პაატა შეშელიძე
1. ბიუროკრატიული პარაზიტიზმი და პოლიტიკური მოსყიდვა
ნებართვის მოპოვების საფასური და პროცედურა სხვა არაფერია, თუ არა დამატებითი გადასახადი შრომაზე.
ბიუროკრატიის თვითრეპროდუქცია: ეს თანხები პირდაპირ მიემართება ახალი, პარაზიტული მარეგულირებელი აპარატის (დასაქმების მაკონტროლებელი ორგანოს) შენახვაზე. სახელმწიფო ბიზნესის ფულით ყიდულობს ათასობით ჩინოვნიკის ლოიალობას, რომელთა ერთადერთი ფუნქცია სხვისი საქმიანობის შეფერხებაა.
ქრთამის აღების შესაძლებლობების გაზრდა: რაც უფრო ბუნდოვანი და რთულია კანონმდებლობა, მით მეტია ბიუროკრატის "დისკრეციული უფლებამოსილება", რაც პირდაპირ ზრდის ქრთამის აღების შანსს. "დაჩქარებული მომსახურების" არაოფიციალური ტარიფები ხდება გამდიდრების ძირითადი ინსტრუმენტი. როდესაც მხოლოდ ერთ ჩინოვნიკს აქვს წვდომა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, კორუფციული რისკი მაქსიმალურია. პირადი კონტაქტები ნებართვების გაცემისას ქმნის ნოყიერ ნიადაგს უკანონო გარიგებებისთვის
რესურსების გაფლანგვა: ნაცვლად იმისა, რომ კაპიტალი ინვესტიციებში, ტექნოლოგიებსა და ხელფასებში წავიდეს, ის ამოიქაჩება ეკონომიკიდან იმ ადამიანების შესანახად, რომლებიც დოვლათს არ ქმნიან და არც სხვა აცლიან.
2. „რუსული მოდელი“ – ტოტალური კონტროლის გაფართოება
მიუხედავად რიტორიკისა, ეს რეგულაცია თავისი არსით ავტორიტარული მოდელის ანალოგია, სადაც სახელმწიფო მიზანმიმართულად ქმნის ბარიერებს, რათა ყველა „დამოკიდებულების ყულფში“ გააბას.
იძულებითი არალეგალურობა: რთული ბიუროკრატია აიძულებს შრომის მსურველთა ნაწილს, გადავიდეს „ჩრდილში“. ეს კი სახელმწიფოს აძლევს შანტაჟის ბერკეტს — ნებისმიერ დროს შეუძლია „აღმოაჩინოს“ დარღვევა და დასაჯოს ურჩი ბიზნესმენი. ამით იქმნება გარემო, სადაც "კანონიერად მუშაობა" თითქმის შეუძლებელია, რაც ყველას პოტენციურ დამნაშავედ აქცევს.
პოლიტიკური მართვის იარაღი: როდესაც სახელმწიფო წყვეტს, ვის აქვს მუშაობის უფლება, ის ეკონომიკურ საქმიანობას პოლიტიკური მორჩილების ინსტრუმენტად აქცევს. ნებართვა ხდება არა უფლება, არამედ "წყალობა", რომელიც მხოლოდ ერთგულების სანაცვლოდ გაიცემა.
შერჩევითი სამართალი: სისტემა, სადაც წესები ყველასთვის თანაბრად არ სრულდება, საშუალებას აძლევს ბიუროკრატიას "საკუთარ" ბიზნესებს გზა გაუხსნას, ხოლო ოპონენტები ადმინისტრაციული წნეხით გაანადგუროს.
3. „ევროპული“ სტაგნაციის კოპირება
არგუმენტი „ევროპაშიც მასეა“ მანიპულაციურია და აიგნორირებს რეალობას:
შეცდომების ტირაჟირება: ევროპაში მართლაც არსებობს რთული სამუშაო ვიზები, ნებართვები, ლიცენზიები და საბანკო ანგარიშების გახსნის შემზღუდველი ბიუროკრატია, რაც მათი ეკონომიკური შენელების მთავარი მიზეზია. ამ შეცდომების კოპირება ნიშნავს მუდმივ სიღარიბეში დარჩენას, რადგან ევროპამ სიმდიდრე მაშინ დააგროვა, როდესაც მისი ბაზრები თავისუფალი იყო.
ბარიერი განვითარებისთვის: განვითარებადი ქვეყნისთვის ბიზნესის შებოჭვა ბიუროკრატიით, რომელსაც მდიდარი ქვეყნებიც კი ვერ უძლებენ, ეკონომიკური თვითმკვლელობაა. ეს არის "კიბის გადაგდება" მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ასვლას ცდილობ.
ფსევდო-სტანდარტიზაცია: ხშირად ევროპული რეგულაციების გადმოტანა ხდება არა ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ ადგილობრივი ბიუროკრატებისთვის ახალი საკონტროლო ბერკეტების მისაცემად.
4. შეტევა კერძო საკუთრებასა და კონტრაქტზე
დამსაქმებლის უფლება – თავად აირჩიოს თანამშრომელი – კერძო საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის განუყოფელი ნაწილია.
სახელმწიფო, როგორც „ზე-დამსაქმებელი“: როდესაც სახელმწიფო სააგენტო მიგითითებთ, რომ „ჯერ ადგილობრივი კადრი უნდა გასინჯოთ“, ის ფაქტობრივად გართმევთ თქვენი საკუთრებისა და ფინანსური რესურსების განკარგვის უფლებას. ეს არის უხეში ჩარევა ბიზნესის ავტონომიაში.
მომხმარებლის დასჯა: კურიერების, ტაქსის მძღოლებისა და გიდების სექტორში უცხოელების აკრძალვა (ნულოვანი კვოტები) პირდაპირ ურტყამს მომხმარებელს. მიწოდების შემცირება იწვევს ხარისხის დაცემას და ფასების ზრდას. კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა ყოველთვის მოქალაქეების ჯიბეზე აისახება.
კონტრაქტის თავისუფლების ხელყოფა: როდესაც სახელმწიფო სცილდება უსაფრთხოების სტანდარტების დადგენას და იწყებს იმის განსაზღვრას, თუ ვინ ვისთან უნდა დადოს შრომითი ხელშეკრულება, ირღვევა თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტური პრინციპი.
დასკვნა და მოთხოვნა
ეს კანონი არ ემსახურება „ადგილობრივი ინტერესების დაცვას“. ეს არის ნაბიჯი ჩაკეტილი ეკონომიკისკენ, სადაც ჩინოვნიკი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეწარმე. ქრთამის აღების შესაძლებლობების ზრდა პირდაპირპროპორციულია ბიუროკრატიული აპარატის გაუმჭვირვალობისა.
ამიტომ საპირისპირო პოზიცია მკაფიოა:
გაუქმდეს 2026 წლის 1-ლი მარტის რეგულაციები: ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი, რომელიც ზღუდავს შრომის ბაზარს, უნდა იქნას აღკვეთილი.
დაბრუნდეს კონტრაქტის თავისუფლება: ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში კანონიერად იმყოფება, უნდა ჰქონდეს უფლება იმუშაოს ყოველგვარი დამატებითი „ნებართვის“ გარეშე, იქ სადაც შესაძლებლობას დაინახავს.
დერეგულაცია: გაუქმდეს ის სააგენტოები, რომლებიც მხოლოდ ბიზნესის კონტროლითა და ბიუროკრატიული რენტის ამოღებით არიან დაკავებულნი.
შრომის ბაზრის კონტროლი ნიშნავს ეკონომიკურ თვითდაზიანებას. კეთილდღეობა კი მოდის თავისუფლებიდან და არა სახელმწიფო ნებართვებიდან!
