Tuesday, September 22, 2026

36 წელი გერმანიის გაერთიანებიდან – დაკარგული შესაძლებლობები: კედელი დაინგრა. მაგრამ დაინგრა კი სოციალიზმის იდეა?

 

პაატა შეშელიძე

1990 წლის 3 ოქტომბერს ოფიციალურად დასრულდა გერმანიის გაყოფა. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაუქმდა და მისი მიწები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა.

36 წლის შემდეგ ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობა სადავო არ არის: კომუნისტური დიქტატურა დასრულდა, გერმანელებს შორის არსებული საზღვარი გაუქმდა და აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობამ მიიღო პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებები, რომლებიც ოთხი ათწლეულის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა.

მაგრამ ერთი კითხვა მაინც რჩება:

იყო თუ არა გამოყენებული პოლიტიკური გაერთიანება, როგორ0 ეკონომიკური გაერთიანების საუკეთესო შესაძლებლობა?

სწორედ ამ კითხვას სვამდა გერმანელი ეკონომისტი ჰანს-ჰერმან ჰოპე გერმანიის გაერთიანების დასაწყისშივე. მისთვის 1990 წელი მხოლოდ ორი გერმანიის შეერთების მომენტი არ ყოფილა. ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა: სოციალიზმის მარცხის შემდეგ გერმანიას შეეძლო არა მხოლოდ აღმოსავლეთის კომუნისტური სისტემის გაუქმება, არამედ სახელმწიფოს ეკონომიკური როლის, საკუთრების, გადასახადებისა და სოციალური სისტემის ფუნდამენტური გადახედვაც.

ჰოპეს შეფასებით, ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

ორი გერმანია — მაგრამ არა უბრალოდ სოციალიზმი და კაპიტალიზმი

1990 წელს ერთმანეთს არ შეხვედრია უბრალოდ „სოციალიზმი“ და „კაპიტალიზმი“.

აღმოსავლეთში არსებობდა სოციალისტური სახელმწიფო — სახელმწიფო საკუთრებით, ცენტრალური დაგეგმვით, პოლიტიკური დიქტატურითა და თავისუფალი ფასების, კაპიტალისა და მეწარმეობის მკაცრი შეზღუდვით.

დასავლეთ გერმანია სრულიად სხვა საზოგადოება იყო — დემოკრატიული, კერძო საკუთრებასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული, გაცილებით მდიდარი და პროდუქტიული.

მაგრამ დასავლეთ გერმანია ამავე დროს უკვე იყო ფართო სოციალური სახელმწიფო — მაღალი გადასახადებით, სოციალური დაზღვევის დიდი სისტემით, შრომითი ბაზრის რეგულაციებით, სუბსიდიებითა და ეკონომიკაში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით.

ამიტომ ჰოპეს კითხვა იყო:

რატომ უნდა ყოფილიყო 1990 წლის დასავლეთგერმანული ინსტიტუციური სისტემა გაერთიანებული გერმანიის საბოლოო და ხელშეუხებელი მოდელი?

მისი აზრით, სოციალიზმის კრახი იძლეოდა უფრო რადიკალური დესოციალიზაციის შესაძლებლობას — საკუთრების ფართო განაწილების, დაბალი გადასახადების, დერეგულაციის, კონკურენტული შრომითი ბაზრისა და სახელმწიფოს როლის მკვეთრი შემცირების მიმართულებით.

გერმანიამ სხვა გზა აირჩია.

დესოციალიზაცია სახელმწიფოს ხელით

არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში პრივატიზაცია არ მომხდარა.

მოხდა — და უზარმაზარი მასშტაბით.

Treuhandanstalt-ს ათასობით სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაცია, რესტრუქტურიზაცია ან დახურვა დაევალა.

მაგრამ ჰოპეს კრიტიკა სწორედ მეთოდს ეხებოდა.

კომუნისტური სახელმწიფოს ქონება პირდაპირ მოქალაქეების, ყოფილი მესაკუთრეების ან სხვა კერძო მესაკუთრეების ხელში კი არ გადავიდა, არამედ მის განკარგვას კვლავ სახელმწიფო ინსტიტუტი ახორციელებდა.

ამავე დროს აღმოსავლეთში გავრცელდა დასავლეთის საგადასახადო, სოციალური, შრომითი და მარეგულირებელი სისტემა.

მდიდარი დასავლეთის ხელფასები, სოციალური სტანდარტები და რეგულაციები გავრცელდა ეკონომიკაზე, რომლის პროდუქტიულობა დასავლეთისაზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო.

დასავლურ ხელფასებთან სწრაფმა დაახლოებამ, ტექნოლოგიურმა ჩამორჩენამ, ძველი ბაზრების დაკარგვამ და საკუთრების სწრაფმა გარდაქმნამ ბევრი აღმოსავლური საწარმო არაკონკურენტუნარიანი გახადა.

მოჰყვა საწარმოების დახურვა, უმუშევრობა, მოსახლეობის დასავლეთისკენ მიგრაცია და დასავლეთიდან აღმოსავლეთში უზარმაზარი ფისკალური ტრანსფერები.

აღმოსავლეთის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგრამ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი განსხვავება:

ცხოვრების დონის ზრდა და დამოუკიდებელი ეკონომიკური კაპიტალის შექმნა ერთი და იგივე რამ არ არის.

36 წლის შემდეგ აღმოსავლეთი გაცილებით მდიდარია, ვიდრე 1990 წელს იყო. მაგრამ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კვლავ რჩება სხვაობა ქონებაში, კაპიტალში, პროდუქტიულობაში, მსხვილი კომპანიების სათავო ოფისებსა და უმაღლეს მმართველ პოზიციებში. თვით გერმანიის მთავრობის 2025 წლის ანგარიშიც აღნიშნავს, რომ გაერთიანებიდან 35 წლის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანელები უმაღლეს ფედერალურ ხელმძღვანელ პოზიციებზე კვლავ მნიშვნელოვნად არასაკმარისად არიან წარმოდგენილი.

სახელმწიფოს შეუძლია ტრანსფერებით ცხოვრების დონის განსხვავების შემცირება.

ბევრად რთულია ტრანსფერებით დამოუკიდებელი კაპიტალის, საკუთრების, მეწარმეობისა და ეკონომიკური ცენტრების შექმნა.

სოციალური სახელმწიფოს ექსპორტი

აქ ჰოპეს არგუმენტი უკვე აღმოსავლეთ გერმანიას სცდება.

1990 წლის დაკარგული შესაძლებლობა ისიც იყო, რომ გაერთიანებამ დასავლეთ გერმანიას საკუთარი სისტემის ფუნდამენტური გადახედვის სტიმული ვერ მისცა.

პირიქით მოხდა:

დასავლეთგერმანული სოციალური სახელმწიფო გაერთიანებული გერმანიის ძირითად ინსტიტუციურ ჩარჩოდ გადაიქცა.

შემდგომი ათწლეულების განმავლობაში გერმანიის მთავარ პარტიებს შორის არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავებები გადასახადების, პენსიების, შრომითი ბაზრის, გარემოს დაცვისა და ბიზნესის რეგულირების საკითხებში.

მაგრამ სოციალური სახელმწიფოს ფუნდამენტური შემცირება გერმანიის პოლიტიკური მეინსტრიმის მიზნად არ ქცეულა.

დავა უმეტესად მიმდინარეობდა არა კითხვაზე — „რამდენად დიდი უნდა იყოს სახელმწიფო?“ — არამედ კითხვებზე:

ვინ უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან მეტი;

ვინ უნდა გადაიხადოს მეტი;

რომელი სფერო უნდა სუბსიდირდებოდეს;

რომელი ეკონომიკური საქმიანობა უნდა შეიზღუდოს;

და როგორ უნდა გადანაწილდეს რესურსი.

ანუ ძირითადი დავა მიმდინარეობდა არა სახელმწიფოს მასშტაბზე, არამედ სახელმწიფოს მიერ რესურსების განაწილების წესზე.

შრიოდერის გამონაკლისი — და შრიოდერის პარადოქსი

ამ სურათში გერჰარდ შრიოდერის მთავრობა ნაწილობრივი გამონაკლისია.

Agenda 2010 და Hartz-ის რეფორმები შრომითი ბაზრის ზოგიერთი ბარიერის შემცირების მცდელობა იყო. ამიტომ ბოლო 36 წლის ისტორიის წარმოდგენა სოციალური სახელმწიფოს მხოლოდ უწყვეტ გაფართოებად არასწორი იქნებოდა.

მაგრამ სწორედ შრიოდერის ეპოქაში იკვეთება მეორე გერმანული პარადოქსი.

შიდა ეკონომიკაში ნაწილობრივი ლიბერალიზაციის პარალელურად ღრმავდებოდა რუსეთთან ენერგეტიკული ურთიერთობა.

Nord Stream-ის პროექტი სწორედ შრიოდერის კანცლერობის მიწურულს გახდა გერმანულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობის სიმბოლო.

შემდგომში თავად შრიოდერის ურთიერთობა რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებთან ამ კავშირის პერსონალურ სიმბოლოდაც იქცა.

მაგრამ პრობლემის მხოლოდ შრიოდერზე გადატანა შეცდომა იქნებოდა.

მის შემდეგ გერმანიას 16 წლის განმავლობაში ანგელა მერკელი მართავდა.

და რუსეთთან ენერგეტიკული კავშირის ძირითადი მიმართულება არათუ არ შეცვლილა, არამედ გაღრმავდა.

ამერიკული უსაფრთხოება და რუსული ენერგია

გერმანია NATO-ს წევრი და შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი ევროპელი მოკავშირე რჩებოდა.

მის უსაფრთხოებას დიდწილად ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები და NATO-ს კოლექტიური თავდაცვის სისტემა უზრუნველყოფდა.

ამავე დროს გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა.

წარმოიშვა პარადოქსული სტრატეგიული კონსტრუქცია:

ამერიკა უზრუნველყოფდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს - მეტწილად რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო თავად რუსეთი კი — ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს, ამერიკული გავლენების წინააღმდეგ.

ამის ერთ-ერთი ინტელექტუალური საფუძველი იყო Wandel durch Handel — ცვლილება ვაჭრობის მეშვეობით.

ვარაუდი ასეთი იყო: თუ რუსეთი ევროპულ ეკონომიკაში ღრმად ჩაერთვებოდა, ურთიერთდამოკიდებულება ომის ფასს გაზრდიდა და რუსეთს უფრო პროგნოზირებად პარტნიორად აქცევდა.

მაგრამ რუსეთი არ აღმოჩნდა ჩვეულებრივი სავაჭრო პარტნიორი, რომელსაც ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ავტომატურად ლიბერალიზაციისკენ წაიყვანდა.

რუსეთის ხელისუფლება ენერგეტიკულ ურთიერთობებს ეკონომიკურ ინსტრუმენტთან ერთად პოლიტიკური გავლენის საშუალებადაც იყენებდა.

2008: საქართველო

2008 წელს რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ უკვე აჩვენა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავდა.

რუსეთი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ სტრუქტურებს, ემზადებოდა საქართველოს სრული ოკუპაციისავის (რასაც პუტინი თავად აღიარებს) და ომის შემდეგ ამ ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო ყოფნა კიდევ უფრო გააფართოვა.

ეს მნიშვნელოვანი გაფრთხილება იყო ევროპისთვის:

ეკონომიკური ინტეგრაცია თავისთავად არ ცვლიდა რუსეთის წარმოდგენას მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტზე.

მაგრამ გერმანულ-რუსული ენერგეტიკული კურსი არსებითად არ შეცვლილა. საქართველოს შემთხვევა უმნიშვნელო გაუგებრობად შეფასდა, "დიად მიზანთან" შედარებით.

2014: ყირიმი — და კვლავ Nord Stream

2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო.

ახლა უკვე გაცილებით რთული იყო იმის მტკიცება, რომ პრობლემა მხოლოდ დროებითი დაძაბულობა იყო.

მიუხედავად ამისა, Nord Stream 2 გაგრძელდა.

ეს გერმანული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წინააღმდეგობად იქცა:

ერთ მხარეს ქვეყანა უსაფრთხოებას NATO-სგან იღებდა;

მეორე მხარეს კი აშენებდა ინფრასტრუქტურას, რომელიც რუსული გაზის სტრატეგიულ მნიშვნელობას ზრდიდა.

ატომური ენერგიის დახურვა და რუსული გაზი

ამავე პერიოდში გერმანიის ენერგეტიკული პოლიტიკის მეორე დიდი პროექტი — Energiewende — ვითარდებოდა.

ფუკუშიმის შემდეგ მერკელის მთავრობამ ატომური ენერგიის დაჩქარებული დატოვება გადაწყვიტა.

თუ ქვეყანა ერთდროულად ამცირებს ატომურ ენერგიასა და ქვანახშირს, გარდამავალ პერიოდში სხვა სტაბილური ენერგიის წყაროს საჭიროება იზრდება.

ამ პირობებში ბუნებრივი გაზის მნიშვნელობაც გაიზარდა.

ამიტომ ერთმანეთს დაუკავშირდა რამდენიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება:

ატომური ენერგიის შემცირება → ქვანახშირის შემცირება → გაზის მნიშვნელობის ზრდა → რუსეთისგან ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდილი რისკი.

ეს არ ნიშნავს, რომ ატომური ენერგიის დახურვამ ავტომატურად გამოიწვია რუსეთზე დამოკიდებულება. გერმანიას LNG-ისა და სხვა მომწოდებლების არჩევანიც ჰქონდა.

პრობლემა სწორედ არჩევანში იყო.

2022: რეალობასთან შეჯახება

2022 წლის რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ამ მოდელის წინააღმდეგობები საბოლოოდ გამოაჩინა.

გერმანიამ დაიწყო რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დაჩქარებული შემცირება და გამოაცხადა Zeitenwende — უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადახედვა.

მაგრამ სწორედ Zeitenwende აჩენს კითხვას:

თუ 2022 წელს კურსის რადიკალური შეცვლა გახდა აუცილებელი, რატომ არ შეიცვალა ის 2008 ან, სულ მცირე, 2014 წელს?

ეს კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესაფასებლად.

აღმოსავლეთ გერმანიაში რატომ აღმოჩნდა შედეგი უფრო მწვავე?

აქ ისევ გერმანიის გაერთიანებას ვუბრუნდებით.

აღმოსავლეთმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით უზარმაზარი ინსტიტუციური გარდაქმნები განიცადა.

კომუნისტური სახელმწიფო თითქმის ერთ ღამეში დასავლეთგერმანულმა ინსტიტუტებმა ჩაანაცვლა.

ამას მოჰყვა საწარმოების დახურვა, უმუშევრობა, მოსახლეობის გადინება და სოციალური სტატუსების სწრაფი ცვლილება.

მაგრამ სახელმწიფო აღმოსავლეთის ეკონომიკური ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად დარჩა — ამჯერად არა საწარმოთა სოციალისტური საკუთრების, არამედ ტრანსფერების, სოციალური პროგრამებისა და საჯარო ხარჯების სახით.

აქ წარმოიშვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარადოქსი:

სახელმწიფოს მიმართ უკმაყოფილება და სახელმწიფოსგან დაცვის მოლოდინი ერთმანეთს არ გამორიცხავს.

სწორედ ეს შეიძლება დაგვეხმაროს აღმოსავლეთის დღევანდელი პოლიტიკური რუკის გაგებაში.

სამი პროტესტი — Die Linke, BSW და AfD

აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტიკური ევოლუციის ყველაზე საინტერესო თავისებურება ის არის, რომ უკმაყოფილება სხვადასხვა პერიოდში სრულიად განსხვავებულმა პარტიებმა აითვისეს.

ჯერ ეს იყო პოსტ-კომუნისტური მემარცხენეობა — PDS და შემდეგ Die Linke.

შემდეგ მკვეთრად გაძლიერდა AfD.

2024 წელს მათ შორის გაჩნდა მესამე ძალაც — Sahra Wagenknecht-ის BSW.

ერთი შეხედვით, ეს სამი პოლიტიკური შეთავაზება ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

მაგრამ პოლიტიკური ეკონომიის თვალსაზრისით სურათი გაცილებით საინტერესოა.

Die Linke — ძველი სოციალური სახელმწიფოს გაფართოება

Die Linke პირდაპირ ითხოვს სახელმწიფოს უფრო ფართო ეკონომიკურ როლს: ფასებისა და ქირის რეგულირებას, მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის ზრდას, €15–16 მინიმალურ ხელფასს, უფრო მაღალ გადასახადებს მაღალ შემოსავალსა და ქონებაზე და ზოგიერთი სექტორის უფრო ძლიერ საჯარო კონტროლს.

ეს კლასიკური პასუხია სოციალური დაუცველობის განცდაზე:

თუ არსებული სოციალური სახელმწიფო საკმარისად ვერ გიცავს, სახელმწიფო უფრო ძლიერი უნდა გახდეს.

რუსეთის საკითხში დღევანდელი Die Linke უკვე პირდაპირ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ კვლავ ეწინააღმდეგება სამხედრო ხარჯების ზრდასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე დაფუძნებულ სტრატეგიას და გაცილებით დიდ როლს ანიჭებს მოლაპარაკებებსა და შეზღუდულ სანქციებს.

BSW — სოციალური სახელმწიფო პლუს კულტურული კონსერვატიზმი

სარა ვაგენკნეხტის BSW-მ განსაკუთრებით საინტერესო პოლიტიკური კომბინაცია შექმნა.

ეკონომიკაში ის მემარცხენეა: იცავს სოციალურ სახელმწიფოს, ითხოვს €15 მინიმალურ ხელფასს, ძლიერ საჯარო ინვესტიციებსა და სახელმწიფოს აქტიურ მონაწილეობას ეკონომიკაში.

მაგრამ კულტურულ და საიმიგრაციო საკითხებში იგი ტრადიციული მემარცხენეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთის საკითხში განსხვავება კიდევ უფრო მკვეთრია: BSW მოითხოვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასრულებას.

ამით BSW-მ აღმოსავლელ ამომრჩეველს შესთავაზა ფორმულა:

სოციალური დაცვა — კი;
ეკონომიკური ნაციონალური ინტერესები — კი;
მასობრივი მიგრაციის მიმართ სკეპტიციზმი — კი;
რუსეთთან კონფრონტაცია — არა.

2024 წელს ეს ფორმულა საოცრად სწრაფად აღმოჩნდა მოთხოვნადი: BSW-მ საქსონიაში 11.8%, ბრანდენბურგში 13.5% და თიურინგიაში დაახლოებით 15.8% მიიღო. საქსონიაში AfD-მ იმავე არჩევნებზე 30.6%, ხოლო თიურინგიაში 32.8% აიღო.

ეს მნიშვნელოვანი შედეგია.

ახლად შექმნილმა პარტიამ რამდენიმე თვეში შეძლო იმავე სივრცეში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება, სადაც ადრე ძლიერი იყო Die Linke და სადაც უკვე ძალიან ძლიერი იყო AfD.

AfD — აჯანყება სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ არა აუცილებლად მცირე სახელმწიფოსთვის

AfD ყველაზე რთული შემთხვევაა.

მის პროგრამაში ნამდვილად არსებობს ეკონომიკურად უფრო ლიბერალური ელემენტები — გადასახადების შემცირება, რეგულაციების კრიტიკა, ევროკავშირის ცენტრალიზაციის წინააღმდეგობა.

მაგრამ AfD-ს აღმოსავლური წარმატების მხოლოდ „თავისუფალი ბაზრის მოთხოვნით“ ახსნა შეუძლებელია.

პარტიის შეთავაზება გაცილებით ფართოა: ეროვნული სუვერენიტეტი, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, სოციალური დაცვის პრიორიტეტი გერმანიის მოქალაქეებისთვის, ენერგეტიკული პოლიტიკის შეცვლა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.

AfD-ის ოფიციალურ პროგრამულ დოკუმენტებში პირდაპირ გვხვდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებისა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მოთხოვნაც.

ანუ AfD-ის პასუხიც არ არის უბრალოდ:

„სახელმწიფო შეამცირეთ“.

მისი პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო ჰგავს:

„სახელმწიფომ სხვა ადამიანებს, სხვა ინტერესებს და სხვა პრიორიტეტებს უნდა მოემსახუროს“.

სწორედ აქ კვეთს ის სრულიად განსხვავებული იდეოლოგიური წარმომავლობის BSW-სა და ნაწილობრივ Die Linke-ს.

2026: ეს უკვე შემთხვევითი პროტესტი აღარ არის

ბოლო არჩევნებმა ეს ტენდენცია კიდევ უფრო მკაფიო გახადა.

2026 წლის 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში AfD-მ 43.8% მიიღო — წინა არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 23 პროცენტული პუნქტით მეტი. Die Linke-მ 8.6%, BSW-მ კი 5.3% მიიღო. CDU მხოლოდ 17.2%-ზე დარჩა.

ორი კვირის შემდეგ, 20 სექტემბერს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში AfD-მ პირველად მოიგო მიწის არჩევნები — წინასწარი ოფიციალური შედეგით 38.2%; SPD-მ 35.5% მიიღო, ხოლო CDU-მ ისეთი დაბალი შედეგი აჩვენა, რომ მიწის პარლამენტს მიღმა დარჩა.

ეს უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე ცალკეული საპროტესტო აფეთქება.

მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა არა მხოლოდ AfD-ის ზრდა.

2025 წლის ფედერალურ არჩევნებში Die Linke-მ ქვეყნის მასშტაბით 8.8% მიიღო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა წინა შედეგი, მაშინ როცა AfD 20.8%-მდე გაიზარდა.

ანუ გერმანული პოლიტიკური ცენტრი ზეწოლას ერთდროულად ორივე მხრიდან განიცდის.

ეს შედეგები არ ამტკიცებს, რომ ყველა ამომრჩეველს ერთი მოტივი აქვს. ეკონომიკური მდგომარეობა, მიგრაცია, კულტურული საკითხები, უკრაინის ომი, პარტიული ლიდერები და ადგილობრივი პრობლემები სხვადასხვა არჩევნებში სხვადასხვა წონით მოქმედებს.

მაგრამ აღმოსავლეთის შემთხვევაში ერთი სტრუქტურული მსგავსება მაინც თვალშისაცემია:

პოლიტიკური პროტესტი მოძრაობს მარცხნიდან მარჯვნივ და უკან, მაგრამ იშვიათად მოძრაობს სახელმწიფოს შემცირების მიმართულებით.

ჰოპეს პარადოქსი

სწორედ აქ უბრუნდება დღევანდელი გერმანია ჰოპეს 1990 წლის კითხვას.

Die Linke ამბობს:

სახელმწიფო არასაკმარისად გიცავთ — ამიტომ მეტი სოციალური სახელმწიფო გვჭირდება.

BSW ამბობს:

სახელმწიფო არასწორ ხალხსა და არასწორ პოლიტიკას ემსახურება — ამიტომ გვჭირდება ძლიერი სოციალური სახელმწიფო, მაგრამ სხვა პრიორიტეტებით.

AfD ამბობს:

არსებული პოლიტიკური სახელმწიფო თქვენს წინააღმდეგ მუშაობს — ამიტომ უნდა შეიცვალოს მისი ეროვნული, საიმიგრაციო, ენერგეტიკული და საგარეო-პოლიტიკური მიმართულება.

ეს სამი პარტია ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება და მათი ერთ იდეოლოგიურ კატეგორიაში მოქცევა შეცდომა იქნებოდა.

მაგრამ მათ წარმატებაში შეიძლება დავინახოთ საერთო ინსტიტუციური პარადოქსი:

არსებული სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა ავტომატურად არ წარმოშობს მოთხოვნას ნაკლებ სახელმწიფოზე.

ხშირად ის წარმოშობს მოთხოვნას სხვა სახელმწიფოზე.

სხვა ბენეფიციარებით.

სხვა გადასახადებით.

სხვა საზღვრებით.

სხვა ენერგეტიკული პოლიტიკით.

სხვა საგარეო პოლიტიკით.

მაგრამ კვლავ სახელმწიფოთი, როგორც სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მთავარ ინსტრუმენტით.

სწორედ ეს არის ჰოპეს პერსპექტივიდან 1990 წლის დაკარგული შესაძლებლობის ყველაზე საინტერესო გაგრძელება.

კომუნიზმის დასასრული — თუ მხოლოდ მისი ერთი ფორმის?

ბერლინის კედლის დაცემამ ცენტრალიზებული სოციალისტური ეკონომიკის კრახი აჩვენა.

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაქრა.

სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობა პრივატიზდა.

გერმანია გაერთიანდა.

მაგრამ ადამიანების ეკონომიკური ცხოვრების პოლიტიკური მართვის იდეა არ გამქრალა.

შეიცვალა მისი ფორმა.

სახელმწიფო აღარ ადგენდა ცენტრალური გეგმიდან რამდენი ავტომობილი ან ფეხსაცმელი უნდა წარმოებულიყო.

სამაგიეროდ პოლიტიკური პროცესის საგნად დარჩა შემოსავლების გადანაწილება, ენერგიის წყაროების არჩევა, ფასებისა და შრომის რეგულირება, სუბსიდიები, პენსიები, სოციალური დახმარებები და ეკონომიკური ცხოვრების მრავალი სხვა სფერო.

და როდესაც ამ სისტემით უკმაყოფილება დაგროვდა, ყველაზე წარმატებულმა საპროტესტო პარტიებმაც თავისუფალი ბაზრის რადიკალური ალტერნატივა არ შესთავაზეს.

ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს აღმოსავლეთში.

ოდესღაც პროტესტს Die Linke აგროვებდა.

შემდეგ AfD-მ.

შემდეგ BSW-მაც.

იდეოლოგიური ნიშნები იცვლება.

სახელმწიფოს ცენტრალური როლი — გაცილებით ნაკლებად.

36 წლის შემდეგ

გერმანიის გაერთიანება უდავოდ წარმატება იყო იმ ფუნდამენტური მნიშვნელობით, რომ დასრულდა ქვეყნის გაყოფა და კომუნისტური დიქტატურა.

მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ გაერთიანების შემდეგ მიღებული ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც საუკეთესო შესაძლებელი იყო.

36 წლის ისტორია წინააღმდეგობრივ სურათს გვაძლევს.

გერმანიამ აღმოსავლეთში უზარმაზარი რესურსი გადაიტანა და ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად აამაღლა.

მაგრამ ეკონომიკური სხვაობა ბოლომდე ვერ გააქრო.

მან შეინარჩუნა ფართო სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკის მნიშვნელოვანი რეგულირება.

მან უსაფრთხოება დასავლურ ალიანსსა და დიდწილად ამერიკულ სამხედრო ძალაზე დაამყარა, ხოლო პარალელურად რუსეთთან ღრმა ენერგეტიკული ურთიერთდამოკიდებულება შექმნა.

მან ატომური ენერგიის დატოვება გადაწყვიტა და იმავე პერიოდში ბუნებრივი გაზის მნიშვნელობა გაზარდა.

2008 წლის რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მცდელობამ და ნაწილობრივმა ოკუპაციას ეს კურსი ვერ შეცვალა.

2014 წლის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამაც ვერ შეაჩერა Nord Stream 2.

მხოლოდ 2022 წლის უკრაინაში სრულმასშტაბიანმა ომმა გამოიწვია Zeitenwende.

და 2026 წელს გერმანიის პოლიტიკური სისტემის ყველაზე მკვეთრი რღვევა სწორედ აღმოსავლეთში ჩანს — რეგიონში, რომელმაც 36 წლის წინ პოლიტიკური სისტემა მთლიანად შეიცვალა, მაგრამ სახელმწიფოს ეკონომიკური მნიშვნელობის შემცირება თითქმის არ განუცდია.

ჰოპეს კითხვა კვლავ ღიაა — მაგრამ მისი პასუხიც არსებობდა

ჰანს-ჰერმან ჰოპეს 1991 წლის ანალიზის მნიშვნელობა არ მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მან გააკრიტიკა გერმანიის გაერთიანების არჩეული გზა.

ჰოპე ალტერნატივასაც სთავაზობდა.

1990 წელს გერმანიას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა არა მხოლოდ გაეუქმებინა სოციალისტური სახელმწიფო აღმოსავლეთში, არამედ თავიდან დაესვა კითხვა — რამდენად დიდი სახელმწიფო სჭირდება თავისუფალ საზოგადოებას საერთოდ?

ჰოპესთვის დესოციალიზაცია არ ნიშნავდა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების გაყიდვას.

მისი ამოსავალი წერტილი იყო კერძო საკუთრების აღდგენა.

კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ქონება, სადაც შესაძლებელი იყო, უნდა დაბრუნებოდა თავდაპირველ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს. დანარჩენი სახელმწიფო ქონება კი სახელმწიფოს მუდმივ აქტივად არ უნდა დარჩენილიყო და არც ბიუროკრატიულ სააგენტოს უნდა გადაეწყვიტა, ვისზე და რა პირობებით გაეყიდა იგი.

დესოციალიზაციის მიზანი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს ქონების სწრაფად გადაქცევა კერძო საკუთრებად.

მაგრამ საკუთრების პრივატიზება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო.

მეორე — და არანაკლებ მნიშვნელოვანი — ნაბიჯი უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთისთვის დასავლეთგერმანული სოციალური სახელმწიფოს ავტომატურად არგადატანა.

ჰოპეს ალტერნატივაში ყოფილი გდრ შეიძლებოდა ქცეულიყო დაბალი გადასახადების, მინიმალური რეგულაციების, თავისუფალი ფასების, თავისუფალი ხელფასებისა და ძლიერი კერძო საკუთრების ეკონომიკურ სივრცედ.

ეს ნიშნავდა, რომ აღმოსავლეთის ხელფასებს პოლიტიკური გადაწყვეტილებით დასავლეთის დონესთან კი არ მიაბამდნენ, არამედ მათ განსაზღვრავდა პროდუქტიულობა და კონკურენცია.

საწარმოებს აღარ ექნებოდათ ვალდებულება, ჯერ გამხდარიყვნენ დასავლეთივით პროდუქტიული და იმავდროულად უკვე გადაეხადათ დასავლეთის შესაბამისი ხარჯები.

თავისუფალ ბაზარს მიეცემოდა დრო და შესაძლებლობა, თავად შეექმნა კაპიტალი.

რა მოხდებოდა ჰოპეს სცენარით?

აქ განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ჰოპე მხოლოდ პრინციპებს არ აყალიბებდა. მან შესაძლო შედეგიც აღწერა.

თუ აღმოსავლეთ გერმანიაში გაჩნდებოდა კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული, დაბალგადასახადიანი და ნაკლებად რეგულირებული ეკონომიკა, ხოლო მის გვერდით დარჩებოდა მაღალი გადასახადებითა და რეგულაციებით დატვირთული დასავლეთი, კაპიტალს სრულიად ახალი სტიმული გაუჩნდებოდა.

ის აღარ წავიდოდა მხოლოდ აღმოსავლეთიდან დასავლეთში.

დასავლური კაპიტალი დაიწყებდა აღმოსავლეთში გადასვლას.

იქ საწარმოს შექმნა იაფი იქნებოდა.

შრომის დაქირავება — უფრო მოქნილი.

გადასახადები — დაბალი.

რეგულაციები — ნაკლები.

ხოლო სამუშაო ძალა — განათლებული და იმავე გერმანულენოვანი ეკონომიკური სივრცის ნაწილი.

ჰოპე ვარაუდობდა, რომ ამას მოჰყვებოდა მეწარმეების, კაპიტალისა და ცოდნის სწრაფი გადინება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.

კაპიტალის დაგროვება გაზრდიდა შრომის პროდუქტიულობას.

პროდუქტიულობის ზრდა კი — რეალურ ხელფასებს.

ამ შემთხვევაში აღმოსავლეთის ხელფასები დასავლეთისას არა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, კოლექტიური შეთანხმებებითა და ტრანსფერებით, არამედ კაპიტალის დაგროვებისა და პროდუქტიულობის ზრდის შედეგად მიუახლოვდებოდა.

ეს პრინციპულად განსხვავებული გზა იქნებოდა.

არა დასავლეთი გადაარჩენდა აღმოსავლეთს — აღმოსავლეთი შეუქმნიდა კონკურენციას დასავლეთს

ჰოპეს ყველაზე საინტერესო პროგნოზი სწორედ აქ იწყება.

მისი აზრით, ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში მიგრაციის მიმართულებაც შეიძლებოდა შეცვლილიყო.

რეალურ ისტორიაში მილიონობით აღმოსავლეთგერმანელი უკეთესი სამუშაოსა და უფრო მაღალი შემოსავლის საძებნელად დასავლეთისკენ წავიდა.

ჰოპეს სცენარში კი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლებოდა საპირისპირო პროცესი დაწყებულიყო:

დასავლეთგერმანული ბიზნესი, ინვესტორები, მეწარმეები და სამუშაო ძალაც კი აღმოსავლეთისკენ დაიწყებდნენ მოძრაობას.

აღმოსავლეთი აღარ იქნებოდა ღარიბი ტერიტორია, რომელსაც დასავლეთი აფინანსებს.

ის გახდებოდა დასავლეთის კონკურენტი.

და სწორედ აქ ჩნდება ჰოპეს პროექტის ყველაზე რადიკალური ნაწილი:

აღმოსავლეთის დესოციალიზაციას შეიძლებოდა დასავლეთის დესოციალიზაციაც გამოეწვია.

თუ დასავლეთ გერმანიაში საწარმოს მაღალი გადასახადების, სოციალური შენატანებისა და რეგულაციების პირობებში უწევდა მუშაობა, ხოლო რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით იმავე ქვეყანაში გაცილებით თავისუფალი ეკონომიკური გარემო არსებობდა, დასავლეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზრდებოდა.

კაპიტალისა და პროდუქტიული ადამიანების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად დასავლეთსაც მოუწევდა გადასახადების შემცირება, რეგულაციების გაუქმება და სოციალური სახელმწიფოს რეფორმირება.

ამგვარად გაერთიანების ლოგიკა სრულიად საპირისპირო გახდებოდა.

რეალურად მოხდა:

დასავლეთის ინსტიტუტების ექსპორტი აღმოსავლეთში.

ჰოპეს ალტერნატივა კი გულისხმობდა:

აღმოსავლეთში თავისუფალი ეკონომიკური სივრცის შექმნას და მისი კონკურენციის საშუალებით დასავლეთის გარდაქმნასაც.

როგორი გერმანია შეიძლებოდა მიგვეღო?

რა თქმა უნდა, ეს უკვე კონტრფაქტული ისტორიაა.

ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, ზუსტად რა მოხდებოდა ჰოპეს გეგმის განხორციელების შემთხვევაში.

შესაძლებელია გარდამავალი პერიოდი კიდევ უფრო მძიმე ყოფილიყო. დაბალი ხელფასები თავიდან უფრო დიდ სოციალურ უთანასწორობას შექმნიდა; საკუთრების დაბრუნება რთულ სამართლებრივ კონფლიქტებს წარმოშობდა; სოციალური დაცვის სწრაფ შემცირებას კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური წინააღმდეგობა მოჰყვებოდა.

ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ ჰოპეს გეგმა აუცილებლად წარმატებული იქნებოდა.

მაგრამ მისი ეკონომიკური მექანიზმის განხილვა შესაძლებელია.

თუ დაბალი გადასახადები, ნაკლები რეგულაცია და საკუთრების მკაფიო დაცვა მართლაც მიიზიდავდა კაპიტალს, აღმოსავლეთში შეიძლებოდა გაცილებით სწრაფად წარმოქმნილიყო ის, რაც დღემდე მისი ერთ-ერთი მთავარი სისუსტეა:

ადგილობრივი კერძო კაპიტალი.

საკუთარი კომპანიები.

საკუთარი მესაკუთრეები.

საკუთარი ინვესტორები.

საკუთარი ეკონომიკური ცენტრები.

და, რაც მთავარია, ადამიანები სახელმწიფოსგან მიღებული ტრანსფერების ბენეფიციარები კი არ იქნებოდნენ მხოლოდ, არამედ კაპიტალის მესაკუთრეები.

ამ განსხვავებას პოლიტიკური შედეგიც ექნებოდა.

საზოგადოება, რომლის კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე — გადასახადზე, ტრანსფერზე, პენსიაზე, სუბსიდიაზე, რეგულირებულ ფასზე — ბუნებრივად მეტ ყურადღებას უთმობს იმას, ვინ მართავს სახელმწიფოს.

საზოგადოებაში, სადაც ეკონომიკური ძალაუფლების უფრო დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია განაწილებული, პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს.

აქ უკვე პირდაპირ ვუბრუნდებით დღევანდელ Die Linke-ს, BSW-სა და AfD-ს.

დღეს მათი პასუხები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ სამივე შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლა დიდწილად სახელმწიფოს გარშემო მიმდინარეობს:

ვინ მიიღებს მისგან რესურსს?
ვის დაიცავს სახელმწიფო?
ვის დაბეგრავს?
ვის შეუშვებს ქვეყანაში?
რომელ ენერგიას დააფინანსებს?
ვისთან ივაჭრებს?
ვის წინააღმდეგ გამოიყენებს თავის ძალაუფლებას?

ჰოპეს პროექტი ამ კითხვაზე სხვა პასუხს გვთავაზობდა:

შეამცირეთ თავად პოლიტიკური პრიზის ღირებულება.

თუ სახელმწიფო ნაკლებ ქონებას ფლობს, ნაკლებ შემოსავალს გადაანაწილებს, ნაკლებ ფასს ადგენს, ნაკლებ ბიზნესს არეგულირებს და ადამიანების ეკონომიკურ არჩევანზე ნაკლები ძალაუფლება აქვს, მაშინ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაც ნაკლებად გადამწყვეტი ხდება.

პოლიტიკური ბრძოლა აღარ არის ბრძოლა უზარმაზარი ეკონომიკური მანქანის სამართავად.

დაკარგული შესაძლებლობა მხოლოდ აღმოსავლეთისთვის არ ყოფილა

ამიტომ ჰოპეს კრიტიკა საბოლოოდ გაცილებით ფართოა, ვიდრე აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკური გარდაქმნა.

1990 წელს შეიძლებოდა შექმნილიყო ერთგვარი ბუნებრივი ექსპერიმენტი.

ერთ მხარეს — დასავლეთ გერმანიის სოციალური საბაზრო სახელმწიფო.

მეორე მხარეს — აღმოსავლეთის ბევრად უფრო თავისუფალი, დაბალგადასახადიანი და დერეგულირებული ეკონომიკური სივრცე.

ადამიანებსა და კაპიტალს თვითონ შეეძლებოდათ არჩევანის გაკეთება.

რომელი მოდელი უკეთ იმუშავებდა, ამას პოლიტიკური დებატი კი არა, მათი გადაადგილება, ინვესტიციები, ახალი საწარმოები, ხელფასები და ცხოვრების დონე აჩვენებდა.

ჰოპე სწორედ ამას ელოდა: წარმატებული აღმოსავლეთი დასავლეთზე კონკურენტულ ზეწოლას მოახდენდა და საბოლოოდ მთელი გერმანიის უფრო ფართო დესოციალიზაციას შეუწყობდა ხელს.

რეალურ ისტორიაში კი საპირისპირო მიმართულება ავირჩიეთ.

აღმოსავლეთი დასავლეთის ინსტიტუციურ სისტემაში შევიდა.

დასავლეთი კი საკუთარი მოდელის ფუნდამენტური გადახედვის აუცილებლობის წინაშე აღარ დადგა.

36 წლის შემდეგ

გერმანიის გაერთიანება უდავოდ წარმატება იყო იმ ფუნდამენტური მნიშვნელობით, რომ დასრულდა ქვეყნის გაყოფა და კომუნისტური დიქტატურა.

მაგრამ პოლიტიკური თავისუფლების გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ყველა შემდგომი ეკონომიკური არჩევანიც ოპტიმალური იყო.

ჰოპეს ალტერნატივის განხორციელების შედეგს ვერასოდეს გავიგებთ.

შესაძლოა ის ვერ გამართლებულიყო.

მაგრამ სწორედ ამიტომ არის საინტერესო კითხვა, რომელიც 36 წლის შემდეგაც რჩება:

რა მოხდებოდა, გერმანიას აღმოსავლეთისთვის დასავლეთის სოციალური სახელმწიფოს გადაცემის ნაცვლად თავისუფალი ეკონომიკური ექსპერიმენტის შესაძლებლობა რომ მიეცა?

შესაძლოა აღმოსავლეთი დასავლეთის მუდმივი ტრანსფერების მიმღებად კი არა, კაპიტალის მიმზიდველად ქცეულიყო.

შესაძლოა ხელფასების დაახლოება ადმინისტრაციული და სოციალური მექანიზმებით კი არა, პროდუქტიულობის ზრდით მომხდარიყო.

შესაძლოა აღმოსავლეთში გაცილებით ფართოდ ჩამოყალიბებულიყო კერძო საკუთრებისა და ადგილობრივი კაპიტალის ფენა.

შესაძლოა მიგრაციის ნაწილი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ კი არა, საპირისპირო მიმართულებით წასულიყო.

და შესაძლოა აღმოსავლეთის წარმატებას საბოლოოდ დასავლეთ გერმანიაც ეიძულებინა გადასახადების, რეგულაციებისა და სოციალური სახელმწიფოს მასშტაბის შემცირებისკენ.

ეს შედეგები ისტორიული ფაქტები არ არის.

ეს არის ჰოპეს მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური ლოგიკიდან გამომდინარე კონტრფაქტული შესაძლებლობები.

მაგრამ სწორედ მათი არსებობა ცვლის 1990 წლის შეფასებას.

გერმანიას არჩევანი მხოლოდ ორ ვარიანტს შორის არ ჰქონია — კომუნისტური გდრ-ის შენარჩუნებასა და დასავლეთ გერმანიაში მის სრულ ინსტიტუციურ შთანთქმას შორის.

არსებობდა მესამე შესაძლებლობაც:

კომუნისტური სახელმწიფოს დემონტაჟი, საკუთრების კერძო ხელში დაბრუნება და ისეთი თავისუფალი ეკონომიკური სივრცის შექმნა, რომელსაც საკუთარი წარმატებით მთელი გერმანიის შეცვლა შეეძლებოდა.

გერმანიამ ეს გზა არ გამოსცადა.

ამიტომ 36 წლის შემდეგ ჰოპეს კითხვა კიდევ უფრო ფართოდ შეიძლება დაისვას:

1990 წელს გერმანიამ კომუნისტური სახელმწიფო გააუქმა — მაგრამ გააუქმა კი იდეა, რომ ადამიანების ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მოწყობა სახელმწიფოს საქმეა?

დღევანდელი აღმოსავლეთის პოლიტიკური სურათი — Die Linke, BSW და AfD — ამ კითხვას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.

პარტიები იცვლება.

იდეოლოგიური ნიშნები იცვლება.

იცვლება ისიც, ვის წინააღმდეგ არის მიმართული პროტესტი.

მაგრამ მოთხოვნა, რომ პრობლემის გადაწყვეტა კვლავ სახელმწიფომ იკისროს, გაცილებით მდგრადი აღმოჩნდა.

ჰოპეს ალტერნატივის არსი კი სწორედ საპირისპირო იყო:

არა უკეთესი სახელმწიფო, რომელიც უკეთ გადაწყვეტს ადამიანების პრობლემებს — არამედ ისეთი წესრიგი, სადაც ადამიანებს ნაკლები პრობლემის გადასაწყვეტად სჭირდებათ სახელმწიფო.

კედელი დაინგრა.

ჰოპეს აზრით, შემდეგი ნაბიჯი სახელმწიფოზე დამოკიდებულების შემცირება უნდა ყოფილიყო.

ეს ნაბიჯი გერმანიას არ გადაუდგამს.

No comments:

Post a Comment

მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435

ისრაელ კირცნერი: სამეწარმეო აღმოჩენა და საბაზრო კონკურენციის პროცესი: ავსტრიული მიდგომა

დიდი ნააზრევის მოკლე შინაარსი №2 მომზადებულია პაატა შეშელიძის მიერ რატომ არის მეწარმეობა აღმოჩენის პროცესი და არა უბრალოდ ბიზნესის მართვა? ა...