Monday, September 7, 2026

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ნაციონალ-პატერნალისტური პლატფორმის პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიზი

პაატა შეშელიძე




„ალტერნატივა გერმანიისთვის“ – Alternative für Deutschland, AfD – ძნელად თავსდება ტრადიციულ მარცხენა–მარჯვენა დაყოფაში. მისი „მემარჯვენედ“, მით უმეტეს, „რადიკალურ მემარჯვენედ“ მოხსენიება პარტიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბუნებას სრულად ვერ ხსნის. ასეთი კლასიფიკაცია, როგორც წესი, ეფუძნება ნაციონალიზმს, მიგრაციისადმი დამოკიდებულებას, კულტურულ კონსერვატიზმსა და ანტიელიტურ რიტორიკას და არა სახელმწიფოს ეკონომიკური ძალაუფლებისადმი დამოკიდებულებას.

AfD არ მოითხოვს კერძო საკუთრების გაუქმებას, წარმოების ნაციონალიზაციას ან ცენტრალური ეკონომიკური დაგეგმვის შემოღებას. იგი ხშირად ემხრობა გადასახადების, რეგულაციების, კლიმატური სუბსიდიებისა და ევროკავშირის ბიუროკრატიული გავლენის შემცირებას. ამავე დროს, პარტია არ გვთავაზობს კეთილდღეობის სახელმწიფოს არსებით შემცირებას. პირიქით, მას სურს მისი შენარჩუნება და გარკვეული მიმართულებებით გაფართოება, ოღონდ დახმარებების, პრივილეგიებისა და სახელმწიფო რესურსების ეროვნული, დემოგრაფიული და ოჯახური პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებით.

ამიტომ პარტიის ყველაზე ზუსტი განსაზღვრებაა:

AfD არის ნაციონალ-პატერნალისტური პარტია, რომელიც ფართო სოციალურ სახელმწიფოს ინარჩუნებს, ნაწილობრივ აფართოებს და ეროვნულ, დემოგრაფიულ და ოჯახურ მიზნებს უქვემდებარებს; ამასთან, ეკონომიკის ზოგ სფეროში შერჩევით საბაზრო რეფორმებს ემხრობა.

მისი პროგრამა შეიძლება განისაზღვროს, როგორც კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ინტერვენციონიზმი ეროვნული რიტორიკით. საკუთრება და საბაზრო გაცვლა ფორმალურად რჩება, მაგრამ ხელისუფლებას ენიჭება მნიშვნელოვანი როლი იმაში, თუ რომელი ჯგუფი, ცხოვრების წესი, ოჯახური მოდელი, ტექნოლოგია ან ეკონომიკური საქმიანობა წახალისდება.

AfD-ის პლატფორმის კიდევ ერთი განმსაზღვრელი ნიშანია გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების სურვილი რუსეთთან და ჩინეთთან. პარტია ამას იდეოლოგიურ მოკავშირეობად კი არა, „რეალურ პოლიტიკად“ და გერმანიის ეროვნული ინტერესების დაცვად წარმოაჩენს: რუსეთთან სანქციების გაუქმება, ენერგეტიკული (ნორდ სთრიმი) და სავაჭრო კავშირების აღდგენა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის გაფართოება სურს; ჩინეთთან კი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას, „ახალი აბრეშუმის გზის“ შესაძლებლობების გამოყენებასა და BRICS-ის ქვეყნებთან თანამშრომლობას უჭერს მხარს. თუმცა ამ კურსს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ახლავს: პარტია დასავლურ ინსტიტუტებზე დამოკიდებულების შემცირებას ეროვნული სუვერენიტეტით ამართლებს, მაგრამ სათანადოდ არ ხსნის, რატომ იქნება რუსეთსა და ჩინეთზე გაზრდილი ეკონომიკური და ტექნოლოგიური დამოკიდებულება გერმანიისთვის უფრო უსაფრთხო, ამ ქვყნების ტოტალიტარული ხასიათიდან გამომდინარე.

AfD-ის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გერმანული პოლიტიკური ტრადიციისთვის ახალი არ არის. გერმანულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობა ათწლეულების განმავლობაში განიხილებოდა როგორც იაფი ენერგიის, სამრეწველო ზრდისა და მშვიდობის საფუძველი. ამ კურსის უშუალო განმახორციელებლები იყვნენ ჯერ გერჰარდ შრიოდერი, რომლის მმართველობისას შეთანხმდა Nord Stream 1, შემდეგ კი ანგელა მერკელი, რომელმაც ყირიმის ანექსიის შემდეგაც მხარი დაუჭირა Nord Stream 2-ს. ამ პოლიტიკამ გერმანული წარმოება იაფ რუსულ გაზზე ააწყო, მაგრამ პარალელურად გაზარდა რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება, დაასუსტა ევროპის აღმოსავლელი წევრების უსაფრთხოება და მოსკოვს ენერგეტიკული კავშირების პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობა მისცა. ამდენად, AfD ახალ მიმართულებას კი არ ქმნის, არამედ უკვე გამოცდილი და მძიმე შედეგების მქონე გერმანულ-რუსული კოოპერაციის აღდგენას გვთავაზობს.

ანალიზი ძირითადად ეფუძნება AfD-ის 2025 წლის ფედერალურ საარჩევნო პროგრამას.

შეფასების საფუძველი

პარტიის პროგრამის გასაანალიზებლად საკმარისი არ არის იმის გარკვევა, მისი დაპირებები სასიამოვნოდ ჟღერს თუ არა. საჭიროა რამდენიმე განსხვავებული საკითხის შეფასება:

  • შეესაბამება თუ არა შეთავაზებული საშუალება გაცხადებულ მიზანს;
  • შესაძლებელია თუ არა ყველა დაპირების ერთდროულად შესრულება;
  • ითვალისწინებს თუ არა პროგრამა ადამიანთა რეალურ სტიმულებს;
  • შეუძლია თუ არა პოლიტიკურ ხელისუფლებას საჭირო ცოდნის მოპოვება;
  • ვრცელდება თუ არა ზოგადი წესი თანაბრად;
  • ხომ არ ქმნის სახელმწიფო პრივილეგიას კონკრეტული ჯგუფისთვის;
  • ვინ იხდის თითოეული დაპირების ფასს;
  • რა შესაძლებლობას კარგავს საზოგადოება რესურსის ერთი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენების გამო;
  • ხომ არ გამოიწვევს პოლიტიკა გაცხადებული მიზნის საპირისპირო შედეგს.

ამ კრიტერიუმებით AfD-ის პროგრამაში გვხვდება როგორც თანმიმდევრული რეფორმები, ისე სერიოზული შიდა წინააღმდეგობები.

სახელმწიფოს როლი

AfD-ის თავისებურება ის არ არის, რომ იგი სახელმწიფოს საზღვრის დაცვას, მიგრაციის წესების დადგენას, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკას აკისრებს. არსებული სახელმწიფოებრივი სისტემის ფარგლებში ეს ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი ფუნქციებია.

პარტიის ნაციონალ-პატერნალისტური ბუნება სხვაგან ვლინდება: იგი არ ცდილობს სახელმწიფოს მხოლოდ უსაფრთხოების, მართლმსაჯულებისა და ზოგადი წესების დაცვის ფუნქციებამდე შემცირებას. AfD-ს სურს, სახელმწიფო კვლავ აქტიურად:

  • აფინანსებდეს საპენსიო და სოციალურ სისტემებს;
  • ახალისებდეს შობადობას;
  • სუბსიდირებდეს ბავშვის სახლში აღზრდას;
  • ანიჭებდეს უპირატესობას კონკრეტულ ოჯახურ მოდელს;
  • განასხვავებდეს სოციალური სისტემის ბენეფიციარებს მოქალაქეობის, სტატუსისა და წინასწარი შენატანების მიხედვით;
  • შეარჩევდეს სასურველ ენერგეტიკულ მიმართულებებს;
  • იცავდეს ადგილობრივ წარმოებას;
  • განსაზღვრავდეს კულტურულ და საგანმანათლებლო პრიორიტეტებს.

ამრიგად, AfD-ის პროგრამა არ გულისხმობს „ნაკლებ სახელმწიფოს ყველასთვის“. იგი უფრო ზუსტად შეიძლება დახასიათდეს როგორც:

ფართო სოციალური სახელმწიფოს ეროვნული რეორიენტაცია.

სოციალ-დემოკრატიული ან მწვანე პარტიები სახელმწიფოს რესურსებს თანასწორობის, ეკოლოგიური გარდაქმნის ან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდაჭერისთვის იყენებენ. AfD იმავე ძირითად მექანიზმს — გადასახადებს, დახმარებებს, შეღავათებსა და რეგულაციებს – ეროვნული, დემოგრაფიული და კულტურული პრიორიტეტების დასამკვიდრებლად იყენებს.

იცვლება სახელმწიფოს მიზანი და ბენეფიციართა შემადგენლობა, მაგრამ არა რესურსების პოლიტიკური განაწილების ძირითადი პრინციპი.

გადასახადები და ეკონომიკური რეგულაციები

AfD-ის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული ნაწილი გადასახადების შემცირება და საგადასახადო სისტემის გამარტივებაა. პარტია მოითხოვს:

  • საშემოსავლო გადასახადის შემცირებას;
  • დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდას;
  • საგადასახადო ზღვრების ინფლაციასთან ინდექსირებას;
  • „სოლიდარობის გადასახადის“ გაუქმებას;
  • კორპორაციული დაბეგვრის შემცირებას;
  • დანაზოგისა და საინვესტიციო შემოსავლებისათვის უკეთესი პირობების შექმნას;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ზოგიერთი გადასახადის გაუქმებას;
  • საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივებას;
  • ბიზნესის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას.

ამ ზომებს შეუძლია გაზარდოს:

  • დასაქმების სტიმული;
  • ინვესტიციის მოცულობა;
  • კაპიტალის დაგროვება;
  • გერმანიაში წარმოების შენარჩუნების შესაძლებლობა;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობა;
  • ადამიანის თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი შემოსავლის გამოყენება.

განსაკუთრებით საფუძვლიანია ფარული საგადასახადო ზრდის პრობლემა. ინფლაციის პირობებში ნომინალური შემოსავლის ზრდა ადამიანს უფრო მაღალ საგადასახადო განაკვეთში გადაიყვანს, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეალური მსყიდველობითი უნარი შეიძლება საერთოდ არ გაზრდილა. საგადასახადო ზღვრების ავტომატური ინდექსირება ამას ნაწილობრივ მაინც ზღუდავს.

მაგრამ გადასახადების შემცირება AfD-ის მთელ ფისკალურ პროგრამასთან უნდა შეფასდეს. პარტია ერთდროულად გვპირდება:

  • უფრო მაღალ პენსიებს;
  • ახალშობილებისთვის 20,000 ევროს ოდენობის სახელმწიფო პრემიას;
  • ბავშვის სახლში აღზრდის დაფინანსებას;
  • ოჯახებისთვის შეღავათიან კრედიტებს;
  • შინ მოხუცთა მოვლის უფრო მაღალ ანაზღაურებას;
  • დამატებით საცხოვრებელ დახმარებას;
  • ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს;
  • საზღვრის დაცვისა და დეპორტაციის სისტემის გაფართოებას;
  • სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას.

დაბალი გადასახადები და მაღალი სახელმწიფო დანახარჯები ერთდროულად მხოლოდ შეზღუდულ პირობებშია შესაძლებელი. საჭიროა ან სხვა ხარჯების უფრო მკვეთრი შემცირება, ან ეკონომიკური ზრდის შედეგად საგადასახადო ბაზის საკმარისად გაფართოება, ან ვალის ზრდა.

AfD ხარჯების შემცირებას ევროკავშირის დაფინანსებაში, განვითარების დახმარებაში, კლიმატურ პროგრამებში, თავშესაფრის სისტემაში, სახელმწიფო მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებაში ეძებს. მაგრამ მისი პროგრამა სრულად არ აჩვენებს, რომ ეს დანაზოგი ყველა ახალ სოციალურ და თავდაცვით ვალდებულებას დააფინანსებს.

აქედან გამომდინარე, AfD-ის საგადასახადო რეფორმები ეკონომიკურად ძირითადად თანმიმდევრულია, მაგრამ მთლიან ფისკალურ პროგრამას სანდო რაოდენობრივი შეჯერება აკლია.

კეთილდღეობის სახელმწიფო

AfD სოციალური სახელმწიფოს გაუქმებას არ გეგმავს. მას სურს მისი გადაკეთება ისე, რომ სოციალური სარგებელი მეტად დაუკავშირდეს:

  • მოქალაქეობას;
  • კანონიერ სტატუსს;
  • დასაქმებას;
  • წინასწარ შეტანილ სადაზღვევო თანხებს;
  • ოჯახის შექმნასა და შვილების ყოლას;
  • სახელმწიფოს მიერ სასურველად მიჩნეულ ქცევას.

პარტია მართებულად ამახვილებს ყურადღებას სოციალური დახმარების მიერ შექმნილ არასწორ სტიმულებზე. თუ დასაქმების დაწყებისას ადამიანი დახმარების დიდ ნაწილს კარგავს და გადასახადების გადახდა ეწყება, დამატებითი შრომის წმინდა სარგებელი მცირე ხდება. ასეთ სისტემაში უმუშევრობა შეიძლება ადამიანის უპიროვნო ნაკლოვანების კი არა, თავად წესების მოსალოდნელი შედეგი იყოს.

ასევე საფუძვლიანია განსხვავება სოციალურ დაზღვევასა და გადასახადებიდან დაფინანსებულ დახმარებას შორის. თუ ადამიანი წლების განმავლობაში იხდის საპენსიო, სამედიცინო ან უმუშევრობის დაზღვევის შენატანებს, მისი მოთხოვნა გამომუშავებულ სადაზღვევო უფლებას ეფუძნება. ეს განსხვავდება უპირობო ტრანსფერისგან, რომელსაც წინასწარი შენატანი არ ახლავს.

მაგრამ AfD სოციალური გადანაწილების პრინციპს არ უარყოფს. იგი მხოლოდ ცვლის ბენეფიციარებს. ნაკლები დახმარება უნდა მიიღონ იმ ჯგუფებმა, რომლებიც პარტიას პრიორიტეტულად არ მიაჩნია, ხოლო მეტი — გერმანელმა ოჯახებმა, მშობლებმა, პენსიონერებმა და შინ მომვლელებმა.

ამიტომ მისი პოლიტიკა არის არა კეთილდღეობის სახელმწიფოს დემონტაჟი, არამედ ეროვნულად და დემოგრაფიულად შერჩევითი კეთილდღეობის სახელმწიფო.

შრომის ბაზარი და სტიმულები

AfD-ს სურს:

  • შრომა სოციალურ დახმარებაზე მეტად მომგებიანი გახადოს;
  • უმუშევრობის დაზღვევის უფლება უფრო მჭიდროდ დაუკავშიროს წინასწარ შენატანებს;
  • ხანგრძლივი დახმარების მიმღებებმა საზოგადოებრივ სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა;
  • პენსიონერებს დამატებითი მუშაობისთვის საგადასახადო შეღავათი მიეცეთ;
  • ადამიანები უფრო ადრე ჩაერთონ შრომით საქმიანობაში;
  • შემცირდეს ნახევარგანაკვეთიანი დასაქმება.

ამ ზომების ნაწილი დასაქმების ზრდასთან თავსებადია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადასახადებისა და სოციალური დახმარების ისეთი შეჯერება, რომელიც დასაქმებულს დამატებითი შრომისთვის არ სჯის.

თუმცა პარტია ამავე დროს გვთავაზობს:

  • ბავშვის პირველი სამი წლის განმავლობაში სახლში მოვლის დაფინანსებას;
  • შინ მოხუცთა მოვლის უფრო მაღალ ანაზღაურებას;
  • ოჯახის ერთი შემოსავლით ცხოვრების ხელშეწყობას.

ეს პოლიტიკა ოჯახს არჩევანის დამატებით შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ამავე დროს შეუძლია:

  • შეამციროს სამუშაო ძალის მიწოდება;
  • გაზარდოს ნახევარგანაკვეთიანი დასაქმება;
  • გაამწვავოს კვალიფიციური კადრების დეფიციტი;
  • შეამციროს სოციალური შენატანების გადამხდელთა რაოდენობა;
  • გაზარდოს დარჩენილ დასაქმებულებზე ფისკალური ტვირთი.

ამრიგად, AfD ერთდროულად ახალისებს მეტ დასაქმებასა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დროებით გასვლას შრომის ბაზრიდან. ეს მიზნები სრულად შეთავსებული არ არის.

პენსიები და დემოგრაფია

AfD პენსიის პრობლემას დიდწილად დემოგრაფიულ საკითხად განიხილავს. მისი ლოგიკა ასეთია: მეტი დაბადებული ბავშვი მომავალში ნიშნავს მეტ დასაქმებულს, გადასახადის გადამხდელსა და საპენსიო სისტემის დამფინანსებელს.

ეს კავშირი ნაწილობრივ რეალურია, მაგრამ მისი გამოყენება მიმდინარე საპენსიო პრობლემის გადასაწყვეტად არასაკმარისია:

  • დღეს დაბადებული ბავშვი შრომის ბაზარზე დაახლოებით ოცი წლის შემდეგ შევა;
  • მანამდე მის აღზრდასა და განათლებას კერძო და სახელმწიფო რესურსები სჭირდება;
  • უცნობია, მომავალში სად იცხოვრებს და იმუშავებს;
  • შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს მისი შემოსავალი და საპენსიო შენატანი;
  • ბავშვის დაბადება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მომავალი გადასახადის გადამხდელის შექმნად.

AfD-ის მიერ დაგროვებითი და კერძო საპენსიო დანაზოგების მხარდაჭერა უფრო მყარ მიმართულებას წარმოადგენს. ის პენსიას ნაწილობრივ რეალურად დაგროვებულ კაპიტალს უკავშირებს და მომავალ თაობაზე პოლიტიკური მოთხოვნის მოცულობას ამცირებს.

მაგრამ პენსიის მნიშვნელოვანი ზრდის დაპირება, გადასახადების შემცირება და შობადობის სუბსიდირება მოკლევადიანად ერთმანეთს ვერ აფინანსებს. დემოგრაფიული შედეგი, თუნდაც წარმატებული აღმოჩნდეს, მიმდინარე საბიუჯეტო დეფიციტს ვერ შეავსებს.

მიგრაცია და საზღვრის კონტროლი

AfD-ის საიმიგრაციო პოლიტიკის განხილვისას აუცილებელია რამდენიმე ჯგუფის ერთმანეთისგან გამიჯვნა:

  • ევროკავშირის მოქალაქეები;
  • ლეგალური შრომითი მიგრანტები;
  • თავშესაფრის მაძიებლები;
  • აღიარებული ლტოლვილები;
  • დროებითი დაცვის მქონე პირები;
  • უარყოფილი განმცხადებლები;
  • ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში დარჩენის უფლების გარეშე იმყოფებიან;
  • უცხოელი მძიმე დამნაშავეები და უსაფრთხოებისათვის საშიში პირები.

პარტიის ოფიციალურ პროგრამაში „რემიგრაცია“ უპირველესად გულისხმობს იმ ადამიანების დაბრუნებას, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის სამართლებრივი უფლება არ აქვთ, ასევე უცხოელი მძიმე დამნაშავეების, ექსტრემისტებისა და უსაფრთხოებისათვის საშიში პირების გაძევების გამარტივებას.

AfD ამბობს, რომ:

  • გერმანიამ თავად უნდა აკონტროლოს საზღვრები;
  • პირი, რომელსაც ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს, საზღვარზევე უნდა დაბრუნდეს;
  • საბოლოო უარის შემდეგ დეპორტაცია რეალურად უნდა აღსრულდეს;
  • დაცვის სტატუსი უნდა დასრულდეს, როდესაც მისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს;
  • უნდა გაიზარდოს ნებაყოფლობითი დაბრუნების სტიმული;
  • თავშესაფრის განაცხადები შეძლებისდაგვარად გერმანიის გარეთ უნდა განიხილებოდეს.

საზღვრის კონტროლი თავისთავად პატერნალიზმი არ არის. არსებული პოლიტიკური სისტემის პირობებში სახელმწიფოს ფუნქციაა ქვეყანაში შესვლის წესების განსაზღვრა, საზღვრის დაცვა, თავშესაფრის განაცხადების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულება.

თუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით ადამიანს დარჩენის უფლება არ აქვს, კანონის აღსრულება თავისუფლების ან სამართლებრივი სახელმწიფოს უარყოფას თავისთავად არ ნიშნავს. პირიქით, სახელმწიფო, რომელიც წესს ადგენს, მაგრამ მის აღსრულებას ვერ ახერხებს, მთლიან სამართლებრივ წესრიგს ასუსტებს.

თუმცა AfD მხოლოდ მოქმედი კანონის უკეთ აღსრულებას არ ითხოვს. მას ასევე სურს:

  • თავშესაფრის ინდივიდუალური უფლების შეზღუდვა;
  • საერთაშორისო შეთანხმებების გადახედვა;
  • დაცვის საფუძვლების რეგულარული შემოწმება;
  • ოჯახის გაერთიანების უფლების შემცირება;
  • უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიის გაფართოება;
  • თავშესაფრის მაძიებელთა მუშაობის შეზღუდვა;
  • აღიარების შემდეგ სოციალური სისტემის ყველა სიკეთეზე ავტომატური წვდომის გაუქმება.

აქ გადამწყვეტია ინდივიდუალური განხილვის, სასამართლო კონტროლისა და წინასწარ ცნობილი სამართლებრივი წესების შენარჩუნება. წარმოშობის ქვეყანა ან ჯგუფური კუთვნილება კონკრეტული ადამიანის მდგომარეობას სრულად ვერ განსაზღვრავს.

ლეგალური მიგრაცია

AfD ყველა ლეგალურ მიგრაციას არ ეწინააღმდეგება. იგი აცხადებს, რომ გერმანიას შეუძლია მიიღოს კვალიფიციური მუშაკები, რომლებიც:

  • შრომის ბაზარზე მოთხოვნად ცოდნას ფლობენ;
  • ეკონომიკურად თვითუზრუნველყოფილნი იქნებიან;
  • მომავალში სოციალურ დახმარებაზე ხანგრძლივად დამოკიდებულნი არ გახდებიან.

ევროკავშირის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების გაუქმება ფედერალურ პროგრამაში არ წერია. პირიქით, AfD პირდაპირ აცხადებს, რომ საზღვრის კონტროლმა ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილება არ უნდა გააუქმოს.

ევროკავშირის გარედან მომავალთათვის კი პარტია უფრო მკაცრ შერჩევას ითვალისწინებს. ლეგალური იმიგრაცია უნდა შეიზღუდოს კვალიფიციურ მუშაკებზე, თანაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც გერმანიის „შიდა პოტენციალი“ იქნება გამოყენებული.

ამ მიდგომას ცოდნის პრობლემა აქვს. ცენტრალურ უწყებას არ შეუძლია ზუსტად იცოდეს:

  • სად არის რეალური სამუშაო ძალის დეფიციტი;
  • რომელ უნარზე გაჩნდება მოთხოვნა მომავალში;
  • კონკრეტული მუშაკი რამდენ ღირებულებას შექმნის;
  • რომელი ადამიანი გახდება მომავალში სოციალური დახმარების მიმღები;
  • რა ხელფასად ღირს კონკრეტული უნარის გერმანიაში მოზიდვა.

ამ ინფორმაციას ყველაზე უშუალოდ ავლენს დამსაქმებლის მზადყოფნა, საკუთარი რესურსით დაიქირაოს პირი და გადაუხადოს ხელფასი.

სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს უსაფრთხოების, სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თვითუზრუნველყოფის ზოგადი პირობები, მაგრამ კონკრეტული ეკონომიკური საჭიროებების ცენტრალიზებულმა შერჩევამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • კადრების დეფიციტის გაღრმავება;
  • მომსახურების გაძვირება;
  • ინვესტიციების სხვა ქვეყნებში გადატანა;
  • საპენსიო და ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების გაუარესება;
  • არალეგალური მიგრაციისთვის დამატებითი სტიმულის შექმნა.

ამრიგად, არალეგალური შესვლის შეჩერება და ლეგალური შრომითი მიგრაციის შეზღუდვა ერთი და იგივე პოლიტიკა არ არის. პირველი სამართლებრივი წესრიგის აღდგენას შეიძლება ემსახურებოდეს; მეორემ კი, თუ ზედმეტად ცენტრალიზებული გახდა, ეკონომიკური პრობლემა გაამწვავოს.

უცხოელები და სოციალური სისტემა

AfD ყველა ლეგალური უცხოელის სოციალური სისტემიდან გათიშვას არ მოითხოვს.

საჭიროა განსხვავება:

  1. შენატანებზე დაფუძნებულ სოციალურ დაზღვევასა და
  2. გადასახადებიდან დაფინანსებულ სოციალურ დახმარებას შორის.

თუ უცხოელი კანონიერად მუშაობს და საპენსიო, სამედიცინო ან უმუშევრობის დაზღვევის შენატანს იხდის, AfD-ის ფედერალურ პროგრამაში მისი ამ უფლებების საყოველთაო ჩამორთმევა არ წერია.

პარტიას განსაკუთრებით სურს გადასახადებიდან დაფინანსებული დახმარების შეზღუდვა მათთვის, ვინც:

  • თავშესაფრის განხილვის პროცესშია;
  • უარყოფილი განაცხადის შემდეგ ქვეყნიდან გასვლას ექვემდებარება;
  • გერმანიაში დროებითი დაცვის საფუძველზე იმყოფება;
  • სოციალური სისტემის ყველა სიკეთეზე წვდომას მნიშვნელოვანი წინასწარი შენატანის გარეშე იღებს.

პროგრამის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელმა დახმარება შეძლებისდაგვარად ნატურით ან სპეციალური ბარათით უნდა მიიღოს; ქვეყნიდან გასაყვანი პირის დახმარება კი ღირსეული არსებობის მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ასევე, თავშესაფრის აღიარება ავტომატურად აღარ უნდა ნიშნავდეს სოციალური სახელმწიფოს ყველა სიკეთეზე დაუყოვნებელ და უვადო წვდომას.

შენატანისა და სარგებლის დაკავშირება ეკონომიკურად დასაბუთებულია. მაგრამ სამართლიანი ზოგადი წესი მოითხოვს, რომ ერთი და იმავე მოცულობის შენატანი ერთსა და იმავე სადაზღვევო უფლებას წარმოშობდეს. თუ კანონიერად დასაქმებულ უცხოელს მის მიერ გადახდილი შენატანის შესაბამისი უფლება მხოლოდ მოქალაქეობის გამო ჩამოერთმევა, ეს უკვე საკუთრებისა და სახელშეკრულებო წესის დარღვევა იქნება.

AfD-ის ოფიციალური პროგრამა ამ ზღვარს მთლიანად არ კვეთს, თუმცა მოქალაქეობისა და ეროვნული კუთვნილებისადმი მისი ზოგადი მიდგომა ამ მიმართულებით მუდმივ პოლიტიკურ დაძაბულობას ქმნის.

ევროკავშირი და თავისუფალი ვაჭრობა

AfD ევროკავშირის დღევანდელი ფორმის გარდაქმნას მოითხოვს. მისი მიზანია „ევროპელ ერთა კავშირის“ შექმნა – სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება, რომელიც მხოლოდ საერთო ინტერესების სფეროებში ითანამშრომლებს.

პარტია ამგვარი კავშირის მთავარ ამოცანებად ასახელებს:

  1. საერთო ბაზარს;
  2. გარე საზღვრების დაცვას;
  3. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას;
  4. ევროპული კულტურებისა და ეროვნული იდენტობების შენარჩუნებას.

ამრიგად, AfD-ის გაცხადებული მიზანი ეკონომიკური იზოლაცია, თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება ან ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა არ არის. მას სურს პოლიტიკური ცენტრალიზაციის შემცირება და საერთო ბაზრის შენარჩუნება.

ეს ორი მიზანი პრინციპულად თავსებადია. თავისუფალი ვაჭრობის არსებობა არ მოითხოვს ერთიან ევროპულ სახელმწიფოს, ერთიან საგადასახადო პოლიტიკას ან ცხოვრების ყველა სფეროს ცენტრალიზებულ რეგულირებას.

მაგრამ პრაქტიკული პრობლემა მაინც არსებობს. ერთიანი ბაზარი მხოლოდ საბაჟო ტარიფების არარსებობა არ არის. იგი ასევე მოიცავს:

  • საქონლის სტანდარტების ურთიერთაღიარებას;
  • მომსახურების საზღვარგარეთ მიწოდების წესებს;
  • კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას;
  • ადამიანების გადაადგილებას;
  • კონკურენციის საერთო წესებს;
  • კონტრაქტებისა და დავების გადაწყვეტის სანდო სისტემას;
  • შეთანხმებების აღსრულების საერთო მექანიზმს.

AfD საკმარისად არ განმარტავს, როგორ შეინარჩუნებს ევროკავშირის საერთო ბაზრის ყველა სარგებელს იმ ინსტიტუტებისა და საერთო წესების მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფის შემდეგ, რომლებიც ამ ბაზრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

ეს შეუძლებელი არ არის: თავისუფალი ვაჭრობა შესაძლებელია ევროკავშირის პოლიტიკური ცენტრალიზაციის გარეშეც. მაგრამ ახალი წესრიგი სხვა ქვეყნების თანხმობას მოითხოვს. გერმანიას არ შეუძლია ცალმხრივად გადაწყვიტოს, რომ ევროკავშირის საერთო წესების დიდ ნაწილს აღარ შეასრულებს, თუმცა ბაზარზე წვდომის ძველ პირობებს სრულად შეინარჩუნებს.

ამიტომ AfD-ის მიზანი — თავისუფალი ვაჭრობა ნაკლები ცენტრალიზაციით — ეკონომიკურად შესაძლებელი და დასაცავია, მაგრამ მის პროგრამაში გადასვლის სანდო ინსტიტუციური გეგმა არასაკმარისადაა დამუშავებული. გარდამავალმა გაურკვევლობამ შეიძლება დააზიანოს სწორედ გერმანული წარმოება და ექსპორტი, რომლის გაძლიერებაც პარტიას სურს.

ევრო და ფულადი პოლიტიკა

AfD თავდაპირველად სწორედ ევროს კრიტიკის გარშემო შეიქმნა. პარტიის ძირითადი პრეტენზიებია:

  • წევრი სახელმწიფოების ფისკალური პასუხისმგებლობის შესუსტება;
  • ვალების პირდაპირი ან ირიბი გაზიარება;
  • ფასების სტაბილურობის დარღვევა;
  • დანაზოგების რეალური ღირებულების შემცირება;
  • განსხვავებული ეკონომიკებისთვის ერთიანი საპროცენტო პოლიტიკის გამოყენება;
  • გერმანიისათვის სხვა ქვეყნების ფისკალური რისკების გადაბარება.

ეს პრობლემები რეალურია. თუ მთავრობა ფიქრობს, რომ მისი ვალის საბოლოო ტვირთის ნაწილი სხვა ქვეყნებს, საერთო ფონდს ან ცენტრალურ ბანკს გადაეცემა, მას დამატებითი ვალის აღების მეტი სტიმული უჩნდება.

მაგრამ ეროვნული ვალუტის დაბრუნება თავისთავად მყარ ფულს არ უზრუნველყოფს. ეროვნული ცენტრალური ბანკიც შეიძლება:

  • აფინანსებდეს ბიუჯეტის დეფიციტს;
  • ზედმეტად ზრდიდეს ფულის მიწოდებას;
  • ხელოვნურად ამცირებდეს საპროცენტო განაკვეთს;
  • პოლიტიკური მიზნებით აუფასურებდეს ვალუტას.

ამიტომ ძირითადი კითხვა მხოლოდ „ევრო თუ ეროვნული ვალუტა“ არ არის. საჭიროა გარკვევა:

  • რა შეზღუდავს ფულის გამომშვები ორგანოს დისკრეციას;
  • ვინ აგებს პასუხს ფულის გაუფასურებაზე;
  • ექნებათ თუ არა ადამიანებს ალტერნატიული ვალუტის გამოყენების თავისუფლება;
  • დაშვებული იქნება თუ არა ფულადი კონკურენცია;
  • როგორ შესრულდება არსებული ევროდენომინირებული კონტრაქტები და ვალდებულებები.

AfD ევროს სისტემის პრობლემებს საკმაოდ მკაფიოდ აღწერს, მაგრამ უსაფრთხო ალტერნატიული სისტემის სრულ პროექტს ვერ გვთავაზობს.

ენერგეტიკა და კლიმატური პოლიტიკა

AfD-ის გაცხადებული მიზანია იაფი, საიმედო და კონკურენტული ენერგიის აღდგენა. იგი მოითხოვს:

  • ბირთვული ენერგიის დაბრუნებას;
  • ქვანახშირის სადგურების მუშაობის გაგრძელებას;
  • CO₂-ის გადასახადებისა და სხვადასხვა კლიმატური მოსაკრებლის გაუქმებას;
  • ენერგეტიკული აკრძალვების შემცირებას;
  • რუსული გაზის მიწოდების აღდგენას;
  • ქარისა და მზის ენერგიის სუბსიდირებული გაფართოების შეჩერებას;
  • გათბობისა და ავტომობილების ტექნოლოგიების სავალდებულო პოლიტიკური შერჩევის გაუქმებას.

პარტია მართებულად მიუთითებს, რომ თუ ერთი ტექნოლოგია კონკურენტს სუბსიდიის, აკრძალვის ან დამატებითი გადასახადის საშუალებით ამარცხებს, შედეგი თავისუფალი კონკურენციით მიღებული არ არის.

კლიმატური პოლიტიკის რეალური ფასი მხოლოდ ბიუჯეტიდან გაცემული სუბსიდია არ არის. მასში შედის:

  • მომხმარებლისთვის გაძვირებული ენერგია;
  • დაკარგული ინვესტიცია;
  • სხვა ქვეყანაში გადატანილი წარმოება;
  • შემცირებული რეალური ხელფასი;
  • ნაკლებად საიმედო ენერგომომარაგება;
  • ის პროდუქტი და მომსახურება, რომელიც გაზრდილი ხარჯის გამო აღარ შეიქმნა.

ბირთვული ენერგიის პოლიტიკური აკრძალვის გადახედვა და ენერგეტიკული კონკურენციის აღდგენა AfD-ის გაცხადებულ მიზნებთან თავსებადია.

თუმცა პარტია ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს ბოლომდე თავადაც არ იცავს. ქარისა და მზის ახალი პროექტების ზოგადი პოლიტიკური შეზღუდვა იმავე ტიპის ჩარევაა, რომელსაც AfD სხვა ტექნოლოგიების წინააღმდეგ აკრიტიკებს.

თუ ენერგეტიკული პროექტი:

  • კერძო მიწაზე ხორციელდება;
  • საკუთარ ეკონომიკურ ხარჯს თავად ფარავს;
  • მესაკუთრეთა უფლებებს არ არღვევს;
  • მომხმარებელს კონკურენტულ ფასს სთავაზობს,

მისი აკრძალვა ტექნოლოგიური თავისუფლების პრინციპთან შეუთავსებელია.

სწორი მიდგომა ერთი პოლიტიკური ფავორიტის მეორით ჩანაცვლება კი არა, ყველა ენერგიის წყაროს მიმართ სუბსიდიებისა და დისკრიმინაციული შეზღუდვების შემცირება იქნებოდა.

რუსული გაზი და ენერგეტიკული უსაფრთხოება

რუსული გაზის მიწოდების აღდგენამ შეიძლება მოკლევადიანად ენერგიის ფასი შეამციროს. მაგრამ ერთი კონკრეტული მიმწოდებლის ან მარშრუტის პოლიტიკური პრივილეგირება ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება.

დაბალ მიმდინარე ფასში შეიძლება არ ჩანდეს:

  • პოლიტიკური ზეწოლის რისკი;
  • მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტის საფრთხე;
  • მომავალში მომწოდებლის მიერ ფასის გაზრდის შესაძლებლობა;
  • ალტერნატიული ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის ხარჯი.

ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უკეთ უზრუნველყოფს:

  • მომწოდებლების მრავალფეროვნება;
  • კონკურენტული კონტრაქტები;
  • რამდენიმე სატრანსპორტო მარშრუტი;
  • ტექნოლოგიური მრავალფეროვნება;
  • კერძო მხარეების მიერ ფასისა და რისკის ერთობლივი შეფასება.

რუსული გაზი შეიძლება ამ სისტემის ერთ-ერთი ნაწილი იყოს, მაგრამ მისი პოლიტიკური პრიორიტეტი „დამოუკიდებლობას“ არ უდრის.

მრეწველობა და ეკონომიკური სუვერენიტეტი

AfD გერმანიის დეინდუსტრიალიზაციის შეჩერებას ცდილობს. ამისთვის სთავაზობს:

  • დაბალ გადასახადებს;
  • იაფ ენერგიას;
  • ნაკლებ რეგულაციას;
  • მშენებლობისა და წარმოების ნებართვების დაჩქარებას;
  • ინფრასტრუქტურის განახლებას;
  • გერმანიაში წარმოების დაბრუნებას;
  • სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირებას.

დაბალი გადასახადები, იაფი ენერგია, რეგულაციების შემცირება და სამართლებრივი სტაბილურობა გაცხადებულ მიზანთან თანმიმდევრულია. ისინი ყველა მეწარმისათვის ზოგად პირობებს აუმჯობესებს და ხელისუფლებისგან გამარჯვებულის წინასწარ არჩევას არ მოითხოვს.

პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავად წყვეტს:

  • რომელი დარგია „სტრატეგიული“;
  • რომელი პროდუქტი აუცილებლად გერმანიაში უნდა იწარმოებოდეს;
  • რომელი იმპორტია არასასურველი;
  • რომელი მიმწოდებელია პოლიტიკურად მისაღები;
  • რომელი კომპანია იმსახურებს დაცვას ან დახმარებას.

ცენტრალურ ორგანოს არ აქვს სრული ცოდნა მომხმარებელთა ცვალებადი სურვილების, ტექნოლოგიური განვითარების, წარმოების ალტერნატიული ხარჯებისა და მილიონობით კონკრეტული ხელშეკრულების შესახებ.

ადგილობრივი წარმოების პოლიტიკური დაცვა ხშირად იწვევს:

  • მომხმარებლისთვის ფასის ზრდას;
  • არაეფექტიანი საწარმოს ხელოვნურად შენარჩუნებას;
  • რესურსების წარმატებული დარგებიდან პოლიტიკურად პრივილეგირებულ დარგებში გადატანას;
  • კონკურენციის შემცირებას;
  • უცხო ქვეყნების საპასუხო შეზღუდვებს;
  • გერმანული ექსპორტის დაზიანებას.

თუ მიზანია გერმანიის ეკონომიკური გაძლიერება, ყველასთვის უკეთესი ზოგადი პირობები უფრო საიმედოა, ვიდრე ხელისუფლების მიერ შედგენილი ეროვნული საწარმოო პრიორიტეტები.

საცხოვრებელი პოლიტიკა

AfD ეწინააღმდეგება ქირის ზედა ზღვარსა და ფასების ადმინისტრაციულ კონტროლს. ეს ეკონომიკურად თანმიმდევრული პოზიციაა.

ქირის ხელოვნურად შემცირებული მაქსიმალური ფასი:

  • ამცირებს ახალი საცხოვრებლის აშენების სტიმულს;
  • ამცირებს არსებული ბინების მოვლის სტიმულს;
  • ზრდის დეფიციტს;
  • წარმოშობს ფარულ გადახდებსა და ნაცნობობით განაწილებას;
  • უპირატესობას ანიჭებს მათ, ვინც კონტროლირებად ბინაში უკვე ცხოვრობს;
  • აზარალებს ახალ მცხოვრებსა და ახალგაზრდას, რომელიც საცხოვრებელს პირველად ეძებს.

პარტია ასევე მოითხოვს მშენებლობის რეგულაციების შემცირებას, საკუთრების შეძენასთან დაკავშირებული ზოგიერთი გადასახადის გაუქმებასა და სახელმწიფო საცხოვრებლის ნაწილის მცხოვრებლებზე მიყიდვას. ამან შეიძლება გაზარდოს როგორც საცხოვრებლის მიწოდება, ისე მესაკუთრეთა რაოდენობა.

მაგრამ პროგრამაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის საცხოვრებლისა და მიწის განაწილებისას უპირატესობის მინიჭებაც ჩანს. ეს საერთო საბაზრო წესს ეწინააღმდეგება. საცხოვრებლის დეფიციტი უკეთ გვარდება მეტი მშენებლობით და არა არსებული ქონების სტატუსის ან ეროვნული კუთვნილების მიხედვით ადმინისტრაციული განაწილებით.

ოჯახი და დემოგრაფიული პატერნალიზმი

AfD მამას, დედასა და შვილებს სასურველ ოჯახურ მოდელად აცხადებს და მის სახელმწიფოებრივ წახალისებას გეგმავს. პარტიის პოლიტიკა მოიცავს:

  • ბავშვზე საგადასახადო შეღავათებს;
  • დაბადების პრემიას;
  • ოჯახის შექმნისთვის შეღავათიან კრედიტს;
  • ბავშვის სახლში აღზრდის დაფინანსებას;
  • შინ მოვლის ფინანსურ მხარდაჭერას;
  • მრავალშვილიანი ოჯახების განსაკუთრებულ წახალისებას.

ადამიანს ან კერძო გაერთიანებას შეუძლია ტრადიციული ოჯახი კულტურულად საუკეთესოდ მიაჩნდეს. მაგრამ კერძო შეფასებიდან ავტომატურად არ გამომდინარეობს, რომ სხვა ადამიანებმა გადასახადებით სწორედ ეს არჩევანი უნდა დააფინანსონ.

სახელმწიფო დახმარება არჩევანის რეალურ ფასს ცვლის: ერთი ცხოვრების წესი სუბსიდირდება, ხოლო მისი დამფინანსებელი სხვა არჩევანის მქონე ადამიანი ხდება. ამიტომ ეს უბრალოდ ოჯახის დაცვა არ არის; ეს დემოგრაფიული და კულტურული ქცევის პოლიტიკური მართვაა.

Alice Weidel-ის პირადი ცხოვრება ამ წინააღმდეგობას განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის. იგი ქალი პარტნიორთან ერთად ორ შვილს ზრდის, მაშინ როდესაც პარტიის ოფიციალურ პროგრამაში ოჯახი მამის, დედისა და შვილების ერთობადაა წარმოდგენილი.

ლიდერის პირადი ცხოვრება პარტიის პროგრამას თავისთავად არ აუქმებს. ადამიანი შეიძლება პოლიტიკურად ახალისებდეს მოდელს, რომლითაც თავად არ ცხოვრობს. მაგრამ ჩნდება საფუძვლიანი კითხვა: თუ სხვა ტიპის ოჯახური ერთობა საკმარისად სრულფასოვანია პარტიის ლიდერისა და მისი შვილებისთვის, რატომ უნდა მიანიჭოს სახელმწიფომ მხოლოდ ერთ მოდელს განსაკუთრებული უპირატესობა?

AfD ზრდასრულთა კერძო ჰომოსექსუალური ურთიერთობის აკრძალვას არ მოითხოვს. მისი პოზიცია უფრო მეტად გულისხმობს ტრადიციული ოჯახის დემოგრაფიულ პრივილეგირებას და გენდერული თუ სექსუალური საკითხების საჯარო განათლებაში შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, პირადი თავისუფლების თვალსაზრისით განსხვავება რჩება: სახელმწიფო მშვიდობიან ურთიერთობებს უბრალოდ კი არ უშვებს, არამედ მათ შორის სასურველ და ნაკლებად სასურველ მოდელებს გამოყოფს.

ჯანდაცვა

AfD აკრიტიკებს:

  • მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯებს;
  • ჯანდაცვის დაწესებულებების ზედმეტ რეგულირებას;
  • მომსახურების დაფინანსების რთულ სისტემას;
  • პაციენტისა და ექიმის არჩევანის შეზღუდვას;
  • სავალდებულო სამედიცინო ჩარევებს;
  • პანდემიის დროს გამოყენებულ შეზღუდვებს.

პირადი სამედიცინო არჩევანის, პასუხისმგებლობისა და თანხმობის დაცვა მნიშვნელოვანი პრინციპია. ასევე საფუძვლიანია ადმინისტრაციული დანახარჯებისა და არასწორი ანაზღაურების სტიმულების კრიტიკა.

მაგრამ AfD კონკურენტული ჯანდაცვის სისტემის სრულ მოდელს არ გვთავაზობს. იგი ზოგჯერ ერთი ადმინისტრაციული დაფინანსების წესის სხვა ადმინისტრაციული წესით შეცვლას აპირებს.

ფარმაცევტული წარმოების გერმანიაში ან „უსაფრთხო ქვეყნებში“ დაბრუნების პოლიტიკური მოთხოვნაც პრობლემურია. მიწოდების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმოების გეოგრაფიის ცენტრალური მითითება შეიძლება:

  • წამლების ფასს ზრდიდეს;
  • კონკურენციას ამცირებდეს;
  • ახალ მწარმოებლებს ბაზარზე შესვლას ურთულებდეს;
  • ერთ პოლიტიკურად შერჩეულ რეგიონზე ახალ დამოკიდებულებას ქმნიდეს.

უფრო მდგრადი მიწოდება მრავალი მიმწოდებლის, თავისუფალი ბაზარზე შესვლის, კერძო მარაგებისა და ალტერნატიული კონტრაქტების შედეგია.

განათლება, კულტურა და მედია

AfD განათლებისა და კულტურის იდეოლოგიზაციას აკრიტიკებს. იგი ეწინააღმდეგება სახელმწიფო დაფინანსების გამოყენებას იმისთვის, რომ სკოლაში, მედიაში ან ხელოვნებაში სავალდებულოდ დამკვიდრდეს:

  • კონკრეტული გენდერული ხედვა;
  • კლიმატური აქტივიზმი;
  • „მრავალფეროვნების“ ოფიციალური კონცეფცია;
  • პარტიისთვის მიუღებელი ისტორიული ან კულტურული ინტერპრეტაცია.

თუ სახელმწიფო განათლების ან დაფინანსების მონოპოლიას ერთი მსოფლმხედველობის გასავრცელებლად იყენებს, კრიტიკა საფუძვლიანია.

მაგრამ ერთი ოფიციალური იდეოლოგიის სხვა ოფიციალური იდეოლოგიით ჩანაცვლება თავისუფლებას არ ქმნის. თუ ხელისუფლება თავად იწყებს განსაზღვრას:

  • რა არის სწორი ოჯახი;
  • რა არის სასურველი ეროვნული კულტურა;
  • როგორ უნდა განიმარტოს ისტორია;
  • რომელი სოციალური საკითხი შეიძლება განიხილებოდეს სკოლაში;
  • რომელი ხელოვნება იმსახურებს მხარდაჭერას,

იგი ცენტრალიზებული კულტურული კონტროლის მექანიზმს ინარჩუნებს.

თანმიმდევრული გამოსავალი იქნებოდა:

  • მშობლების ფართო საგანმანათლებლო არჩევანი;
  • ერთმანეთისგან განსხვავებული სკოლების არსებობა;
  • კერძო და საზოგადოებრივი სასწავლო პროგრამების კონკურენცია;
  • აკადემიური თავისუფლება;
  • ხელოვნების პოლიტიკური დაფინანსების შემცირება;
  • სახელმწიფო მედიის მონოპოლიური მდგომარეობის შესუსტება.

AfD სწორად აკრიტიკებს ერთი მიმართულების ინდოქტრინაციას, მაგრამ ყოველთვის მზად არ არის უარი თქვას სახელმწიფოს გამოყენებაზე მისთვის სასურველი კულტურული მიმართულების დასამკვიდრებლად.

სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია

AfD მხარს უჭერს:

  • რეფერენდუმების გაფართოებას;
  • პარტიული დაფინანსების გამჭვირვალობას;
  • სახელმწიფო დაწესებულებების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს;
  • მამხილებელთა დაცვას;
  • ხელისუფლების მოქმედებების საჯარო გამოძიებას;
  • საჯარო მაუწყებლობის ზომისა და სავალდებულო დაფინანსების შემცირებას.

ეს მოთხოვნები შეიძლება ზრდიდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და მოქალაქეთა კონტროლს.

მაგრამ პირდაპირი დემოკრატია თავისთავად თავისუფლების გარანტია არ არის. უმრავლესობასაც შეუძლია უმცირესობის საკუთრების, სიტყვის, რწმენის ან პირადი ცხოვრების შეზღუდვა. გადამწყვეტია არა მხოლოდ ვინ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ რის გადაწყვეტის უფლება აქვს მას.

რეფერენდუმი ხელისუფლების შეზღუდვის საშუალება შეიძლება იყოს, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს:

  • საკუთრების დაცვას;
  • პიროვნების ხელშეუვალ უფლებებს;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობას;
  • ხელისუფლების დანაწილებას;
  • კანონის წინაშე თანასწორობას;
  • პოლიტიკური უმრავლესობის უფლებამოსილების საზღვრებს.

ასევე, ეფექტიანი პოლიცია, საზღვრის დაცვა და საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულება სამართლებრივ წესრიგს მხოლოდ მაშინ შეესაბამება, თუ დაცულია ინდივიდუალური განხილვა, მტკიცებულება, გასაჩივრების უფლება და დამოუკიდებელი სასამართლო კონტროლი.

საგარეო პოლიტიკა

AfD გერმანიის ეროვნულ ინტერესზე, სამხედრო კონფლიქტებისგან თავის შეკავებაზე, უკრაინის დაფინანსების შემცირებასა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე აკეთებს აქცენტს.

საგარეო პოლიტიკის არსებობა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების განსაზღვრა სახელმწიფოს ჩვეულებრივი ფუნქციაა. ამიტომ AfD-ის პრორუსული, ნეიტრალისტური ან სუვერენისტული მიმართულება მის პატერნალისტურ ბუნებას თავისთავად არ ამტკიცებს.

შეფასებისას სხვა კითხვებია მნიშვნელოვანი:

  • შეესაბამება თუ არა არჩეული პოლიტიკა გერმანიის უსაფრთხოების გაცხადებულ მიზანს;
  • ამცირებს თუ ზრდის იგი მომავალ საფრთხეს;
  • რა არის მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლის გრძელვადიანი უსაფრთხოების ფასი;
  • ქმნის თუ არა პოლიტიკა ერთ მომწოდებელზე ან სახელმწიფოზე დამოკიდებულებას;
  • თანმიმდევრულად ვრცელდება თუ არა სუვერენიტეტის პრინციპი სხვა ქვეყნებზეც.

AfD ომის გაფართოების თავიდან აცილებას და გერმანიის ფინანსური ვალდებულებების შემცირებას ცდილობს. ნებისმიერი სამხედრო ან ფინანსური დახმარება მართლაც მოითხოვს ხარჯისა და მოსალოდნელი შედეგის შეფასებას. დახმარების რესურსი გადასახადის გადამხდელისგან მოდის და მის სხვა შესაძლო გამოყენებას გამორიცხავს.

მაგრამ მხოლოდ ხარჯის არსებობა დახმარების შეწყვეტის სასარგებლოდ საკმარისი არგუმენტი არ არის. საჭიროა იმ შესაძლო მომავალი ხარჯის შეფასებაც, რომელიც შეიძლება რუსეთის წარმატებამ შექმნას:

  • ევროპის უსაფრთხოების სისტემის დასუსტება;
  • გერმანიის თავდაცვითი დანახარჯების ზრდა;
  • აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებზე დამატებითი ზეწოლა;
  • სავაჭრო და ენერგეტიკული გარემოს უფრო დიდი არასტაბილურობა;
  • სამხედრო ძალით საზღვრების შეცვლის წახალისება.

ასევე წინააღმდეგობრივია ეროვნული სუვერენიტეტის გერმანიისთვის უმაღლეს პრინციპად გამოცხადება და უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობის დაკნინება. პრინციპი, რომელიც მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოზე ვრცელდება, ზოგადი სამართლებრივი პრინციპი აღარ არის; ის ეროვნული უპირატესობის მოთხოვნა ხდება.

სამხედრო პოლიტიკა

AfD ძლიერი გერმანული არმიისა და სამხედრო სამსახურის აღდგენის მომხრეა. თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება შეიძლება შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ძირითად ფუნქციას – მოქალაქეთა დაცვას გარე აგრესიისგან.

თუმცა სავალდებულო სამხედრო სამსახური სხვა საკითხია. იგი სახელმწიფოს საშუალებას აძლევს ადამიანის დრო, შრომა და რისკი მისი თანხმობის გარეშე გამოიყენოს. ამ შემთხვევაში თავდაცვის კოლექტიური მიზნის ტვირთი თანაბრად კი არ ნაწილდება, არამედ განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეკისრებათ.

თუ საზოგადოება თავდაცვას ნამდვილად მაღალ ღირებულებას ანიჭებს, ეს უნდა გამოიხატოს იმ რესურსის ნებაყოფლობით ან საერთო საგადასახადო დაფინანსებაში, რომელიც პროფესიონალი სამხედროების მოზიდვასა და შესაბამის ანაზღაურებას უზრუნველყოფს. დაბალი სამხედრო ხელფასის სავალდებულო სამსახურის გზით კომპენსირება თავდაცვის რეალურ ფასს ფარავს და ტვირთს კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს აკისრებს.

რატომ არის AfD განსაკუთრებით პოპულარული აღმოსავლეთ გერმანიაში?

AfD-ის აღმოსავლეთ გერმანიაში წარმატება მხოლოდ სიღარიბით, მიგრაციით ან ერთგვარი „ავტორიტარული კულტურით“ ვერ აიხსნება. რამდენიმე მიზეზი ერთმანეთს ემატება.

ეკონომიკური გარდაქმნა

გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოსავლეთში:

  • მრავალი საწარმო სწრაფად დაიხურა;
  • უამრავი სამუშაო ადგილი გაქრა;
  • ახალგაზრდებისა და კვალიფიციური მუშაკების ნაწილი დასავლეთში გადავიდა;
  • ბევრი დასახლება შემცირდა და დაბერდა;
  • საკუთრებისა და საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლურ კაპიტალს გადაეცა;
  • ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხშირად დასავლეთიდან ჩასული კადრები აღმოჩნდნენ.

დღეს აღმოსავლეთის მოსახლეობა ბევრ სფეროში გაცილებით უკეთ ცხოვრობს, ვიდრე გაერთიანების დასაწყისში, მაგრამ მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ აბსოლუტურ კეთილდღეობას, არამედ დასავლეთთან შედარებით განცდილ განსხვავებასაც.

ადამიანი შეიძლება წარსულთან შედარებით უკეთ ცხოვრობდეს, მაგრამ მაინც ხედავდეს, რომ:

  • ნაკლები ქონება აქვს;
  • ნაკლებ ხელფასს იღებს;
  • მის რეგიონში ნაკლები შესაძლებლობაა;
  • ეროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში აღმოსავლელები ნაკლებად ჩანან.

სტატუსისა და კონტროლის დაკარგვა

ეკონომიკურ ცვლილებას სტატუსის ცვლილებაც ახლდა. აღმოსავლეთში ბევრმა ადამიანმა დაკარგა არა მხოლოდ ძველი სამუშაო, არამედ საკუთარი პროფესიული გამოცდილების ღირებულება და განცდა, რომ მისი ცოდნა საჭირო იყო.

როდესაც ცვლილება გარედან თავსმოხვეულად აღიქმება, ეკონომიკური კომპენსაცია ყოველთვის ვერ ანაცვლებს კონტროლისა და ღირსების დაკარგვის განცდას.

პოლიტიკური უნდობლობა

აღმოსავლეთში შედარებით ძლიერია დამკვიდრებული პარტიების, მედიისა და ფედერალური ინსტიტუტებისადმი უნდობლობა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სისტემის გამოცდილება:

  • თავდაპირველად – სოციალისტური ავტორიტარული სახელმწიფო;
  • შემდეგ – დასავლეთიდან სწრაფად გადმოტანილი ინსტიტუტები და პოლიტიკური ელიტები.

შედეგად, ტრადიციული პარტიებისადმი ხანგრძლივი ერთგულება შედარებით სუსტია, ხოლო სისტემისადმი პროტესტის შესაძლებლობა — უფრო მიმზიდველი.

2026 წლის კვლევა აღმოსავლეთ–დასავლეთის განსხვავების მნიშვნელოვან განმსაზღვრელებად პოლიტიკურ უნდობლობას, ალტერნატიული მედიის გამოყენებასა და პოპულისტურ-ნაციონალურ დამოკიდებულებებს ასახელებს; მხოლოდ ინდივიდუალური შემოსავალი და სოციალური მდგომარეობა სხვაობას სრულად ვერ ხსნის. Frontiers in Sociology

შედარებითი ეკონომიკური დაუცველობა

AfD-ს მხოლოდ ყველაზე ღარიბები არ ირჩევენ. მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავლის მიმართ დაუცველობა – შიში, რომ არსებული მდგომარეობა გაუარესდება, სამუშაო დაიკარგება, ახალგაზრდები რეგიონს დატოვებენ ან ენერგეტიკული და სამრეწველო პოლიტიკა ადგილობრივ ეკონომიკას დააზიანებს.

Ifo-ს კვლევა მიუთითებს, რომ ეკონომიკური დაუცველობის ზრდა AfD-ის მხარდაჭერის მატებასთანაა დაკავშირებული და ეს ეფექტი აღმოსავლეთში უფრო ძლიერია. Ifo Institute

საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის დაკარგვა

როდესაც რეგიონში იხურება:

  • სკოლა;
  • საავადმყოფო;
  • ბანკის ფილიალი;
  • რკინიგზის სადგური;
  • ადგილობრივი ადმინისტრაცია;
  • კულტურული დაწესებულება,

ადამიანი ამას მხოლოდ მომსახურების ეკონომიკურ ცვლილებად არ აღიქვამს. ეს შეიძლება სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის მიერ მიტოვების ნიშნად იქცეს.

მიგრაცია როგორც უფრო ფართო პრობლემის სიმბოლო

აღმოსავლეთის ბევრ რეგიონში უცხოელთა წილი დასავლეთზე დაბალია. ამიტომ AfD-ის მხარდაჭერა მხოლოდ იმიგრანტებთან უშუალო კონფლიქტით ვერ აიხსნება.

მიგრაცია ხშირად უფრო ფართო განცდის სიმბოლოდ იქცა: ცენტრალური ხელისუფლება დიდ გადაწყვეტილებებს იღებს ისე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ ეკითხება და შედეგების ხარჯს მათ აკისრებს.

ამომრჩევლისთვის მიგრაციის საკითხი შეიძლება ერთდროულად ნიშნავდეს:

  • საზღვრის კონტროლს;
  • კანონის აღსრულებას;
  • საცხოვრებლისა და სოციალური დახმარებების განაწილებას;
  • უსაფრთხოებას;
  • პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლობას;
  • ეროვნული გადაწყვეტილებების დაბრუნებას.

რუსეთი და უკრაინა

აღმოსავლეთ გერმანიაში რუსეთისა და უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებაც განსხვავებულია. შედარებით ძლიერია:

  • რუსეთისადმი ისტორიულად განსხვავებული დამოკიდებულება;
  • იარაღის მიწოდებისადმი სკეპტიციზმი;
  • სანქციების ეკონომიკური შედეგებისადმი მგრძნობელობა;
  • აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე დამოკიდებულების კრიტიკა;
  • სამხედრო ესკალაციის შიში.

AfD ამ განწყობებს პირდაპირ პასუხობს. ამავე სივრცეში წარმატებულია Sahra Wagenknecht-ის მოძრაობაც, რომელსაც ეკონომიკურ საკითხებში განსხვავებული პლატფორმა აქვს, მაგრამ რუსეთის, ომისა და პოლიტიკური ელიტების კრიტიკაში AfD-ს ნაწილობრივ ემთხვევა. ეს აჩვენებს, რომ აღმოსავლეთში მოთხოვნა მხოლოდ „მემარჯვენე“ პოლიტიკაზე კი არა, არსებულ საგარეო და საშინაო კურსთან დაპირისპირებაზეა.

რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა

AfD რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმებას, Nord Stream-ის მილსადენების აღდგენასა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობის გაფართოებას მოითხოვს. მისი არგუმენტია, რომ იაფი რუსული ენერგია გერმანული მრეწველობის კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია, სანქციების ეკონომიკურ ფასს კი გერმანელი მომხმარებელი და საწარმოებიც იხდიან.

ეს არგუმენტი სანქციების ხარჯს სწორად წარმოაჩენს, მაგრამ არასრულად ითვალისწინებს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების პოლიტიკურ რისკს. იაფი მიმდინარე ფასი შეიძლება არ ასახავდეს მიწოდების შეწყვეტის, პოლიტიკური ზეწოლისა და მომავალი სამხედრო კრიზისის ხარჯს. რუსული გაზი შეიძლება გერმანიის ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი წყარო იყოს, მაგრამ კონკრეტული მომწოდებლისა და მილსადენის პოლიტიკური პრივილეგირება ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზანს ეწინააღმდეგება.

წინააღმდეგობრივია უკრაინისთვის წინასწარ ნეიტრალური სტატუსის განსაზღვრაც. თუ AfD ეროვნულ სუვერენიტეტს იცავს, უკრაინასაც თავად უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა ევროკავშირსა და NATO-ში. სხვა სახელმწიფოების მიერ დაწესებული ნეიტრალიტეტი სუვერენიტეტი აღარ არის.

ჩინეთთან მიმართებით AfD ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაფართოებას, „ახალი აბრეშუმის გზის“ შესაძლებლობების გამოყენებასა და BRICS-ის ქვეყნებთან თანამშრომლობას უჭერს მხარს. ამავე დროს, იგი გერმანული ტექნოლოგიებისა და საკვანძო საწარმოების ჩინური კონტროლისგან დაცვას მოითხოვს. ეს სიფრთხილე გამართლებულია, რადგან ჩინეთში მსხვილ კომპანიებსა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სახელმწიფოს ძლიერი გავლენა აქვს.

ჩინეთთან ვაჭრობა გერმანელ მომხმარებლებსა და საწარმოებს მნიშვნელოვან სარგებელს აძლევს, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიისა და ნედლეულის ერთ წყაროზე დამოკიდებულება გრძელვადიან რისკს ქმნის. ამიტომ სწორი პასუხი ვაჭრობის შეზღუდვა კი არა, ბაზრების, მომწოდებლებისა და მიწოდების გზების გამრავალფეროვნებაა.

AfD მართებულად ამტკიცებს, რომ გერმანიამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებები ავტომატურად არ უნდა მიიღოს. მაგრამ დასავლეთზე დამოკიდებულების რუსეთითა და ჩინეთით ჩანაცვლება დამოუკიდებლობას არ ნიშნავს. რეალური ეკონომიკური და პოლიტიკური მოქნილობა მიიღწევა მაშინ, როდესაც გერმანია ყველა მხარესთან ვაჭრობს, თუმცა არც ერთ სახელმწიფოზე კრიტიკულად დამოკიდებული არ ხდება.

AfD-ის რუსული პოლიტიკის შეფასებისას გადამწყვეტია ისტორიული გამოცდილება: ის, რასაც პარტია დღეს პრაგმატულ დაბრუნებად გვთავაზობს, შრიოდერისა და მერკელის დროს უკვე განხორციელდა. ამ კურსმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანიას იაფი ენერგია და სამრეწველო უპირატესობა მისცა, მაგრამ ამავე დროს შექმნა სტრატეგიული დამოკიდებულება, დაასუსტა ევროპის ერთიანი უსაფრთხოების პოზიცია და განსაკუთრებით დააზარალა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესები. ამიტომ რუსეთთან ვაჭრობის აღდგენა თავისთავად უარყოფითი არ არის, მაგრამ ძველი მოდელის დაბრუნება — სადაც დაბალი მიმდინარე ფასი გრძელვადიან პოლიტიკურ და უსაფრთხოების რისკს ფარავდა — დამოუკიდებლობის ნაცვლად იმავე მოწყვლადობის აღდგენას ნიშნავს. AfD-ის პროგრამა ამ გამოცდილებიდან აუცილებელ დასკვნას ვერ აკეთებს.

მიზნებისა და საშუალებების შეთავსებადობა

გაცხადებული მიზანიშეთავაზებული საშუალებაშეფასება
ეკონომიკური ზრდაგადასახადებისა და რეგულაციების შემცირებაძირითადად შეთავსებადი
ინვესტიციების ზრდასაგადასახადო გამარტივება და იაფი ენერგიაშეთავსებადი
საბიუჯეტო მდგრადობაზოგი ხარჯის შემცირებაშეთავსებადი
საბიუჯეტო მდგრადობაახალი სოციალური და დემოგრაფიული ვალდებულებებიწინააღმდეგობრივი
დასაქმების ზრდადახმარების არასწორი სტიმულების შემცირებაშეთავსებადი
დასაქმების ზრდასახლში მოვლის ფართო სუბსიდირებანაწილობრივ წინააღმდეგობრივი
პენსიის მდგრადობაკერძო და დაგროვებითი დანაზოგიშეთავსებადი
პენსიის სწრაფი ზრდაშობადობის წახალისებამოკლევადიანად შეუთავსებელი
კანონის უზენაესობასაბოლოო საიმიგრაციო გადაწყვეტილებების აღსრულებაშეთავსებადი, სასამართლო კონტროლის პირობებში
კადრების დეფიციტის შემცირებაკვალიფიციური მიგრაციის დაშვებაშეთავსებადი
კადრების დეფიციტის შემცირება„შიდა საჭიროების“ ცენტრალური განსაზღვრამაღალი შეცდომის რისკი
სოციალური სამართლიანობაშენატანისა და სარგებლის დაკავშირებაშეთავსებადი
თანასწორი სამართლებრივი წესიმოქალაქეობის ნიშნით გამომუშავებული უფლების შესაძლო შეზღუდვაშეუთავსებელი
თავისუფალი ვაჭრობასაერთო ევროპული ბაზრის შენარჩუნებაშეთავსებადი მიზანი
ეროვნული სუვერენიტეტიევროკავშირის ცენტრალიზაციის შემცირებაპრინციპულად შეთავსებადი
საერთო ბაზრის უცვლელი შენარჩუნებასაერთო ინსტიტუტების ფართო უარყოფაარასაკმარისად დასაბუთებული
იაფი ენერგიატექნოლოგიური შეზღუდვების გაუქმებაშეთავსებადი
ტექნოლოგიური თავისუფლებაქარისა და მზის პროექტების ზოგადი შეზღუდვაწინააღმდეგობრივი
ენერგეტიკული უსაფრთხოებაწყაროების მრავალფეროვნებაშეთავსებადი
ენერგეტიკული დამოუკიდებლობარუსული გაზის პოლიტიკური პრიორიტეტინაწილობრივ წინააღმდეგობრივი
გერმანული მრეწველობის გაძლიერებადაბალი გადასახადები და რეგულაციებიშეთავსებადი
გერმანული მრეწველობის გაძლიერებაეროვნული წარმოების პოლიტიკური შერჩევაარაეფექტიანობის მაღალი რისკი
საცხოვრებლის ხელმისაწვდომობამშენებლობის დერეგულირებაშეთავსებადი
საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაარსებული ქონების ჯგუფური პრიორიტეტებით განაწილებადეფიციტს ვერ წყვეტს
ოჯახის თავისუფლებასაგადასახადო ტვირთის შემცირებაშეთავსებადი
ოჯახის თავისუფლებაერთი მოდელის სუბსიდირებაპატერნალისტური
იდეოლოგიისგან თავისუფალი განათლებაპოლიტიკური დირექტივების გაუქმებაშეთავსებადი
იდეოლოგიისგან თავისუფალი განათლებასხვა ოფიციალური ღირებულებითი დირექტივების დაწესებაწინააღმდეგობრივი
თავდაცვის გაძლიერებაპროფესიონალური სამხედრო შესაძლებლობების ზრდაშეთავსებადი
პირადი თავისუფლებასავალდებულო სამხედრო სამსახურიშეუთავსებელი
ეროვნული სუვერენიტეტისაკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაბუნებრივი სახელმწიფოებრივი ფუნქცია
სუვერენიტეტის ზოგადი პრინციპიუკრაინის სუვერენიტეტის დაკნინებაწინააღმდეგობრივი

საბოლოო შეფასება

AfD არც ტრადიციული სოციალისტური პარტიაა და არც თანმიმდევრულად თავისუფალი ბაზრის მომხრე. იგი არ ცდილობს კერძო საკუთრების გაუქმებას, მაგრამ არც სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ ძალაუფლებას ზღუდავს პრინციპულად.

მისი პროგრამის არსია:

შენარჩუნდეს ფართო კეთილდღეობის სახელმწიფო, მაგრამ მისი დახმარებები, შეღავათები, რეგულაციები და პრიორიტეტები გერმანიის მოქალაქეების, ოჯახების, შობადობისა და ეროვნული წარმოების სასარგებლოდ გადანაწილდეს.

AfD-ის ყველაზე თანმიმდევრული წინადადებებია:

  • საგადასახადო სისტემის გამარტივება;
  • გადასახადების შემცირება;
  • ფარული საგადასახადო ზრდის შეჩერება;
  • მშენებლობის დერეგულირება;
  • ქირის კონტროლის გაუქმება;
  • კერძო და დაგროვებითი საპენსიო დანაზოგის მხარდაჭერა;
  • ენერგიის წყაროებს შორის კონკურენციის აღდგენა;
  • ევროკავშირის ცენტრალიზაციის კრიტიკა;
  • არალეგალური შესვლის შეჩერება და საბოლოო სამართლებრივი გადაწყვეტილებების აღსრულება.

ყველაზე პრობლემურია ის მიმართულებები, სადაც პარტია:

  • გადასახადების შემცირებას ახალ სოციალურ დაპირებებთან არასაკმარისად აჯერებს;
  • სოციალური სახელმწიფოს შემცირების ნაცვლად მის ეროვნულ გადანაწილებას გეგმავს;
  • ერთი ოჯახური მოდელის ფინანსურ პრივილეგირებას ცდილობს;
  • თავისუფალ ენერგეტიკულ კონკურენციას მხოლოდ მისთვის სასურველ ტექნოლოგიებზე ავრცელებს;
  • ლეგალური შრომითი მიგრაციის ეკონომიკური საჭიროების ცენტრალიზებულ განსაზღვრას ცდილობს;
  • საერთო ევროპული ბაზრის შენარჩუნებას საერთო ინსტიტუტების ფართო უარყოფასთან არასაკმარისად ათავსებს;
  • ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას რუსული გაზის პოლიტიკური პრიორიტეტით უკავშირებს;
  • ეროვნულ სუვერენიტეტს მხოლოდ გერმანიის, მაგრამ არა ყოველთვის სხვა ქვეყნების მიმართ იყენებს.

შესაბამისად, AfD-ისთვის ყველაზე ზუსტი კლასიფიკაციაა:

ნაციონალ-პატერნალისტური პარტია — ეკონომიკის ზოგ სფეროში შერჩევითად საბაზრო, მაგრამ სოციალური, დემოგრაფიული, კულტურული და სამრეწველო პოლიტიკის სფეროებში ფართოდ ინტერვენციონისტული.

იგი გერმანიას სთავაზობს არა პატარა სახელმწიფოს, არამედ სხვა პრიორიტეტებზე გადართულ დიდ სახელმწიფოს: ნაკლები კლიმატური და ტრანსნაციონალური პატერნალიზმი, მაგრამ მეტი ეროვნული და დემოგრაფიული პატერნალიზმი.

პარტიის ფუნდამენტური წინააღმდეგობა ის არის, რომ იგი ხშირად სწორად ხედავს ცენტრალიზებული გადაწყვეტილებების ცოდნის, სტიმულებისა და პასუხისმგებლობის პრობლემებს, როდესაც გადაწყვეტილებებს ევროკავშირის ინსტიტუტები ან გერმანიის მოქმედი ხელისუფლება იღებს, მაგრამ იმავე პრობლემებს სათანადოდ ვეღარ ამჩნევს, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებად ეროვნული სახელმწიფო და საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა წარმოუდგენია.

ისრაელ კირცნერი: სამეწარმეო აღმოჩენა და საბაზრო კონკურენციის პროცესი: ავსტრიული მიდგომა

დიდი ნააზრევის მოკლე შინაარსი №2 მომზადებულია პაატა შეშელიძის მიერ რატომ არის მეწარმეობა აღმოჩენის პროცესი და არა უბრალოდ ბიზნესის მართვა? ა...