Thursday, April 23, 2026

საჯარო ფულით აგროთანადაფინანსების ილუზია: რატომ ვერ პასუხობს რეალობას ასეთი სტრატეგია

 პაატა შეშელიძე


ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას სოფლის მეურნეობა განვითარების „თვისებრივად ახალ ეტაპზე“ გადაჰყავს და ე.წ. სოფლის მეურნეობის საჯარო თანადაფინანსების წილს ზოგ შემთხვევაში აორმაგებს. მისი თქმით, მიზანი საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერებაა. თუმცა, თუ პროცესს ობიექტური ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, ეს ინიციატივა უფრო მეტად ბიუროკრატიული აპარატის „თვითდასაქმებას“, ლოიალური ჯგუფების ფორმირებას და კონტროლის ახალი ბერკეტების შექმნაა, ვიდრე რეალურ განვითარება.

1. ბიუროკრატიის „თვითდასაქმება“ და კონტროლის მექანიზმი

ნებისმიერი მსგავსი საჯარო პროგრამა, პირველ რიგში, მოითხოვს უზარმაზარ ადმინისტრაციულ რესურსს. „აგროთანადაფინანსების“ მართვა ნიშნავს ასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც წყვეტენ, ვის მისცენ ფული და ვის – არა.

ეს არის სისტემა, სადაც სახელმწიფო თავად ქმნის სამუშაო ადგილებს საკუთარი ბიუროკრატიისთვის, რათა შემდეგ ამავე ბიუროკრატიამ მართოს სოფლად მცხოვრები ადამიანების ბედი. ეს აჩენს კონტროლის მძლავრ ბერკეტს: ფერმერი ხდება არა თავისუფალი მეწარმე, არამედ ჩინოვნიკის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული პირი, რომელიც იძულებულია, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ჩარჩოებში იმოქმედოს, რათა ე.წ. შეღავათიანი დაფინანსება ჯერ მოიპოვოს და შემდეგ არ დაკარგოს.

2. ლოიალობის ყიდვა საჯარო ფულით და საარჩევნო ციკლები

მსგავსი პროექტები ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური დანიშნულებისაა. სახელმწიფო, საჯარო ფულის გამოყენებით, რეალურად აფინანსებს საკუთარ მომავალ მხარდამჭერებს. იქმნება ბენეფიციართა და ბიუროკრატთა ფენა, რომელთა კეთილდღეობა პირდაპირ არის გადაჯაჭვული მოქმედი ხელისუფლების შენარჩუნებაზე.

ეს არის „მეწარმეობის წახალისების“ ილუზია, რომელიც გათვლილია მოკლევადიან PR-ეფექტზე და მორგებულია საარჩევნო ციკლებს. ნაცვლად გრძელვადიანი და მდგრადი სტრატეგიისა, ჩვენ ვხედავთ აქტივობების დემონსტრირებას, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩევლის დარწმუნებას იმაში, რომ სახელმწიფო „საქმეს აკეთებს“. სინამდვილეში კი ხდება რესურსების გაფლანგვა პოლიტიკური დივიდენდების სანაცვლოდ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს წირავს.

3. რატომ ვერ ცვლის ჩინოვნიკი ბაზარს?

ეკონომიკური ლოგიკა მარტივია: სახელმწიფომ ვერასდროს ეცოდინება, კონკრეტულად რა სჭირდება ბაზარს ხვალ ან ზეგ. სუბსიდია ქმნის ილუზიას, რომ რესურსები (ტექნიკა, ნერგები, სასუქი) უფრო ხელმისაწვდომია, მაშინ როდესაც მათი რეალური რაოდენობა ბაზარზე არ შეცვლილა. აი, როგორ მუშაობს ეს ხაფანგი:

  • ხელოვნური მოთხოვნა: როდესაც სახელმწიფო აცხადებს, რომ ხარჯების 50%-ს დაფარავს, ათასობით ადამიანი ერთდროულად იწყებს ერთი და იმავე რესურსის ყიდვას.

  • ფასების ნახტომი: რესურსების რაოდენობა შეზღუდულია, მოთხოვნა კი – ხელოვნურად გაბერილი. შედეგად, აგრო-ინვენტარის, ნერგების თუ მომსახურების ფასები მკვეთრად იზრდება.

  • გათვლების მსხვრევა: ფერმერი პროექტს გეგმავს არსებული საბაზრო ფასებით, მაგრამ პროცესში, სუბსიდიით გამოწვეული ინფლაციის გამო, პროექტის დასრულება გაცილებით ძვირდება.

  • გაკოტრება ფინიშთან: ბევრს არ ჰყოფნის რესურსი გაძვირებული პროექტის დასასრულებლად. საბოლოო ჯამში, ფერმერი რჩება ნახევრად გაკეთებული მეურნეობით, ვალებით და იმ რეალობის წინაშე, რომ მისი წარმოება საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, რადგან მისი თვითღირებულება ხელოვნურადაა გაზრდილი.

თუ წარმოება მხოლოდ სუბსიდიით არის მომგებიანი, ეს ნიშნავს, რომ ის რეალურად წამგებიანია ქვეყნისთვის. სახელმწიფო ფულით შენარჩუნებული მეურნეობების გადარჩენის საფუძველი ეფექტიანობა კი არა, ბიუჯეტის კმაყოფაზე ყოფნაა.

4. წარუმატებელი გამოცდილება და გაცრუებული იმედები

ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არაერთი ე.წ. „პრიორიტეტული“ კულტურა რეალური ეკონომიკური შედეგის გარეშე დარჩა. ამის ნათელი მაგალითებია:

  • ლურჯი მოცვის კრახი: პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენდა ათასობით ჰექტარი მოცვის პლანტაცია. თუმცა, სახელმწიფომ ვერ გათვალა რეალური ლოჯისტიკა, შენახვის პირობები და გლობალური კონკურენცია. შედეგად, ბევრმა ფერმერმა პროდუქტის რეალიზაცია საერთოდ ვერ შეძლო, ან ისეთ დაბალ ფასად გაყიდა, რომ ხარჯებიც ვერ დაფარა. მოცვი, რომელიც „ოქროს საბადოდ“ იყო დაანონსებული, სუბსიდიაზე დამოკიდებულ ტვირთად იქცა.

  • კაკლოვანი კულტურები (ნუში და კაკალი): მასშტაბური დაფინანსების მიუხედავად, ბაღების დიდი ნაწილი არაეფექტური აღმოჩნდა არასწორად შერჩეული ჯიშების, ნიადაგის შეუსაბამობისა და ცოდნის ნაკლებობის გამო. სახელმწიფო ფული დაიხარჯა, მაგრამ ქვეყანამ ვერ მიიღო ის საექსპორტო პროდუქცია, რასაც გვპირდებოდნენ.

  • მიტოვებული სათბურები: უამრავი სუბსიდირებული სათბური დღეს გაჩერებულია ან ნახევარი დატვირთვით მუშაობს, რადგან ენერგომატარებლების ფასი და მართვის ხარჯები ბაზრისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა.

  • მუშახელის დეფიციტი და გაძვირება: სუბსიდიებმა გამოიწვია ის, რომ სოფლად შრომის ფასი ხელოვნურად გაიზარდა, თუმცა პროდუქტიულობა იგივე დარჩა. ფერმერებს უჭირთ რეალური მუშახელის პოვნა, რადგან სისტემა ორიენტირებულია არა მუშაობაზე, არამედ სახელმწიფო დახმარებების „ათვისებაზე“.

ყველა ამ პროექტს ერთი საერთო აქვს: მათ არ ჰყავთ რეალური „მეურნე პატრონი“, რომელიც საკუთარი რისკითა და კაპიტალით შევიდოდა საქმეში. სახელმწიფო ფულით გაშენებული ბაღი ხშირად ისევე უპატრონოდ რჩება, როგორც საბჭოთა კოლმეურნეობები.

5. ხილული ციფრები და უხილავი ზიანი

8.5 მილიარდი ლარის პროდუქცია, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ხშირად ინფლაციური ციფრებია და არა რეალური პროდუქტიულობის ზრდა. მთავარი კითხვაა: რა დაუჯდა ქვეყანას ამ ციფრის მიღწევა?

იმ ფულით, რომელიც სოფლის მეურნეობის არაეფექტურ სუბსიდირებაში „იწვის“, შესაძლებელი იყო ისეთი სექტორების განვითარება, სადაც საქართველოს ბუნებრივი უპირატესობა აქვს – იქნება ეს ლოჯისტიკა, ტექნოლოგიები თუ მაღალი დამატებული ღირებულების სერვისები. სახელმწიფოს მიერ რესურსების იძულებითი მიმართვა სოფლის მეურნეობისკენ სხვა, უფრო პერსპექტიულ დარგებს განვითარების შანსს ართმევს.

დასკვნა

სახელმწიფო პროგრამები არ ქმნის მეწარმეებს; ისინი ქმნიან სახელმწიფოზე დამოკიდებულ ფენას. რეალური განვითარება არა თანადაფინანსებაში, არამედ ბარიერების მოხსნაში, კერძო საკუთრების (მიწის) რეალურ დაცვასა და თავისუფალ კონკურენციაშია. სანამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ბიუროკრატიის „თვითდასაქმების“ და საარჩევნო PR-ის პროექტად დარჩება, ის მუდამ იქნება ეკონომიკის ტვირთი და არა მისი საყრდენი.

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...