ეს ფასების გზამკვლევის ფუნქციას აზიანებს. ის არ არის საბაზრო სიგნალი; ის არის „ხმაური“, რომელიც ფარავს რეალურ საბაზრო სიგნალებს. როცა სისტემა ახალი ფულით ივსება, ფასები იწყებს ზრდას ყველგან, მაგრამ არა ერთდროულად. ეს ქმნის ილუზიას, თითქოს კონკრეტულ სექტორში მოთხოვნა გაიზარდა, მაშინ როცა სინამდვილეში მხოლოდ ფული გაუფასურდა.
შედეგად:
მეწარმეები ტყუვდებიან: ისინი იწყებენ ინვესტირებას იქ, სადაც რეალური მოთხოვნა არ არსებობს. ამას მიზესი უწოდებდა Malinvestment-ს (მცდარი ინვესტირება).
რესურსების გაფლანგვა: პროგრესის ნაცვლად, ვიღებთ კაპიტალის არაეფექტურ ხარჯვას სექტორებში, რომლებიც მხოლოდ ინფლაციური ბუმის დროს ჩანან მომგებიანად.
ეკონომიკური კომპასის დაკარგვა: ტერმინოლოგიური აღრევა ქმნის ილუზიას, თითქოს ფულის ბეჭდვა აუცილებელია ზრდისთვის, მაშინ როცა ის სინამდვილეში აფუჭებს იმ ერთადერთ ინსტრუმენტს (ფასებს), რომელიც რეალურ ზრდას მართავს.
პროგრესს ქმნის რეალური დანაზოგები და ინოვაცია, ხოლო ინფლაცია ამ პროგრესის ილუზიას ყიდის მისი ფუნდამენტის განადგურების ხარჯზე.
IV. დისკუსიის კრიზისი და სემანტიკური ჩიხი
როდესაც ტერმინი ორ ურთიერთგამომრიცხავ მნიშვნელობას ატარებს, დისკუსია წყვეტს არგუმენტების გაცვლას და გადადის პარალელურ რეალობებში. ამ გაორების შედეგები დამანგრეველია:
თეორიული სიზუსტის დაკარგვა: მეცნიერული ანალიზი ემოციურ სლოგანებად იქცევა. როდესაც ვსაუბრობთ „ლიბერალიზმზე“, ერთი მხარე გულისხმობს თავისუფლებას, მეორე კი – პრივილეგიებს. შედეგად, შეთანხმება შეუძლებელია.
მიზეზისა და შედეგის აღრევა: სიმპტომს (ფასების ზრდას) ვმკურნალობთ, როგორც დაავადებას, მაშინ როცა დაავადება (მონეტარული გაფართოება) უყურადღებოდ რჩება. ეს ჰგავს სიცხის დამწევის მიღებას მაშინ, როცა ორგანიზმში ინფექცია მძვინვარებს.
კონსტრუქციული დებატის სიკვდილი: კლასიკური ლიბერალი და თანამედროვე „ლიბერალი“ კამათობენ, როგორც ერთი ტრადიციის წარმომადგენლები, მაშინ როცა მათი ხედვები სახელმწიფოს როლზე რადიკალურად განსხვავებულია. ერთი ითხოვს სახელმწიფოს მინიმუმამდე დაყვანას, მეორე – მის მაქსიმალურ ექსპანსიას.
ეს სემანტიკური ქაოსი ხელს აძლევს მხოლოდ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც ბუნდოვანებით სარგებლობენ, რათა იძულებას „პროგრესული“ მიდგომა დაარქვან, ხოლო ძარცვას – „ეკონომიკური სტიმულირება“.
V. გამოსავალი: ტერმინოლოგიური გამიჯვნა
მიუხედავად იმისა, რომ სასურველია ამ ტერმინების დაბრუნება მათ პირვანდელ, კლასიკურ მნიშვნელობებთან, დღევანდელ რეალობაში ამის სწრაფი მიღწევა თითქმის შეუძლებელია, დომინანტური კლიშეების გამო. ამიტომ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ამ ეტაპზე აუცილებელია მკაფიო დიფერენციაცია პრეფიქსების საშუალებით და თანდათან ტერმინოლოგიური გაუგებრობის აღმოფხვრა.
ინტელექტუალური პატიოსნება მოითხოვს შემდეგ გადაწყვეტას:
ლიბერალიზმის შემთხვევაში:
გამოვიყენოთ ტერმინი „კლასიკური ლიბერალიზმი“, როდესაც ვსაუბრობთ კერძო საკუთრებაზე, თავისუფალ ბაზარსა და ნეგატიურ თავისუფლებაზე.
გამოვიყენოთ ტერმინი „სოციალური ლიბერალიზმი“, როდესაც საუბარია სახელმწიფოს აქტიურ სოციალურ როლზე, გადანაწილებასა და პოზიტიურ თავისუფლებაზე.
ინფლაციის შემთხვევაში:
გამოვიყენოთ ტერმინი „მონეტარული ინფლაცია“, როდესაც ვსაუბრობთ ფულის მასის ზრდაზე, როგორც მიზეზზე.
გამოვიყენოთ ტერმინი „ფასების ინფლაცია“, როდესაც ვგულისხმობთ მხოლოდ ფასების საერთო დონის ზრდას, როგორც სიმპტომს.
ამ გზით ჩვენ აღვადგენთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კომპასს. როდესაც დისკუსიის მონაწილეები წინასწარ შეთანხმდებიან ტერმინების შინაარსზე, „პარალელური მონოლოგები“ დასრულდება და დაიწყება რეალური დებატი პრობლემების არსზე.
VI. პრაქტიკული ანალიზი: ქართული რეალობა
ზემოთ განხილული თეორიული დისკურსი საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება და მას არა აკადემიური, არამედ სრულიად რეალური, ყოფითი ზიანი მოაქვს. ჩვენი საზოგადოებრივი სივრცე დღეს სწორედ ამ ტერმინოლოგიურ ნისლშია მოქცეული:
ლიბერალიზმის ქართული პარადოქსი: საქართველოში „ლიბერალიზმი“ ხშირად ექსკლუზიურად ასოცირდება ლგბტ პროპაგანდასთან, „გენდერულ იდეოლოგიასთან“ ან ანტიეკლესიურობასთან. პოპულარულ კლიშეებში ლიბერალი არის „უღმერთო“, „ტრადიციების მტერი“ და „გარედან მართული აგენტი“, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული იდენტობის განადგურებას. ამ სემანტიკური ხმაურის ფონზე, კლასიკური ლიბერალიზმის ბირთვი – ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი ბაზარი – სრულიად იკარგება. უფრო მეტიც, ეკონომიკური თავისუფლების იდეები ხშირად უარყოფითი კონოტაციით, „ნეოლიბერალიზმად“ იწოდება, რაც საზოგადოებას უბიძგებს გაურბოდეს იმ ერთადერთ გზას, რომელიც მის ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს. შედეგად, „ლიბერალიზმი“ ქართულ დისკურსში იქცა არა თავისუფლების ფილოსოფიად, არამედ კულტურული ომის იარაღად.
ინფლაცია და პასუხისმგებლობის დიფუზია: როდესაც მაღაზიებში პროდუქტი ძვირდება, პოლიტიკოსები ამას „გლობალურ ფაქტორებს“, რეგიონულ კონფლიქტებს ან „ხარბ ბიზნესმენებს და გაიძვერა სპეკულანტებს“ აბრალებენ. ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა პოლიტ-ბიუროკრატიული კომისიების შექმნა, რომლებიც ფასების ზრდის მექანიზმებს „სწავლობენ“. ნაცვლად იმისა, რომ პასუხი მოსთხოვონ საქართველოს ეროვნულ ბანკს – ინსტიტუტს, რომლის კონსტიტუციური მანდატი სწორედ ფასების სტაბილურობის დაცვაა – საჯარო რესურსი და ენერგია სიმპტომების კვლევაზე იხარჯება. ამით პოლიტიკური ელიტა წარმატებით მალავს რეალურ მიზეზს: ეროვნული ბანკის მიერ ლარის მასის ხელოვნურ გაფართოებას. ქართველი მომხმარებელი კი ებრძვის სიმპტომს (ფასებს) და ვერ ხედავს მიზეზს (მონეტარულ პოლიტიკას), რითაც პასუხისმგებელი პირები ლარის მსყიდველობითი უნარის განადგურებაზე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.
ამ ორი ტერმინოლოგიური დამახინჯების გამო საქართველოში დღესაც ვეძებთ გამოსავალს იქ, სადაც პრობლემა საერთოდ არ არის.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, ტერმინების შინაარსის დაზუსტება საქართველოში აღარ არის მხოლოდ ინტელექტუალური თავდაცვის მექანიზმი – ის წარმოადგენს სახელმწიფოებრივი განვითარებისა და ეკონომიკური თავისუფლების აუცილებელ პირობას. სანამ ჩვენს ენობრივ ინსტრუმენტებს არ გავწმენდთ პოლიტიკური და ბიუროკრატიული ნალექისგან, დავრჩებით ურთიერთგაუგებრობისა და მცდარი პოლიტიკის ტყვეობაში.
ტერმინოლოგიური სიცხადე მოგვცემს შემდეგ ფუნდამენტურ შედეგებს:
- ლიბერალიზმის დაზუსტება დააბრუნებს თავისუფლების იდეას მის ნამდვილ საფუძველთან – ინდივიდუალურ ავტონომიასა და კერძო საკუთრებაზე.
- ზოგადად: გაათავისუფლებს თავისუფლების იდეას სახელმწიფო მეურვეობისგან და ინდივიდს დაუბრუნებს საკუთარი ცხოვრების მართვის უფლებას.
- საქართველოში: საშუალებას მოგვცემს გავმიჯნოთ ეკონომიკური თავისუფლება კულტურული კლიშეებისგან, დავასრულოთ საზოგადოების ხელოვნური გაყოფა და ფოკუსი გადავიტანოთ იმაზე, რაც რეალურად ქმნის ეროვნულ დოვლათს.
- ინფლაციის დაზუსტება აღადგენს პასუხისმგებლობასა და ეკონომიკურ კომპასს.
- ზოგადად: აღდგება ფასების, როგორც გზამკვლევის, ფუნქცია და შეწყდება რესურსების გაფლანგვა (malinvestment).
- საქართველოში: როდესაც ინფლაციას დავარქმევთ „ეროვნული ბანკის მიერ ფულის გაუფასურებას“, პოლიტიკოსები აღარ შეძლებენ პასუხისმგებლობის გადატანას მეორეხარისხოვან კომისიებზე.
მხოლოდ მაშინ, როცა სიტყვებს დავუბრუნებთ მათ ნამდვილ მნიშვნელობას, შევძლებთ დავინახოთ რეალობა ტერმინოლოგიური ნისლის გარეშე. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველომ ააშენოს ჭეშმარიტად თავისუფალი, აყვავებული და პასუხისმგებლიანი საზოგადოება.