Sunday, April 5, 2026

ტექნოკრატიული ილუზია: საქართველოს მედიკამენტების რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის კრიტიკა და გლობალური რეგულაციების ჯაჭვი

პაატა შეშელიძე


ის, რაც დღეს საქართველოში „ფარმაცევტულ რეფორმად“ საღდება, სინამდვილეში ეკონომიკური კოორდინაციის ბუნების ფუნდამენტური გაუგებრობა და ცენტრალური დაგეგმვის ძველ ილუზიებში დაბრუნებაა. ERP-ის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის ზრდის ხელმისაწვდომობას მოკლევადიან პერიოდში. თუმცა, გრძელვადიანი ეფექტები უფრო სადავოა... ეს იმიტომ, რომ 2023 წლიდან ამოქმედებული სისტემა, რომელიც მედიკამენტების ფასების ხელოვნურ „დაჭერას“ ცდილობს, ზედაპირზე შესაძლოა პოპულისტურად მომგებიანი ჩანდეს, თუმცა რეალობა ბევრად უფრო საგანგაშოა: ის ახშობს საბაზრო სიგნალებს და ქვეყანაში სხვა სახელმწიფოების ბიუროკრატიული ჩავარდნების სისტემურ „იმპორტს“ ახდენს.

ამასთანავე, წინამდებარე ანალიზში შეგნებულად გვერდს ვუვლით ისეთ გარე ფაქტორებს, როგორიცაა ფულის ინფლაცია, პოლიტიკური რყევები, ომები თუ მიწოდების ჯაჭვების წყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები გავლენას ახდენს მედიკამენტების ფასებზე, ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ ის ფუნდამენტური ზიანი, რომელსაც თავად რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი აყენებს ეკონომიკურ წესრიგს — მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.

მედიკამენტების ფასების მიბმით ლატვიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოდელებზე, საქართველო კი არ დაუკავშირდა გლობალურ თავისუფალ ბაზარს, არამედ მიეჯაჭვა ადმინისტრაციული დიქტატის იმ თვითწარმოებად ჯაჭვს, სადაც რეალური ეკონომიკური სურათი დიდი ხანია გამქრალია. საღი ეკონომიკური ხედვა გვასწავლის, რომ ფასი არ არის უბრალოდ ციფრი, რომლითაც ბიუროკრატიამ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება ითამაშოს. ფასი ბაზრის „თვალები“ და „ენაა“ — ის ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც მილიონობით ადამიანის ცოდნასა და საჭიროებას ერთ წერტილში, მკაფიო ნიშნად უყრის თავს.

რეფერენტული ფასწარმოქმნა ამ დინამიკურ მექანიზმს მექანიკური, მშრალი, სტატიკური გამოთვლებით ანაცვლებს. ამ სისტემის დანერგვით საქართველო თავის თავს „რეგულაციების ჯაჭვის“ ბოლოში აქცევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზრო ეფექტიანობის ნაცვლად, ჩვენ სხვა ქვეყნების მიერ დაშვებული შეცდომების ლაბირინთში გავიხლართეთ. ეს არ არის მხოლოდ ფასების კონტროლი; ეს არის ინფორმაციული ომი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინააღმდეგ, სადაც მსხვერპლი ყოველთვის ყველაზე დაუცველი პაციენტი ხდება.

ფასების სისტემა: რატომ ვერ შეცვლის ბიუროკრატი ბაზარს?

იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ, რატომ არის წამგებიანი წამლებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება, უნდა გავიგოთ, რომ ცოდნა და ინფორმაცია ადგილობრივი გარემოებების შესახებ ადამიანებს შორის არის განაწილებული. არცერთ სამინისტროსა და არცერთ ჩინოვნიკს არ შეუძლია ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელიც ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებადაა საჭირო. როდესაც მთავრობა ადგენს, რომ მედიკამენტის ფასი ოთხი უცხოური ქვეყნის ფასების საშუალო უნდა იყოს, ის ფატალურ შეცდომას უშვებს, თუ ჰგონია, რომ ეს ციფრები წამლის „ჭეშმარიტ“ ღირებულებას ასახავს; სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ არაკეთილსინდისიერად იქცევა.

სინამდვილეში, ლატვიაში, ბულგარეთში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ფასები არა კონკურენციის, არამედ იქაური ბიუროკრატების კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია, რომლებიც თავის მხრივ სხვა ქვეყნებს უყურებენ. ეს არის ე.წ. „სარკეების დარბაზის“ ეფექტი – ყველა ერთმანეთს უყურებს, რეალური ეკონომიკური საფუძველი (წარმოების ხარჯი, ნედლეულის სიმცირე, პაციენტის ინდივიდუალური არჩევანი) კი საერთოდ უგულებელყოფილია.

მთავრობის მცდელობა, ექსელის ცხრილებით მართოს რთული ორგანიზმი, არის „საბედისწერო თავდაჯერებულობა“ – რწმენა, რომ ადამიანურ გონებას შეუძლია ცენტრალიზებული დიზაინით შეცვალოს ის სირთულე, რასაც ბუნებრივი, სპონტანური საბაზრო წესრიგი ქმნის. ადგილობრივი სამეწარმეო ინიციატივების იგნორირება და მათი ჩანაცვლება უცხოური ბიუროკრატიის საშუალო მაჩვენებლით, ხელს უშლის ისეთი ჯანდაცვის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც რეალურად მოერგება საქართველოს მოქალაქეების უნიკალურ საჭიროებებს.

ბიუროკრატიის კალათა: რისი „იმპორტი“ ხდება სინამდვილეში?

შერჩეული ოთხი ქვეყანა თითქოს საქართველოსთან მსგავსების გამო შეირჩა. თუმცა, თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ბაზრები ევროპაში, ეკონომიკურ ლოგიკასთან მიმართებით, ყველაზე მეტად დამახინჯებულთა შორისაა:

  • ლატვია – წრიული დამოკიდებულების ტყვე: ლატვია წლების განმავლობაში ცდილობდა ფასების ხელოვნურ გასწორებას მეზობელ ლიეტუვასა და ესტონეთთან. 2024 წლის ივნისში ქვეყანამ შემოიღო რადიკალური მოდელი, რომელიც პირდაპირ კრძალავს წამლის გაყიდვას იმაზე ძვირად, ვიდრე ის მეზობელ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ღირს. ლატვიის ფარმაცევტთა ასოციაციის მონაცემებით, ამ ადმინისტრაციულმა ჩარევამ და დაწესებულმა დაბალმა მარჟებმა 150-მდე მცირე და რეგიონული აფთიაქი გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, რადგან შემოსავალი ვეღარ ფარავს მათ ელემენტარულ საოპერაციო ხარჯებს. ეს ნიშნავს, რომ ავტონომიური „ლატვიური ფასი“ ბაზარზე საერთოდ აღარ არსებობს – ეს არის ლიეტუვისა და ესტონეთის ჯანდაცვის სამინისტროების ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების პირდაპირი ანაბეჭდი. შესაბამისად, როდესაც საქართველო ლატვიას უყურებს, ის სინამდვილეში კიდევ უფრო შორს მყოფი ბიუროკრატების კარნახით მოქმედებს, რომელთაც საქართველოს ადგილობრივ საბაზრო კონტექსტთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ბიუროკრატიულმა მცდელობამ, მომხმარებლისთვის ფასი ხელოვნურად დაეწია, რეალურად საპირისპირო შედეგი გამოიღო: საფრთხე შეექმნა მედიკამენტების ფიზიკურ ხელმისაწვდომობას რეგიონებში და გზა გაეხსნა ბაზრის კიდევ უფრო მეტ მონოპოლიზაციას მსხვილი სააფთიაქო ქსელების მიერ, მცირე ბიზნესის განადგურების ხარჯზე.

  • ჩრდილოეთ მაკედონია: ბიუროკრატიული ლოდინის „დერეფანი“: ჩრდილოეთ მაკედონიის სისტემა ეყრდნობა ე.წ. საეტაპო ფასწარმოქმნის მოდელს, რომელიც მედიკამენტის მაქსიმალურ ფასს მეზობელი ქვეყნების (სერბეთი, ხორვატია, სლოვენია) საშუალო მაჩვენებელზე დაყრდნობით ადგენს. შედეგად, ქვეყანა იქცა რეგიონულ „აუტსაიდერად“ ინოვაციების კუთხით: ახალი თერაპიების ბაზარზე შესვლისა და რეგისტრაციის პროცესი ხშირად 600-დან 700 დღემდე იწელება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. ამ მექანიკური მიბმის მთავარი ნაკლი ის არის, რომ სახელმწიფო უარს ამბობს აღიაროს მცირე, არალიკვიდური ბაზრისთვის დამახასიათებელი მაღალი ლოგისტიკური დანახარჯები. მწარმოებლებისთვის ასეთ პატარა ბაზარზე შესვლა დაბალი, ადმინისტრაციულად დაწესებული ფასით ეკონომიკურად წამგებიანია, რადგან შემოსავალი ხშირად ვერ ფარავს ქვეყანაში ოპერირების ხარჯებს. შედეგად, ბიუროკრატიული საფასო „დერეფანი“ ქმნის ილუზიას, რომ მედიკამენტები იაფია, თუმცა რეალურად ეს ფასი მხოლოდ მოძველებულ პრეპარატებს ეხება. პაციენტები იძულებულნი არიან, წლობით ელოდონ თანამედროვე, ინოვაციურ მედიკამენტებს ან განაგრძონ მკურნალობა ათწლეულების წინანდელი, ნაკლებეფექტური პრეპარატებით, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებს ჯანდაცვის ხარისხს.
  • მონტენეგრო: მცირე მასშტაბის და მკაცრი ლიმიტების ხაფანგი: მონტენეგროში მოქმედებს მკაცრად რეგულირებული „პოზიტიური სია“, სადაც სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ბიუროკრატიულად დაწესებულ დაბალ საფასო ზღვარს. სახელმწიფო ფასის „ჭერს“ ძირითადად მეზობელ, უფრო დიდ ქვეყნებთან (სერბეთი, ხორვატია) ათანაბრებს, რაც მცირე, 600-ათასიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის მკაცრ ფინანსურ ბარიერს ქმნის. სისტემის ფუნდამენტური ნაკლი „მასშტაბის ეფექტის“ სრული იგნორირებაა – პატარა ბაზარზე მკაცრი ფასების კონტროლი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიებისთვის ქვეყანაში ოპერირებას ეკონომიკურად არამიმზიდველს ხდის. კომპანიებს ურჩევნიათ საერთოდ არ დაარეგისტრირონ ახალი, ინოვაციური პროდუქტები მონტენეგროში, რათა არ შეიქმნას დაბალი ფასის პრეცედენტი, რომელსაც შემდგომ სხვა, უფრო დიდი ქვეყნები რეფერენტად გამოიყენებენ და საკუთარ ბაზრებზე ფასების დაწევას მოითხოვენ. შედეგად, ბიუროკრატიული საფასო „ხაფანგი“ ქმნის ილუზიას, რომ მედიკამენტები „იაფია“, თუმცა რეალურად ეს ფასი მხოლოდ ფურცელზე არსებულ, მოძველებულ მედიკამენტებს ეხება. თანამედროვე სამედიცინო მიღწევები ქვეყნის საზღვრებს მიღმა რჩება, რაც მონტენეგროელ პაციენტებს თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის გარეშე ტოვებს.

  • ბულგარეთი: მედიკამენტების „გაქრობის“ ეტალონი: ბულგარეთი „რეფერენტული ფასწარმოქმნის“ ჯაჭვის ყველაზე კრიტიკული რგოლია, რადგან იქაური სისტემა კომპანიებს ავალდებულებს, მედიკამენტის ფასი ევროკავშირის 10 ქვეყანას შორის არსებულ ყველაზე დაბალ ნიშნულს შეუსაბამონ. ამ აგრესიულმა ადმინისტრაციულმა მოდელმა ბაზარი ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა: მხოლოდ 2024 წელს ბულგარეთის ბაზრიდან 152 სასიცოცხლო პრეპარატი (მათ შორის ონკოლოგიური და იმუნოსუპრესანტები) ფიზიკურად გაქრა, რადგან მწარმოებლებმა მასობრივად დატოვეს ქვეყანა. როდესაც ბიუროკრატიულად დაწესებული „ჭერი“ ვეღარ ფარავს წარმოებისა და ლოგისტიკის რეალურ ხარჯებს, მწარმოებლებისთვის ბაზარზე ოპერირება წამგებიანი ხდება. ამას ემატება „პარალელური ექსპორტის“ პრაქტიკა: იძულებით გაიაფებული წამლები დისტრიბუტორებს ქვეყნიდან უფრო მაღალფასიან ევროპულ ბაზრებზე გააქვთ, რათა თავი აარიდონ ადგილობრივ ზარალს. შედეგად, ბულგარული „ყველაზე დაბალი ფასის“ ეტალონი რეალურად შობს სისტემურ დეფიციტს, რაც ადგილობრივ პაციენტებს ცარიელი თაროებისა და „შავი ბაზრის“ ამარა ტოვებს. შესაბამისად, როდესაც საქართველო ბულგარულ ფასს ორიენტირად იყენებს, ის ახდენს არა ეკონომიკური ეფექტიანობის, არამედ ჰუმანიტარული კრიზისისა და სხვების მიერ უკვე დაშვებული შეცდომების იმპორტს.

აღმოჩენის პროცესის ჩახშობა და „ადმინისტრაციული ინფექცია“

ბაზარი არის აღმოჩენის პროცესი. კონკურენცია არაა სტატიკური მოვლენა, ის არის მუდმივი ძიება იმისა, თუ ვის შეუძლია უკეთესი პროდუქტის მოწოდება. რეფერენტული ფასწარმოქმნა ამ ძიებას მექანიკური კალკულაციით ანაცვლებს.

ევროპაში ERP-ის ფართო გამოყენება ქმნის „ადმინისტრაციულ ინფექციას“. ერთი ქვეყნის მიერ ფასის ხელოვნურად დაწევა ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება სხვებზე. ეს არ არის ეფექტიანობის ზრდა, ეს არის ბიუროკრატიული შიშის გავრცელება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმ საბაზრო სიგნალების ჩახშობას, რომლებმაც წესით ინვესტიციები უნდა მოიზიდოს დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის სექტორში.

უფრო მეტიც, დიდმა მწარმოებლებმა იციან ეს თამაში და იყენებენ „გაშვების სტრატეგიებს“ (Launch Strategies). ისინი ჯერ „თავისუფალ“ ბაზრებზე შედიან, რათა მაღალი ფასი დააფიქსირონ, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, საერთოდ არ ჩქარობენ შესვლას, რადგან აქაური დაბალი ადმინისტრაციული ფასი მათ მოგებას დიდ ბაზრებზე დაუგდებს. მონაცემები აჩვენებს, რომ ERP პოლიტიკა, ახალი წამლის ბაზარზე გამოჩენის შანსს მნიშვნელოვნად, ზოგიერთი კვლევის მიხედვით 73%-მდეც კი ამცირებს. ქართველი პაციენტისთვის ეს ნიშნავს, რომ წამალი სამთავრობო საიტზე „იაფი“ კი წერია, მაგრამ აფთიაქის თაროზე ის ფიზიკურად არ დევს.

ბაზრის მარცხის მითი და მეწარმე, როგორც „დაკარგული რგოლი“

სახელმწიფო თავის ჩარევას ხშირად „ბაზრის მარცხით“ ამართლებს. რეალურად კი, მედიკამენტების სექტორში არსებული „მონოპოლიები“ ხშირად თავად სახელმწიფოს მიერაა შექმნილი პატენტებითა და ლიცენზიებით. შემდეგ სახელმწიფო ცდილობს საკუთარი შეცდომა (რაც გამოიხატება მაღალ ფასებში და ფარმაკოლოგიურ სისტემაში ინვესტიციების ნაკლებობით) მეორე, კიდევ უფრო ხარჯიანი შეცდომით – ფასების კონტროლით – გამოასწოროს, რაც მესამე პრობლემას ბადებს: ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტსა და სფეროში მხოლოდ მსხვილი კომპანიების დარჩენას. ეს არის პირდაპირი გზა ეკონომიკური სტაგნაციისკენ.

სამაგალითო იყო თურქეთის ბაზრის გახსნა 2022 წელს. ამ ნაბიჯმა აჩვენა, რომ მხოლოდ ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნაა საკმარისი ფასების დასაწევად ყოველგვარი ხელოვნური „ჭერის“ გარეშე:

  • 2022 წელი: ბიუროკრატიული ბარიერის ნგრევა (თავისუფალი ბაზრის ეფექტი): 2022 წელს საქართველოს მთავრობამ აღიარა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი და გააუქმა ის ხელოვნური ფილტრები (GMP სერტიფიკატების აღიარების ბიუროკრატიული ლაბირინთი), რომლებიც მანამდე კონკურენციას ზღუდავდა. ყოველგვარი სახელმწიფო „ბრძანების“ გარეშე, ბაზარზე გაჩნდა ალტერნატიული მიწოდების წყარო, რამაც მედიკამენტების ფასები მომენტალურად 60-80%-ით შეამცირა. ბიუროკრატიული ბარიერის მოხსნამ გაზარდა კონკურენცია და ბაზარზე შემოიყვანა ახალი, უფრო მოქნილი იმპორტიორები. ფასების ვარდნა მოხდა არა ადმინისტრაციული იძულებით, არამედ თავისუფლების გაზრდით, რაც მეწარმეებს მისცა სტიმული, ეძებნათ უფრო იაფი წყაროები და შეეთავაზებინათ უკეთესი პირობები მომხმარებლისთვის.თურქეთის 2022 წლის გამოცდილება არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ მაღალი ფასი ხშირად არა „ბაზრის მარცხი“, არამედ სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბარიერის შედეგია. დე-რეგულაცია არის ფასების კლების საუკეთესო გზა, რომელიც, ERP-ისგან განსხვავებით, არ იწვევს დეფიციტს. ეს იყო ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ფასების ვარდნა ხდება არა იძულებით, არამედ თავისუფლების გაზრდით. ეს გამოცდილება მიუთითებს, რომ კონკურენციის გაზრდამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ფასები.

  • 2023 წელი: ERP-ის შემოღება (აღმოჩენის პროცესის ჩახშიბა) თუმცა, 2023 წელს რეფერენტული ფასწარმოქმნის (ERP) შემოღებით, მთავრობამ ეს აღმოჩენის პროცესი შეაჩერა. მათ გადაწყვიტეს, რომ თბილისელ ჩინოვნიკებს უკეთ შეუძლიათ „გამოთვალონ“ ფასი, ვიდრე თავად ბაზარს – მისი აღმოჩენა. ამან გამოიწვია სტიმულის გაქრობა: როდესაც ბიუროკრატი ადგენს მაქსიმალურ ფასს, იმპორტიორს აღარ აქვს მოტივაცია, ეძებოს კიდევ უფრო იაფი წყაროები. ERP-მა თურქული ეფექტი „გაყინა“: თურქეთში ლირის მერყეობის გამო ფასის ცვლილება ჩვენს ბიუროკრატიაში კვარტალური დაგვიანებით აისახება. ეს ინფორმაციული სიგნალის ჩახშობა ხან ხელოვნურ გაძვირებას ბადებს (თუ თურქეთში ფასი დაიწია), ხან კი ფიზიკურ დეფიციტს (თუ იქ გაიზარდა), რადგან იმპორტიორი ზარალზე მუშაობას თავს არიდებს. 2023 წლის რეფორმამ წარმატებული დე-რეგულაცია ჩაანაცვლა ცენტრალური დაგეგმვის ილუზიით. ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც ჩინოვნიკი ცდილობს „გამოთვალოს“ ის, რისი აღმოჩენაც მხოლოდ თავისუფალ კონკურენციას შეუძლია. ამით დაიკარგა ბაზრის მოქნილობა და შეიქმნა საფუძველი გრძელვადიანი დეფიციტისა და სტაგნაციისთვის.

მოგების მაღალი მარჟების კრიმინალიზაცია და მომავლის ხარჯზე ცხოვრება

ფასების კონტროლის ყველაზე მწარე შედეგი არის ის წამლები, რომლებიც ვერასოდეს შეიქმნება. ფარმაცევტული ინდუსტრია კვლევებზეა დამოკიდებული, კვლევები კი – შემოსავალზე. როდესაც საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ფასებს ხელოვნურად დაბლა წევს, ის მონაწილეობს მომავალი ინოვაციების „გაძარცვაში“. ჩვენ დღევანდელი პოლიტიკური რეიტინგის გამო ვწირავთ ხვალინდელ პაციენტებს, რომელთაც მძიმე დაავადებების სამკურნალო საშუალება შეიძლება ჰქონოდათ, კაპიტალი ფასების კონტროლს რომ არ „შეეჭამა“.

ამას ემატება კონკურენციის სააგენტოს (GCCA) ქმედებები, რომელიც კომპანიებს „გაუმართლებელი მარჟების“ გამო აჯარიმებს. იდეა, რომ ბიუროკრატმა იცის, რა მოგებაა „სამართლიანი“ განვითარებად და მერყევ ბაზარზე, უდიდესი ამპარტავნებაა. 20-30%-იანი ფასნამატი უნდა ფარავდეს უზარმაზარ რისკებსა და ვალუტის გაუფასურებას. ასეთი რეჟიმი ქმნის „შიშის კლიმატს“, სადაც კომპანია პაციენტის მომსახურებაზე კი არა, ბიუროკრატის სიამოვნებაზე ფიქრობს.

ბულგარული გაფრთხილება: სახელმწიფო მონოპოლიის კრახი

სანამ საქართველო ბულგარეთს ეტალონად იყენებს, უნდა დაინახოს, რომ იქაური ფარმაცევტული მოდელი კოლაფსის პირასაა. ამ კოლაფსის ეპიცენტრშია ბულგარეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდი (NHIF). ეს არ არის კერძო სადაზღვევო კომპანია, არამედ სახელმწიფო მონოპოლიური ორგანოა, რომელიც მართავს ქვეყნის მთელ სავალდებულო ჯანდაცვის ბიუჯეტს.

რა არის NHIF და როგორ შეიქმნა? NHIF შეიქმნა 1999 წელს, როგორც სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემის მთავარი პილარი. მისი მიზანი იყო ჯანდაცვის მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მოქალაქისთვის. ფონდი ფინანსდება ორი ძირითადი წყაროდან:

  1. სავალდებულო სადაზღვევო შენატანები: დასაქმებულებისა და დამსაქმებლების მიერ ხელფასიდან გადახდილი ფიქსირებული პროცენტი.

  2. სახელმწიფო ტრანსფერები: საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც ფარავს იმ ადამიანების დაზღვევას, ვინც არ მუშაობს (პენსიონერები, უმუშევრები, სტუდენტები).

რატომ არის ფონდი „უფსკრულის პირას“? პრობლემა ისაა, რომ ბულგარეთის ბიუროკრატიული საფასო პოლიტიკა (ERP) და „პოზიტიური სია“ ქმნის ილუზიას, რომ მედიკამენტები იაფია, რაც ზრდის მოთხოვნას. NHIF კი ვალდებულია, ეს მოთხოვნა დააფინანსოს. თუმცა, ფონდის ბიუჯეტი, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული, ვერ ეწევა რეალურ საბაზრო ხარჯებს. შედეგად:

  • ქრონიკული დეფიციტი: მედიკამენტების ბიუჯეტი ხშირად უკვე სექტემბერში იწურება, დეფიციტი კი ასეულობით მილიონ ევროს აჭარბებს.

  • იძულებითი „უკანდაბრუნებები“ (Rebates): იმისათვის, რომ ფონდი საერთოდ არ გაკოტრდეს და პაციენტებმა წამალი მიიღონ, სახელმწიფო კომპანიებს ავალდებულებს, „ნებაყოფლობით-სავალდებულო“ წესით უკან დაუბრუნონ ფონდს შემოსავლის ნაწილი. ეს არის ფარული გადასახადი; ეს არის კერძო სექტორის კაპიტალის, საინვესტიციო პოტენციალის პირდაპირი ჩამოჭრა, რათა დაიფაროს სახელმწიფო მონოპოლიის მიერ შექმნილი ფინანსური ხვრელი.

საქართველო, ამ „გაყალბებული“ ფასების რეფერირებით, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლით თამაშობს. თუ კომპანიები დაინახავენ, რომ აქაც ბულგარეთის მსგავსად გაკოტრება ან ეკონომიკური დიქტატი ელოდებათ, ისინი უბრალოდ გავლენ ბაზრიდან, რაც პაციენტებს უწამლოდ, ხოლო ქვეყანას ტექნოლოგიური პროგრესის გარეშე დატოვებს.

ინტერესთა კონფლიქტი: ვინ ხეირობს ბიუროკრატიული დიქტატით?

რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის ანალიზი სრული არ იქნება, თუ არ დავსვამთ ფუნდამენტურ კითხვას: ვის აწყობს ეს ინტერვენცია რეალურად? სახელმწიფო ჩარევა არასოდეს ხდება ვაკუუმში; ის ყოველთვის ცვლის ძალთა ბალანსს და ქმნის ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ამ ჩარევით ხეირობენ.

1. ბიუროკრატია: გავლენის შენარჩუნება და „საქმის გაჩენა“

პირველი და ყველაზე აშკარა ბენეფიციარი თავად სახელმწიფო აპარატია. საზოგადოებრივი არჩევანის თეორია გვასწავლის, რომ ბიუროკრატები, ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოქმედებენ პირადი რაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ძირითადად საკუთარი ძალაუფლების, ბიუჯეტისა და გავლენის გაზრდაში გამოიხატება.

  • პოლიტიკური გავლენა ბიზნესზე: რეფერენტული ფასების დაწესება ბიუროკრატიას აძლევს უზარმაზარ ბერკეტს კერძო სექტორზე. როდესაც წამლის ფასი ჩინოვნიკის კაბინეტში წყდება, ფარმაცევტული კომპანიები ხდებიან სახელმწიფოსგან დამოკიდებულნი. ეს ქმნის „შიშის კლიმატს“ და აიძულებს ბიზნესს, იყოს ლოიალური ხელისუფლების მიმართ, რათა არ მოხვდეს GCCA-ს (კონკურენციის სააგენტოს) შავ სიაში ან არ დაუწესდეს არარეალურად დაბალი საფასო ჭერი.

  • „საქმის გაჩენა“ და ბიუჯეტის ზრდა: თავისუფალი ბაზარი არ მოითხოვს ჩინოვნიკების არმიას ფასების დასათვლელად. ERP-ის სისტემა კი ბადებს საჭიროებას ახალი დეპარტამენტების, კომისიებისა და ანალიტიკური ჯგუფების შექმნისა, რომლებიც მუდმივად „ითვლიან“ და „ადარებენ“ ფასებს. ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს ბიუროკრატიაში, მეტ ადმინისტრაციულ ხარჯს და საკუთარი უსარგებლობის შენიღბვას „მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმით“. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როცა ბიუროკრატია ქმნის პრობლემას, რათა შემდეგ საკუთარი თავი მის გადამჭრელად წარმოაჩინოს.

2. მსხვილი ბიზნესი: კონკურენციის შეზღუდვა და ბაზრის „გასუფთავება“

ეს საკითხი უფრო კომპლექსურია, რადგან ერთი შეხედვით, ფასების კონტროლი ბიზნესს ურტყამს. თუმცა, თუ სიღრმისეულად შევხედავთ, ERP-ის სისტემამ შესაძლოა მსხვილი ფარმაცევტული ქსელების ინტერესებშიც იმუშაოს.

  • კონკურენციის შემცირება (რეალისტური სცენარი): ფასების კონტროლი პირველ რიგში ურტყამს მცირე და საშუალო იმპორტიორებს, რომელთაც არ აქვთ დიდი კაპიტალი, რათა გაუძლონ დაბალ მარჟებს ან დროებით დეფიციტს. მსხვილ კომპანიებს კი აქვთ რესურსი, გაატარონ პორტფელის ოპტიმიზაცია, გაზარდონ სხვა პროდუქტების ფასები ან უბრალოდ „გადააგორონ“ კრიზისი. შედეგად, მცირე მოთამაშეები ბაზრიდან გადიან (როგორც ეს ლატვიაში სოფლის აფთიაქების შემთხვევაში მოხდა), რაც მსხვილი ქსელების მონოპოლიურ მდგომარეობას აძლიერებს. ბიუროკრატიული ბარიერები ხშირად იქცევა „კედლად“, რომელიც იცავს მოქმედ მსხვილ მოთამაშეებს ახალი, მოქნილი კონკურენტებისგან.

  • რისკები მსხვილი ბიზნესისთვის (ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ შესაძლებელი სცენარი): თუმცა, თუ ბიუროკრატიული ინტერვენცია ძალიან აგრესიული გახდება (როგორც ბულგარეთში), მან შესაძლოა მსხვილი ბიზნესიც კი გაკოტრების პირას მიიყვანოს. კომპანიების „იძულებითი უკანდაბრუნებები“ და არარეალურად დაბალი ფასები საბოლოოდ ყველასთვის წამგებიანი ხდება. გარდა ამისა, მუდმივი ბიუროკრატიული წნეხი და „მოგების კრიმინალიზაცია“ GCCA-ს მხრიდან ქმნის გაურკვევლობას, რაც მსხვილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის ბაზარს არამიმზიდველს ხდის. შესაბამისად, მსხვილი ბიზნესი შეიძლება ინტერვენციის „ბენეფიციარიდან“ მის „მსხვერპლად“ გადაიქცეს, თუ პოპულისტური წნეხი ეკონომიკურ რაციონალურობას საბოლოოდ დაძლევს.

რეფერენტული ფასწარმოქმნა არ არის ნეიტრალური ინსტრუმენტი; ის არის პოლიტიკური იარაღი, რომელიც აძლიერებს ბიუროკრატიას და, ხშირ შემთხვევაში, ხელს უწყობს ბაზრის კონცენტრაციას მსხვილი მოთამაშეების ხელში, მცირე ბიზნესისა და პაციენტების ხარჯზე.

გამოსავალი: თავისუფლება და აღმოჩენა

რეფორმის მთავარი შეცდომაა რწმენა, რომ ფასი პრობლემაა, რომელიც უნდა „შეკეთდეს“. სინამდვილეში, ფასი სიგნალია, რომელსაც უნდა მივყვეთ. ნამდვილი გამოსავალი არა კონტროლში, არამედ შემდეგ ნაბიჯებშია:

  • მონოპოლიური პრივილეგიების მოხსნა: ნამდვილი გამოსავალი პატენტების გავლენის შემცირება და გენერიკული კონკურენციის მაქსიმალური ხელშეწყობაა.

  • პარალელური ვაჭრობის გაფართოება: მეწარმეებს უნდა მიეცეთ საშუალება, წამალი მოიტანონ იქიდან, სადაც ყველაზე იაფია, ყოველგვარი სამთავრობო კატალოგებისა და ბიუროკრატიული „ჭერების“ გარეშე.

  • ჯაჭვის გაწყვეტა: საქართველომ თავი უნდა დააღწიოს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ აკვიატებებსა და ბიუროკრატიულ ჩავარდნებს და ფასებს თავისუფალი ფორმირების საშუალება მისცეს.

  • პირდაპირი დახმარება: თუ ადამიანებს წამლის ფული არ აქვთ, სახელმწიფო მათ პირდაპირ უნდა დაეხმაროს ფინანსურად (მაგალითად, ვაუჩერული მეთოდით) და არა მთელი საფასო სისტემის დანგრევით, რაც საბოლოოდ ყველას აზარალებს.

ინსტიტუციური ბარიერები ბიუროკრატიული დიქტატის წინააღმდეგ

ნამდვილი გამოსავალი მოითხოვს არა მხოლოდ არსებული რეგულაციების გაუქმებას, არამედ ინსტიტუციური გარანტიების შექმნას, რომლებიც მომავალში შეუძლებელს გახდის ბიუროკრატიის ჩარევას საფასო სისტემაში და მსხვილი ბიზნესის მიერ კონკურენციის ჩახშობას:

  1. საკონსტიტუციო აკრძალვა ფასების კონტროლზე: უნდა განვიხილოთ კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც პირდაპირ აკრძალავს სახელმწიფოს მიერ ფასების ადმინისტრაციულ დადგენას ნებისმიერ სექტორში (გარდა ბუნებრივი მონოპოლიებისა, სადაც კონკურენცია შეუძლებელია). ეს იქნება უზენაესი ბარიერი, რომელიც გამოაცლის საფუძველს პოპულისტურ საფასო ინტერვენციებს და დაიცავს ეკონომიკურ თავისუფლებას, როგორც ფუნდამენტურ უფლებას.

  2. სახელმწიფო აპარატის რადიკალური დეცენტრალიზაცია: უნდა შემცირდეს იმ უწყებების უფლებამოსილებები (ან საერთოდ გაუქმდეს), რომლებსაც აქვთ ბიზნესის „დაჯარიმების“ ან „მარჟების დათვლის“ ბერკეტი (მაგალითად, GCCA). კონკურენციის „დაცვა“ უნდა ხდებოდეს არა ბიუროკრატიული დიქტატით, არამედ კანონის უზენაესობით და ხელშეკრულების თავისუფლების დაცვით.

  3. მსხვილი ბიზნესის პრივილეგიების მოსპობა: იმისათვის, რომ მსხვილმა ბიზნესმა ვეღარ შეძლოს კონკურენტების ბაზარზე შესვლის დაბლოკვა, უნდა გაუქმდეს ნებისმიერი სპეციალური ლიცენზია, კვოტა, ტარიფი ან GMP სერტიფიკატების აღიარების ბიუროკრატიული ბარიერები (როგორც ეს 2022 წელს თურქეთის შემთხვევაში გაკეთდა). მსხვილი კომპანიების „მონოპოლიზაცია“ ხშირად თავად სახელმწიფოს მიერ შექმნილი რეგულაციური „კედლის“ შედეგია. ამ კედლის დანგრევით, ჩვენ გავხსნით გზას მცირე, მოქნილი მეწარმეებისთვის, რომლებიც რეალურ კონკურენციას გაუწევენ მსხვილ ქსელებს.

ნამდვილი გამოსავალი არის სახელმწიფოს ეკონომიკური განიარაღება. ჩვენ უნდა წავართვათ ბიუროკრატიას საფასო სისტემაში ჩარევისა და მსხვილი ბიზნესისთვის პრივილეგიების მინიჭების სამართლებრივი შესაძლებლობა. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ ფასი კვლავ გახდეს ბაზრის მხედველობა და არა ჩინოვნიკის პოლიტიკური იარაღი.

დასკვნა: საბაზრო სიგნალების პარალიზება და ბიუროკრატიული უტოპიის კრახი

საქართველოს მედიკამენტების რეფერენტული სისტემა არ არის თანამედროვე ეკონომიკური გამოსავალი; ეს არის ცენტრალური დაგეგმვის მორიგი, განწირული მცდელობა, რომელიც „სოციალური სამართლიანობის“ ნიღბით ინდივიდუალურ არჩევანსა და საბაზრო რაციონალურობას ანადგურებს. ამ ინტერვენციის უმთავრესი ფასი არის ეკონომიკური სიბრმავე – იმ სასიცოცხლო საფასო სიგნალების სრული ჩახშობა, რომლებიც ერთადერთი ობიექტური ინფორმაციის წყაროა რესურსების ეფექტიანი განაწილებისთვის.

როდესაც სახელმწიფო ფასებს ხელოვნურად „ყინავს“, ის რეალურად წყვეტს კავშირს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ფასი აღარ გვეუბნება, რა სჭირდება პაციენტს და რა უჯდება მეწარმეს ამ საჭიროების დაკმაყოფილება. ჩვენ ვერ გავექცევით რესურსების სიმცირეს ბიუროკრატიული ბრძანებებით; ჩვენ მხოლოდ თვალებს ვიხვევთ იმ რეალობის წინაშე, რომლის გადასალახადაც თავისუფალი ბაზარი და სამეწარმეო ინიციატივაა საჭირო. ამ „თვითწარმოებადი შეცდომების“ ჯაჭვში გაბმით, საქართველომ უარი თქვა საკუთარ ეკონომიკურ სუვერენიტეტზე და ქვეყნის ჯანდაცვა უცხოელი ჩინოვნიკების კაბინეტურ გათვლებს მიანდო.

ეს პოლიტიკა შობს სამ საგანგაშო რეალობას, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია:

  • ლოკალური კოლაფსი: ლატვიის მაგალითი გვაფრთხილებს, რომ „იაფი წამალი“ სოფლის აფთიაქების ნანგრევებზე შენდება. მარჟების ხელოვნური შეკვეცა კლავს მცირე ბიზნესს და რეგიონებს წამლის გარეშე ტოვებს.

  • ფიზიკური დეფიციტი: ბულგარული გამოცდილება ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციულად დაწესებული „სამართლიანი ფასი“ აფთიაქის თაროზე ცარიელ ადგილად იქცევა. წამალი, რომელიც ფურცელზე იაფია, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობს, პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენია.

  • ინოვაციების ექსპროპრიაცია: ყოველი ხელოვნურად ჩამოჭრილი ლარი არის წართმეული რესურსი იმ კვლევებისა და ინვესტიციებისთვის, რომლებსაც ხვალ ადამიანების სიცოცხლე უნდა გადაერჩინათ. ჩვენ დღევანდელ პოპულისტურ რეიტინგს ხვალინდელი პაციენტების სიცოცხლეს ვწირავთ.

თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეკონომიკურ გაუთვლელობაში არ არის. რეფერენტული ფასწარმოქმნა, როგორც დავინახეთ, არის პოლიტიკური მართვის იარაღი, რომელიც აძლიერებს ბიუროკრატიას და ინტერესთა ჯგუფებს. იგი ბადებს ოთხ საგანგაშო რეალობას, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია:

  • პოლიტიკური დიქტატი და ბიუროკრატიული ზრდა: სისტემა ბიზნესს სახელმწიფოსგან დამოკიდებულს ხდის, ქმნის „შიშის კლიმატს“ და აიძულებს კომპანიებს პაციენტის ნაცვლად ჩინოვნიკის სიამოვნებაზე იფიქრონ. ამავდროულად, იგი ხელოვნურად ბადებს საჭიროებას ახალი ბიუროკრატიული აპარატისა, რომელიც მუდმივად „ითვლის“ და „ადარებს“ ფასებს.

  • მსხვილი ბიზნესის მონოპოლიზაცია: „ფასების ჭერი“ პირველ რიგში ურტყამს მცირე და საშუალო მოთამაშეებს, რომელთაც არ აქვთ კაპიტალი დაბალ მარჟებს გაუძლონ. ეს კი მსხვილი ქსელების მონოპოლიურ მდგომარეობას აძლიერებს, რაც ლატვიის სოფლებიდან გამქრალმა აფთიაქებმაც დაადასტურა.

საბოლოო ჯამში, რეფერენტული ფასწარმოქმნა არის საბედისწერო თავდაჯერებულობის კლასიკური ნიმუში – ილუზია, რომ ექსელის ცხრილს შეუძლია ჩაანაცვლოს მილიონობით ადამიანის თავისუფალი არჩევანი და სამეწარმეო ალღო. ბიუროკრატია ვერასოდეს იქნება იმაზე ჭკვიანი, ვიდრე ცოცხალი ბაზარი. ერთადერთი გზა რეალური ხელმისაწვდომობისკენ გადის არა ფასების „დაჭერაზე“, არამედ ბიუროკრატიული ბარიერების ნგრევასა და კონკურენციის გათავისუფლებაზე. დროა, დავასრულოთ ეს სახიფათო ექსპერიმენტი, სანამ „იაფი წამლის“ მირაჟი რეალურ ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაზრდილა.

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...